Facebook Twitter

3გ-ად-14-კს-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: გადაწყვეტილების გაუქმება და ახალად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 20 ივლისს რ. გ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის წარდგინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და იმიგრაციის საკითხთა კოლეგიის 2001წ. 8 მაისის ¹9/45 დადგენილებით ისე დამტკიცდა რ. გ.-ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის დასკვნა, რომ არ გაუქმებულა მისი საქართველოს მოქალაქედ ცნობის შესახებ მანამდე გაცემული დასკვნა. აღნიშნული დადგენილება მოსარჩელემ მიიჩნია უკანონოდ და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. შემდგომში რ. გ.-მ შეცვალა თავისი მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხედ საქმეში საქართველოს პრეზიდენტის ჩაბმა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულება რ. გ.-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული ბრძანებულების ბათილად ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში საქმის განხილვისას მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულების ბათილად ცნობა. მოპასუხემ – საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა და საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სადავო აქტის უცვლელად დატოვება.

რ. გ.-ის სარჩელი პირველი ინსტანციით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, რომლის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით რ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა “საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელე რ. გ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 2 სექტემბრის განჩინებით რ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილება.

რ. გ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა აზერბაიჯანის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილის წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ რ. გ.-ი არ არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, ვინაიდან ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონის ამოქმედების დროისათვის რ. გ.-ი არ იყო ჩაწერილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და იგი არ არის იქ დაბადებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 2 დეკემბრის განჩინებით რ. გ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.

განცხადების განუხილველად დატოვების განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ.-ის წარმომადგენელმა გ. ნ.-მ. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლომ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დატოვა განუხილველად განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ არაკანონიერად გამოიყენა სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის საფუძვლით განმცხადებელს არ მოუთხოვია საქმის წარმოების განახლება. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ რ. გ.-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ამოეწერა 1998წ. ივლისში. ,,აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ” კანონი მიღებულ იქნა 1998წ. 30 სექტემბერს. ამდენად, რ. გ.-ი მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ვერ ჩაითვლება აზერბაიჯანის მოქალაქედ, რასაც ადასტურებს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს წერილი, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სსკ-ს 423-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.

გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორმა არ გაიზიარა პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რ. გ.-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საფუძველი იყო არამხოლოდ რ. გ.-ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება, არამედ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობასთან შეუსაბამო დანარჩენი გარემოებების არსებობაც, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება და იუსტიციის სამინისტროს დადგენილება რ. გ.-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არ მოიცავდა სხვა საფუძვლებს.

კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოტანილია რ. გ.-ის მიმართ, ხოლო საქარველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით მოქალაქეობა შეუწყდა რ. გ.-ს, ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ რ.ი და რაზიმი ერთი და იგივე პიროვნებაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა 2002წ. 2 დეკემბრის განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო სარჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. გ.-ის მიერ წარმოდგენილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს-ს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის მოადგილის ცნობა ვერ იქნება მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად, ვინაიდან საქმეში დაცულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის შსს საპასპორტო-სარეგისტრაციო სამმართველოს უფროსის ცნობა, რომლის თანახმად, რ. გ.-ი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს და ამ ცნობის სიყალბე არ არის დადასტურებული. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი ცნობა თავისთავად წარმოადგენს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების საფუძველს.

უსაფუძვლოა, აგრეთვე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სასამართლო გასცდა დავის საგანს, ვინაიდან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენას უშუალოდ უკავშირდებოდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანული კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოს მოქალქეობასთან შეუსაბამო დანარჩენი გარემოებების არსებობაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ წარმოადგენს, აგრეთვე, ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 მაისის ¹212 ბრძანებულებაში მითითებულია “რაზიმ" და არა “რ." გ.-ზე, ბრძანებულების ტექსტი კი ერთვოდა საქმეს და ამ საფუძვლით მისი ბათილად ცნობა საქმის თავდაპირველი განხილვის დროს რ. გ.-ს არ მოუთხოვია. ეს გარემოება საკასაციო პალატასაც მიაჩნია ბეჭდვის დროს დაშვებულ მექანიკურ შეცდომად, ვინაიდან დანარჩენი რეკვიზიტები (მამის სახელი, დაბადების წელი) ბრძანებულებაში სწორად არის ასახული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ რ. გ.-ის წარმომადგენლის გ. ნ.-ის კერძო საჩივარი მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. გ.-ის წარმომადგენლის გ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.;

2. უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.