Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-8-კ-03 18 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა და მიტაცებული მიწის ნაკვეთის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 15 ნოემბერს მ. და ე. მ-ებმა სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დეპარტამენტის, ქუთაისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურისა და შ. თ-ის მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვეს ქ. ქუთაისში, ... მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული რეკონსტრუქციის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე 1997წ. 6 ნოემბრის ¹476/97 აქტის გაუქმება, ... მდებარე შ. თ-ის საცხოვრებელ სახლზე დახურული კიბის უჯრედის მიშენების ესკიზური პროექტის გაუქმება, მოპასუხე მ. თ-ის მიერ მითვისებული, მოსარჩელეთა კუთვნილი, მიწის ნაკვეთის ნაწილის – 14.00 კვ.მ ფართის დაბრუნება და საზღვრის აღდგენა 1944წ. მდგომარეობით. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ექსპლოატაციაში მიღების აქტი და კიბის უჯრედის ესკიზური პროექტი კანონდარღვევით იყო შედგენილი, ხოლო მიწის ნაკვეთი კი მიტაცებული იყო უკანონოდ.

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ ექსპლოატაციის აქტი და კიბის უჯრედის პროექტი შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით და ამასთან, მოსარჩელეებს გაშვებული ჰქონდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 04 ივლისის გადაწყვეტილებით მ. და ე. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად.

გაუქმდა ქ. ქუთაისში, ... მდებარე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ჩატარებული რეკონსტრუქციების ექსპლოატაციაში მიღების 1997წ. 6 ნოემბრის ¹476/97 აქტი.

გაუქმდა შპს “ო.”-ს მიერ შესრულებული ქ. ქუთაისში, ... მდებარე შ. თ-ის საცხოვრებელ სახლზე დახურული კიბის უჯრედის მიშენების ესკიზური პროექტი.

მოსარჩელე მ. და ე. მ-ებს დაუბრუნდათ მათი კუთვნილი, მოპასუხის მიერ უკანონოდ მიტაცებული, მიწის ნაკვეთის ნაწილი ფართით 14 კვ.მ

აღნიშნული გადაწყვეტილება შ. თ-ისა და ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ქელექმშენებლობის სამსახურის მიერ გასაჩივრებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.

შ. თ-ე სააპელაიცო საჩივარში მიუთითებდა, რომ შესაძლოა, მიწა მიტაცებული იყო თბილისის ქ. ¹93-ში სახლის მესაკუთრეების მიერ, მაგრამ შეუძლებელია ამის თაობაზე ადრე არ ან ვერ გაეგო მოსარჩელეებს. მათ თავისი უმოქმედობით გაუშვეს ხანდაზმულობის ვადა. როცა შ. თ-ემ 1962 წელს შეიძინა ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი, სასაზღვრე მიჯნა უკვე გავლებული იყო და დღესაც იმავე მდგომარეობაშია. სკ-ს ამოქმედებიდან ე.ი. 1997წ. 25 ნოემბრიდან სადავო 14 მ2 ითვლება მის საკუთრებად.

რაც შეეხება საცხოვრებელ სახლზე ჩატარებულ სარეკონსტრუქციო მიშენებას, იგი შესრულდა 1984 წელს და თუ ირღვეოდა სანიტარული ნორმები და უარესდებოდა მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო პირობები, მათ მაშინვე შეეძლოთ მოეთხოვათ უკანონო მინაშენის აღება. 1997წ. 6 ნოემბრიდან (ექსპლოატაციაში მიღების აქტის გაფორმების მომენტში) მხარეებს შორის არავითარი დავა არ არსებობდა, დავა დაიწყო 1989 წელს, როცა მოსარჩელეებმა მოითხოვეს მიწის დაბრუნება.

სასამართლოს არ გაურკვევია, რომ თვით მოსარჩელეებმა გააუარესეს სანიტარული და სახანძრო ნორმები, როდესაც უნებართვოდ აწარმოეს სარეკონსტრუქციო სამუშაოები და თავიანთ სახლს მიაშენეს საცხოვრებელი ოთახები, რითაც დაარღვიეს საზღვარზე მშენებლობის წესები.

დახურული კიბის უჯრედის მიშენების პროექტის შესაბამისად, კიბის უჯრედს მ-ების მხარეს აქვს ყრუ კედელი, ყოველგვარი ხვრელის გარეშე. კიბის რეკონსტრუქციით მ-ების ოთახების ინსოლიცია არ უარესდება.

სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახური სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ შ. თ-ის საცხოვრებელ სახლს სამხრეთ-დასავლეთით (მ-ების მხარეს) ჩატარებული აქვს სარემონტო და არა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლებსაც არანაირი პროექტი არ სჭირდება. 1984 წელს ინვენტარიზაციით გამოვლინდა თ-ის საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ ნაწარმოებული მინაშენი, რომელიც საცხოვრებელი სახლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და არანაირი შეხება არ აქვს მ-ების საცხოვრებელ სახლთან, რომელიც მდებარეობს თ-ის სახლის სამხრეთ-დასავლეთით. სწორედ, 1984 წელის ინვენტარიზაციით გამოვლენილი მინაშენის დაკანონება მოხდა 1997წ. 6 ნოემბრის აქტით.

თ-ის სახლზე ასასვლელი კიბის პროექტი შედგენილია არქიტექტურული საქმიანობის შესახებ კანონის შესაბამისად და, პრაქტიკულად, არ აუარესებს მოსარჩელის საყოფაცხოვრებო პირობებს.

თ-ის სახლზე კიბის მოწყობის პროექტი არ განეკუთვნება სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს და აქედან გამომდინარე, მას სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზა არ სჭირდებოდა.

სააპელაციო საჩივრის ატვორი ითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ე. და მ. მ-ები თავიანთ შესაგებელში ითხოვდნენ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა შ. თ-ისა და ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამსახურის სააპელაციო საჩივრები.

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება, მ. და ე. მ-ების სარჩელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ექსპლოატაციაში მიღების 1997წ. 6 ნოემბრის აქტის გაუქმების, 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნებისა და დახურული კიბის უჯრედის მიშენების ესკიზური პროექტის გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

შ. თ-ეს დაევალა კიბის უჯრედის მშენებლობა განეხორციელებინა პროექტის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ე. და მ. მ-ების მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. კასატორები თავის საჩივარს ძირითადად აფუძნებდნენ იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებას, ამასთან კასატორები მიუთითებდნენ, რომ ექსპლუატაციაში მიმღებმა კომისიამ თ-ეების მიერ საცხოვრებელი სახლის კუთვნილ ნაწილზე ჩატარებული თვითნებური რეკონსტრუქციები სამართლებრივ რეგისტრაციაში გაატარა მოქმედი კანონმდებლობისა და სამშენებლო ნორმების, წესებისა და სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, კერძოდ:

1. დარღვეული იყო სანიტარული, სახანძრო და ინსოლაციის ნორმები;

2. ადგილზე მისვლის დროს, როდესაც კომისიამ აღმოაჩინა, რომ სახლის გეგმა-ანალიზი არ ემთხვეოდა ფაქტიურ მდგომარეობას, ხარვეზების გასასწორებლად აღნიშნული უნდა დაებრუნებინა ტექბიუროსათვის და შესწორებული გეგმა-ანალიზის მიღებამდე შეეჩერებინა უნებართვო ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, რაც მას არ მოუხდენია.

3. თ-ეებს და კასატორებს შორის ჯერაც არ არის დარეგულირებული საადგილმამულო ქონებრივი და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი მეზობლური დავა.

4. უხეშადაა დარღვეული საქართევლოს სსრ მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო კომიტეტის 1966წ. 7 თებერვლის ¹08 გადაწყვეტილებით დადგენილი მშენებლობის წესები:

5. კომისიას თ-ეებისათვის არ მოუთხოვია მომიჯნე მეზობლების და თანამესაკუთრეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები.

6. თვითნებური მინაშენები სამართლებრივ რეგისტრაციაში უნდა გატარებულიყო აწ განსვენებული ჟ. თ-ის სახელზე. კომისიამ კი იგი შ. თ-ის სახელზე გააფორმა, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

7. მიმღებ კომისიას საერთოდ არ უნდა მიეღო ექსპლუატაციაში არაკაპიტალური, ამორტიზებული, ავარიულ მდგომარეობაში არსებული აივანი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა გაეფორმებინა მენაშენის ე.ი. სახლის ყოფილი მესაკუთრის და არა თ-ის სახელზე.

8. აქტის გაფორმების დროს, ექსპლოატაციის მიმღები კომისიის თავმჯდომარე ო.ხ-ძე იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, მისი მოვალეობის შესრულება კი ბრძანებით არავის არ ჰქონდა დავალებული. აქტს ხელს აწერენ კომისიის რიგითი წევრები, რაც მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაა, ამიტომ 1987წ. 6 ნოემბრის ¹776 აქტს იურიდიული ძალის არმქონეა ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

კასატორების აზრით, ასევე უნდა გაუქმდეს თ-ის სახელზე გაცემული კიბის რეკონსტრუქცია-გაფართოების ესკიზური პროექტი, რადგან უგელებელყოფილია კანონის ყველა მოთხოვნა.

სახელდობრ:

1. მხარეებს შორის კვლავ მიმდინარეობს საადგილმამულო და საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავა.

2. მხარეების საცხოვრებელ სახლებს შორის დარღვეულია ძირითადი სამშენებლო ნორმები: სანიტარული სახანძრო, უსაფრთხოების და ინსოლიციის – ასეთ შემთხვევაში შ. თ-ეს ხელთ უნდა ჰქონოდა როგორც კასატორების, ასევე თანამოზიარეების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის დოკუმენტი.

3. დაცული არ არის კანონის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი ლიცენზირებული საპროექტო ორგანიზაცია ვალდებულია, მშენებლობის პროექტი დაამუშავოს მოქმედი სამშენებლო ნორმების, წესებისა და სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით, ამიტომ ამჯერადაც აუცილებელი იყო კასატორების და თანამოზიარე მეზობლების თანხმობის განცხადების არსებობა.

4. წარმოდგენილი პროექტით კიბის უჯრედის მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში კიდევ უფრო გაუარესდება დადგენილი საამშენებლო ნორმები და მომავალი მშენებლობა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს კასატორების ინტერესებზე.

5. “თ-მა” მ-ების საცხოვრებელი სახლის ოთახების ინსოლირების დასკვნის მეორე ვარიანტი ისე მოამზადა, რომ ხელთ არ ჰქონია კიბის უჯრედის “კორექტირებული” ესკიზური პროექტი.

6. თ-ის კიბის უჯრედის პროექტი შპს “ო-ს” საერთოდ არ დაუმზადებია, იგი წარმოადგენს საპროექტო ორგანიზაცია “მ-ში” დამუშავებული პროექტის ქსეროასლს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორები ითხოვდნენ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილებას.

მოწინააღმდეგე მხარეებმა საკასაციო საჩივარი არ სცნეს ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნას ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ზემოაღნიშნული მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სახლის ნაწილი შ. თ-ის ბებიამ ჟ. თ-ემ შეიძინა 1981 წელს. დადასტურებულია, რომ მითითებული პერიოდისათვის მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნა არსებობდა ამჟამინდელ მდგომარეობაში.

უდავოა, რომ კასატორებმა მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობით მიიღეს იმავე ფარგლებში, რაც მათ გააჩნდათ დავის აღძვრის მომენტისათვის.

მითითებულ გარემოებებს ადასტურებენ და აღიარებენ თავად კასატორებიც თავიანთ სარჩელსა თუ შესაგებელში.

სსკ-ს 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მოერე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნული საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან, 14 კვ/მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების ნაწილში სწორად იქნა ათვლილი ხანდაზმულობის ვადები და საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ მოცემულ ნაწილში, სარჩელი ხანდაზმულია და აღნიშნული მოტივით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას 1997წ. 6 ნოემბრის ექსპლოატაციაში მიღების აქტის გაუქმების ნაწილში, საკასაციო სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა განმარტებების საფუძველზე დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ. თ-ის სახლზე მიშენებითი და სარეკონსტრუქციო სამუშაოები წარმოებულია 1982-1984 წლებში.

“ქალაქის ფარგლებში ძირითადი სარეკონსტრუქციო ზონების გაუქმების, ინდბინათმშენებლობაში არსებული შეზღუდვების მოხსნისა და უნებართვო მშენებლობის დაკანონების შესახებ”, ქუთაისის მერიის 1993წ. 01 ივლისის ¹1/7-5 განკარგულების მე-10 პუნქტის მიხედვით, ნებადართული იქნა 1993წ. 1 ივლისამდე უნებართვოდ აგებული საცხოვრებელი სახლის (მათი ნაწილების) სამართლებრივ რეგისტრაციაში გატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეზობლებს შორის არის საადგილმამულო ან ქონებრივი დავა და კომისიის მოსაზრებით მას გააჩნია საფუძველი.

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მხარეთა შორის 1984წ. შემდეგ ადგილი ჰქონდა საადგილმამულო დავას. რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ სწორად მოხდა ქ. ქუთაისის მერიის ზემოაღნიშნულ განკარგულებაზე მითითება და თვლის, რომ სადავო აქტის მიღებით, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონი არ დაურღვევია.

ასევე მართებულია აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს მითითება სკ-ს 361-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, სარჩელის სასამართლოში შეტანის ვადა შეადგენს ერთ თვეს, რომლის ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის უფლება, აგრეთვე ის სასამართლო, რომელშიც ეს სარჩელი იქნება აღძრული და მისი ადგილმდებარეობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 14 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის დაბრუნებისა და სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია და ამ ნაწილში არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები, ხოლო რაც შეეხება კიბის უჯრედის მიშენება-გაფართოვების ესკიზური პროექტის გაუქმების საკითხს, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას, შემდეგ მოსაზრებათა გამო:

დადასტურებულია, რომ შ. თ-ისა და მ-ების საცხოვრებელ სახლებს შორის მანძილი ჩრდილო-აღმოსავლეთით წარმოადგენს 2,14 მეტრს, ხოლო სამხრეთ დასავლეთით კი 4,35 მეტრს, რითაც იმთავითვე დარღვეულია ხანძარსაწინააღმდეგო და სამშენებლო ნორმები.

ასევე დადასტურებულია, რომ კიბის უჯრედის ზომები პროექტის შესაბამისად, არსებულთან შედარებით იზრდება 1,16 მეტრით, რითაც, ბუნებრივია, კიდევ უფრო მცირდება მხარეთა სახლებს შორის არსებული მანძილი, რაც იმთავითვე იწვევს დარღვეული ნორმების სრულ იგნორირებას.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება საოლქო სასამართლოს მითითებას ექსპერტის დასკვნაზე და ვერ გაიზიარებს მსჯელობას იმის თაობაზე, თითქოს, აღნიშნულის თანახმად არ დგინდება კასატორების უფლებათა შელახვის ფაქტი.

საქმეში წარმოდგენილია შპს “თე-ს” საექსპერტო ჯგუფის დასკვნა, რომლის დასკვნით ნაწილშიც დადგენილია, რომ “ო-ს” მიერ დამზადებული პროექტი თავისთავად არ დააკმაყოფილებს სამშენებლო ნორმებს და წესებს მისი გაბარიტების გაზრდის გამო, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი უთითებს უკვე არსებულ დარღვევებზე, აქვე ხაზგასმას აკეთებს კიბის გაბარიტების გაზრდით გამოწვეულ შეუსაბამობაზე. რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა შეფასებული და გაზიარებულია არასწორად, და შესაბამისად, მითითებულ ნაწილში სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებულ ნაწილში საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. და მ. მ-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება დახურული კიბის მიშენების ესკიზური პროექტის ნაწილში და მითითებულ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის საოლქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დატოვებული იქნეს უცვლელად.

3. მ. და ე. მ-ების სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გაუქმდეს შ. თ-ის სახელზე გაცემული დახურული კიბის უჯრედის მიშენების ესკიზური პროექტი და შ. თ-ეს დაევალოს კიბის უჯრედის პროექტის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობაში მოყვანა;

4. მ. და ე. მ-ებს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი ოდენობით სოლიდარულად;

5. შ. თ-ეს, ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის დეპარტამენტს და ქუთაისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურს გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 15 ლარის ოდენობით თითოეულს, ცალ-ცალკე;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.