Facebook Twitter

3გ-ად-75-კ-02 27 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: აღმასკომის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ფ. ძ.-ის ამორიცხვა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ძ.-ე ხულოს რაიონის სოფ. ...-ში ცხოვრობდა შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად. 1989 წელს მისმა შვილმა _ ვ. ძ.-მ განცხადებით მიმართა ხულოს რაიონის ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომს მუდმივ საცხოვრებლად ასპინძის რაიონში გადასვლაზე ნებართვის მისაღებად. ს/საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. ¹216 გადაწყვეტილებით ვ. ძ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ხულოს რაისაბჭოს აღმასკომს ეთხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების დამტკიცება. ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ...-ის სასოფლო საბჭოს 02.10.89წ. გადაწყვეტილება, ...-ის ს/საბჭოს აღმასკომს და რაიონის შს განყოფილებას დაევალა ვ. ძ.-ის ოჯახის მთლიანი შემადგენლოობის _ მათ შორის ფ. ძ.-ის, ამოწერა საკომლო და საბინაო წიგნებიდან.

ფ. ძ.-მ 15.05.98წ. სარჩელით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხულოს რასაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან მისი გვარის ამორიცხვა იმის გამო, რომ ...-ის ს/საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. დადგენილებაში ის არ ყოფილა შეყვანილი, ასპინძის რაიონში ჩასახლებას ითხოვდა მისი ვაჟიშვილი და არა მოსარჩელე.

14.12.98წ. საქმე დაექვემდებარა შუახევის რიონულ სასამართლოს, რომელმაც 28,12.98წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 15.02.2000წ. განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პროტესტის საფუძველზე გააუქმა შუახევის რაიონის სასამართლოს 28.12.98წ. გადაწვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

შუახევის რაიონულმა სასამართლომ 02.05.2000წ. განჩინებით დააკმაყოფილა რ. შ.-ის განცხადება, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის _ ხულოს რაიონის გამგეობის მხარეზე ჩააბა რ. შ.-ე, ვინაიდან ფ. ძ.-ის კომლის უფლებებში აღდგენით რ. შ.-ე დაკარგავდა საკარმიდამოს ნაწილს. შუახევის რაიონული სასამართლოს 30.11.2000წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე 1964წ. სამოქალქო კოდექის 75-ე და 79-ე მუხლებით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის გასვლის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.02.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. ძ.-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 30.11.2000წ. გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდა ფ. ძ.-ის სასარჩელო მოითხოვნა, ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნა ფ. ძ.-ეზე მითითება, იგი აღდგენილ იქნა კომლის უფლებებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავა კომლის უფლებებში აღდგენაზე თავისთავად წარმოშობს უფლებას კომლის ყოფილ მიწაზე და ნარგავებზე ე.ი. უძრავ ნივთებზე, სკ-ს 1507.3 მუხლის საფუძველზე შესაძლებლად იქნა მიჩნეული მოქმედი სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენება. პალატამ მიინჩია აგრეთვე, რომ ფ. ძ.-ემ აქტის გაცნობისთანავე წარადგინა სარჩელი, რის გამოც მას არ გაუცდენია აგრეთვე სასკ-ს 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის 6-თვიანი ვადა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. შ.-ეს სახლ-კარის შესყიდვისათვის უნდა გადაეხადათ ფ. ძ.-ისათვის 13000 მანეთი. რ. შ.-ემ თანხის ნახევარი _ 6500 მანეთი გადაიხადა, თანხის დანარჩენი ნაწილი რ. შ.-ემ შეგნებულად არ გადაიხადა, რადგან ფ. ძ.-ე სახლს არ ცლიდა, თავის მხრივ მოსარჩელემ სახლი ვერ დაცალა, რადგან ვერ მიიღო თანხის დანარჩენი ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მოსარჩელის ასპინძის რაიონში ჩაწერის შესახებ განცხადება, ხოლო სამისამართო ბიუროს ცნობის თანახმად, მოსარჩელე ითვლება სოფელ ...-ის მაცხოვრებლად. პალატამ აღნიშნა, აგრეთვე, რომ სადავო აქტში ცვლილებების შეტანით არ ირღვევა მოპასუხის _ რაისაბჭოს აღმასკომის ინტერესები.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული ხულოს რაიონის გამგეობის მიერ. საკასაციო პალატის 11.09.01წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხულოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.02.01წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია განსახილველი ურთიერთობების მიმართ უძრავი ქონებისადმი სსკ-ს გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენება. საკასაციო პალატამ სადავო სამართლურთიერთობების სწორად გადაჭრისათვის საჭიროდ მიიჩნია ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყეტილების შეფასება, რომელიც საფუძვლად დაედო 31.10.89წ. ¹281/13 სადავო გადაწყეტილებას, აგრეთვე 1991 წ. გაცემული მიწის სარგებლობის შესახებ აქტის შეფასება, ფ. ძ.-ის მიერ სტიქიით დაზარალებული პირებისათვის გათვალისწინებული შეღავათიანი კრედიტით სარგებლობის დადგენა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.01.02წ. განჩინებით შუახევის რაიონული სასამართლოს 30.11.2000წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სოფ. ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. ¹216 გადაწყვეტილებაში გადამსვლელთა სიაში მოგვიანებით ფ. ძ.-ის დამატება, რაც შემდგომში დამტკიცებულ იქნა ასპინძისა და შუახევის რაიონების რაისაბჭოებს აღმასკომების გადაწყვეტილებებით, თავისთავად ადასტურებს ფ. ძ.-ის ასპინძის რაიონში გადასვლის სურვილს. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების და საქმეზე დაკითხულ პირთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ძ.-ე 1989 წელს საცხოვრებლად გადავიდა ასპინძის რაიონის სოფ. რუსთავში, სადაც დღემდე ცხოვრობს შვილის ოჯახში. სარჩელი სადავო აქტის ნაწილის გაუქმების მოთხოვნით მის მიერ აღიძრა რვა წლის შემდეგ, პალატამ აღნიშნა, რომ ფ. ძ.-ეს ასპინძაში გადასვლის წინადადების მიღების დროს არ გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია და არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის უფლებების დასაცავად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აქტის გაცნობისთანავე სასამართლოში სარჩელის აღძვრის თაობაზე. არ იქნა გაზიარებული აგრეთვე სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მოსაზრება რ. შ.-ის მესამე პირად არასწორად ჩაბმის თაობაზე, ვინაიდან ოჯახთან ერთად ფ. ძ.-ის ასპინძის რაიონში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ამ უკანასკნელთა მიწის ნაკვეთი მდებარე “წ.-ში" (0,25ჰა) გადაეცა რ. შ.-ეს საკოლმეურნეო ნაკვეთის სახით, ნაკვეთი შემდგომში ხელშეკრულების საფუძველზე მას გადაეცა იჯარით, ხოლო 12.12.01წ. მიღება-ჩაბარების აქტით _ საკუთრებაში.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკაციო წესით გასაჩივრდა ფ. ძ.-ის წარმომადგენლის ი. ქ.-ის მიერ. კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფ. ძ.-ეს თავის დროზე ჰქონდა ასპინძის რაიონში შვილთან ერთად საცხოვრებლად გადასვლის სურვილი, კასატორის აზრით, საამისოდ საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი საბუთი. ფ. ძ.-ეს არასოდეს მიუმართავს სასოფლო საბჭოსათვის საჩივრით გადასახლებულ პირთა სიაში შეყვანის თაობაზე, არ არსებობს ასპინძის რაიონში ჩასახლების სურვილის დამადასტურებელი საბუთი, არ არსებობს რაიმე მტკიცება მისი აღმასკომის სხდომებზე დასწრების ან მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე, უზენაესი სასამართლოს მითითების მიუხედავად, პალატის მიერ შეუფასებელი დარჩა სადავო აქტის მიღებამდე ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილება, რომელშიც ჩასახლებულ პირთა შორის მოხსენებული იყო ფ. ძ.-ე. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იქონია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ არ მოხდა ფ. ძ.-ის ჩაწერა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ახალ საცხოვრებელ ადგილას, არ შეფასებულა მასალები, რომელთა თანახმად ფ. ძ.-ე არ ყოფილა ამოწერილი ხულოს რაიონიდან, მასზე არ გაცემულა კრედიტი, სასამართლო კოლეგიას არ გამოუთხოვია ...-ის საკრებულოდან საკომლო წიგნები 1989-98წ.წ. მონაცემებით. სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა 1993 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 17.11.94წ. გამოტანილი რ. შ.-ის გამამტყუნებელი განაჩენი. სათანადო შეფასება არ მიეცა აგრეთვე 15.06.91წ. მიწის მიღება-ჩაბარების აქტს, რომლის სიყალბეს ადასტურებს ის, რომ აღნიშნული აქტის ფორმა დამტკიცებულია მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ ¹503 დადგენილებით, შესაბამისად მისი გაცემა ვერ მოხდებოდა ფორმის დამტკიცებამდე ორი წლით ადრე. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე არ მიეცა 15.06.91წ. და 12.12.01წ. აქტის ბათილად ცნობის საკითხის დაყენების შესაძლებლობა.

ფ. ძ.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი იქნა წარმოდგენილი რ. შ.-ის მიერ. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება კასატორის მტკიცება თითქოსდა ფ. ძ.-ე არ ყოფილა ჩაწერილი ასპინძის რაიონში, საქმეში დაცული ცნობებით დასტურდება, რომ იგი მისი შვილის _ ვ. ძ.-ის ოჯახის წევრია. ხულოს რაიონული საბჭოს აღმასკომის 31.10.89წ, ¹281/13 გადაწყვეტილება 1994წ. აგვისტოდან დაცულია მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში, რაც გამორიცხავს ფ. ძ.-ის მიერ მის არცოდნას. ყალბია ფ. ძ.-ის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ ქვითარი, რადგან მას შესაგებლის ავტორი ფლობს 1989 წლიდან. რ. შ.-ე არ ეთანხმება საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას 15.06.91წ. აქტის სიყალბის შესახებ და აღნიშნავს, რომ მიწის იჯარით გაცემა თავის დროზე გადამოწმებული იყო ფ. ძ.-ის წარმომადგენლის მიერ, მის მიერ მიწით სარგებლობა არ წარმოადგენს დავის საგანს. რ. შ.-ე შესაგებელში აღნიშნავს აგრეთვე, რომ ვ. ძ.-ემ შესთავაზა მას შეეძინა მისგან სახლი დამხმარე ნაგებობითურთ. შემდგარი შეთანხმების თანახმად 1989 წ. მარტის თვეში გადაუხადა თანხის ნახევარი, დანარჩენის გადახდა სახლის გათავისუფლების შემდეგ უნდა მომხდარიყო. სახლის გათავსუფლების ნაცვლად სახლი სხვაზე იქნა გაყიდული, ხოლო მიღებული თანხა არ დაუბრუნეს და ახლა უკვე შენობებისაგან განთავისუფლებულ მიწის ნაკვეთს ედავებიან.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 18.01.02წ. განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ან საქმის ხელახალი განხილვისათვის თბილისის საოლქო სასამართლოში დაბრუნება. მოწინააღმდეგე მხარე _ ხულოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა რ. შ.-მ საკასაციო საჩივრის მოტივები არ ცნეს და ითხოვეს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ ასპინძის რაიონში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის სურვილის არარსებობის შემთხვევაში არ მოხდებოდა ფ. ძ.-ის გათვალისწინება ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. ¹216, ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 და ხულოს რაიონის გამგეობის 31.10.89წ. ¹289/13 გადაწყვეტილებებში. საცხოვრებელად სხვა ადგილას გადასვლას მუდმივი და არა დროებითი ხასიათი ჰქონდა, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ ფ. ძ.-მ გაყიდა საცხოვრებელი სახლი, არ ეწეოდა მეურნეობას, ნებაყოფლობით შეწყვიტა საკარმიდამოსთან საყოფაცხოვრებო კავშირი, 1989 წლის შემდეგ არ უცხოვრია სოფ. ...-ში. საქმის მასალებზე დაყრდნობით, შუახევის რაიონული სასამართლოს გადაყწვეტილებით და სააპელაციო პალატის განჩინებით დადასტურებულად არის მიჩნეული ფაქტი იმის შესახებ, რომ ფ. ძ.-მ 1989წ. ნებაყოლობით მიატოვა კომლი და გადასახლდა საცხოვრებლად ასპინძის რაიონში. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულია საკასაციო სასამართლოსათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატირის მიერ არ იქნა წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მოქმედი წესების, აგრეთვე სადავო აქტის _ ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების და ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილების დარღვევით ფ. ძ.-ისათვის ძველ საცხოვრებელ ადგილას ჩაწერის შენარჩუნება, სოფ. ...-ის საკომლო წიგნების 1989-98 წლების მონაცემებით ფ. ძ.-ის კომლის უფროსად აღრიცხვა არ ადასტურებს ფ. ძ.-ის მოთხოვნის მართლზომიერებას, ვინაიდან ჩაწერის და მისი შენარჩუნების სავალდებულო პირობას წარმოადგენდა ჩაწერის ადგილას ფაქტობრივი ცხოვრება, ამასთანავე, ჩაწერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ინსტიტუტი გამორიცვხავდა რამოდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობას. საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ თვლის კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფ. ძ.-ე მისი სურვილით დარჩა სოფ. ...-ში. ზოგიერთ საბუთში ფ. ძ.-ის ხულოს რაიონის სოფელ ...-ის მაცხოვრებლად შეცდომით აღრიცხვა არ წარმოადგენს ფ. ძ.-ის ასეთად მიჩნევის საფუძველს. საქმეში დაცული სოფელ რუსთავის საკრებულოს 03.02.98წ., 09.01.99წ. ცნობებით, შუახევის რაიონული სასამართლოს 11.04.2000წ. განჩინების საფუძველზე ასპინძის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ 23.05.2000წ. შედგენილი ¹91 ცნობით, სოფ. რუსთავის გამგეობის საკომლო წიგნის 03.02.98წ. დათვალიერების ოქმით, სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 25.04.99წ. დადგენილებით და სხვა მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ფ. ძ.-ე 1989 წლიდან სოფ. ...-ში არ ცხოვრობდა.

უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მითითება 1993 წ. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ხულოს რაიონის სასამართლოს 17.11.94წ. გამოტანილი რ. შ.-ის გამამტყუნებელ განაჩენზე, ვინაიდან იგი საზედამხედველო წესით იქნა გაუქმებული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ, ხოლო შუახევის სარაიონთაშორისო საგამოძიებო განყოფილების უფროსი გამომძიებლის 25.04.99წ. დადგენილებით სისხლის სამართლის საქმე შეწყდა რ. შ.-ის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებბის გამო. კასაციის დაკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა აგრეთვე კასატორის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილების შეუფასებლობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის მიხედვით, რუსთავის სასოფლო საბჭოს სოფელ რუსთავის საკომლო დავთრებიდან ამოწერილ იქნა ნ. წ.-ი და მის მაგივრად ჩაწერილ იქნენ ვ. ძ.-ე, მეუღლესთან, ორ შვილთან და დედასთან _ ფ. ძ.-ესთან ერთად. შინაგან საქმეთა განყოფილებას და რუსთავის სასოფლო საბჭოს აღმასკომს დაევალა სათანადო ცვლილებების შეტანა რუსთავის სასოფლო საბჭოს დავთრებში. სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მართებულად იშველიებს ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილებას, როგორც ფ. ძ.-ის ოჯახთან ერთად ასპინძის რაიონის სოფ. რუსთავში საცხოვრებლად გადასვლის დამადასტურებელ გარემოებას.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი აგრეთვე ის, რომ რ. შ.-ე საკარმიდამო მიწით სარგებლობდა 1989 წლიდან, ფ. ძ.-ის ასპინძის რაიონში გადასახლებისთანავე. 1991 წლიდან აღნიშნული ნაკვეთი (0.25ჰა) მას გადაეცა იჯარით, ხოლო 12.12.01წ. ¹23/2-5/009 მიღება-ჩაბარების აქტით რ. შ.-ეს ნაკვეთი გადაეცა საკუთრებაში. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მიწის სარგებლობის შესახებ აქტის სიყალბის შესახებ, ვინაიდან მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹503 დადგენილებით დამტკიცდა არა “მიწის სარგებლობის შესახებ აქტის", არამედ “მიღება-ჩაბარების აქტის" ფორმა. რაც შეეხება მიწის სარგებლობის შესახებ 22.08.91წ. ¹152 აქტს, იგი გაცემულია ...-ის კოლმეურნეობის საერთო კრების 15.06.91წ. დადგენილების საფუძველზე, აქტით დასტურდება “წ.-ში" 0,25 ჰა. მიწის ნაკვეთის უვადო სარგებლობაში რ. შ.-ისათვის გადაცემა. ამასთანავე, აღნიშნული აქტი, ისევე როგორც ასპინძის რაიონული საბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილება, არ წარმოადგენდა დავის საგანს, კასატორს თავის დროზე არ დაუსვამს მისი ბათილად ცნობის საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ რ. შ.-ე საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობდა ფ. ძ.-ის ასპინძის რაიონში საცხოვრებლად გადასახლებისთანავე, ფ. ძ.-ემ ხულოს რაიონის გამგეობის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის, კომლის აღდგენის შესახებ სასარჩელო განცხადებით 15.05.98წ. მიმართა სასამართლოს. მაშასადამე ფ. ძ.-ეს გაცდენილი აქვს 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და სადღეისოდ მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, ადმინისტრაცული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები. ფ. ძ.-ის მოთხოვნა კომლის აღდგენის შესახებ ეფუძნებოდა ადმინისტრაციულ აქტში _ ხულოს რაიონის გამგეობის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას, რომელითაც ვ. ძ.-ს ნება დაერთო მუდმივ საცხოვრებლად ორგანიზენული წესით გადასულიყო ასპინძის რაიონის სოფ. რუსთავში, ...-ის სასოფლო საბჭოს აღმასკომს და ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის შს განყოფილებას დაევალათ საკომლო და საბინაო წიგნებიდან ვ. ძ.-ის ოჯახის წევრების, მათ შორის ფ. ძ.-ის, საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა მათი ასპინძის რაიონში ჩასახლების გამო. შესაბამისად დაუშვებელია ამჟამად მოქმედი სკ-ს 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე უძრავი ქონებისადმი კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენება, სადავო აქტის მიღების დროისათვის მიწა შეადგენდა სახელმწიფო და არა კომლის საკუთრებას. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტის _ ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ., ¹281/31 გადაწყვეტილების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 1998 წ. მაისში და თვლის, რომ ასპინძის რაიონში მუდმივ საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით საკომლო და საბინაო წიგნებიდან ამოწერა მოხდა ფ. ძ.-ის სურვლით, საკარმიდამოსთან კავშირის შენარჩუნების შემთხვევაში მისთვის უდავოვდ ცნობილი გახდებოდა სადავო აქტის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფლების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ. ძ.-ის საკაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 18.01.02წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.