3გ-ად-7-კ-03 2 აპრილი, 2003 წ., ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ქ.-მ კერძო საჩივრით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ.ქ.-ს კერძო საჩივარი არ არის დასაშვები შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი, სკ-ს 414-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნული კოდექსის შესაბამის მუხლებში მითითებულია, თუ სასამართლოს რომელ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
მ.ქ.-მ კერძო საჩივარი შემოიტანა საკასაციო პალატის 2003წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარი შეიძლება შეტანილი იყოს სასამართლოს განჩინებებზე (კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში) და არა გადაწყვეტილებაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც თვით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილშია მითითებული, საბოლოოა, არ საჩივრდება და მასზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 414-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ქ.-ს კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად და დარჩეს განუხილველი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.