Facebook Twitter

1086აპ ქ. თბილისი

5 ივნისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ი. ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის,

პროკურორ _ ლ. ზ-ის,

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქციით) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქციით) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2006 წლის 21 თებერვლის განაჩენით, მ. ჯ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქციით) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქციით) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შეიკრიბა ნაწილობრივ და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ. ჯ-მა განიზრახა, მოტყუებით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით დაუფლებოდა სხვადასხვა პირთა კუთვნილ ქონებას, რა მიზნითაც იგი დაუკავშირდა ქ. თბილისში ---ის ქუჩა ¹18-ში არსებულ ნოტარიუს მ. ბ-ას და შესთავაზა თავისი კუთვნილი ბინის, მდებარე ---ის ქუჩა ¹10-ში დაგირავება. მ. ჯ-ლი და მ. ბ-ვა, გამოძიებით დაუდგენელი პირის მეშვეობით, დაუკავშირდნენ ფულის გასესხების მსურველ მოქალაქეებს: ს. მ-ნს და ნ. შ-ლს.

2001 წლის 30 იანვარს, მ. ჯ-სა და მოქალაქეებს: ს. მ-ნსა და ნ. შ-ლს შორის გაფორმდა იპოთეკის და სესხის ხელშეკრულებები, ს. მ-თან 650 აშშ დოლარზე, ხოლო ნ. შ-თან 900 აშშ დოლარზე. ხელშეკრულების თანახმად მ. ჯ-ლს ყოველთვიურად მათთვის უნდა გადაეხადა სესხის სახით მიღებული თანხის 10%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 (ექვსი) თვით. მ. ჯ-მა გამსესხებლების ნდობის მოსაპოვებლად, ხელშეკრულების გაფორმების დროს, გადაუხადა ამ უკანასკნელთ 1 თვის პროცენტი. მ. ჯ-სა და ს. მ-ნს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, ამ უ-მა გადასცა მ. ჯ-ლს 650 აშშ დოლარი, ხოლო მ. ჯ-სა და ნ. შ-ლს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, ამ უკანასკნელმა მ. ჯ-ლს გადასცა 900 აშშ დოლარი, საიდანაც გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მ. ჯ-მა არ შეასრულა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაუხადა გამსესხებელს ხუთი თვის პროცენტი და ძირითადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მ. ბ-თან ერთად, რითაც მათ მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და რითაც ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

მანვე, ჩადენილი ქონდა რა თაღლითობა, კვლავ განიზრახა, იმავე გზით არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა სხვის ქონებას მოტყუებით, რა მიზნითაც გამოძიებით დაუდგენელი პირის, ვინმე ქ. თ-ას მეშვეობით, 2001 წლის 8 ოქტომბერს, დაუკავშირდა ქ. ბ-ეს და ამ უკანასკნელის დის ქმრის ლ. ო-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით, მ. ბ-ას მეშვეობით, გააფორმა ქ. ბ-სთან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, ---ის ქუჩა ¹10-ში მდებარე ბინის დაგირავებით. ხელშეკრულების თანახმად ქ. ბ-ემ გადასცა მ. ჯ-ლს 1300 აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად მ. ჯ-ლს ყოველთვიურად ქ. -სათვის უნდა გადაეხადა სესხის სახით მიღებული თანხის 10%. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 6 თვით. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მ. ჯ-მა არ შეასრულა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაუხადა გამსესხებელს 3 თვის პროცენტი და ძირითადი თანხა, რაც მ. ბ-სთან და ვინმე ქ. თ-სთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც მიაყენა ამ უკანასკნელს მნიშვნელოვანი ზიანი და ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

მ. ჯ-მა, არაერთგზის ჩადენილი ქონდა, რა თაღლითობა, კვლავ განიზრახა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგოდ, სხვისი ქონების დაუფლება მოტყუებით, რისთვისაც მ. ბ-სთან ერთად გამოძიებით დაუდგენელი პირის, ვინმე ქ. თ-ას მეშვეობით, 2001 წლის 9 მარტს, დაუკავშირდა მოქალაქე გ. წ-რს და ამ უკანასკნელთან მ. ბ-ას მეშვეობით, გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, ---ის ქუჩა ¹10-ში მდებარე ბინის იპოთეკით დატვირთვის პირობით. გ. წ-მა გადასცა მ. ჯ-ლს 4000 (ოთხიათასი) აშშ დოლარი. ხელშეკრულების თანახმად მ. ჯ-ლს ყოველთვიურად გ. წ-სათვის უნდა გადაეხადა სესხის სახით მიღებული თანხის 10%, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით. მ. ჯ-მა დაუბრუნა გ. წ-რს მხოლოდ ერთი თვის პროცენტი. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მ. ჯ-მა არ შეასრულა რა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაუხადა გამსესხებელს ხუთი თვის პროცენტი და ძირითადი თანხა, რაც მ. ბ-სთან და ვინმე ქ. თ-სთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი და ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით.

მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით მ. ჯ-მა და მ. ბ-ამ არ გაატარეს რეგისტრაციაში საჯარო რეესტრის სამსახურში აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებები და იურიდიული ძალა არ მისცეს მათ, აღნიშნული იპოთეკის ხელშეკრულებები დადებული იყო სესხის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად.

აღნიშნულით, მთლიანობაში მ. ჯ-ლი, მ. ბ-ვა და ვინმე ქ. თ-ვა, მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, თაღლითური გზით დაეუფლნენ ხსენებული მოქალაქეების კუთვნილ ქონებას დიდი ოდენობით 6850 აშშ დოლარი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად 2001 წლის ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში შეადგენდა 14130 ლარს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ჯ-მა ამ ეპიზოდში ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა. თავის სააპელაციო საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, განაჩენში გაკეთებული დასკვნა მსჯავრდებულის ბრალეულობის შესახებ საქმეში არსებულ მასალებს ეწინააღმდეგება და არ გამომდინარეობს მისგან. აპელანტი ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ჯ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, უკანონო, საქმის ფაქტობრივი გარემოებები არ გამოკვლეულა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად. აღნიშნავს, რომ იგი თავად გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რის გამოც დაკარგა საკუთრებაში არსებული ბინა. იგი ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას სასამართლოში ხელახლა განსახილველად.

საკასაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ლ. ზ-ემ ნაწილობრივ დაუჭირა მხარი საკასაციო საჩივარს და ითხოვა მ. ჯ-სათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდების ამორიცხვა და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჯარიმის _ 20 000 ლარის შეფარდება, ხოლო, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის მოხდისაგან მისი გათავისუფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, განაჩენით მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით შერაცხული ბრალდება, რომელიც დადასტურებულია დაზარალებულების _ ს. მ-ის, ნ. შ-ის, გ. წ-ის, ქ. ბ-ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, არავითარ ეჭვს არ იწვევს.

რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ჯ-ის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით), პალატის აზრით, არასწორია, რადგან თაღლითობისათვის, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიცხვს, დიდ ოდენობად ითვლება მიყენებული ზიანის ოდენობა, რომლის ღირებულება აჭარბებს 10 000 ლარს. დამნაშავე, როდესაც სჩადის რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თაღლითურ ქმედებას, რაშიც რეალიზებულია მისი რამდენიმე, ცალ-ცალკე წარმოშობილი განზრახვა, ფულში გამოხატული ზიანის შეჯამება და მის დიდ ოდენობად დაკვალიფიცირება სწორი არ არის. გამონაკლისს წარმოადგენს ერთიანი განგრძობადი დანაშაული, სადაც თაღლითური ქმედების ცალკეული ეპიზოდი მოცულია დამნაშავის ერთიანი განზრახვით და დაუფლებული ქონების ჯამი დიდ ოდენობას ქმნის. აღნიშნულ შემთხვევაში საქმე გვაქვს არაერთგზის ჩადენილ დანაშაულთან, რომელიც, ცალ-ცალკე აღებული, შეადგენს 1313, 1818, 2639, 8360 _ ლარს და არ გვაძლევს დიდ ოდენობად მისი დაკვალიფიცირების საშუალებას.

აქედან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, არასწორია, უნდა ამოირიცხოს ბრალდებიდან და ამ ნაწილში შეწყდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

პალატა არ ეთანხმება ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მ. ჯ-სათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ და თვლის, რომ მსჯავრდებულს სასჯელი უნდა შეეცვალოს ჯარიმით _ 15 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მსჯავრდებული მ. ჯ-ლი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ მ. ჯ-ის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

მ. ჯ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) მ. ჯ-ლს სასჯელად დაენიშნოს ჯარიმა _ 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მ. ჯ-ლი მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მ. ჯ-ლი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.