Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-97-285-კ-03 14 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბესიკ კობრიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს ტელერადიოკომპანია ,,ტ....” სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, შპს “ა.” და ევროსაპარტნიორო ფონდის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მის სასარგებლოდ 1743000 ლარის დაკისრება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997წ. 26 სექტემბრის ¹2-315 ბრძანების საფუძველზე და ევროსაპარტნიორო ფონდის დასკვნის თანახმად, სამინისტროსა და შპს “ა.” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სამინისტროს შპს “აგ.” მიერ წარდგენილი ბიზნეს-გეგმის მიხედვით უნდა გადაეცა ევროსაპარტნიორო ფონდის საბიუჯეტო ნაწილის სახსრებიდან გამოყოფილი 130000 ლარი. პროექტის განხორციელება გამიზნული იყო შპს ტელერადიოკომპანია ,,...”-ის მეშვეობით, რაზეც ამ უკანასკნელსა და შპს “ა.” შორის 1997წ. 1 ოქტომბერს დაიდო ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს “ა.” შეთანხმებული ბიზნეს-გეგმის შესაბამისად, აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შესაქმნელად პირველი ეტაპის სამუშაოების ჩასატარებლად მოსარჩელისათვის უნდა გადაერიცხა 130000 ლარი, უკან დაბრუნების გარეშე. 1997წ. 4 ნოემბერს შპს “ა.” დირექტორის, ზ. გ-ის მიერ გაიგზავნა შეტყობინება ¹01-3/42 ტელერადიოკომპანია ,,...”-ის პრეზიდენტის სახელზე, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ შეთანხმებისამებრ შესრულდებოდა დაპირებული მეორე ეტაპის _ 500000 ლარის გადარიცხვა არა უგვიანეს 1998წ. იანვრისა. მოსარჩელის მიერ “ს.” აღებულ იქნა სესხი 213670 ლარი დამატებითი სამუშაოების ჩასატარებლად. მოპასუხეთა მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს შეექმნა უმძიმესი ფინანსური მდგომარეობა, რამაც გამოიწვია მისი საქმიანობის შეჩერება. ტელერადიოკომპანია ,,ტ...”-ს მიადგა ქონებრივი (მატერიალური) ზარალი, რაც გამოიხატა შემდეგში:

მოსარჩელეს არ მიუღია მოპასუხეებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილი _ 870000 ლარი.

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ტელერადიოკომპანია ,,ტ...” ვერ მიიღო შემოსავალი, რომელიც გათვალისწინებული იყო შპს “ა.” და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებულ ბიზნეს-გეგმით. აღნიშნული ბიზნეს-გეგმის თანახმად, მიუღებელი შემოსავლის საერთო ოდენობა შეადგენს 576000 ლარს.

მოპასუხეების მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეს წარმოეშვა ზარალი (ხარჯები) “ს.” აღებული კრედიტის პროცენტებისა და ვადაგადაცილებისათვის დადგენილი პროცენტების სახით, რომელთა საერთო ოდენობამ შეადგინა 297000 ლარი. ვინაიდან ტელერადიოკომპანია ,,ტ.” და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობები წარმოიშვა საქართველოს ახალი სკ-ს ძალაში შესვლამდე, მოთხოვნის იურიდიულ საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა 1964წ. სკ-ს 168-ე, 178-ე, 212-ე მუხლებს.

მოპასუხეებმა _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და შპს “ა.” სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად: 1964წ. სკ-ს 154-ე მუხლისა და 1997წ. სკ-ს 317-ე მუხლის თანახმად, 1997 წელს შპს “ა.” მიერ სამინისტროს წინაშე წარდგენილი ბიზნეს-გეგმა აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნის შესახებ არ წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “ა.” უზრუნველყოფდა პროექტის II-IV ეტაპების დაფინანსების დროულობას ბიზნეს-გეგმის I ეტაპის სამუშაოს შესრულების შემდეგ, რაც გამოიხატებოდა შპს “ა.” შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ვრცელი პრობლემატური გადაცემების მომზადებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები ასეთი გადაცემების მომზადების შესახებ.

შპს ტელერადიოკომპანია ,,ტ.” სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შემდგი მოტივით: რაიონულმა სასამართლომ არასწორად გამოიყენა მოქმედი სკ-ს ნორმა, ვინაიდან სადავო ურთიერთობასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები წარმოიშვა მის ძალაში შესვლამდე, ასევე არასწორად განმარტა 1964წ. სკ-ს 154-ე მუხლი, რომლის მიხედვით ვალდებულება წარმოიშვება ხელშეკრულებით ან ამავე კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული საფუძვლით, მე-4 მუხლის მიხედვით კი სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, აგრეთვე, წარმოიშვება, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მოქმედებებისაგან, რომელიც, თუმცა არ არის გათვალისწინებული კანონით, მაგრამ სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგადი საწყისებისა და აზრის გამო წარმოშობენ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს. აპელანტი თვლიდა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის წარმოიშვა სამოქალაქო უფლება-მოვალეობები ბიზნეს-გეგმით გათვალისწნებული მიზნის განსახორციელებლად. აპელანტი ასევე მიიჩნევდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა ცნობილი ის გარემოება, რომ შპს “ა.” მიერ წარდგენილი ბიზნეს-გეგმა მოწონებულია სამინისტროსა და ევროსაპარტნიორო ფონდის მიერ. მოწონება კი წარმოადგენს თანხმობას მისი დაფინანსების შესახებ. ამასვე მოწმობს სამინისტროს 1997წ. 16 სექტემბრის ¹2-315 ბრძანებით 130000 ლარის გამოყოფა. სასამართლომ შეფასება არ მისცა შპს “ა.” 1997წ. 4 ნოემბრის წერილს 500000 ლარის არა უგვიანეს 1998წ. იანვარში გადახდის შესახებ.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და შპს “ა.” სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999წ. 29 ნოემბრის განჩინებით აპელაცია არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.

შპს ტელერადიოკომპანია ,,ტ.” საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2000წ. 9 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს ტელერადიოკომპანია ,,ტ.”-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლის 1999წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება.

შპს ტელერადიოკომპანია ,,ტ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შპს ტელერადიოკომპანია “ტ.” საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორს მიაჩნდა, რომ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის დარღვევით და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო:

სააპელაციო პალატამ 870000 ლარის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს არ წარმოშობია პროექტის II-IV ეტაპების დაფინანსების ვალდებულება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1997წ. 27 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “ა.” სამინისტროსაგან გადაეცა 130000 ლარი ბიზნეს-გეგმის პირველი ეტაპის დასაფინანსებლად, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ თვით ბიზნეს-გეგმა, რომელიც მოიცავს ოთხივე ეტაპის დაფინანსების ვალდებულებას, არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. აღნიშნული პროექტი ხორციელდებოდა “ტ.” მეშვეობით, რის გამოც, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ა.” წარმოეშვათ სოლიდარული ვალდებულება, განეხორციელებინათ II_IV ეტაპების ფინანსირება, რაც მათ არ შეასრულეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ “ტ.” ბიზნეს-გეგმით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა ჯეროვნად და ეს გახდა საფუძველი შპს “ა.” 130000 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე უარის თქმისა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შინაარსი არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.

კასატორი, საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილში, ფაქტობრივად, უთითებდა იმავე გარემოებებზე, რასაც სასარჩელო განცხადებაში და აღნიშნავდა, რომ მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად “ტ.” მიადგა ქონებრივი (მატერიალური) ზიანი, რამაც მთლიანობაში შეადგენა 1743000 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ა.” სოლიდარულად ტელერადიოკომპანია ტ.” სასარგებლოდ 1743000 ლარის დაკისრებას, საიდანაც 870000 ლარი იყო ბიზნეს-გეგემით გათვალისწინებული დარჩენილი გადაუხდელი თანხა, ანუ ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 297000 ლარი _ მოგება, რომელიც ვერ იქნა მიღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხოლო _ 576000 ლარი _ მოპასუხის მიერ ვალდებულებების შეუსრულებით გამოწვეული ხარჯი ბანკიდან აღებული სესხის სახით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997წ. 26 სექტემბრის ¹2-315 ბრძანებით მიღებულია კომისიის წინადადება და საპარტნიორო ფონდის რესურსებიდან, შპს “ა.” დაბრუნების ვალდებულების გარეშე გამოეყო 130 ათასი ლარი ტელერადიოკომპანია ,,ტ.” მიერ აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შექმნისათვის.

მითითებული ბრძანების საფუძველზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ა.” შორის 1997წ. 27 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავდა აგრარული სექტორის სამაუწყებლო სისტემის შესაქმნელად პირველი ეტაპის სამუშაოთა შესრულებას.

აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ წარმოდგენილი პროექტი განხორციელდებოდა ტელერადიოკომპანია ,,ტ.” მეშვეობით, ხოლო ამავე ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, “ა.” ტელერადიოკომპანია ,,ტ.” ხელმძღვანელობასთან ერთად კისრულობდა ვალდებულებას დაბრუნების გარეშე მიღებული 130000 ლარი გამოყენებინა მხოლოდ მიზნობრივად, I ეტაპის სამუშაოთა შესრულებისათვის.

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებისა და ბრძანების საფუძველზე 1997წ. 1 ოქტომბერს შპს “ა.” და ტელერადიოკომპანია ,,ტ.” შორის დაიდო ორმხრივი ხელშეკრულება. ის გარემოება, რომ მითითებულ ხელშეკრულებას საფუძვლად დაედო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და შპს “ა.” შორის 1997წ. 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ¹2 და სამინისტროს 26.09.97წ. ¹2-315 ბრძანება, დასტურდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პრეამბულიდან. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში საუბარია მხოლოდ I ეტაპის საუშაოთა დაფინანსებაზე. სხვა რაიმე დოკუმენტი მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

აღნიშნული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს შეფასებას და ადასტურებს, რომ II-IV ეტაპების დაფინანსების თაობაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და ტელერადიოკომპანია ,,ტ.” შორის ვალდებულებითი ურთიერთობა არ წარმოშობილა.

საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ევროკომისიის მხრიდან ტელერადიოკომპანია ,,ტ.” განვითარების პროექტის მოწონების საკითხს, რაც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავისთავად, არ იძლევა მხარეთა შორის ვალდებულებებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველს.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან მითითებული კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლებით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების შესაბამისად დასტურდება მხოლოდ I ეტაპის დაფინანსების ვალდებულება.

დადასტურებულია და მხარეთა შორის სადავოდ არ ქცეულა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული თანხის მიღების მიზნით ტენდერი არ ჩატარებულა. გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ტენდერის გარეშე გაცემის საკითხი არ წარმოადგენს დავის საგანს, საკასაციო სასამართლო სსკ-ს დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებულია აღნიშნულის კანონიერებაზე მსჯელობის უფლებას. მაგრამ რაც შეეხება თავად კასატორის მხრიდან ბიზნეს-გეგმაზე აპელირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბიზნეს-გეგმა მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს ე.წ. წინადადებას, ანუ საწარმოს განვითარების გეგმას, რომლის შესრულების ვალდებულებასაც კისრულობს თავად ბიზნეს-გეგმის წარმდგენი პირი. ამდენად, შეუძლებელია ბიზნეს-გეგმა იქცეს მოწინააღმდეგე მხარეთა მხრიდან კასატორისათვის თანხის გაცემის ვალდებულებად. საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ხელშეკრულების არსებითი პირობები თანხმდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით და არა ბიზნეს-გეგმით, თუნდაც აღნიშნული წარმოადგენდეს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მოტივით კასატორის მხრიდან 870000 ლარის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს უარს მიყენებული ზიანის მოთხოვნის ნაწილში და მიუთითებს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველი, შესაბამისად, შეუძლებელია საუბარი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებასა და აღნიშნული მოტივით ზიანის მოთხოვნაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, როგორც არსებითად სწორი, დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 48-ე, 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ტელერადიოკომპანია ,,ტ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.