3გ/ად-13-კ-03 10 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მიკუთვნება, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ა. ს-ემ მოპასუხეების: გ. ს-ისა და ნ. ს-ის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელის მამას, დ. ს-ეს, კახაბრის სასოფლო საბჭოს სოფ. .......-ში 1945 წლიდან გააჩნდა 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი. დ. ს-ეს ჰყავდა შვიდი შვილი: ერთი ქალიშვილი და ექვსი ვაჟიშვილი. 1975 წელს გარდაიცვალა დ. ს-ე. მისი გარდაცვალების შემდეგ მიწის ნაკვეთს ამუშავებდნენ მოსარჩელე და მისი ძმები. მოპასუხე გ. ს-ე მოსარჩელე ა. ს-ის გარდაცვლილი უმცროსი ძმის მეუღლეა, ხოლო ნ. ს-ე _ შვილი.
მოსარჩელის განმარტებით, 1997 წელს ნ. ს-ემ შექმნა ახალი კომლი და დაეპატრონა მთელ 0,75 ჰა მიწის ფართობს, რითაც მოსარჩელესა და დანარჩენ ძმებს წაერთვათ აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. გ. ს-ემ და ნ. ს-ემ მოახერხეს 3500 კვ.მ ფართობის გადაფორმება გ. ს-ის სახელზე, ხოლო დანარჩენი მიწის ფართობის თავის სახელზე გადაფორმებას ითხოვდა ნ. ს-ე.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მისი უფლების აღდგენა მამამისის სახელზე რიცხულ მიწის ფართობზე და 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის მთლიანად განაწილება მასზე, მის ძმებსა და მოპასუხეებზეც. მოსარჩელემ, აგრეთვე, ითხოვა გ. ს-ის სახელზე 3500 კვ.მ მიწის ნაკვეთის გამოყოფის გაუქმება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დამატებით სარჩელი შეიტანეს თავდაპირველმა მოსარჩელე ა. ს-ემ და მისმა ძმამ ვ. ს-ემ.
ვ. ს-ის განმარტებით, 1980წ. 9 მაისს, მამამ, დ. ს-ემ, სადავო მიწის ნაკვეთიდან 1500 კვ.მ მიწის ფართობი სახლიანად აჩუქა მას, მაგრამ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოპასუხეებმა მიითვისეს იგი და არ აძლევდნენ აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობის საშუალებას. ვ. ს-ემ ითხოვა აღნიშნული მიწის ფართობის დაბრუნება.
ა. ს-ე დამატებით სარჩელში აღნიშნავდა, რომ მას კახაბრის თემის საკრებულომ გამოუყო 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლითაც ვერ სარგებლობდა სხვადასხვა მიზეზების გამო და ითხოვა აღნიშნული 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთით შეცვლილიყო მისი მშობლების მიწის ნაკვეთი, რომლითაც იგი წლების განმავლობაში სარგებლობდა, მაგრამ ბოლოს მოპასუხეების ქმედებამ აღარ მისცა ამის საშუალება.
მოსარჩელეებმა დამატებით სარჩელში უცვლელად დატოვეს თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნები.
მოცემული საქმე არაერთხელ განიხილეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა. საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ: კახაბრის თემის საკრებულო, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობა და ხელვაჩაურის ჯიშსაშენი მეურნეობა.
მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით პირვანდელ სასარჩელო მოთხოვნებთან ერთად ითხოვეს ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი მეურნეობა “კ-ის" დირექციის მიერ ნ. ს-ეზე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ოჯარით გაცემის შესახებ 2000წ. 1 აპრილის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აგრეთვე, მოპასუხეებისათვის სასამართლო ხარჯის სახით 3000 ლარის მოსარჩელეების სასარგებლოდ გადახდის დაკისრება, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს 2002წ. 19 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა დარჩა უმოძრაოდ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
2002წ. 15 ივლისს, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განიხილა ა. და ვ. ს-ეების დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: გ. ს-ის, ნ. ს-ის, კახაბრის თემის საკრებულოს, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის, ხელვაჩაურის ჯიშსაშენი მეურნეობის მიმართ და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. და ვ. ს-ეებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 15 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს-ის წარმომადგენელმა ი. კ-ემ.
საკასაციო საჩივარი დამყარებულია შემდეგ საფუძვლებზე:
1. ხელვაჩაურის რაიონის კახაბრის თემის საკრებულოში შემავალ სოფ. .......-ში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთს კასატორი ამუშავებდა 1952 წლიდან და მასზე მდებარეობს მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. სახლის შესახებ, მართალია, არ მოიპოვება ჩანაწერები საკომლო წიგნებში, მაგრამ არსებობს 1960წ. 9 მაისის სანოტარო წესით გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება და კასატორი საცხოვრებელ სახლზე იხდიდა სადაზღვევო თანხას, რაც მისი განმარტებით, იმას ნიშნავს, რომ იგი სახლის მესაკუთრედ იყო რეგისტრირებული საკომლო წიგნებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 დადგენილების საფუძველზე ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთი ზღვრული ოდენობით, რომელიც მიეცემოდათ იმ პირებს, რომლებიც სოფლის ყოფილი მკვიდრები იყვნენ და საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით მიღებული ჰქონდათ მემკვიდრეობით ან სხვა გზით.
კასატორის მიერ მიწის ნაკვეთის ზღვრულ ნორმამდე მიღების შესახებ მოთხოვნას ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ უარი უთხრა მიწის სარეფორმო ფონდის არარსებობის გამო, რაც კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი შედიოდა გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობში.
საქმის მასალებში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდება ის ფაქტი, რომ გ. ს-ის სკარმიდამო მიწის ნაკვეთში შედის სადავო მიწის ფართობი. კასატორი მიუთითებს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ადგილზე დათვალიერებით შეამოწმა სადავო მიწის ნაკვეთი, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებისას არ გადაუზომია იგი, მხოლოდ ვიზუალურად დაათვალიერა. გარდა ამისა, ადგილზე დათვალიერებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ არც განჩინება მიიღო და არც ოქმი შეადგინა, რაც სსკ-ს 121-ე და 125-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას წარმოადგენს.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომელიც მიუთითებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის გ. ს-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთსა და ნ. ს-ის მიერ იჯარით აღებულ მიწის ფართობში, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ექსპერტის აღნიშნული დასკვნა არ გამოიყენა მტკიცებულებად და არც იმაზე მიუთითა, თუ რატომ არ დაემყარა მას.
3. კასატორის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. ¹148 დადგენილების თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოებს, კერძოდ, ხელვაჩაურის რაიონის გამგეობას და კახაბრის თემის საკრებულოს 1993 წლიდან უნდა გამოეყოთ სადავო მიწის ნაკვეთი სარეფორმო ფონდში, რაც არ განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თვლის, რომ აღნიშნულმა ადმინისტრაციული ორგანოებმა ამჟამად უნდა ჩარიცხონ სადავო მიწის ნაკვეთი სარეფორმო ფონდში, რაც საშუალებას მისცემს კასატორს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით მიეკუთვნება ვ. ს-ეს, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოებისათვის შესაბამისი მოქმედებების შესრულების დავალება და ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის, კახაბრის თემის საკრებულოსა და ხელვაჩაურის რაიონის ჯიშსაშენი საწარმო “კ-სათვის” სასამართლო ხარჯის სახით სოლიდარულად 3000 ლარის გადახდის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
კასატორი სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებას, კერძოდ, მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია სადავო მიწის ნაკვეთი შედის თუ არა გ. ს-ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია ზემოთ მითითებული საკითხი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არ განმარტა, თუ რატომ არ დაეყრდნო საქმეში არსებულ ექსპერტის დასკვნას, რომლის თანახმადაც, სადავო მიწის ნაკვეთი არ შედის არც გ. ს-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში და არც ნ. ს-ის მიერ იჯარით აღებულ მიწის ფართობში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 172-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სრულყოფილად და ყოველმხრივ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულება, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობა არ დაასაბუთა მის მიერ გამოტანილ განჩინებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სასარჩელო მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა ხელვაჩაურის რაიონის მეცხოველეობის სახელმწიფო ჯიშსაშენი საწარმო “კ-ის" დირექციის 2000წ. 1 აპრილის ¹06 ბრძანების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნ. ს-ეზე 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქვეიჯარით გადაცემის ბათილად ცნობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არასრულყოფილად არის დასაბუთებელი და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის წარმომადგენელ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.