Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-106-კ-02 29 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანებით მიღებულ იქნა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო, საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო კოოპერატივ “ჰ-ისა” და სრულიად საქართველოს დ.აღმაშენებლის საქველმოქმედო საზოგადოების რსგ “ს-ის” საწარმო კომერციულ ფირმა “ო-ის” თხოვნა და საბინაო კომპლექსის ასაშენებლად მათ გადაეცათ ... ¹40/2 და ... ¹47-ში მდებარე, ხანძრის შედეგად დამწვარი და დრომოჭმული სახლები მიმდებარე ტერიტორიით, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფდნენ ამ სახლში მცხოვრებთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას. ბრძანების მე-3 პუნქტით საამშენებლო კოოპერატივ “ჰ-სა” და კომერციულ ფირმა “ო-ს” ნება დაერთო, ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინების დაკმაყოფილების მიზნით, საგარანტიო ხელშეკრულებების გაცემაზე.

თბილისის ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991წ. 30 აგვისტოს ¹304 განკარგულებით, ქ.თბილისის პრეფექტის ზემოაღნიშნული ¹80 ბრძანებისა და ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის საბინაო საკითხთა შემსწავლელი დროებითი კომისიის 1991წ. 16 აგვისტოს (ოქმი ¹4) წინადადებების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კასატორ (მოსარჩელე) პ.შ-ის ოთხსულიანი ოჯახისათვის ოთხოთახიან ბინაზე საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის და თბილისში, ... ¹18-ში მდებარე პ. შ-ის ბინა ¹33-ში ხანძრით დაზარალებულ მოქალაქე ე.პ-ის (მესამე პირი) შესახლების შესახებ.

ქ.თბილისის პრეფექტის 1991წ. ¹80 ბრძანების საფუძველზე, 1991წ. 29 ივლისს გაიცა საგარანტიო ხელშეკრულება ¹4, რომლის მიხედვით კოოპერატივ “ჰ-მა” და ფირმა “ო-მა” ერთის მხრივ იკისრეს ვალდებულება, რომ კასატორ პ.შ-ეს ... ¹40-ში მშენებარე სახლის ექსპლოატაციაში შესვლისთანავე მისცემდნენ ოთხოთახიან ბინას, განსხვავებულ ფართობზე ღირებულების გადახდით. პ.შ-ე თავის მხრივ მოვალე იყო ჩაებარებინა მასზე რიცხული, ... ¹18-ში მდებარე ბინა ¹33, რომელშიც შესახლდებოდა ე.პ-ი. კოოპერატივ “ჰ-ის”, ფირმა “ო-ისა” და პ.შ-ის გარდა ¹4 საგარანტიო ხელშეკრულება შეთანხმებული და ხელმოწერილია ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან და გამგეობასთან.

1991წ. 30 აგვისტოს ჩუღურეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ ე. პ-ის სახელზე გაიცა ორდერი ¹009704, რომლის საფუძვლად მითითებულია ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991წ. ¹304 განკარგულება, ხოლო 1992წ. 29 დეკემბერს ე.პ-მა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების საფუძველზე, მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება.

¹4 საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თბილისში, ... ¹40-ში მშენებარე ბინები დღემდე არ აშენებულა, რის გამოც 1998წ. 15 აპრილს კასატორმა პ.შ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში სამშენებლო კოოპერატივ “ჰ-ის”, საბურთალოს რაიონისა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის, ე.პ-ისა და ნოტარიუს ე.მ-ის მიმართ და 1991წ. 29 ივლისს გაფორმებული საგარანტიო ხელშეკრულების, ე.პ-ის სახელზე გაცემული საცხოვრებელი სადგომის ორდერის, მის მიერ განხორციელებული ბინის პრივატიზების გაუქმება და ... ¹18-ში მდებარე ¹33 ბინიდან ე.პ-ის გამოსახლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის დღიდან 6 წელზე მეტია გასული და მხარეებს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ, სახლი არ აუშენებიათ, რის გამოც მოსარჩელე ღია ცის ქვეშ დარჩა. პ.შ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით გაზარდა მოთხოვნა და მოითხოვა სამშენებლო კოოპერატივ “ჰ-სა” და ჩუღურეთის რაიონის გამგეობაზე სოლიდარულად 6888 ლარის მის სასარგებლოდ დაკისრება ბინის ქირის სახით, ხოლო მორალური ზიანის სახით 7000 ლარის ანაზღაურება.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 21 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა “ჰ-ის” შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ქ.თბილისის მერია.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით პ.შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა პ.შ-ის მიერ. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო სასამართლოს მიერ. ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა პ.შ-ის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პ.შ-ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ ჩაბარებული თბილისში, ... ¹18-ში მდებარე ბინა 33-ის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების ნაწილში და ქ.თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო სასამართლო ხარჯების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას შემდეგი მოტივით ეთქვა უარი:

1. საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ განიცადა ზარალი, რის გამოც თბილისის მერიას მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა მოსარჩელის მიერ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის ჩაბარებული ქ.თბილისში, ... ¹18-ში მდებარე ბინა 33-ის ღირებულება 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტი, რადგან სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად ცნო, რომ ქ.თბილისის პრეფექტის უფლებამონაცვლეა ქ.თბილისის მერია, ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე კი არის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობა;

2. საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985წ. ¹577 დადგენილებით დამტკიცებული ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და ქ.თბილისის საკრებულოს 2000წ. 20 დეკემბრის ¹15-5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული “ქ.თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის” საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერია განკარგავდა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სახელმიწიფო საბინაო ფონდს. პალატამ ჩათვალა რომ თბილისის პრეფექტურის მიერ არ იყო დაცული იზოლირებული ბინის გამოთავისუფლება-ჩაბარების წესი, რადგან ე.პ-ზე ისე გაიცა პ.შ-ის მიერ ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის ჩაბარებულ ბინა 33-ზე ორდერი, რომ პ.შ-ე თავის ოჯახის წევრებთან ბინიდან არ ამოუწერიათ;

3. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა პ.შ-ის მოთხოვნა ბინის ქირის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში ბინის ქირის მიღების უფლება გააჩნდათ ხეთაგუროვის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირებს, რომელთა კატეგორიასაც მოსარჩელე არ მიეკუთვნებოდა. ამასთან მოსარჩელემ სასამართლოში ვერ წარადგინა მის მიერ ბინის ქირის გადახდის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.

4. დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, რადგან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სასამართლო ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი მოტივით:

კასატორის აზრით, ქ.თბილისის მერია არასათანადო მოპასუხეა, რადგან კოოპერატივ “ჰ-ს”, ფირმა “ო-ს” და პ.შ-ეს შორის დადებული საგარანტიო ხელშეკრულებით მერიას მოსარჩელის წინაშე რაიმე ვალდებულება არ აუღია, არამედ თბილისის პრეფექტის 1991წ. ¹80 ბრძანებით დაკმაყოფილდა “ჰ-ისა” და “ო-ის” თხოვნა და ნება დაერთოთ მსურველი პირებისაგან საგარანტიო ხელშეკრულებით ბინების მიღებაზე, მოსარჩელე შ-ემაც გამოიყენა თავისი უფლება და ნებაყოფლობით ჩააბარა მშენებელ ორგანიზაციებს მის სახელზე რიცხული კომუნალური ბინა, სამშენებლო ორგანიზაციები კი დღეისათვის ლიკვიდირებულია და მათი სამართალმემკვიდრე ვერ დადგინდა. კასატორის აზრით, სააპელაციო პალატამ ასევე გამოიყენა ნორმატიული აქტები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985წ. ¹557 და თბილისის საკრებულოს 2000წ. ¹15-5 დადგენილებით დამტკიცებული წესები საცხოვრებელი ფართობის შექმნისა და განაწილების შესახებ, რასაც განსახილველ დავასთან კავშირი არ აქვს.

თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე ნაწილობრივ გასაჩივრდა პ.შ-ის მიერ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში. სსკ-ს 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, კასატორმა მოითხოვა ადვოკატის ხარჯების სახით 440 აშშ დოლარის, აუდიტორული მომსახურებისათვის 100 ლარისა და სხვა სასამართლო ხარჯების (ტრანსპორტის, მტკიცებულებათა მოპოვება-ასლების გადაცემა) 200 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურებაც.

საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მხარეთა დასწრების გარეშე, თანახმად სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიისა და პ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, რომ 1991წ. 29 ივლისს გაიცა საგარანტიო ხელშეკრულება ¹4, რომლის მიხედვით მოწინააღმდეგე მხარეებმა _ კოოპერატივ “ჰ-მა” და ფირმა “ო-მა” ერთის მხრივ იკისრეს ვალდებულება, რომ კასატორ პ. შ-ეს მისცემდნენ ... ¹40-ში მშენებარე სახლში ოთხოთახიან ბინას, ხოლო თავის მხრივ პ. შ-ე ვალდებული იყო ჩაებარებინა მასზე რიცხული, ... ¹18-ში მდებარე ბინა ¹33, რომელშიც შესახლდებოდა ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქე ე. პ-ი. ¹4 საგარანტიო ხელშეკრულება შეთანხმებულია ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან და გამგეობასთან. ¹4 საგარანტიო ხელშეკრულება გაცემულია ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე, რომლითაც კოოპერატივ “ჰ-სა” და ფირმა “ო-ს” საბინაო კომპლექსის ასაშენებლად იმ პირობით გადაეცათ ... ¹40/2 და ... ¹47-ში მდებარე ხანძრის შედეგად დამწვარი სახლები, რომ ისინი უზრუნველყოფდნენ დაზარალებულ მობინადრეთა საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას. ბრძანების მე-3 პუნქტით “ჰ-სა” და “ო-ს” ჩუღურეთის რაიონის საკრებულოსთან ერთად, ნება დაერთოთ ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბინების დაკმაყოფილების მიზნით, საგარანტიო ხელშეკრულებების გაცემაზე.

კასატორმა პ. შ-ემ შეასრულა ¹4 საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ჩააბარა მასზე რიცხული, ... ¹18-ში მდებარე ბინა ¹33, რაზეც ჩუღურეთის რაიონის საკრებულოს გამგეობის 1991წ. ¹304 განკარგულების საფუძველზე, 1991წ. 30 აგვისტოს ჩუღურეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ ე. პ-ის სახელზე გაიცა ორდერი ¹009704, ხოლო 1992წ. 29 დეკემბერს დაზარალებულმა ე. პ-მა მოახდინა აღნიშნული ბინის პრივატიზება, თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილებისა.

¹4 საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ... ¹40-ში სახლი დღემდე არ აშენებულა და შესაბამისად არც კასატორ პ. შ-ის ბინით დაკმაყოფილება მომხდარა. საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო-საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო კოოპერატივი “ჰ-ი” და სრულიად საქართველოს დ. აღმაშენებლის საქველმოქმედო საზოგადოების რგს “ს-ის” საწარმოო კომერციული ფირმა “ო-ი” დღეისათვის აღარ ფუნქციონირებენ და მათი უფლებამონაცვლე სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი.

¹4 საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა პ. შ-ის სარჩელი და ქ. თბილისის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის მოსარჩელის მიერ ჩაბარებული, ... ¹18-ში მდებარე ¹33 საცხოვრებელი ბინის კომპენსაცია 11000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და უსაფუძვლობის გამო ვერ დაეთანხმება ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების შესახებ, რადგან ¹4 საგარანტიო ხელშეკრულების გაცემის მომენტისათვის მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 205-ე მუხლის თანახმად, საგარანტიო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების კოოპერატივ “ჰ-ისა” და ფირმა “ო-ის” მიერ შეუსრულებლობის გამო და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პ. შ-ემ ... ¹18-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა ¹33, საგარანტიო ხელშეკრულების შესაბამისად, დროულად, ნებაყოფლობით ჩააბარა თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობას, ხოლო იმჟამად მოქმედი საქართველოს საბინაო კოდექსი არ ითვალისწინებდა ბინიდან მოქალაქეთა გამოსახლებას სხვა სადგომის მიუცემლად, გარდა ამავე კოდექსის 109-111 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა (როცა დამქირავებელი სისტემატურად ანგრევს სადგომს, იყენებს არადანიშნულებისამებრ, თვითნებურად აქვს დაკავებული, ან ორდერი ბათილად იქნა ცნობილი), რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, ამასთან ¹4 საგარანტიო ხელშეკრულება გაიცა ქ. თბილისის პრეფექტის 1991წ. 30 მაისის ¹80 ბრძანების საფუძველზე, “საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” კანონის თანახმად კი თბილისის მმართველობის ორგანოს დღეისათვის მერია წარმოადგენს, ხოლო ჩუღურეთის გამგეობა მისი ტერიტორიული ორგანოა, ამიტომ პ. შ-ის მიერ ჩაბარებული საცხოვრებელი ბინის კომპენსაციის, 11000 აშშ დოლარის ქ.თბილისის მერიისათვის დაკისრება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატის აზრით, დაუსაბუთებლობის მოტივით, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ადვოკატის ხარჯების სახით 440 აშშ დოლარის, აუდიტორული მომსახურების – 100 ლარის და სხვა ხარჯების – 200 აშშ დოლარის ქ.თბილისის მერიისათვის დაკისრების შესახებ, რადგან აღნიშნული ხარჯების გაღების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიისა და პ. შ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.