Facebook Twitter

1084აპ ქ. თბილისი

8 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 იანვრის განაჩენით ა. ყ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ა. ყ-ლი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით ა. ყ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

ა. ყ-ლი 2002 წლის 21 ნოემბერს დაუკავშირდა დაუდგენელ პირს და მასთან ერთად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავისი მართვის ქვეშ მყოფი, დაუდგენელი მუქი ლურჯი „ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით, 11 საათზე მივიდა ქ. ბორჯომის ---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაზე გადაცვლის მოტივით, ავტომანქანაში ჩაისვა ბორჯომის მკვიდრი ზ. ნ-ვი, რის შემდეგაც ავტომანქანა დაიძრა ქ. ხაშურის მიმართულებით. ბორჯომის რაიონის სოფელ ---საკენ ზ. ნ-ვს, ამ უკანასკნელის ხელთ არსებული ფულადი თანხის ნამდვილობის დადგენის საბაბით, გამოართვა 1 000 ლარი და 375 აშშ დოლარი, რის შემდეგ აღარ დაუბრუნა და ძალადობით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ჩამოსვა ავტომანქანიდან, თვითონ კი თავის ავტომანქანაში მყოფ დაუდგენელ პირთან ერთად მანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. აღნიშნული ქმედებით ა. ყ-ლი აშკარად დაეუფლა ზ. ნ-ის კუთვნილ თანხას, სულ 1 819 ლარის ოდენობით, რითიც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის 21 იანვარს, ა. ყ-ლი კვლავ დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს და მასთან ერთად, თაღლითურად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავისი მართვის ქვეშ მყოფი, მუქი შინდისფერი „ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით, დაახლოებით 12 საათზე მივიდა მცხეთის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ნ. ი-ის საცხოვრებელ სახლში, შეცდომაში შეიყვანა ამ უკანასკნელის მეუღლე ნ. ი-ლი და უთხრა, რომ მცხეთაში მდებარე რესტორან „---ში” მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ესაჭიროებოდა პარკეტის მოსახვეწი, ე.წ. „ციკლოვკის” დანადგარი, რომლის წასაღებადაც ნ. ი-საგან მიღებული ჰქონდა სიტყვიერი ნებართვა. ნ. ი-მა გადასცა რა მას აღნიშნული, დაახლოებით 2 000 ლარად ღირებული დანადგარი, ა. ყ-ლი მოტყუებით დაეუფლა ი-ების კუთვნილ ქონებას, რითიც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

იმავე დღეს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა. ყ-ლი გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, იმავე მუქი შინდისფერი „ბმვ-ს” მარკის ავტომანქანით, დაახლოებით 18 საათზე მივიდა დუშეთის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ დ. ბ-ის საცხოვრებელ სახლში, რომელსაც სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოტივით სთხოვა, წამოეღო თავისი პარკეტის მოსახვეწი, ე.წ. „ციკლოვკის” დანადგარი და გაჰყოლოდა სამუშაოდ დუშეთის რაიონის სოფელ ---ში, რაზეც იგი დაეთანხმა, თავისი ნებით დანადგარი მოათავსა ა. ყ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გაჰყვა მათ. სოფელ ---ში, ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლთან, ა. ყ-მა გააჩერა და თითქოსდა ჭიშკრის გაღების საბაბით გადმოვიდა მანქანიდან. მას თან გადმოჰყვა დ. ბ-ლი, მაგრამ მოულოდნელად, მას შემდეგ, რაც ა. ყ-ლი ჩაჯდა ავტომანქანაში, მეორე, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ავტომანქანა დაძრა ადგილიდან და ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ისინი აშკარად დაეუფლნენ დ. ბ-ის კუთვნილ ქონებას და მას მიაყენეს 1 000 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

2004 წლის 7 აპრილს, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა. ყ-ლი დანაშაულებრივად დაუკავშირდა ძიებით დაუდგენელ ორ პირს და, იმყოფებოდა რა დაუდგენელი სახელმწიფო ნომრის „ვაზ-2106” მარკის ავტომანქანით, დაახლოებით 22 საათზე ქ. თბილისში, ---სა და ---ის ქუჩების გადაკვეთაზე, შეამჩნია ქვეითად მოსიარულე გ. დ-ნი. მათ გააჩერეს ავტომანქანა, გადმოვიდნენ და გ. დ-ნს თავი წარუდგინეს, როგორც პოლიციის თანამშრომლებმა, დაუწყეს პირადი ჩხრეკა და ჯიბიდან ამოაცალეს „სონი-ჯი-70” მოდელის მობილური ტელეფონის აპარატი, რის შემდეგაც ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ხელი ჰკრეს და წააქციეს, თვითონ კი ჩასხდნენ ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ბოროტმოქმედები აშკარად დაეუფლნენ გ. დ-ის კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითიც მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული ქმედებისათვის ა. ყ-ლს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 თებერვლის განაჩენით მისთვის შეფარდებული პირობითი მსჯავრი, დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 1 წელი დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს და ა. ყ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დაზარალებულ ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 000 ლარის გადახდა. ა. ყ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 12 აგვისტოდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ტ-ამ და სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა დ. მ-მა.

ადვოკატმა ვ. ტ-ამ ითხოვა ა. ყ-ის გასამართლება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „გ” ქვეპუნქტებით (გ. დ-ის ეპიზოდში), დანარჩენ ეპიზოდებში კი _ გამართლება.

პროკურორმა დ. მ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ა. ყ-სათვის განაჩენთა ერთობლიობით 11 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ა. ყ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

კასატორი _ მსჯავრდებული ა. ყ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მთლიანად აღიარებს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, წარდგენილ ბრალდებებში თავს ცნობს დამნაშავედ და გულწრფელად ინანიებს; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილი და ხანდაზმული, ავადმყოფი მშობლები; პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თავად გაუუარესდა ჯანმრთელობა; დაუქვეითდა მხედველობა; საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბრმავდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ა. ყ-ლი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას და სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულების _ ზ. ნ-ის, ნ. ი-ის, დ. ბ-ის, გ. დ-ის, მოწმეების _ დ. ხ-ის, თ. ბ-სა და სხვათა ჩვენებებით, ასევე _ პირის ამოსაცნობად წარდგენისა და დაპირისპირების ოქმებით უტყუარადაა დადასტურებული და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ა. ყ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ასევე _ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა ა. ყ-სათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინეს ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალია.

მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელთან დაკავშირებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 565-ე მუხლის შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს ა. ყ-ის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო. ამდენად, სააპელაციო პალატის განაჩენი სამართლიანია და ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საბრალდებო დასკვნით დადგენილია, რომ ა. ყ-ის ქმედებით დაზარალებულ ზ. ნ-ვს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 1819 ლარის ოდენობით. თავად დაზარალებულმაც სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას გასტაცეს 1000 ლარი და 375 აშშ დოლარი (ტ. 3, ს.ფ. 290). მიუხედავად ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, რაც უცვლელად დატოვა სააპელაციო პალატამ, ა. ყ-ლს ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის გადახდა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია და დაზარალებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ა. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: მსჯავრდებულ ა. ყ-სათვის დაზარალებულ ზ. ნ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხა _ 2 000 (ორი ათასი) ლარი შემცირდეს და ა. ყ-ლს ზ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1 819 (ათას რვაას ცხრამეტი) ლარის გადახდა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.