გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-7-კ-03 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი – პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ-მ 2001 წბლის 7 აგვისტოს განცხადებით მიმართა ქუთაისი საქალაქო სასამართლოს და «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილის, მე-2, მე-3, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-6 მუხლის შესაბამისად მოითხოვა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და მიუთითა, რომ 1944 წელს იგი მშობლებთან ერთად ყოველგვარი ბრალის წაყენების გარეშე წყალტუბოს რაიონის სოფ. ...დან გადასახლებული იყო ადიგენის რაიონში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 აგვუსტოს განჩინებით საქმეზე დაინტერესებულ მხარედ მიწვეული იქნა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ს განცხადჭება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რო მ. ქ-ა და მისი ოჯახი პოლიტიკური მოტივით იყვნენ გადასახლებული სოფ. ...დან ადიგენის რაიონში, რაც დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, მათ პოლიტიკურ შეხედულებასთან ან არსებული რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ-მ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და აალი გადაწყვეტილებით პოლიტიკური რეპრესიების მხვერპლად აღიარება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატეს 2002წ. 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატეს 2002წ. 13 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, როგორც არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილული და მ. ქ-ს განცხადება განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადამინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატეს 2002 ლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ს განცხადება დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ «მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მიხედვით პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა: სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსება, მოქალაქეობის ჩამორთმევა, შრომაში იძულებით ჩაბმა, ქონების ჩამორთმევა, საცხოვრებლად გამწესები სპეციალურ გასახლების ადგილებში, საცხოვრებელი შენობიდან გამოსახლება. ასევე მიუთითა, რომ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ჩაითვლება კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გადასახლებული, გასახლებული ან სპეციალურ დასახლებაში გაგზავნილი პირი და მიუთითა, მ. ქ-ა და მისი ოჯახი მიჩნეული უნდა ყოფილიყო კონკრეტული დანაშაულისათვის ბრალის წაუყენებლად გასახლებულად, ვინაიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ სპეცკომენდატურაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის განყოფილებამ. კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და მიუთითებს, რომ მ. ქ-ს მონაცემები არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ვინაიდან 1944წ. დეკემბერში მ-ეთ-აჯვახეთიდან თურქი მ-ების გასახლების შემდგომ სხვადასხვა რაიონებიდან მოქალაქეთა ჩასახლება მოხდა არა ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის, არამედ – სადირექტივო ორგანოების განკარგულებით, ხშირ შემთხვევაში მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით, პოლიტიკური მოტივეს გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რის გამოც სასამართლომ სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად ადგილზე თათბირით დაადგინა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნავს, რომ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატეს 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სასამართლოსა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა ის.
მ. ქ-ა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებას ითხოვდა «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის, მეორე, მე-3, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და მე-6 მუხლის შესაბამისად და მიუთითებდა, რომ მისი მშობლები და მათთან ერთად ისიც, ყოველგვარი ბრალის წყვენების გარეშე 1944 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ გუბისწყლიდან გადასახლებული იყვნენ ადიგენის რაიონში.
აღნიშნული კანონის თანახმად პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევა იძულების სხვადასხვა ფორმა – სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების აღკვეთა, გადასახლება, გასახლება, სახელმწიფოდან გაძევება, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მოთავსება, ან სხვა, კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სხვაგვარი შეზღუდვა, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა პოლიტიკური მოტივით სასამართლოს ან სხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებით და დაკავშირებული იყო დანაშაულის ჩადენაში ყალბ ბრალდებასთან, პირის პოლიტიკურ შეხედუებასთან ან არსებული რეჟიმის უკანონო ქმედების მიმართ წინააღმდეგობის გაწევასთან, სოციალურ, წოდებრივ ან რელიგიურ კუთვნილებასთან.
სააპელაციო სასამართლოს ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის 2001წ. 17 აპრილის ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ქ-ა და მისი ოჯახის წევრები (მშობლები და და-ძმები) წყალტუბოს რაიონის სოფ. ...დან გასახლებული იყვნენ ადიგენის რაიონში და აღნიშნულის საფუძველზე მ. ქ-ა ცნო პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და განმარტავს, რომ მარტოოდენ ის გარემოება, რომ მ.ქ-ა ოჯახთან ერთად გასახლებული იყო ადიგენის რაიონში, არ წარმოადგენს მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული კანონის თანახმად პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისათვის კანონმდებლობით გარანტირებული ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვა ან სხვაგვარი ხელყოფა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უნდა იყოს პოლიტიკური მოტივით.
პოლიტიკური მოტივეს გარეშე ადამიანის უფლებების ან თავისუფლებების ნებისმიერი სახით შეზღუდვა სახელმწიფოსაგან არ წარმოადგენს აღნიშნული კანონის შესაბამისად პირის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების საფუძველს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არანაირად არ დასტურდება, რომ მ. ქ-ს და მისი ოჯახის წევრების გასახლებას ადიგენის რაიონში პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა და არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სოფ. ...ის თემის საკრებულოს ცნობა ადასტურებდეს მოსარჩელის პოლიტიკური მოტივეს საფუძველზე გასახლებას. ვინაიდან ...ის საკრებულო არ წარმოადგენს იმ ორგანოს, ვინც უფლებამოსილია, დაადასტუროს ან უარყოს მოქალაქეთა სპეცკომენდატურის აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი და მეორე _ თვით გორგუთის საკრებულოს ცნობა ზოგადი ხასიათისაა და ის არ წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი, გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქუთაისის საქალაქო განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატეს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.