გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-6-კ-03 15 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: პრივატიზაციის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 8 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება “აგრომრეწვბანკის” მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2000წ. 9 მარტს ს.ს “ა.” სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურისა და ქ. თბილისის გარნიზონის კომენდატურის იძულება, რომ მათ გაენთავისუფლებინათ ... მდებარე სამსართულიანი შენობის ნაწილი.
მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ სს “ა.” უკანონოდ მოახდინა სადავო შენობის პრივატიზება, რადგან ... მდებარე სამსართულიანი შენობა ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რაც დადასტურებულია სამხედრო ქალაქის ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების მიღება-ჩაბარების 1994წ. 1 ივნისის აქტით, რომლის თანახმადაც, აღნიშნული შენობა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ გადაეცა თავდაცვის სამინისტროს და იმ დღიდან ირიცხება ამავე სამინისტროს ბალანსზე.
მოსარჩელემ ითხოვა სადავო ნაწილის პრივატიზების ბათილად ცნობა.
2001წ. 11 მაისს მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში წარადგინა შეპასუხება, რომლითაც არ დაეთანხმა თავდაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის სასარჩელო განცხადებას, მოითხოვა ამ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნა, რომ განხორციელდა არა სადავო შენობის, არამედ საზოგადოების აქციათა პრივატიზება. სადავო შენობა არ წარმოადგენს არც სამხედრო ბაზას, არ განეკუთვნება ე.წ. “სამხედრო ქონებას” და არ შეიძლება ასეთად ჩაითვალოს. საქართველოს პარლამენტის 1993წ. 1 იანვრის ¹256 დადგენილებით თავდაცვის სამინისტროს მიღება-ჩაბარების აქტით ბალანსზე გადაეცა მხოლოდ რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული იარაღი და საჭურველი, რომელსაც ნაციონალიზაცია გაუკეთდა საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991წ. 25 ნოემბრის ¹819 დადგენილებით და არა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა. რაც შეეხება სს “ა.”, სადავო შენობა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ირიცხებოდა ბანკის ბალანსზე და აქედან გამომდინარე, იგი შეტანილ იქნა საზოგადოების საწესდებო კაპიტალში. საწესდებო კაპიტალის აქციათა 100%-ის მესაკუთრეს და საზოგადოების დამფუძნებელი ამ პერიოდში იყო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, რომლის კომპეტენციას წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზება. სს “ა.” აქციათა და არა ... მდებარე შენობის პრივატიზება ამ სამინისტრომ განახორციელა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო მეთაურის 1994წ. 29 მაისის ¹178 ბრძანებულების საფუძველზე.
2001წ. 31 მაისს მოსარჩელეებმა _ თავდაცვის სამინისტრომ და ქ. თბილისის რეგიონალურმა სამხედრო პროკურატურამ დამატებითი დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, რომელშიც მესამე პირებად მიუთითეს ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურსა და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტზე.
მოსარჩელეები თავიანთ დაზუსტებულ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდნენ, რომ სადავო შენობა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილება იყო და მიღებული ჰქონდა არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო შენობა მოპასუხემ პრივატიზაცია გაუკეთა უკანონოდ, ყალბი დოკუმენტაციის შედგენის გზით. მათ მოითხოვეს შენობის პრივატიზაციის ბათილად ცნობა იმ საფუძვლებით, რომ: ... 1953 წლიდან განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹33 სამხედრო ნაწილი, სამხედრო ტრიბუნალი, სამხედრო პროკურატურა და სამხედრო კომენდატურა. ამის დასტური იყო საქმეში წარმოდგენილი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953წ. 30 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილება, ოქმი ¹85, §7 _ “ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის იმ მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ, რაც დაკავებულია მათი შენობა ნაგებობებით”. თვით ამ გადაწყვეტილების სათაური მიანიშნებდა, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში. 1987წ. 20 აპრილს ¹33 სამხედრო ნაწილზე გაიცა “სახელმწიფო აქტი მიწით სარგებლობის უფლებაზე”, რომელსაც თან ერთვის მიწათსარგებლობის გეგმა, რომლითაც ასევე დასტურდება, რომ როგორც შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ¹33 სამხედრო ნაწილს.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებდნენ, რომ მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგისტრატორის მიერ 1999წ. 2 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკის მიხედვით, მოპასუხე არც მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ითვლებოდა და არც საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნდა. ტექაღრიცხვის სამსახურმა სადავო შენობა ისე აღრიცხა “აგრომრეწვბანკის” საკუთრებად, რომ ადგილზე არ შეუმოწმებია სადავო შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაარკვევდა, რომ შენობის ნაწილი ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს და მოახდენდა შესაბამის აღრიცხვას. ტექაღრიცხვის სამსახურს არ ჰქონდა უფლება, საინვენტარიზაციო გეგმასა და სხვა დოკუმენტებში სადავო ფართის მფლობელად (მესაკუთრედ) მიეთითებინა სს “ა.”.
მოსარჩელეთა განმარტებით «ა.” პრივატიზება გაუკეთა მხოლოდ მათი კუთვნილ ფართს, საწესდებო კაპიტალში კი არასწორად შეიტანა მთელი შენობა, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი შენობის ნაწილიც.
მოსარჩელეებმა სარჩელით ითხოვეს ზემოაღნიშნული შენობის სადავო ნაწილის პრივატიზების ბათილად ცნობა, მისი აღრიცხვა თავდაცვის სამინისტროს სახელზე და მიღებული მოგებიდან შესაბამისი წილის გადახდა. ბოლო მოთხოვნაზე მოსარჩელეებმა უარი თქვეს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე.
მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2002წ. 16 მაისის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის წესით გადაუგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის რეგიონალური სამხედრო პროკურატურის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასატორი მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:
1. ... 1953 წლიდან განთავსებული იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ¹33 სამხედრო ნაწილი, სამხედრო ტრიბუნალი, სამხედრო პროკურატურა და სამხედრო კომენდატურა. ამის დასტურია საქმეში წარდგენილი თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953წ. 30 იანვრის ¹2248 გადაწყვეტილება, ოქმი ¹85, §7 _ “ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისათვის იმ მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ, რაც დაკავებულია მათი შენობა ნაგებობებით”. თვით ამ გადაწყვეტილების სათაური მიანიშნებს, რომ ამ მიწის ნაკვეთებზე არსებული შენობა-ნაგებობები იმყოფებოდა მათ მფლობელობაში. 1987წ. 20 აპრილს ¹33 სამხედრო ნაწილზე გაიცა “სახელმწიფო აქტი მიწით სარგებლობის უფლებაზე”, რომელსაც თან ერთვოდა მიწათსარგებლობის გეგმა, რომლითაც ასევე დასტურდებოდა, რომ როგორც შენობა, ასევე მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ¹33 სამხედრო ნაწილს.
2. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყოფილი სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციებისათვის უკანასკნელი 70 წლის მანძილზე საქართველოს რესპუბლიკის მიწის ფონდიდან მუდმივი და დროებითი სარგებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთები და ძირითადი ფონდები მუდმივ სარგებლობაში გადაეცა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფონდები ბალანსზე გადაეცა თავდაცვის სამინისტროს სხვა მესაკუთრეზე გასხვისების გარეშე.
3. არც ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს და არც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არ ჰქონდა უფლება სადავო შენობა “ა.” საკუთრებად გამოეცხადებინა მაშინ, როდესაც თვითონ ქონების მართვის სამინისტრო აღიარებს, რომ არასწორად ცნო სს “ა.” სადავო შენობის მესაკუთრედ.
4. საქართველოს მთავრობის 1992წ. 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების მიერ გამოთავისუფლებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა ქონების ერთადერთი სამართალმემკვიდრეა.
5. სასამართლომ არასწორად გაავრცელა ნორმატიული აქტის მოთხოვნები მხოლოდ მოპასუხეზე და სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც შეილახა თავდაცვის სამინისტროს უფლებები. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასებით შესაძლებელი იყო კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, სასამართლომ კი გადაწყვეტილება გამოიტანა გამოკვლევის გარეშე, არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციით მიიღო უკანონო, ტენდენციური გადაწყვეტილება, რითაც უგულებელყო სკ-ს 183-184-ე მუხლების მოთხოვნები.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ არასრულყოფილად გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2000წ. 25 ივლისის წერილი, ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს შორის 1994წ. 1 ივნისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი და მიწით სარგებლობის უფლებაზე თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მიერ 1987წ. 21 მაისს გაცემული სახელმწიფო აქტი. აღნიშნულის გამო თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები.
საკასაციო სასამრთლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ, აგრეთვე, დაარღვია სსკ-ს 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნაც, კერძოდ, მოსარჩელეები: თავდაცვის სამინისტრო და თბილისის რეგიონის სამხედრო პროკურატურა სარჩელში მიუთითებდნენ, რომ მათ მიერ სასამართლოში წარდგენილი იყო თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1953წ. 30 იანვრის ¹2248 გრიფით საიდუმლო გადაწყვეტილება, ოქმი ¹85, §7 «ამიერკავკასიის სამხედრო ოლქისთვის იმ მიწის ნაკვეთების დამაგრების შესახებ, რაც დაკავებულია მათი შენობა-ნაგებობებით”. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს მხარეთათვის უნდა შეეთავაზებინა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ გაუკეთებია, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო კოლეგია უფლებამოსილი და ამასთან, ვალდებულიც იყო საკუთარი ინიციატივით გამოეთხოვა ზემოთ აღნიშნული მტკიცებულება.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას მოცემულ საქმეზე, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ამიტომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.