გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-11-კ-03 14 მაისი, 2003 წ
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სარგებლობის უფლებით საცხოვრებელი ფართის მიკუთვნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001წ. 5 თებერვალს ნ. ა-ემ ქედის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ს. შ-ის მიმართ სარჩელი აღძრა, სადაც თანამოსარჩელედ შეყვანილი იქნა ქედის სახელმწიფო სატყეო მეურნეობა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ 1983 წელს ქედის სადაბო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით იგი სატყეო მეურნეობის საუწყებო სახლის 14 კვ.მ საცხოვრებელ ფართში იქნა ჩაწერილი, რომელშიც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 1995 წელს მისი საცხოვრებელი ბინა თვითნებურად დაიკავა იმავე სახლში პირველ სართულზე მცხოვრებმა ს. შ-ის ოჯახმა. 1995 წლიდან სხვადასხვა ინსტანციებში დავის მიუხედავად მოსარჩელე ვერ ახერხებდა კუთვნილი ბინით სარგებლობას, რითაც დაირღვა მისი უფლებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარცელემ ს. შ-ისა და მისი ოჯახის წევრების მის სარგებლობაში არსებული ბინიდან გამოსახლება და აღნიშნული ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მასზე ჩაბარება მოითხოვა.
მოპასუხე მხარემ – ს. შ-ემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ სადავო საცხოვრებელი ფართი სატყეო მეურნეობის კრების დადგენილებით მას გამოეყო და აღნიშნული ფართის სარგებლობაზე პრეტენზია ნ. ა-ის მხრიდან უსაფუძვლო და ხანდაზმული იყო.
ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ს. შ-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ს. შ-ემ სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა.
აპელანტის მითითებით ის გარემოება, რომ იგი სადავო ბინაში 1980 წლიდან ცხოვრობდა, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე სხვა მონაცემებით დასტურდებოდა. სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ის, რომ თითქოს მოსარჩელე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა სადავო ბინაში და ამის დასადასტურებლად საარქივო მონაცემებიც მიუთითა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ივნისის განჩინებით ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ქედის რაიონული სასამართლოს 2001წ. 13 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის განხილვის დროს დარღვეული აქვს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასების, ასევე საქმეზე პროცესუალური ნორმების მოთხოვნები. სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. ამასთან, სასამართლომ საქმის განხილვა ისე დაამთავრა, რომ თანამოსარჩელეს არ მისცა საპაექრო სიტყვა. ასევე ოქმში არ არის დაფიქსირებული, თუ რას მოითხოვს თანამოსარჩელე მაშინ, როდესაც თავის ახსნა-განმარტებაში თანამოსარჩელე მოპასუხის მიმართ რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამს.
სასამართლომ მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები ისე გამოასახლა სადავო ბინიდან, რომ ისინი მოპასუხის მხარეზე არ იქნენ მხარედ ჩაბმული, რითაც დაარღვია მათი საპროცესო უფლებები.
სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გაშვების ნაწილში დაუსაბუთებელია.
ქედის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 30 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ა-ეს, როგორც არასათანადო მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება აპელანტმა ნ. ა-ემ სააპელაციო წესით აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა. აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ხელახლა განიხილა აღნიშნული საქმე და 2002წ. 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დააკმაყოფილა. მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ სადავო ბინიდან და ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ნ. ა-ეს ჩაბარდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. ა-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
ს. შ-ემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ვერც სატყეო მეურნეობის იმ დროინდელი დირექტორის წერილობითი ბრძანება, ვერც მეურნეობის კრების საოქმო დადგენილება მასზე სატყეო მეურნეობის საუწყებო სახლში საცხოვრებელი ბინის გამოყოფის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით მოსარჩელე ნ. ა-ის მოთხოვნა სადავო ბინიდან მოპასუხეთა გამოსახლებისა და სადავო ბინის სარგებლობისა და ფლობის უფლებით მასზე გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა, ვინაიდან ნ. ა-ემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი წერილობითი მტკიცებულება 1983 წელს მასზე სატყეო მეურნეობის საუწყებო სახლიდან 14 კვ.მ ბინის გამოყოფის შესახებ. მართალია საქმეში არის ქედის სახალხო დეპუტატთა სადაბო საბჭოს აღმასკომის 1983წ. 30 ივნისის ¹83 გადაწყვეტილება, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ნ. ა-ე ჩაეწერა მუდმივ მცხოვრებლად სატყეო მეურნეობის საუწყებო სახლში. ეს ფაქტი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მასზე თავის დროზე საუწყებო სახლში მოხდა ბინის გამოყოფა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით ნ. ა-ის მიერ გაშვებულია მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივი თვალსაზრისით სატყეო მეურნეობის კომპეტენციაა, რადგანაც ტექაღრიცხვის მასალებით ის არის სადავო ბინის ფაქტობრივი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში სატყეო მეურნეობა რომ სადავო ბინის მესაკუთრეა დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ა-ემ იმავე საფუძვლები საკასაციო წესით გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნუგზარ ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას უნდა გადაეცეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-3 მუხლის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის თაობაზე. მოსარჩელე არის პირი, რომელმაც აღძრა სარჩელი თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დასაცავად. მოპასუხე კი ის პირია, რომელმაც მოსარჩელის განცხადებით, დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება.
მოცემულ შემთხვევაში ქედის სახელმწიფო სატყეო მეურნეობას სასამართლოში სარჩელი არ წარუდგენია. იგი არც სათანადო მოსარჩელედ ყოფილა ცნობილი სასამართლოს მიერ.
სკ-ს 544-ე მუხლის თანახმად “გაქირავებულ ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის მატარებელია გამქირავებელი”. Aამასთან ამავე კოდექსის 537-ე მუხლის თანახმად “თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება”.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არც სასამართლოს განჩინება მოიპოვება ქედის სატყეო მეურნეობის მესამე პირად ჩაბმის თაობაზე. ამდენად ეს უკანასკნელი მოცემულ საქმეში არც მხარეს და არც მესამე პირს არ წარმოადგენს, რაც საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა. Aაღნიშნული საქმე იმ შემთხვევაში იქნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი, თუ მოსარჩელე ქედის სატყეო მეურნეობას მოპასუხედ დაასახელებდა და მასთან დადებული ადმინისტრაციული გარიგების ქირავნობის ხელშეკრულების (თუკი ასეთი არსებობდა) შესრულებას მოითხოვდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა რიცხვს განაკუთვნებს ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. წარმოდგენილ საქმეში ადმინისტრაციული გარიგების შესრულების შესახებ მოთხოვნა მოსარჩელის მიერ დაყენებული არ არის. Aამდენად საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა რიცხვს არ მიეკუთვნება. Aაქედან გამომდინარე, ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატას უნდა გადაეცეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა 2002წ. 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.