Facebook Twitter

1085აპ ქ. თბილისი

8 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის განაჩენით ზ. ჯ-ტი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაენიშნა სასჯელი; იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა მითვისება, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში, არაერთგზის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ყალბი სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა დოკუმენტის, ბეჭდისა და ბლანკის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ანგარებით; მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, არაერთგზის, რასაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოეწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

ზ. ჯ-ტი 2000 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს ---ის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში ---ის თანამდებობაზე. როგორც წესი, მასზე გაცემული იყო ---ის მრგვალი ბეჭედი.

2002 წლის თებერვალში ზ. ჯ-ტს აღსასრულებლად დაევალა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 13 თებერვალს გამოტანილი სააღსრულებო ¹-\-- ფურცლის აღსრულება, რომლითაც კოოპერატივ „---ს” ს\ს „---ის” სასარგებლოდ დაეკისრა 3695 ლარის გადახდა, ვინაიდან კოოპერატივ „---ს” აღნიშნული თანხიდან კრედიტორისათვის გადახდილი ჰქონდა 400 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩენილი იყო 3295 ლარი, რომელსაც ითხოვდა ს\ს „---ი”.

2002 წლის 18 თებერვალს ზ. ჯ-ტი მივიდა ქ. თბილისში, ---ის მე-3 კვარტალში მდებარე კოოპერატივ „---ში” და მის ხელმძღვანელ ლ. ქ-ეს გაეცნო, როგორც სასამართლოს აღმასრულებელი და მისცა 5 დღის ვადა დარჩენილი ვალის ნებაყოფლობით გადასახდელად.

2002 წლის მარტში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, ზ. ჯ-ტი ისევ მივიდა კოოპერატივ „---ში”, შეადგინა გრაფიკი, რომელშიც მიუთითა, რომ „---ს” თებერვალში გადახდილი ჰქონდა 200 ლარი და წინადადება მისცა, რომ მარტსა და შემდგომ თვეებში უნდა გადაეხადა 300 ლარი, სანამ არ დაკმაყოფილდებოდა ს\ს „---ის” მოთხოვნა.

ზ. ჯ-ტი 2002 წლის 27 მარტს კვლავ გამოცხადდა კოოპერატივ „---ში” და კრედიტორისათვის თანხის გადაცემის საბაბით აღნიშნული კოოპერატივის დირექტორ ლ. ქ-ეს გამოართვა 300 ლარი. იგი ვალდებული იყო, თანხა სრული მოცულობით შეეტანა სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე, საიდანაც უნდა მომხდარიყო მისი კრედიტორზე გაცემა. აღებული 300 ლარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით აღმოჩნდა რა ზ. ჯ-ის მართლზომიერ მფლობელობაში, მან არ შეიტანა დანიშნულებისამებრ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გახარჯა პირადი საჭიროებისათვის.

2002 წლის 26 აპრილს, 24 მაისსა და 25 ივნისს ზ. ჯ-ტი კვლავ მივიდა კოოპერატივ „---ში” და თითქოსდა თანხის გადაცემის საბაბით აღნიშნული კოოპერატივის თანამშრომლებს _ ს-სა და ქ-ეს არაერთგზის გამოართვა 900 ლარი. აღებული თანხა აღმოჩნდა რა ზ. ჯ-ის მართლზომიერ მფლობელობაში, მან არ შეიტანა დანიშნულებისმებრ, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, გახარჯა პირადი საჭიროებისათვის და არ გადასცა კრედიტორს _ ს\ს „---ს”, რითიც დაზარალებულ სააქციო საზოგადოებას მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2002 წლის 15 ივლისს ზ. ჯ-ტი გათავისუფლდა აღმასრულებლის თანამდებობიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულებისათვის, რის შემდეგაც იგი ვალდებული იყო, მასზე გაპიროვნებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი, მის წარმოებაში არსებული სააღსრულებო წარმოებები და სააღსრულებო ბიუროს ბლანკები ჩაებარებინა სამსახურში, რაც მას არ გაუკეთებია, რადგან სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ განიზრახა, თაღლითური გზით, ნდობის ბოროტად გამოყენებით მიეთვისებინა იმ პირთა ქონება, რომელთა საქმეებიც წარმოებაში ჰქონდა აღმასრულებლად მუშაობის პერიოდში.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ზ. ჯ-მა მართლსაწინააღმდეგოდ, ანგარებით მიისაკუთრა ---ის მრგვალი ბეჭედი, სააღსრულებო დოკუმენტები, სააღსრულებო ბიუროს ბლანკები, რის შემდეგაც მივიდა ---ის გამზირზე ¹144-ში მდებარე „---ში” ამავე საწარმოს იურისტ შ. გ-სთან, რომელმაც იცოდა, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2001 წლის 7 დეკემბრის განჩინება, რომლითაც მოქალაქე შ. ჯ-ას დაეკისრა სს „---ის” ფილიალის _ „---ის” სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის გადახდა, აღსასრულებლად ჰქონდა --- ზ. ჯ-ტს. ზ. ჯ-მა შ. გ-ას დაუმალა, რომ განთავისუფლებული იყო ---ის თანამდებობიდან და განუცხადა, რომ შ. ჯ-ას ბინაზე ჩატარდა ორი აუქციონი, მაგრამ ბინა არ იქნა რეალიზებული, ამიტომ უნდა ჩატარებულიყო მესამე აუქციონი და, თუ სურდა შპს „---ს” აუქციონში მონაწილეობა, გადაეხადათ სააღსრულებო წარმოების მოსაკრებლის გადასახადი 7%, ანუ 814 აშშ დოლარი. ვინაიდან შპს „---ს” დაფარული ჰქონდა მოქალაქე შ. ჯ-ას ვალი კრედიტორისათვის, შ. გ-ამ სურვილი გამოთქვა აუქციონში მონაწილეობაზე, რისთვისაც ზ. ჯ-ტს გადაუხადა სააღსრულებო წარმოების მოსაკრებელი _ 814 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში _ 1 790,8 ლარი. ზ. ჯ-მა სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ სააღსრულებო ბიუროს ბლანკებზე დაამზადა ყალბი ცნობა, მასზე დასვა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი და ცნობაში მიუთითა, რომ შ. გ-ამ გადაიხადა სააღსრულებო მოსაკრებლის 7% _ 814 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, რის შემდეგაც 2002 წლის 2 აგვისტოს დაიბარა იგი ---ის სააღსრულებო ბიუროში აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

2002 წლის 2 აგვისტოს ქ. ---ის სააღსრულებო ბიუროში ზ. ჯ-მა, რომელიც იმ დროისათვის განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან, ჩაატარა ფიქტიური აუქციონი და მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ სააღსრულებო ბიუროს ბლანკებზე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი _ აუქციონის ოქმი, რომელზეც დასვა ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი და ოქმში მიუთითა, რომ შ. ჯ-ას იპოთეკით დატვირთული ბინა გადაეცა შპს „---ს”. ზ. ჯ-მა ასევე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი _ აღმასრულებლის განკარგულება ¹-\--, რომელზეც დასვა თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი, ხოლო განკარგულებით შ. ჯ-ას იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ გამოაცხადა შპს „---ს” წარმომადგენელი შ. გ-ია. აღნიშნული განკარგულება წარდგენილ იქნა საჯარო რეესტრში, რის შემდეგ ბინა დარეგისტრირდა შპს „---ს” სახელზე, ხოლო შ. გ-სათვის გამორთმეული 1 790 ლარი ზ. ჯ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის, რითიც შ. გ-ას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2002 წლის 23 აგვისტოს ზ. ჯ-მა კვლავ განიზრახა, ჩაედინა თაღლითობა. იგი მივიდა კოოპერატივ „---ში”, მის დირექტორ ლ. ქ-ეს დაუმალა, რომ უკვე განთავისუფლებული იყო ---ის თანამდებობიდან და მოსთხოვა, გადაეხადა ს\ს „---ის” სასარგებლოდ დარჩენილი გადასახადები. მან ლ. ქ-ეს გამოართვა 300 ლარი, გამოუწერა ყალბი ქვითარი, რომელზეც დასვა თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი, ხოლო აღებული თანხა კი თაღლითურად მიითვისა.

2002 წლის 20 სექტემბერს ზ. ჯ-ტი კვლავ მივიდა კოოპერატივ „---ში” და მის დირექტორ ლ. ქ-ეს მოსთხოვა, გადაეხადა ს\ს „---ის” სასარგებლოდ დარჩენილი გადასახადი. მან იმავე დღეს ლ. ქ-ეს გამოართვა 1 595 ლარი და თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ სააღსრულებო ბიუროს ბლანკზე დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი _ სასამართლო აღმასრულებლის განკარგულება, რომელზეც დასვა ასევე თავის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული აღმასრულებლის მრგვალი ბეჭედი. განკარგულებაში ზ. ჯ-მა მიუთითა, რომ 2002 წლის 20 სექტემბერს კოოპერატივმა „---მ” მთლიანად დაფარა ს\ს „---ის” სასარგებლოდ დაკისრებული 3 696 ლარი, ხოლო ლ. ქ-საგან აღებული 1 895 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა და გამოიყენა პირადი საჭიროებისათვის.

2002 წლის 17 ოქტომბერს ზ. ჯ-მა კვლავ განიზრახა, ქ. თბილისში, ---ის გამზირის ¹37-ში მდებარე ტანსაცმლის მაღაზია „---დან” მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით მიეღო 250 ლარი, რომელიც აღნიშნულ მაღაზიას ჯარიმის სახით დასაფარი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და აღნიშნულის შესახებ ზ. ჯ-სათვის ცნობილი იყო წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეებიდან, რომლებიც სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ არ ჩაუბარებია.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი იმ დღესვე მივიდა მაღაზია „---ში” და გამყიდველებს _ ნ. თ-სა და თ. ჭ-ეს გაეცნო სასამართლო აღმასრულებლად და მოსთხოვა, გადაეცათ მისთვის 250 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მიიყვანდა სააღსრულებო პოლიციას და აღნიშნული თანხის ნაცვლად დააკისრებდნენ სამმაგ ჯარიმას ან ყადაღას დაადებდნენ მთლიანად მაღაზიას.

მეორე დღეს, 18 ოქტომბერს, ფულის ასაღებად მისული ზ. ჯ-ტი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ---ს ა\მანქანის საშვი, გაცემული ავტომანქანა „ოპელ-ომეგაზე”, სახ. ¹--, სააღსრულებო ბიუროს ცარიელი ბლანკები და ის სააღსრულებო საქმეები, რაც წარმოებაში ჰქონდა და რომლებიც მას უნდა ჩაებარებინა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.

აღნიშნული ქმედებისათვის ზ. ჯ-ტი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით, 363-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაენიშნა სასჯელი. ზ. ჯ-ტს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ”, „დ” ქვეპუნქტებით, მე-19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 16 ივლისიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. წ-ამ. მან ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, ზ. ჯ-სათვის 2005 წლის 26 აგვისტოდან პატიმრობაში ყოფნის პერიოდის კმარება, მის მიმართ სასჯელის უფრო მსუბუქი სახის გამოყენება და პატიმრობიდან განთავისუფლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 18 ივლისის განაჩენი.

კასატორი _ მსჯავრდებული ზ. ჯ-ტი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ხელი შეუწყო საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასა და მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის ეს შემამსუბუქებელი გარემოება; სასამართლომ არც ის გაითვალისწინა, რომ პირველადაა სამართალში; მისი წარსული არაფრითაა შებღალული; ხასიათდება დადებითად; არის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენათა შედეგად მოწამლული და მეორე ჯგუფის ინვალიდი და არ იმსახურებს სასჯელის ასეთ მკაცრ ზომას. ზ. ჯ-ტს ჰყავს უმუშევარი მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი, მოხუცებული მშობლები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს, ეკმაროს წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2005 წლის 16 ივლისიდან და განესაზღვროს სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინასწარი და სასამართლო გამოძიებით სრულყოფილადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული, შეკრებილი მტკიცებულებები სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და დაადგინა დასაბუთებული განაჩენი, კერძოდ:

პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ჯ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა, გარდა თავად მსჯავრდებულის ჩვენებებისა, უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული სხვა მასალებითაც, მათ შორის დაზარალებულების _ ნ. თ-ის, შ. გ-ას, ლ. ქ-ის, შ. ო-ის, ი. ი-ის, მოწმეების _ თ. ჭ-ის, გ. ჩ-ის, შ. ჯ-ას და სხვათა ჩვენებებით, ასევე _ ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმებით.

ზ. ჯ-ტს სასჯელი დაენიშნა მისი პიროვნების მახასიათებელი მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ასევე ჩადენილი ქმედების სიმძიმის მხედველობაში მიღებით, კერძოდ:

როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა გაითვალისწინეს, რომ ზ. ჯ-ტს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და რომ იგი არაა ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად და აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა მსჯავრდებულის ოჯახური მდგომარეობა. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი სამართლიანია და დანიშნული სასჯელის, ისევე როგორც ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, საქმეში არსებული ოქმის შესაბამისად, ზ. ჯ-ტი დააკავეს 2002 წლის 18 ოქტომბერს (ტ. 1, ს.ფ. 8; 24). ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებით, ზ. ჯ-ტს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა (ტ. 1, ს.ფ. 259). ამდენად, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს წინასწარი გამოძიებისას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 3 დღე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: ზ. ჯ-ტს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინასწარი გამოძიებისას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2002 წლის 18 ოქტომბრიდან 2002 წლის 21 ოქტომბრამდე _ 3 (სამი) დღე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.