1079აპ. ქ. თბილისი
16 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით ზ. ჭ-ძე, _ საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაზარალებულ რ. ჭ-ეს უნდა აუნაზღაურდეს დაკრძალვის, საფლავის მოსაწყობად და საავადმყოფოში გადახდილი ხარჯები _ 8600 ლარის ოდენობით.
განაჩენით ზ. ჭ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ზ. ჭ-ეს 2006 წლის 6 იანვარს ოჯახში, ხარაგაულის რაიონის სოფელ ---ში, ---ის დღესასწაულის აღსანიშნავად მოწვეული ჰყავდა მეგობრები, ქ. ---ში მცხოვრები დ. დ-ძე და ზ. ბ-ლი. ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ დ. დ-ემ და ზ. ბ-მა გადაწყვიტეს სახლში წასვლა. დაახლოებით 17 საათსა და 30 წუთზე ზ. ჭ-ემ და მისმა მეზობელმა ვ. ფ-ემ სტუმრები სახლიდან გამოაცილეს. ამ უკანასკნელმა დღესასწაულის აღსანიშნავად საკუთარ სახლში შეიპატიჟა ისინი და ღვინით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი ყველანი ერთად რკინიგზის ბაქნის მიმართულებით გაემართნენ. ისინი სოფლის ცენტრში შეხვდნენ ამავე სოფლის მკვიდრთ, ასევე მთვრალებს _ მ. ჭ-ეს, დ. ფ-ესა და ზ. ჭ-ეს. ზ. ბ-მა მეტსახელით მიმართა თავის მეგობარ დ. დ-ეს, მ. ჭ-ემ კი აღნიშნული საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო, რის გამოც მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ამ პროცესში მეგობრის შეურაცხყოფით განაწყენებულმა ზ. ჭ-ემ ჯიბიდან ამოიღო დანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მუცლისა და გულმკერდის არეში რამდენჯერმე დაარტყა მ. ჭ-ეს, რომელიც იქვე წაიქცა. მან განზრახვა სისრულეში მოყვანილად ჩათვალა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა, ხოლო მ. ჭ-ძე ქ. ---ის საავადმყოფოში, ოპერაციის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ს-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ზ. ჭ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით, რომელსაც თავად აღიარებს მსჯავრდებული ზ. ჭ-ძე; კასატორის აზრით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი; საქმე განხილულია საპროცესო კანონის არსებითი დარღვევებით; ზ. ჭ-სათვის დანიშნული სასჯელის ზომა არის მეტისმეტად მკაცრი; ასევე დაუსაბუთებელია სამოქალაქო სარჩელი _ 8600 ლარი, რომელიც ზ. ჭ-ეს დაეკისრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. ჭ-ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განაცხადა, რომ მას განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, რადგან მ. ჭ-ის სიკვდილი არ სურდა, არამედ ის თავს იცავდა და ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. მისი განმარტებით, ჩხუბი წამოიწყო მ. ჭ-ემ დ. დ-სთან. იგი მივიდა გასაშველებლად, მაგრამ თვითონაც აღმოჩნდა ჩართული ჩხუბში, ვერ იხსენებს, ვინ ვის ურტყამდა, მაგრამ უკვე დიდი ჩხუბი იყო. ამ დროს ის რამდენჯერმე წაიქცა. ქურთუკი თავზე ჰქონდა გადაფარებული და არ იცის, ვინ სცემდა. წამოდგომისას ის და მ. ჭ-ძე ჩხუბობდნენ. ჩხუბში ჩაერია პ. ჭ-ძე, რომლის დარტყმით იგი ორმოში ჩავარდა. მისი და მ. ჭ-ის დაზავებას დ. ფ-ძე ცდილობდა. მ. ჭ-ძე გაიქცა წყაროსთან, მან მოიკრიბა ძალა და ორმოდან ამოვიდა. სანამ ამოვიდოდა, მოესმა ზ. ბ-ის ხმა ,,დამჭრესო”. ამ დროს მის წინ დ. დ-ძე წაიქცა. როდესაც მან უკან მოიხედა, დაინახა მ. ჭ-ძე, რომელსაც დანა ეჭირა და მისკენ მიიწევდა. მან აიღო საკუთარი დანა და დაიწყო ქნევა, რათა მ. ჭ-ძე არ მიკარებოდა, ისიც იქნევდა დანას. ამ დროს გაიგონა ქალების კივილის ხმა და მიატოვა იქაურობა. მან დაინახა, რომ უკნიდან მისდევდა დ. ფ-ძე, რომელიც დაეწია და უთხრა: ,,მეც დამარტყი დანაო”, რაზეც უთხრა თავი დაენებებინა. შემდეგ გაიგო, რომ მ. ჭ-ძე იყო ---ის საავადმყოფოში. იქ მისვლისას დაინახა მ. ჭ-ის ახლობლები და საავადმყოფოში არ შევიდა. მატარებლით წავიდა ქ. თბილისში, შემდეგ გაიგო მისი დაღუპვის ამბავი.
პალატა თვლის, რომ სასამართლომ, გააანალიზა რა ზ. ჭ-ის ეს ჩვენება საქმის სხვა მასალებთან ერთობლივად, სწორად არ გაიზიარა იგი და მის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების _ დ. ფ-ის, ვ. ფ-ის, ზ. ჭ-ის, პ. ჭ-ის, გ. ჭ-ის, შ. ფ-ის, თ. მ-ის, ე. ჭ-ის, ზ. ბ-ისა და სხვათა ჩვენებებით; დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ჭ-ის ჩვენებით; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ზ. ჭ-ის ქმედებას და დააკვალიფიცირა იგი საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
განაჩენის დადგენის დროს სასამართლომ გაითვალისწინა რა ზ. ჭ-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა გარემოება, კერძოდ, იგი პირველადაა სამართალში, ნებაყოფლობით ჩაბარდა სამართალდამცავ ორგანოებს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი არ გააჩნია, მას შეუფარდა კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის საქმის სამართალწარმოებისას, წინასწარ გამოძიებასა და 1-ლი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო მოსარჩელედ არ არის ცნობილი რ. ჭ-ძე, ხოლო სამოქალაქო მოპასუხედ _ ზ. ჭ-ძე.
I-ლი ინსტანციის სასამართლომ კი განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ჭ-ეს დააკისრა დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ რ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა. აღნიშნული განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ იყო დაწყებული სამოქალაქო სამართალწარმოება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ მსჯავრდებულისათვის დაეკისრებინათ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილი პირის _ რ. ჭ-ის სასარგებლოდ 8600 ლარის გადახდა.
პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ჭ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე _ რ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ჭ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 აგვისტოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ. ჭ-სათვის დაზარალებულის უფლებამონაცვლე რ. ჭ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.