Facebook Twitter

1101აპ ქ. თბილისი

16 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. მ-ის, ა. ნ-სა და ტ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ჭ-ის, მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 სექტემბრის განაჩენით: ზ. მ-ძე, და ა. ნ-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „ე” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის, იმის მიერ, ვინც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მათვე ჩაიდინეს სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ამავე განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად: 1. გ. ბ-ია, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2. ტ. გ-ლი, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 375-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა დანაშაულის დაფარვა, ე.ი. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად; მანვე ჩაიდინა სხვისი მოძრავი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ზ. მ-ის, ა. ნ-ის, გ. ბ-სა და ტ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ზ. მ-ძე, ა. ნ-ძე და გ. ბ-ია დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს და განიზრახეს, ფულის შოვნის მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ისინი 2004 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 00.15 საათზე, მივიდნენ ქ. თბილისში, მეტროს სადგურ „---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ ზ. მ-ძე და ა. ნ-ძე, ხოლო გ. ბ-ია მივიდა მეტროპოლიტენის ჩასასვლელის მხარეს, ტაქსების გაჩერებასთან, სადაც იდგა მოქალაქე ვ. შ-ლი ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი-123”-ით, სახ. ¹--. გ. ბ-ამ მას სთხოვა სანზონაში, ---ის ქუჩის დასაწყისში მიყვანა, რაშიც ვ. შ-მა მოსთხოვა 3 ლარის გადახდა. გ. ბ-ამ მძღოლს გადაუხადა 3 ლარი, ჩაჯდა ავტომანქანაში მძღოლის გვერდით და, როდესაც მძღოლმა ავტომანქანა დაძრა, შებრუნდა მეორე მხარეს და მოსთხოვა მძღოლს მანქანის გაჩერება. გაჩერებულ ავტომანქანაში მომენტალურად მძღოლის უკან დაჯდა ზ. მ-ძე, ხოლო მის გვერდით _ ა. ნ-ძე. მათ ვ. შ-ლს მანქანა მიაყვანინეს ---ის ქუჩის დასაწყისში და გააჩერებინეს ჩაბნელებულ ჩიხში. ამ დროს გ. ბ-ამ წინასწარ მომარჯვებული პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი სანთებლით მოახდინა ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის იმიტაცია, ვ. შ-ლს დაემუქრა მოკვლით და მოსთხოვა უკანა სავარძელზე გადასვლა. ვ. შ-ლი შექმნილი სიტუაციით ჩაყენებულ იქნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მდგომარეობაში. გ. ბ-ამ აღნიშნული სანთებლით მას თავის არეში მიაყენა რამდენიმე დარტყმა, იმავდროულად მიაბჯინა დანა ბეჭის არეში. ბოროტმოქმედები არ დაკმაყოფილდნენ აღნიშნულით და გ. ბ-ამ გააგრძელა მისი ცემა. ვ. შ-ლი შეეცადა გაქცევას და გააღო კარი. ამ დროს მანქანიდან გადმოვიდნენ ა. ნ-ძე და ზ. მ-ე, რომელმაც მძღოლის დასაკავებლად მოიმარჯვა გაშლილი დანა, ხოლო ა. ნ-ემ უკანა მხრიდან შებოჭა ვ. შ-ლი. ზ. მ-ძე შეეცადა, მისთვის დანით მიეყენებინა დარტყმა. ვ. შ-მა მარჯვენა ხელი წაავლო მას დანიან ხელში და დაიჭრა. ამავე დროს მას ურტყამდა გ. ბ-ია. ისინი მძღოლს აიძულებდნენ, დამჯდარიყო მანქანის უკანა სავარძელზე. ვ. შ-მა შეძლო გაქცევით თავის გადარჩენა და ყვირილით ხალხს უხმობდა დასახმარებლად. ზ. მ-ძე მიუჯდა საჭეს, მის გვერდით დაჯდა ა. ნ-ძე, ხოლო გ. ბ-ია _ უკანა სავარძელზე. მათ ყაჩაღური გზით გაიტაცეს 8 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „მერსედეს-ბენცი” და აიყვანეს ლოტკინის დასახლებაში, შემდეგ კი გ. ბ-ამ და ა. ნ-ემ ის მიიყვანეს ა. ნ-ის საცხოვრებელ ბინაში ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹10-ში. მათ არავის გაუმხილეს, რომ ავტომანქანა დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული და შეეცადნენ, დაკავშირებოდნენ ვ. შ-ლს, რათა მოეხდინათ მანქანის დაბრუნება მისი გამოსყიდვით, რაც ვერ მოახერხეს. მეორე დღეს გატაცებული ავტომანქანა მიუყვანეს ლოტკინის დასახლებაში, ---ის ქ. ¹23-ში მცხოვრებ ტ. გ-ლს, რომელსაც გაუმხილეს, რომ მანქანა გატაცებული იყო ყაჩაღური გზით და უთხრეს, რომ სურდათ მისი ნაწილებად დაშლა და რეალიზაცია. ტ. გ-ის დახმარებით მათ ნაწილებად დაშალეს ვ. შ-ის ავტომანქანა, დაშლის პროცესში კი სერიოზულად დააზიანეს მისი ნაწილები. ტ. გ-ის თანხმობით, მისი საცხოვრებელი ბინის საკუჭნაოში ეს ნაწილები შეინახეს, დაშლილი ძარა გადააგდეს ლოტკინის დასახლებაში, ე.წ. „---ის სასაფლაოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დანაშაულის ჩადენის იარაღი _ პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი სანთებელა _ ავტომანქანის სანომრე ნიშნებთან ერთად გადააგდეს ტ. გ-ის სახლიდან მოშორებით.

ტ. გ-სათვის ცნობილი იყო ზ. მ-ის, ა. ნ-სა და გ. ბ-ას მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მან წინასწარი შეპირების გარეშე დაფარა დანაშაული და ხელი შეუწყო მათ დანაშაულებრივი გზით გატაცებული ავტომანქანის ნაწილებად დაშლასა და გადამალვაში.

2004 წლის 1 მარტს ზ. მ-ძე, ა. ნ-ძე და გ. ბ-ია ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილეს და დააკავეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მე-- განყოფილების თანამშრომლებმა. ა. ნ-სა და გ. ბ-ას განთქმით დააკავეს ტ. გ-იც, რომლის ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად საკუჭნაოდან ამოიღეს ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებული ავტომანქანა „მერსედეს-ბენცის” ნაწილები. ასევე ამოიღეს მანქანის ძარა, ხოლო გამოძიების შემდგომ ეტაპზე, თვით ტ. გ-მა, თავისივე ინიციატივით, საგამოძიებო სამსახურში წარადგინა ყაჩაღობის ჩადენის იარაღი _ პისტოლეტის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი სანთებელა და ავტომანქანის სანომრე ნიშანი --. ავტომანქანის ყველა ნაწილი მწყობრიდან იყო გამოსული და დაკარგული ჰქონდა სახმარი ღირებულება.

ამდენად, ზ. მ-ემ, გ. ბ-ამ, ა. ნ-ემ და ტ. გ-მა დაზარალებულ ვ. შ-ლს მიაყენეს 8 000 ლარის ზიანი.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით გ. ბ-სა და ა. ნ-ეს განესაზღვრათ 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრათ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა; ზ. მ-ეს, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 10 წლით, ხოლო ტ. გ-ლს _ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მათვე სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ ვ. შ-ის სასარგებლოდ 17 000 ლარის გადახდა

გ. ბ-ას, ზ. მ-სა და ა. ნ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2004 წლის 1 მარტიდან, ტ. გ-ლს კი _ 2004 წლის 1 ივნისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2004 წლის 1 მარტიდან 2004 წლის 4 მარტამდე.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ბ-ას ადვოკატმა გ. ბ-ემ, მსჯავრდებულების _ ა. ნ-ის, ზ. მ-სა და ტ. გ-ის ადვოკატებმა _ ლ. ჭ-მა და კ. კ-მა.

ადვოკატმა გ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენის გაუქმება და გ. ბ-ას გამართლება.

ადვოკატებმა _ ლ. ჭ-მა და კ. კ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვეს განაჩენის გაუქმება, ზ. მ-სა და ტ. გ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, ა. ნ-ის გამართლება სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის კი _ სასჯელის შემსუბუქება.

დაზარალებულმა ვ. შ-მა შესაგებლით მიიჩნია, რომ განაჩენი მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის ნაწილში მსუბუქია და ითხოვა მისთვის მიყენებული ფიზიკური და მორალური ზარალის ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 12 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

კასატორი, მსჯავრდებულების _ ა. ნ-ის, ზ. მ-სა და ტ. გ-ის ადვოკატი ლ. ჭ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და ზ. მ-სა და ტ. გ-ის მიმართ შეწყდეს საქმე, ხოლო ა. ნ-ის მიმართ საქმე უნდა შეწყდეს ყაჩაღობის ეპიზოდში შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენას; საქმეში არსებობს მხოლოდ განსასჯელთა განთქმითი ჩვენებები, რაც სასამართლო განხილვის დროს არ დაადასტურეს, რის გამოც მათი მტკიცებულების სახით გამოყენება დაუშვებელია; სასამართლო გამოძიებისას არც ერთ მსჯავრდებულს არ დაუდასტურებია ზ. მ-ის მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში; საქმეშია მხოლოდ დაზარალებულის სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომ ზ. მ-ემ ჩაიდინა დანაშაული, წინასწარ გამოძიებაში კი აცხადებდა, რომ შეეძლო მხოლოდ გ. ბ-ას ამოცნობა; დაზარალებულის ეს ჩვენება არ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული, რადგან იგი არსებითად განსხვავდება წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისაგან, ამასთან, ვერ ახსნა ჩვენების შეცვლის მიზეზი; ამავე მიზეზით არ უნდა იქნეს მტკიცებულებად გამოყენებული დაზარალებულის ჩვენება ა. ნ-სთან მიმართებითაც; რაც შეეხება სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამას აღიარებს ა. ნ-ძე, ამიტომ აღიარება სასამართლომ უნდა გამოიყენოს შემამსუბუქებელ გარემოებად და ამ მუხლით მას უნდა შეუმსუბუქდეს სასჯელი.

ადვოკატის განცხადებით, გამომძიებლის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, გარდა სსსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი მოქმედებებისა, ჩატარებულია სსსკ-ის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით და ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი; გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში განხილვისას საქმეში არ მოიპოვებოდა სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის დადგენილება, საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომის დროს კი აღმოჩნდა, რომ ასეთი დადგენილება საქმეში იდო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს დადგენილება ჩაიდო საქმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის დროს, რასაც ადასტურებს საქმის დოკუმენტების აღწერის სიაც; აქედან გამომდინარე, ტ. გ-ის ბრალდებულად დაკითხვის ყველა ოქმი, ასევე დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის შესახებ დაუშვებელი მტკიცებულებებია; უნდა გაუქმდეს 2004 წლის 3 მარტისა და 19 ივლისის დადგენილებები ტ. გ-ის ბრალდებულად ცნობის შესახებ; მის მიმართ საქმეში არსებული განთქმითი ჩვენებები არ უნდა იქნეს გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად; საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ ტ. გ-მა დაშალა ავტომანქანა ან რაიმე ზიანი მიაყენა მას, ეს მხოლოდ გამოძიების ვარაუდია; საერთოდ გაუგებარია, რატომ წარედგინა მას ბრალი სსკ-ის 375-ე მუხლით; სასამართლო სხდომაზე სამივე მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ მათ არ უთქვამთ ტ. გ-სათვის მანქანის დაყაჩაღების შესახებ, მხოლოდ სთხოვეს დაშლილი მანქანის ნაწილების შენახვა, მეტიც, გ. ბ-ამ მას უთხრა, რომ მანქანა იყო თავისი, ფული სჭირდებოდა და ნაწილები უნდა ჩაებარებინა ე-ას ბაზრობაზე; დაუშვებლად უნდა იყოს მიჩნეული 2004 წლის 16 მარტის ნივთების ამოღების ოქმი, რადგან ამოღებული ნივთები არ დალუქულა კანონით დადგენილი წესით, და, შესაბამისად, მანქანის სანომრე ნიშანი და სანთებელა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატ ლ. ჭ-ლს მიაჩნია, რომ ტ. გ-ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის მიმართ შეწყდეს სისხლის სამართლის საქმე.

გარდა ამისა, ადვოკატი ლ. ჭ-ლი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და საქმის შეწყვეტას ასევე ზ. მ-ის მიმართ და ა. ნ-ის მიმართ _ ყაჩაღობის ეპიზოდში, ხოლო სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ა. ნ-სათვის სასჯელის შემსუბუქებას, რასაც ეთანხმებიან მსჯავრდებულებიც.

მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და ზ. მ-ის ადვოკატი გ. ბ-ძე საკასაციო საჩივრებში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა, დაუსაბუთებელია, არ პასუხობს საქართველოს სსსკ-ის ნორმებს; საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომ ზ. მ-ემ და გ. ბ-ამ ჩაიდინეს მათთვის შერაცხულ დანაშაულთა ერთობლიობა; შპს „---დან” გამოთხოვილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ დაზარალებულის მიერ მითითებულ დროსა და ადგილზე, როცა ვითომდა მოხდა დანაშაული, თავად დაზარალებული იქ არ იმყოფებოდა; დაცვამ სასამართლოში წარადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც საქმეში მოწმის სახით დაკითხული პირები არ არსებობენ; სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა გამომძიებლის დაკითხვასთან დაკავშირებით, ასევე _ სხვადასხვა მტკიცებულების გამოთხოვასა და სასამართლო-კალიგრაფიული ექსპერტიზის დანიშვნაზე; დაცვამ ამოიღო დოკუმენტაცია საქართველოს შსს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის ¹-- იზოლატორიდან, რომლის მიხედვით, გამომძიებელს იზოლატორში სულ სხვა პირები ჰყავდა შეყვანილი სხვადასხვა დროს და ბრალდებულის ადგილზე გაყვანა და რაიმე სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობის მიხედვით, საქმეში მოწმისა და დამსწრის სახით მითითებული პირები სინამდვილეში არ არსებობენ; იგივე პირები მონაწილეობდნენ სხვა სისხლის სამართლის საქმეებშიც დამსწრეებად და მოწმეებად; დაცვამ სასამართლოს წარუდგინა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, ზ. მ-ძე დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა საჩხერის რაიონის სოფელ ---ში, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი გ. ბ-ძე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას გ. ბ-სა და ზ. მ-ის მიმართ, რასაც ეთანხმებიან მსჯავრდებულებიც.

შესაგებლით დაზარალებული ვ. შ-ლი ითხოვს მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ვ. შ-მა განმარტა, რომ ჰყავდა ,,მერსედესის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ,,--", რომლითაც გადაჰყავდა მგზავრები. 2004 წლის 28 თებერვალს მასთან მივიდა გ. ბ-ია და სთხოვა ავტომანქანით წაყვანა, მისცა 3 ლარი და ჩაასხეს საწვავი. ბენზინგასამართი სადგურიდან დაახლობით 20-30 მეტრში, გ. ბ-ას თხოვნით გააჩერა ავტომანქანა და უკანა სალონში ორი პირი _ ა. ნ-ძე და ზ. მ-ძე ჩასხდნენ. ერთ-ერთ ქუჩაზე, ჩიხში ვ. შ-ლს გააჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც გ. ბ-ამ გააღო კარი, იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა და მისი ტარი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში. დაზარალებულმა გააღო კარი და ცდილობდა ავტომანქანიდან გადასვლას, რა დროსაც ზ. მ-ემ, რომელსაც დანა ეკავა, ფეხი მოაყოლა კარში, მაგრამ მან მაინც შეძლო გაქცევა. ვ. შ-ლს ა. ნ-ძე დაედევნა და ძალით ცდილობდა მის მანქანასთან მიყვანას. ამასთან, ა. ნ-ძე გ. ბ-ას მიმართავდა: ,,ესროლე, დროზე ესროლეო", მაგრამ ამ უკანასკნელმა არ ესროლა. ამის შემდეგ ა. ნ-ეს უთხრეს, რომ დაზარალებულისათვის თავი დაენებებინა, რის შემდეგაც ბოროტმოქმედები ჩასხდნენ ავტომანქანაში და მიიმალნენ. 3-4 დღეში ავტომანქანა იპოვეს, იგი გაძარცვული, ხოლო ძრავი ჩატეხილი იყო. ამავე ჩვენებაში დაზარალებულმა მიუთითა, რომ საქმის წინასწარი გამოძიების დროს ამოიცნო გ. ბ-ია, რომელმაც თავის მხრივ დაასახელა ა. ნ-სა და ზ. მ-ის გვარები. ვ. შ-მა კატეგორიულად განმარტა, რომ მას თავს დაესხნენ გ. ბ-ია, ზ. მ-ძე და ა. ნ-ძე (ტ. 3, ს.ფ. 32-38).

ამავე სასამართლოში მსჯავრდებულმა გ. ბ-ამ განმარტა, რომ ჩაიდინა ძარცვა, მაგრამ არა ზ. მ-სა და ა. ნ-სთან, არამედ ვინმე გ-სა და ბ-სთან ერთად. ამის შემდეგ დაუკავშირდა ა. ნ-ეს, მივიდა მის სახლში, სადაც დატოვა ავტომანქანა, ხოლო მეორე დღეს აიყვანა ,,ლოტკინის" დასახლებაში, სადაც მივიდა ა. ნ-ეც. ამ უკანასკნელს აუხსნა ვითარება, ავტომანქანა ნაწილებად დაშალეს და შეინახეს ტ. გ-ის სახლში. ტ. გ-ლს უთხრეს, რომ ავტომანქანა ეკუთვნოდა გ. ბ-ას (ტ. 3, ს.ფ. 52-59).

სასამართლო სხდომაზე ტ. გ-მა განაცხადა, რომ ავტომანქანის ნაწილები მას მიუტანეს ა. ნ-ემ და გ. ბ-ამ (ტ. 3, ს.ფ. 50).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული, ზემოხსენებული და სხვა მასალებით, მათ შორის მოწმეების _ ე. ჯ-ის, შ. მ-ის, რ. გ-ის, ი. თ-სა და სხვათა ჩვენებებით, მათი ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ზ. მ-ემ, გ. ბ-ამ და ა. ნ-ემ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ასევე _ სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ტ. გ-მა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა წინასწარ შეუპირებლად და სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არსებითად არ დარღვეულა, ხოლო მსჯავრდებულებს დანიშნული აქვთ მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი, სამართლიანი სასჯელები.

გასაჩივრებული განაჩენიდან ა. ნ-სა და ზ. მ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა არაერთგზის) გათვალისწინებული მსჯავრი, ვინაიდან ა. ნ-ძე და ზ. მ-ძე მსჯავრდებულნი არიან ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტითაც და მოცემულ შემთხვევაში 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტი მოიცავს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას.

ამასთან, ა. ნ-ის, გ. ბ-სა და ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.

სამოქალაქო სარჩელში დაზარალებული ვ. შ-ლი უთითებდა, რომ ავტომანქანის დაშლით მსჯავრდებულებმა მიაყენეს 8 ათასი ლარის ოდენობის ზიანი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო ემუშავა ავტომანქანით, ხოლო როდესაც მუშაობდა, წლის განმავლობაში მისი შემოსავალი შეადგენდა 7200 ლარს. ამდენად, დაზარალებულმა მოითხოვა ქონებრივი ზიანის _ 15 200 ლარის ანაზღაურება და მორალური ზიანის განსაზღვრა (ტ. 3, ს.ფ. 13-15).

საქმეში არსებული მასალებით არ არის დასაბუთებული, რომ ვ. შ-ლს, ანაცდენი სარგებლის სახით, მიადგა 7 200 ლარის ოდენობის ზიანი. გარდა ამისა, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელიათ და არ დაუდგენიათ დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ოდენობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით არ ირკვევა, არსებული მასალებით, კერძოდ რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულის სასარგებლოდ დაეკისრათ მორალური ზიანის ანაზღაურებაც. ვინაიდან საქმე განიხილება მსჯავრდებულების და მათი ინტერესების დამცველთა საჩივრების საფუძველზე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს დაზარალებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ოდენობასა და, შესაბამისად, მის დაკისრებაზე ან ამ მოტივით გააუქმოს განაჩენი და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია და დაზარალებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა უნდა შემცირდეს იმ ოდენობამდე, რაც დადგენილია საბრალდებო დასკვნით და დადასტურებულია საქმეში, ა. ნ-ეს, ზ. მ-ეს, გ. ბ-სა და ტ. გ-ლს დაზარალებულ ვ. შ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 8 000 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულების _ გ. ბ-ას, ზ. მ-ის, ა. ნ-სა და ტ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ლ. ჭ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალოს: ა. ნ-ის, გ. ბ-სა და ზ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.

გასაჩივრებული განაჩენიდან ა. ნ-სა და ზ. მ-ის მიმართ ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი.

მსჯავრდებულებისათვის დაზარალებულ ვ. შ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრებული თანხა _ 17 000 (ჩვიდმეტი ათასი) ლარი შემცირდეს და გ. ბ-ას, ზ. მ-ეს, ა. ნ-სა და ტ. გ-ლს ვ. შ-ის სასარგებლოდ საბოლოოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8 000 (რვა ათასი) ლარის გადახდა.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელების დანიშვნის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.