3გ-ად-14-კ-03 27 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ბინაში შესახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ი. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: დ., თ., ტ., ნ. მ.-ებისა და მესამე პირის, შპს “ბ.-ის", მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹66 ბინის სარგებლობის უფლებით მიკუთვნება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1992 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. მ.-თან. დაქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ ბათუმში, ... ბ. 32-ში, მამამთილის, თ. მ.-ის, სახელზე რიცხულ ბინაში, სადაც ჩაეწერა 1994 წელს. 2000 წელს ოჯახმა გაფართოების მიზნით მიიღო ერთოთახიანი ბინა ... ქუჩაზე. ოჯახის თანხმობით მან დაიწყო ერთოთახიანი ბინის გარემონტება, მაგრამ უსახსრობის გამო ვეღარ დაასრულა. მას მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან ჰქონდა გართულებული ურთიერთობა, რის გამოც დროებით საცხოვრებელად გადავიდა დედის ბინაში. მოსარჩელე მოითხოვდა ... ქუჩა ¹38-ში, მდებარე თ. მ.-ის სახელზე რიცხული ერთოთახიანი ბინის სარგებლობით უფლებით მიკუთვნებას მისთვის და შვილისათვის.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადება წარადგინა სასამართლოში თავდაპირველი მოპასუხეების და ბათუმის “ბ.-ის" მიმართ და მოითხოვა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ ფართის გამოყოფა უნდა მომხდარიყო შაფათავას ქუჩაზე მდებარე ბინიდან, მაშინ სარგებლობის უფლებით გამოყოფოდა ოთახი “ზალა" და შვილთან ერთად მიკუთვნებოდა სარგებლობისა და მფლობელობის უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 11 ივნისის განჩინებით საქმეზე მესამე პირად ჩართულ იქნა ბათუმის მერია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელის თავდაპირველი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ... ქუჩაზე მას არასოდეს უცხოვრია, ბინა მიიღო თ. მ.-მ ბათუმის ნავსადგურისაგან, როგორც დამსახურებულმა მუშაკმა. ამ ბინაში მოსარჩელეს არანაირი რემონტი არ გაუკეთებია, დღესაც ისეთივე მდგომარეობაშია, როგორიც მიიღეს ნავსადგურისაგან. ასევე აღნიშნეს, რომ ირინა მ.-ს სისტემატურად არც შაფათათავს ქუჩაზე უცხოვრია, ის ძირითადად დედასთან, სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა, მაგრამ თუ სურვილი ექნებოდა, წინააღმდეგნი არ იყვნენ, რომ მოსარჩელეს ეცხოვრა შაფათავას ქუჩაზე მდებარე ბინაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ირინა მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ინდივიდუალურ მფლობელობასა და სარგებლობაში გამოეყო ... მდებარე ¹66 ერთოთახიანი ბინა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. მ.-მ, რომელმაც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ირინა მ.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად სარგებლობის უფლებით შესახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... ¹49ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინის საერთო ფართში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ორივე ბინის: ... ¹38-ში მდებარე ერთოთახიანი და ... ქ.¹49ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინის დამქირავებელი იყო თეიმურაზ მ.-ი და მიუთითა, რომ ... ¹49ა-ში დამქირავებელთან ერთად ცხოვრობდნენ მისი ოჯახის წევრები და ერთად ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ ისინი ჩაწერილი იყვნენ ფართში, არ წარმოადგენდა მათი ბინის დამქირავებლად მიჩნევის საფუძველს და მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ... ქუჩაზე მდებარე ოროთახიან ბინაში და ოჯახის წევრებთან ერთად ეწეოდა საერთო მეურნეობას, ამიტომ ფართზე მოპოვებული ჰქონდა სარგბელობის უფლება და იგი შესახლებული უნდა ყოფილიყო საერთო ფართში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისათვის.
კასატორის მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად გამოიყენა ქირავნობის შესახებ ნორმები, როდესაც მიუთითა, რომ ორივე ბინის დამქირავებელი იყო თ. მ.-ი და მასთან ერთად მცხოვრები პირები წარმოადგენდნენ მხოლოდ ოჯახის წევრებს. კასატორს მიაჩნია, რომ მისი სადავო ბინის დამქირავებლის ოჯახის წევრად მიჩნევა სკ-ს 549-ე და 571-ე მუხლების მიხედვით დაუშვებელი იყო. სასამართლოს, ნაცვლად აღნიშნული მუხლებისა, უნდა გამოეყენებინა საბინაო კოდექსის 62-62-ე მუხლები და იგი ეცნო დამქირავებლის თანაბარი უფლების მქონე პირად, ვინაიდან სსკ-ს 1507-ე მუხლის მითითება უძრავი ნივთების მიმართ ახალი წესების გამოყენებაზე ეხება სხვა გარემოებებს და არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ოჯახის წევრთა ურთიერთობაზე.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც ... ¹49ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინის საერთო ფართში შეასახლა, ვინაიდან იგი დამატებითი სარჩელით ითხოვდა “ზალა" ოთახის გამოყოფას და მიკუთვნებას სარგებლობისა და მფლობელობის უფლებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქმე უნდა განხილულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან ქ. ბათუმში, ... ¹49ა-ში მდებარე ¹32 ოროთახიანი ბინა წარმოადგენს ქ. ბათუმის მერიის საკუთრებას, რომელიც ქირავნობის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს თ. მ.-ს. ი. მ.-ი დამატებითი სასარჩელო განცხადებით ითხოვდა აღნიშნული ბინიდან “ზალა" ოთახის მიკუთვნებას სარგბელობისა და მფლობელობის უფლებით, ანუ ადმინისტრაციულ ორგანოსთან გარიგების დადების დავალდებულებას, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, განსახილველი საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს.
საკასაციო სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება განსახილველი დავის საბინაო კოდექსის ნორმებით მოწესრიგების თაობაზე, ვინაიდან სკ-ს 1505-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად 1997წ. 25 ნოემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალა “საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სსრ 1983წ. 4 ივნისის კანონი.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას განსახილველი დავის სკ-ს 549-ე და 571-ე მუხლებით მოწესრიგების თაობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ ქ. ბათუმში, ... ¹49ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინა წარმოადგენს ბათუმის მერიის საკუთრებას, ხოლო ... ¹38-ში მდებარე ოროთახიანი ბინა შპს “ბ.-ის" საკუთრებას. ორივე ბინის დამქირაველი არის თ. მ.-ი. სკ-ს 571-ე მუხლის თანახმად, თუ ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია საცხოვრებელ სადგომზე და იქ დამქირავებელი თავის ოჯახის წევრებთან ერთად წარმართავს ერთიან საოჯახო მეურნეობას, დამქირავებლის ოჯახის წევრები გამქირავებელთან სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან მხოლოდ დამქირავებლის გარდაცვალების შემდეგ. აღნიშნული ნორმის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია კასატორი ი. მ.-ი თ. მ.-ის ოჯახის წევრად, ვინაიდან იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დამქირავებლის შვილთან და პერიოდულად ცხოვრობდა ... ¹49ა-ში მდებარე ბინაში.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც იგი ... ¹49ა-ში მდებარე ოროთახიანი ბინის საერთო ფართში შეასახლა, ვინაიდან ი. მ.-ის მოთხოვნა, სარგებლობისა და მფლობელობის უფლებით მისთვის “ზალა" ოთახის მიკუთვნების შესახებ, ეწინააღმდეგებოდა 571-ე მუხლის მოთხოვნას. ამასთან, საერთო ფართში კასატორის შესახლება წარმოადგენს დამატებით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას და არა სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 9 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.