1105აპ. ქ. თბილისი
15 თებერვალი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ბ. ლ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის მიხედვით, ბ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ბ. ლ-მა იცოდა რა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ რ. ნ-ნს სახლში ჰქონდა ფული, გადაწყვიტა ყაჩაღურად თავს დასხმოდა მის ოჯახს. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დანაშაულებრივად დაუკავშირდა გამოძიებით ჯერჯერობით დაუდგენელ ორ პირს და მათთან ერთად 2004 წლის 20-დან 21 ივნისის ღამით, დაახლოებით 00.30 საათზე, მცირეკალიბრიანი შაშხანით, გადაჭრილი და სანადირო თოფებით შეიარაღებულები, ნიღბებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ რ. ნ-ის ოჯახს. სახლში იმყოფებოდნენ თვით რ. ნ-ნი, მისი მეუღლე შ. მ-ნი და შვილები _ რ. და რ. ნ-ები. თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა ხელთ არსებული მცირეკალიბრიანი შაშხანის სახელური სახის არეში ჩაარტყა შ. მ-სა და რ. ნ-ნს და მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული. მიუხედავად იმისა, რომ შ. მ-მა ხელიდან მოიხსნა და შესთავაზა საქორწინო ბეჭედი, მათ უარი განაცხადეს ოქროს აღებაზე და მოითხოვეს ფული. მიიღეს რა უარი, დაუწყეს მათ ცემა და მუქარა, ამასთან გადმოყარეს ჭურჭელი და სხვა ნივთები, დაამტვრიეს ფანჯრის მინები. შეშინებულმა შ. მ-მა თავდამსხმელებს უთხრა, რომ სარდაფში შენახული ჰქონდა 1000 აშშ დოლარი, გაჰყვა თავადვე ერთ-ერთ თავდამსხმელს და აჩვენა ფული. თავდამსხმელებმა აღნიშნული თანხის გარდა რ. ნ-ის ოჯახიდან გაიტაცეს ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრირებული, მისი ქალიშვილის _ რ. ნ-ის კუთვნილი “---ის” ქსელში ნომერზე ჩართული “სამსუნგის” მარკის მობილური ტელეფონი, ღირებული 200 ლარად, 2000 რუსული რუბლი, გატეხეს “ერიქსონის” მარკის მობილური ტელეფონი, ღირებული 170 ლარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გაიტაცეს რ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი ¹-- მჭიდითა და საბრძოლო ვაზნით და მიიმალნენ. ბ. ლ-ნი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად სარგებლობდა ნ-ის ოჯახიდან გატაცებული “სამსუნგის” მარკის მობილური ტელეფონით.
აღნიშნულ განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულ ბ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ-ლი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ბ. ლ-ის გამართლებას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, არაობიექტური, პირდაპირ მტკიცებულებას მოკლებული, ბ. ლ-ნს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. სასამართლო ორგანოებმა გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება, საქმეზე დადგენილია კანონიერი განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივარში მითითებულ მოტივებს იმის თაობაზე, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი და რომ მსჯავრდებულ ბ. ლ-ნს მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება საერთოდ არ ჩაუდენია.
პალატა თვლის, რომ საქმეში მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დასტურდება მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიერ სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებითა და 237-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა. ეს მტკიცებულებებია არა მხოლოდ თვით დაზარალებულების _ რ. ნ-ისა და შ. მ-ის მიერ მიცემული ჩვენებები, არამედ აგრეთვე მოწმეების _ რ. ნ-ის, ა. ს-ის, ი. მ-ისა და სხვათა ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, შპს ,,---ის” 2005 წლის 13 იანვარს გაცემული ¹--/-- ცნობა და საქმეში არსებული სხვა მასალები.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ბ. ლ-ის ქმედებას და სასჯელის ზომაც სამართლიანად განუსაზღვრა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 15 წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტთან, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ბ. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.