Facebook Twitter

3გ-ად-12-კ-03 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ......-ში მცხოვრებ შ. ა-ასა და მის კომლს 1990-იანი წლების მონაცემებით ერიცხებოდა 0,5 ჰა. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონმდებლობის მიღების შემდეგ, რომლითაც განისაზღვრა მოქალაქეთა სარგებლობაში რიცხული მიწების საკუთრებაში გადაცემა, შ. ა-ამ მიმართა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ურეხის საკრებულოს მის სახელზე რიცხული 0,5 ჰა. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. გამგეობის გადაწყვეტილებით შ. ა-ას სარგებლობაში არსებული 0,5 ჰა. ნაკვეთიდან, 0,25 ჰა. მის დას გ. ა-ას გამოეყო იმ მოტივით, რომ კანონით დადგენილი გასაცემი მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობა ერთ კომლზე შეადგენდა 0,25 ჰა, რაც შ. ა-ამ უკანონოდ მიიჩნია და 2000წ. 8 მარტს სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, სადაც მოითხოვა 1992წ. 1 იანვრის მდგომარეობით მასზე რიცხული საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მისთვის საკუთრების უფლებით გამოყოფა, მისი სასმელი წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ზონის გამოკლებით, ხოლო თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი არ შეივსებოდა, მოსარჩელემ მოითხოვა დარჩენილი მიწის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოცემულ ტერიტორიაზე ჯ. ფ-ის მშენებარე სახლის ლიკვიდაცია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ურეხის გამგეობის მიერ სოფლად მცხოვრებ კომლებზე ისე ხდება მიწების განაწილება, რომ არ არის დაცული სასმელი წყლის სანიტარული და მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების ზონები, სადაც მოქმედი კანონმდებლობით იკრძალება მიწის ნაკვეთის გაცემა საკუთრების უფლებით. მოსარჩელის მითითებით, იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც მისი ოჯახის წყლის აუზი მდებარეობს, ფერიის ..... მეურნეობის გამგეობის 1994წ. 18 მაისის სხდომის დადგენილებით მოქალაქე ბ. ფ-ეს გამოეყო 0,7 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი სარეზერვო მიწის ხარჯზე, რომელმაც ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას მიმართა საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვისათვის, მაგრამ სახლის მშენებლობა ნებართვის მიღებამდე დაიწყო, რამაც მოსარჩელის წყლის აუზის დაბინძურების საშიშროება შექმნა (ს.ფ. 2-3).

ხელვაჩაურის რაონული სასამართლოს 2000წ. 5 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩართული იქნა ფერიის კოოპერაციული მეურნეობა, ასევე მოსარჩელის შუამდომლობის საფუძველზე, მოპასუხეებად ჩართულ იქნენ გ. გ-ე და ბ. ფ-ე.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილს გადაწყვეტილებით შ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ურეხის თემის საკრებულოს დაევალა შ. ა-ას კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის შევსება 0,5 ჰა-ს ოდენობამდე საკუთრების უფლებით სხვა თავისუფალი მიწების ხარჯზე; შ. ა-ას სარჩელს ჯ. ფ-ისა და გ. გ-ის სახელზე მიწის საკარმიდამო ნაკვეთების გამოყოფის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე და ჯ. ფ-ის მშენებარე სახლის აღებაზე უარი ეთქვა, უსაფუძვლობის გამო, ხოლო ჯ. ფ-ეს დაევალა საჭიროების შემთხვევაში სამეურნეო ნაგებობების ჩადგმა სასმელი წყლის საწინააღმდეო ფართობზე, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-ამ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001წ. 9 ივლისის განჩინებით შ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

შ. ა-ამ დაზუსტებული სარჩელი შეიტანა რაიონულ სასამართლოში, რითაც დააკონკრეტა სასარჩელო მოთხოვნა. კერძოდ, საკარმიდამო მიწის ნაკვეთის 0,5 ჰა-მდე შევსებასთან ერთად მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ ჯ. ფ-ეზე 2000წ. 28 ივლისს და გ. გ-ეზე 1999წ. 13 ნოემბერს გაცემული ¹...... და ¹..... მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება, რომლებიც რეგისტრირებულია ხელვაჩაურის რაიონის მიწის სამმართველოს სარეგისტრაციო ჟურნალში.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით მოხდა მოპასუხეებზე იმ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემა, რომლებიც მდებარეობს შ. ა-ას სასმელი წყლის სანიტარულ ზონაში. მოსარჩელის აზრით, წყლის სანიტარული დაცვის ზონაში ჯ. ფ-ის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა კანონსაწინააღმდეგოა, რადგან არასაკმარისად არის დაცულ ნიადაგქვეშა წყლები, რომლის დაცვის პირველი სარტყლის ზონა შეადგენს 50 მეტრს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ. ა-ას სარჩელს, უსაფუძვლობის მოტივით, ეთქვა უარი, მოპასუხე ჯ. ფ-ეს დაევალა საჭიროების შემთხვევაში სამეურნეო ნაგებობების სასმელი წყლის აუზის საწინააღმდეგო ფართობზე ჩადგმა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-ამ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით შ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 12 სექტემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ ტერიტორიაზე მიწის რეფორმამდე კომლისათვის ყოველთვის დადგენილი იყო მიწის ფართობის ზღვრული ნორმა 0,25 ჰა, ხოლო რეფორმის შემდეგ ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიაზე კვლავ დადგენილი იქნა მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმა 0,25 ჰა-ს ოდენობით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია შ. ა-ას მოთხოვნა დამატებით 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, რადგან მას უკვე გააჩნდა მიწის ნაკვეთის დადგენილი ოდენობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკრებულოს შეუძლია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფალი მიწის ხარჯზე, შეუვსოს აპელანტს მიწის ფართობი 0,25 ჰა ნაკვეთით, თუ იგი არასწორად მიიჩნევს შ. ა-ასათვის მიწის შემცირებას.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შ. ა-ას საჩივრებთან დაკავშირებით, 1994 წელს აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიამ შექმნა სპეციალური კომისია სხვადასხვა სპეციალისტებისაგან, რომელთა დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ შ. ა-ას სასმელი წყლის დაბინძჯურების პირობები არ არსებობს, რაც განემარტა მოსარჩელეს. ამასთან გ. გ-ემ და ჯ. ფ-ემ შესთავაზეს სასმელი წყალი გაეყვანა იქვე არსებული მათი წყლის აუზებიდან, ან წყლის აუზი გადაეტანა სხვა ადგილას, მაგრამ შ. ა-ამ უარი განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტზეც, რომ ჯ. ფ-ეს და გ. გ-ეს მიწის ნაკვეთები მიღებული აქვთ კანონით დადგენილი წესით, ჯ. ფ-ემ სახლის მშენებლობა დაიწყო რაიონის ხელმძღვანელობის 1995წ. 20 ოქტომბრის ¹500 გადაწყვეტილების საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. ა-ამ, რომელმაც შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, 1996წ. 22 მარტის დადგენილება “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, რომლის მე-2 პუნქტით საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის, ოჯახებისთვის გაცემული მიწის ნაკვეთები, აგრეთვე 1992 წლამდე მათ კანონიერ სარგებლობაში არსებული საბაღე, საბოსტნე, სააგარაკო, სამოსახლო, საკარმიდამო ნაკვეთები ცხადდება მათ კერძო საკუთრებად. ასევე არ იქნა გამოყენებული კანონი “სასმელი, სანიტარული დანიშნულების წყალსადენებისა და წყალმომარაგების წყაროების შესახებ”, რომლის მე-3 პუნქტით სანიტარული დაცვის პირველი სარტყლის ზღვარი უნდა შეადგენდეს დაცული ნიადაგქვეშა წყლების 50 მეტრს. აღნიშნულ შემთხვევაში საქმე ეხება არასაკმარისად დაცულ ნიადაგქვეშა წყალს და მისი პირველი სარტყლის საზღვარი შეადგენს 50 მეტრს.

მოწინააღმდეგე მხარეებმა _ გ. გ-ემ და ჯ. ფ-ემ არ ცნეს საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება, ხოლო ურეხის თემის საკრებულოსა და ხელვაჩაურის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლები საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდნენ და საკასაციო საჩივარი, მათი თანხმობით, განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 27-ე მუხლისა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ა-ას საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორ შ. ა-ას 1993წ. 9 ივლისამდე ურეხის თემის ზონარგაყრილ წიგნში ეწერა 0,5 ჰა მიწის ნაკვეთი; შ. ა-ას 1992წ. 7 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, მისი თანხმობით, 0,5 ჰა მიწის ნაკვეთიდან 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი გადაეცა 1991წ. 27 დეკემბრის ურეხის თემის საკრებულოს ¹216 გადაწყვეტილებით მისი კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფილ დას, გ. ა-ას, რის შემდეგაც კასატორს დარჩა 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმამდე და რეფორმის შემდეგაც აჭარის ა/რ ტერიტორიაზე საკარმიდამო ნაკვეთის ზღვრული ნორმა თითო კომლზე შეადგენდა 0,25 ჰა-ს.

“საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტით მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადავიდა მათ საკუთრებაში, ხოლო მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების მე-3 პუნქტით დადგინდა, თუ კომლს მიწების აღრიცხვის ზონარგაყრილ წიგნში რეგისტრირებულ ფართობთან შედარებით აღმოაჩნდებოდა მეტი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, შესაბამისი კომისიების მიერ დადგენილ საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმამდე შევსების შემდეგ დარჩენილი მიწის ნაკვეთი გადადიოდა სარეზერვო ფონდში. ვინაიდან კასატორ შ. ა-ას ზონარგაყრილ წიგნში ეწერა 0,5 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, აჭარის ა/რ ტერიტორიაზე კი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმა თითო კომლისათვის დაწესებული იყო 0,25 ჰა-ს ოდენობით, საკასაციო პალატას სწორად მიჩნია ნამეტი 0,25 ჰა ნაკვეთის გ. ა-ასათვის გამოყოფა, ხოლო კასატორის მოთხოვნა დამატებითი 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე ჯ. ფ-ისა და გ. გ-ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთებიდან (და არა გ. ა-ას ნაკვეთიდან) არაკანონიერია და რადგან კასატორს უკვე შევსებული აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ზღვრული ნორმა _ 0,25 ჰა. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას კასატორისათვის 0,5 ჰა-მდე ნაკვეთის შევსებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, დავის გადაწყვეტისას “სასმელი, სანიტარული დანიშნულების წყალსადენებისა და წყალმომარაგების წყაროების შესახებ” კანონის გაუთვალისწინებლობის თაობაზე. კასატორი ბ. ფ-ისათვის გამოყოფილი ნაკვეთიდან მიწის შევსებას ითხოვდა იმ მოტივით, რომ იქ განთავსებული იყო მისი (ა-ას) სასმელი წყლის აუზი და ბ. ფ-ე დააბინძურებდა მას. სასმელი წყლის აუზის დაბინძურების დადგენის მიზნით არაერთი ექსპერტიზა იქნა ჩატარებული და ბოლოს, 2002წ. 12 ივნისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ სასმელი წყალი ვარგისია მხოლოდ ტექნიკური მოხმარებისათვის, მისი სასმელად ხმარება შესაძლებელია ყოველდღიური ქლორირებითა და გადადუღებით, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ ბ. ფ-ის სახლი კასატორის სასმელი წყლის აუზს არ დააბინძურებს. საექსპერტო კომისია და სააპელაციო პალატა ასევე დაეყრდნო ბ. ფ-ისა და გ. გ-ის წერილობით თანხმობას, რომ ისინი შ. ა-ას მათი სამი მოქმედი სასმელი წყლის აუზიდან თავიანთი ხარჯებით მიუყვანდნენ სასმელ წყალს, რაც საკასაციო სასამართლოშიც დაადასტურეს, რის გამოც ამ ნაწილში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივარს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს შ. ა-ას საკასაციო საჩივარს, თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ გარემოებათა მართებული დადგენითა და კანონების სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. ა-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინება.

3. შ. ა-ას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოოოა და არ საჩივრდება.