1074აპ ქ. თბილისი
8 მაისი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით დ. მ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, რაც კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მივიდა ქ. ბათუმში, ---ის ქ. ¹141-ში მდებარე აფთიაქში და მომარჯვებული დანის მუქარით თავს დაესხა იქ მომუშავე კ. ო-ას, ი. ზ-სა და შ. გ-ნს, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და მიისაკუთრა აფთიაქის მეპატრონე კ. ო-ას კუთვნილი 600 ლარი და მიიმალა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის დ. მ-ეს მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 18 ნოემბრიდან. მსჯავრდებულს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. მ-ემ და მოითხოვა მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიებაზე. სხვა ნაწილში განაჩენი დ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული დ. მ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ჰყავს უმუშევარი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ასევე _ II ჯგუფის ინვალიდი დედა, რომელიც ლოგინადაა ჩავარდნილი; თავად დაავადებულია ბრონქიალური ასთმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ. მ-ძე ითხოვს მისთვის ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ კ. ო-ას, მოწმეების _ ი. ზ-სა და შ. გ-ის, ასევე _ მსჯავრდებულ დ. მ-ის ჩვენებებით, ამოცნობისა და დაპირისპირების ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ დ. მ-ემ ჩაიდინა ყაჩაღობა.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მხედველობაში მიიღეს ის გარემოებები, რომ დ. მ-ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ნასამართლობის არმქონეა, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, დაავადებულია I კატეგორიის საშუალო სიმძიმის ბრონქიალური ასთმით. მსჯავრდებულს განესაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი, როგორც დასაბუთებული და სამართლიანი, ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, დ. მ-ეს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც კ. ო-ვა და არც დ. მ-ძე, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელედ და მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს დაზარალებულის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.
ამასთან, ადრე მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაზარალებულს უფლება ჰქონდა, წარედგინა სამოქალაქო სარჩელი საქმის სასამართლო გამოძიების დაწყებამდე. კ. ო-ამ მისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურება მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვის დროს, სასამართლო გამოძიების დაწყების შემდეგ (ს.ფ. 107).
აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი დ. მ-სათვის დაზარალებულ კ. ო-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას დაზარალებულს, წარადგინოს სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 აგვისტოს განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს დ. მ-სათვის დაზარალებულ კ. ო-ას სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.