გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-96-284კ-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 14 მარტს ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა გ. თ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹14 და ¹15 ბრძანებების ბათილად ცნობისა და განათლების მინისტრის მიერ მისი, როგორც გიმნაზიის დირექტორის უფლებების უკანონო ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნით. კერძოდ, მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია განათლების მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანებები, რომლითაც მას დაევალა გიმნაზიის ყოფილი პედაგოგების მ. ა-ისა და მ. მ-ის აღდგენა წინანდელ უფლებებში, თანახმად შკკ-ს 199-ე, 206-ე და 208-ე მუხლის პირველი პუნქტებისა. ამასთან, შკკ-ს მე-18 მუხლის შესაბამისად, მას დაევალა პედაგოგებთან განათლების სისტემისათვის აპრობირებული და მიღებული შრომითი ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადება, ხოლო განათლების მინისტრის ¹15 ბრძანებით, გიმნაზიის დირექტორის გ. თ-ის ქმედება ამავე გიმნაზიის თანამშრომელთა ძირითადი უფლებების დაცვის, შრომის სამართლიანი ანაზღაურებისა და სხვა სფეროში მიჩნეული იქნა არაჯეროვნად, რის გამოც გამოეცხადა საყვედური.
მოსარჩელის აზრით, განათლების მინისტრის ბრძანებები არ პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ რაიმე დარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება კონტროლის პალატის 2002წ. 27 ნოემბრის შემოწმების აქტითა და სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ შედგენილი შემოწმების აქტებით, რომლებიც ჩატარდა მ. ა-ისა და მ. მ-ის საჩივრების საფუძველზე.
მოსარჩელე თვლის, რომ განათლების სამინისტრო არ იყო უფლებამოსილი განეხილა გიმნაზიის პედაგოგების მ. ა-ისა და მ. მ-ის საჩივრები სამუშაოზე აღდგენის შესახებ, რადგან განათლების სამინისტროსათვის ცნობილი იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის თაობაზე, რომლითაც მ. ა-ესა და მ. მ-ეს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე. ასევე უარი ეთქვათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე. ამიტომ განათლების სამინისტროს მიერ გიმნაზიის პედაგოგების საჩივრის განხილვით უგულებელყოფილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სავალდებულობის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე, 84-ე, სსკ-ს მე-10, 266-ე და 106-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან სადავო ბრძანებები კანონშეუსაბამოა, რადგან განათლების სამინისტრომ გიმნაზიის პედაგოგების სამუშაოზე აღდგენა მოახდინა როგორც შრომითი დავადების განმხილველმა ორგანომ. შკკ-ს 194-ე და 203-ე მუხლების თანახმად კი სამუშაოდან გათავისუფლების საკითხს იხილავენ უშუალოდ სასამართლოები.
რაც შეეხება განუსაზღვრელი ვადით ხელშეკრულებების აღდგენას, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განათლების მინისტრს არ ჰქონდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება ადმინისტრაციული საჩივრის არარსებობის გამო. შკკ-ს მე-19 მუხლის, ”განათლების შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებებში ვადიანი შრომის ხელშეკრულებები არ ეწინააღმდეგება კანონს.
მოპასუხემ განათლების მინისტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და განმარტა, მართალია, მათთვის ცნობილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების შესახებ, მაგრამ მინისტრი შრომის კანონთა კოდექსიდან გამომდინარე, როგორც შრომითი დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეცა ¹14 ბრძანება პედაგოგთა სამუშაოზე აღდგენის შესახებ. ამიტომ ¹14 ბრძანება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ¹15 ბრძანებასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ წარმოდგენილი ბრძანება არ არის იურიდიული ძალის მქონე აქტი, არამედ იგი პროექტია, მინისტრის მიერ ხელმოუწერელი. მოპასუხეს მხარი დაუჭირეს მესამე პირებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორის გ. თ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემდეგი მოტივით ბათილად იქნა ცნობილი განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹14 და ¹15 ბრძანებები:
1. კოლეგიამ სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია საფუძვლიანად, იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული აქტები ეწინააღმდეგება ”განათლების შესახებ” კანონს, შკკ-ს და სსკ-ს. განათლების მინისტრის ¹14 ბრძანებით პედაგოგების მ. ა-ისა და მ. მ-ის აღდგენის შესახებ გიმნაზიის დირექტორის დავალდებულებით, განათლების მინისტრი გასცდა ”განათლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, რადგან საკითხი განიხილა როგორც შრომითი დავების განმხილველმა ორგანომ. მართალია, შკკ-ს 199-ე, 208-ე მუხლის პირველი პუნქტი და 194-ე მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს ცალკეულ საკითხებზე ზოგიერთი კატეგორიის მუშაკთა დავის განხილვას ზემდგომი ორგანოების მიერ, მაგრამ ასეთ ჩამონათვალს მოქმედი კანონმდებლობა ამჟამად არ ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996წ. 5 იანვრის გადაწყვეტილებით შკკ-ს 213-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის გამო, ამიტომ კოლეგიის აზრით, ¹14 ბრძანება მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
2. კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ განათლების მინისტრისათვის ცნობილი იყო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შესახებ, რომლითაც მ. ა-ესა და მ. მ-ეს უარი ეთქვათ სამუშაოზე აღდგენაზე. აღნიშნულის გამო განათლების მინისტრის ბრძანება ეწინააღმდეგება სსკ-ს 184-ე მუხლის მე-2 ნაწილს.
3. გიმნაზიის დირექტორის დავალდებულება შრომითი ხელშეკრულებების განუსაზღვრელი ვადით დადებაზე, კოლეგიამ არაკანონიერად მიიჩნია, რადგან აღნიშნულით დარღვეული იქნა ”განათლების შესახებ” კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიურობა. ”განათლების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება არის იურიდიული პირი, რომელიც ავტონომიურია წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში. ამავე კანონის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგი სამუშაოზე მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შინაარსი და პირობები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და დაწესებულების წესებს. შკკ-ს მე-18 მუხლის ”ბ” პუნქტით კი მუშაკი სამუშაოზე შეიძლება მიღებულ იქნეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
4. განათლების მინისტრის ¹15 ბრძანებასთან დაკავშირებით რომლითაც გიმნაზიის დირექტორ გ. თ-ეს გამოეცხადა საყვედური, კოლეგიამ მიუთითა, რომ იგი არ იზიარებს მოსაზრებას აღნიშნული ბრძანების გამოუცემლობის შესახებ. კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის დისციპლინური სასჯელის გამოცხადების საფუძვლად მითითებულია განათლების სამინისტროს ხელმძღვანელ მუშაკთა 2003წ. 10 თებერვლის თათბირის ოქმი, სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს კონტროლის ბიუროს უფროსის მოხსენებითი ბარათი, განათლების მუშაკთა რესპუბლიკური საბჭოს შრომის დავისა და სოციალურ-საყოფაცხოვრებო განყოფილების გამგის მოკვლეული მასალა, რომლებიც კოლეგიის მიერ არ იქნა არსებითად შემოწმებული იმ მოტივით, რომ აღნიშნული მასალებით გათვალისწინებული დარღვევების ჩადენიდან გასულია შკკ-ს 136-ე მუხლით გათვალისწინებული 6 თვეზე მეტი, რაც გამორიცხავს დისციპლინური სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას.
ამდენად, კოლეგიამ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, არსებობს განათლების მინისტრის გასაჩივრებული ბრძანებების ბათილობის საფუძველი, ხოლო რაც შეეხება განათლების მინისტრისათვის გ. თ-ის უფლებების უკანონო ხელყოფის აღკვეთის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნას, კოლეგიამ მიიჩნია იგი უსაფუძვლოდ, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა განათლების სამინისტრომ და შემდეგი მოტივით მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და გ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა:
კასატორის განმარტებით, განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹15 ბრძანება, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ”დ” პუნქტისა, არ შეიძლება განხილული იქნეს ადმინისტრაციულ აქტად, რადგან იგი არ იყო ხელმოწერილი მინისტრის მიერ და წარმოადგენდა ბრძანების პროექტს, ხოლო განათლების მინისტრის 2003წ. 20 თებერვლის ¹15 ბრძანება წარმოადგენს სხვა ნორმატიულ სამართლებრივ აქტს, რომელიც ეხება საგნობრივი ოლიმპიადების დებულების დამტკიცებას.
კასატორმა ასევე არ გაიზიარა სასარჩელო მოთოვნა ¹14 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, იმ მოტივით, რომ ”განათლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების სამინისტრო ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას განათლების სფეროში, ხოლო მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, განათლების სამინისტრო აკონტროლებს სახელმწიფო საკანონმდებლო სტანდარტებისა და განათლების სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტების შესრულებას. კასატორის განმარტებით, რეალურად არ მომხდარა ქუთაისის ¹... ზ/ს სკოლის ლიკვიდაცია, არამედ მოხდა მისი სტრუქტურული ცვლილება რეორგანიზაციის სახით. მას დაწყებით სკოლად გამოეყო I-IV კლასები. არ მომხდარა შტატების შემცირება, იგივე პედაგოგები გადაყვანილი იქნა რეალურად რეორგანიზებულ გიმნაზიაში, ხოლო პედაგოგები, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ განუსაზღვრელი ვადით, ხელოვნურად გადაყვანილნი იქნენ ვადიან მუშაკებად, რითაც, კასატორის აზრით, დაირღვა შკკ-ს 42-ე მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულზე ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტრომ ¹14 ბრძანებით და დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დაავალა გიმნაზიის დირექტორს, როგორც ¹2 სკოლის სამართალმემკვიდრეს, გამოესწორებინა შექმნილი მდგომარეობა და აღედგინა პედაგოგები პირვანდელ უფლებებში, რისი კომპეტენციაც განათლების მინისტრს გააჩნდა თანახმად ”განათლების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი, მე-4 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის, შკკ-ს 194-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 214-ე მუხლისა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგენს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მესამე პირებმა – მ. ა-ემ და მ. მ-ემ.
მ. მ-ის საკასაციო საჩივარი, დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად იქნა დატოვებული, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გადაცილების გამო.
მ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო.
მოწინააღმდეგე მხარემ – ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის გიმნაზიის დირექტორმა გ. თ-ემ საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ ცნო, მოითხოვა მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროსა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება განათლების მინისტრის 2003წ. ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო ¹14 ბრძანების ბათილობის ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც კასატორებიც ადასტურებენ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა საქმეში ჩართული მესამე პირების, კასატორ მ. ა-ისა და მ. მ-ის სარჩელი ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის მიმართ, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 13 დეკემბრის განჩინებებით. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ივლისის განჩინებით, ასევე უსაფუძვლობის მოტივით, უარი ეთქვათ მ. ა-ესა და მ. მ-ეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 18 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე, რაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 2 ნოემბრის განჩინებით. ამდენად, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიიდან პედაგოგების მ. მ-ისა და მ. ა-ის დათხოვნის კანონიერება დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელთა არსებობის შესახებ ცნობილი იყო კასატორი – განათლების სამინისტროსათვის, რაც დასტურდება განათლების სამინისტროს განათლების რეფორმის სამხარეო პროგრამების კოორდინაციის ბუროს 2000წ. 5 სექტემბრის ¹01-17-32/50 წერეთლით და რასაც არც სამინისტროს წარმომადგენელი უარყოფს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და სსკ-ს მე-10 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. სარჩელის აღძვრისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის წამოჭრილი დავა, თანახმად ამავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, არ შეიძლება განიხილოს სხვა ორგანომ და მით უმეტეს დაუშვებელია სხვა ორგანოს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-4-5 პუნქტების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით და ბათილია ყველა აქტი, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას ზღუდავს. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹14 ბრძანების პირველი პუნქტის ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორს დაევალა გიმნაზიიდან დათხოვნილი პედაგოგების მ. მ-ისა და მ. ა-ის წინანდელ უფლებებში ანუ სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა, რაც ფაქტობრივად მინისტრის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმებას ნიშნავს. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს განათლების სამინისტროს არგუმენტს ¹14 ბრანების დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ ”განათლების შესახებ” კანონისა და შკკ-ს თანახმად, საკასაციო პალატას დასაშვებად მიაჩნია შრომითი ურთიერთობის აღდგენის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოსადმი მუშაკის (მოხელის) განცხადებით მიმართვა და სასამართლოს გარეშე შრომითი ურთიერთობის მოგვარება, ხოლო სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღების შემდეგ, წამოჭრილი დავის განხილვა-გადაწყვეტა მარტოოდენ სასამართლოს კომპეტენციაა და მასში ჩარევა, მით უმეტეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეცვლა ან გაუქმება წარმოადგენს უხეშ კანონდარღვევას და, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-4-5 პუნქტების თანახმად, ასეთი აქტი ბათილია.
3. განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის სადავო ¹14 ბრძანების მე-2 პუნქტით ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორს დაევალა გარდა გამონაკლისისა, გიმნაზიაში აღადგინოს განათლების სისტემისათვის აპრობირებული და მიღებული შრომითი ხელშეკრულების დადება განუსაზღვრელი ვადით. საკასაციო პალატა თუმცა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნული პუნქტის არაკანონიერების თაობაზე, მაგრამ არ ეთანხმება კოლეგიის სამართლებრივ შეფასებას ამ პუნქტთან დაკავშირებით. განათლების მინისტრის სადავო 2003წ. 18 თებერვლის ¹14 ბრძანება, საკასაციო პალატის აზრით, პერსონალურად გიმნაზიიდან დათხოვილი პედაგოგების მ. ა-ისა და მ. მ-ის ადრინდელ უფლებებში ანუ სამსახურში აღდგენას ეხება, ამიტომ მე-2 პუნქტით გიმნაზიის დირექტორის დავალდებულება განათლების სისტემისათვის აპრობირებული განუსაზღვრელი ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებაზე, პირადად მ. ა-ესა და მ. მ-ეს ეხება, რაც არაკანონიერია ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო.
რაც შეეხება განათლების მინისტრის მიერ კომპეტენციის ფარგლებში, ”განათლების შესახებ” კანონისა და შკკ-ს ნორმების გათვალისწინებით, განათლების სისტემაში შრომითი ხელშეკრულებების თაობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღებას, რაც სავალდებულო იქნება შესასრულებლად და სახელმძღვანელოდ განათლების სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის, საკასაციო პალატას ”განათლების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის საფუძველზე, მიაჩნია, რომ განათლების მინისტრი, პასუხისმგებელია რა ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე განათლების სფეროში, უფლებამოსილია ამგვარი ნორმატიული აქტის გამოცემაზე, მაგრამ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტონომიურობის გათვალისწინებით, პერსონალური საკადრო საკითხების გადაწყვეტა საგანმანათლებლო დაწესებულებათა პრეროგატივას წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრებს განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹14 ბრძანების კანონიერების თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებით ასევე ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹15 ბრძანება, რომელიც კვლავ გიმნაზიის ყოფილი პედაგოგების მ. ა-ისა და მ. მ-ის ადრინდელ უფლებებში აღდგენას ეხება, მსგავსად ამავე თარიღით გამოცემულ ¹14 ბრანებისა, მაგრამ განსხვავებაა ერთ პუნქტში, რომლითაც ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორის საქმიანობა არაჯეროვნად ჩაითვალა და გამოეცხადა საყვედური. წარმოდგენილი ბრძანების ასლი მინისტრის მიერ ხელმოუწერელია და ამდენად, იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტია. მინისტრის მიერ ხელმოწერილი ¹15 ბრძანების ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს განათლების მინისტრის დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ¹15 ბრძანების ბათილად ცნობაზე, რადგან კასატორის მიერ საკასაციო ინსტანციაში წარმოდგენილი იქნა განათლების მინისტრის მიერ ხელმოწერილი და ”ნორმატიული აქტების შესახებ კანონის” შესაბამისად, ნორმატიული აქტების საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 2002წ. 20 თებერვლის ბრძანება ¹15, რომელიც საგნობრივი ოლიმპიადების დებულების დამტკიცებას ეხება და არანაირი კავშირი არა აქვს არც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ბრძანებასთან და არც განსახილველ დავასთან. ამიტომ განათლების მინისტრის დასაბუთებული საკასაციო საჩივარი ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, საკასაციო პალატის აზრით, საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს, უსაფუძვლობის მოტივით, უარი უნდა ეთქვას განათლების მინისტრის 2003წ. 20 თებერვლის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. განათლების სამინისტროსა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება განათლების მინისტრის 2003წ. 18 თებერვლის ¹14 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 2 მაისის გადაწყვეტილება განათლების მინისტრის 2003წ. 20 თებერვლის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ქუთაისის ი. ო-ის სახელობის გიმნაზიის დირექტორის გ. თ-ის სარჩელი განათლების მინისტრის 2003წ. 20 თებერვლის ¹15 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.