გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-12-ა-03 8 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე, ნ. ქადაგიძე
განცხადების ავტორის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და შემდეგ თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ფიზიკურ პირ გ. ც-ეს მთლიანად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ, კერძოდ, უარი ეთქვა მოსარჩელის მოთხოვნას “ელექტროენერგიის სატარიფო სისტემის მოწესრიგების შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 1999წ. 31 მაისის ¹1 დადგენილების, თავისი ცვლილებებითა და დამატებებით და “ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო ტარიფის შესახებ” ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000წ. 31 აგვისტოს ¹8 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ც-ის საკასაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 20 მარტის გადაწყვეტილება.
2003წ. 5 მარტს გ. ც-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
განმცხადებელი აღნიშნული საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სემეკის ის დადგენილება, რომელიც 1 კვტ. სთ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფად აწესებდა 13,7 თეთრს.
განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქმეზე სრული ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, საკასაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს 1 კვტ.სთ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფებად 9 და 9,8 თეთრის დაწესების სამართლებრივი მართებულობა სოციალური ასპექტითაც, კერძოდ, 13,7 თეთრიანი ტარიფის შემოღებისას საქართველოში მინიმალური ხელფასი არის 35 ლარი, 9 და 9,8 თეთრიანი ტარიფის დაწესებისას მინიმალური ხელფასი შეადგენდა 20 ლარს, ანუ მინიმალურ ხელფასებს შორის სხვაობა იყო 75%, ხოლო ტარიფებს შორის _ დაახლოებით 40-55%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობას სოციალურად უფრო ამძიმებდა 9 და 9,8 თეთრიანი ტარიფი, ვიდრე _ 13,7 თეთრიანი ტარიფი.
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად, განმცხადებელმა ითხოვა საქართველოს უზაენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება.
2003წ. 25 ივლისს გ. ც-ემ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დამატებითი განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
განმცხადებელი მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად შეესაბამებოდა სემეკის აღნიშნული დადგენილებები კანონებს, ხოლო კანონები _ კონსტიტუციას.
გარდა ამისა, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საქართველოს 2003წ. ბიუჯეტში მინიმალური ხელფასი განისაზღვრა 35 ლარით და მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც გააუქმა 13,7 თეთრიანი ელექტროენერგიის ტარიფი (ფაქტობრივად 12,4 თეთრიანი ტარიფი, ვინაიდან დარჩენილ სხვაობას სახელმწიფო ფარავდა) ანუ 35 ლარიანი ხელფასის პირობებში მოსახლეობა ვერ გადაიხდიდა 12,4 თეთრიან ტარიფსაც კი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 9 და 9,8 თეთრიანი ტარიფებისას არსებული მინიმალური ხელფასი 20 ლარი ვერ უნდა გაწვდენოდა 9,8 თეთრიან ტარიფს, ვიდრე 35 ლარი 12,4 თეთრიან ტარიფს ანუ 9,8 თეთრიანი ტარიფი მოსახლეობისთვის სოციალურად უფრო მძიმე იყო, ვიდრე 12,4 თეთრიანი ტარიფი და ეს უკანასკნელი მაინც გაუქმდა. აგრეთვე, გასათვალისწინებელია 1999-2000-2001 წლებში ლარის მსყიდველუნარიანობა და მისი კურსის შესაბამისობა უცხოურ მყარ ვალუტასთან მიმართებაში.
2003წ. 12 აგვისტოს გ. ც-ემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში შეიტანა მეორე დამატებითი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარენოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
მეორე დამატებით განცხადებაში გ. ც-ე მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ იგი მიიჩნია სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენლად, რის გამოც 2002წ. 20 ნოემბრის განჩინებით არ დააკისრა სახელმწიფო ბაჟი. გ. ც-ის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სემეკის სადავო დადგენილებები უპირველესად უკანონო იყო მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, ხოლო განმცხადებელს, როგორც ამ ფენის წარმომადგენელს სისტემატურად ადგებოდა უშუალო და პირდაპირი ზიანი, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია.
დამატებით განცხადებებში განმცხადებლის მოთხოვნა იგივე დარჩა, რაც მან ითხოვა პირველი განცხადებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განცხადებებისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებების საფუძვლად მიუთითებს სსკ-ს 423-ე მუხლის “ვ” პუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით.
რაც შეეხება განმცხადებლის მიერ მითითებულ სოციალურ ასპექტს, კერძოდ, მოსახლეობისთვის 13,7 თეთრიანი ტარიფი უფრო მძიმე იყო 35 ლარი მინიმალური ხელფასის არსებობის დროს, თუ 9 და 9,8 თეთრიანი ტარიფი იმ დროს, როცა მინიმალური ხელფასი იყო 20 ლარი და რომ იგი წარმოადგენდა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელს, რომელსაც სემეკის აღნიშნული დადგენილებები პირდაპირ ზიანს აყენებდა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ც-ის განცხადებების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ც-ის განცხადებები;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.