Facebook Twitter

3გ-ად-15-კ-03 10 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: შენობიდან გამოსახლება და გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველომ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის სასამართლოს მოპასუხეების: ზ. უ.-ის და რ. ქ.-ის მიმართ და მიუთითა, რომ დაბა ...-ში, ... მდებარე ნაგებობა ირიცხება მათ ბალანსზე და წარმოადგენს მის საკუთრებას. 2001წ. 19 მაისს ღამის საათებში მოპასუხეებმა თვითნებურად დაიკავეს შენობა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ისინი არ ათავისუფლებდნენ ბინას, მოსარჩელემ მოითხოვა ზ.უ.-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეები გამოსახლებულ იქნენ მათ მიერ დაკავებული სასადილოს შენობიდან.

ზ. და ნ. უ.-ეების და რ. ქ.-ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ გააუქმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა რაიონულ სასამართლოში. ნ. უ.-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე აჭარის ა/რ მელიორაციის და წყალთა მეურნეობის მიმართ 11386 ლარის გადახდევინების შესახებ. ნ. უ.-ე შეგებებულ სარჩელში აღნიშნავდა, რომ სადავო შენობით წლების მანძილზე სარგებლობდა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივი, რომელშიც 1976 წლიდან მუშაობდა სასადილოს გამგედ. ნ.უ.-ე მიიჩნევდა, რომ სადავო შენობის მესაკუთრე იყო კოოპერატივი.

1990 წელს სასადილოს ხანძარი გაუჩნდა და განადგურდა. ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივის დავალებით ნ.უ.-ემ საკუთარი სახსრებით მოახდინა შენობის აღდგენა. ჩატარებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 11386 ლარი. აღდგენის შემდეგ იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას. შენობაში ინახება მისი ნივთები, რომლებიც საჭირო იყო სასადილოს ფუნქციონირებისათვის (დახლ-მაცივარი, ელექტროქურები, მაგიდები სკამებით, ჭურჭელი და სხვა). ნ.უ.-ე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს სკ-ს 987-ე მუხლის საფუძველზე.

ხელვაჩაურის რაიონის სასამართლოს 2002წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს სარჩელი და ნ.უ.-ის შეგებებული სარჩელი. ნ. და ზ. უ.-ეები, რ. ქ.-ე გამოსახლებულ იქნენ დაბა ...-ში, ... მდებარე ყოფილი სასადილოს შენეობიდან. აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობას ნ. უ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 11386 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. აპელანტი მიუთითებდა, რომ ნ. უ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რამდენ ლარს შეადგენდა სადავო ობიექტის მატერიალური ზარალი – 1300 რუბლი და ისე დააკისრა გადასახდელად 11386 ლარი, რომ არ გაითვალისწინა სადავო შენობის მთლიანი საბალანსო ღირებულება. აპელანტს მიაჩნდა, რომ თანხის გადახდა რაიკოოპერატივს უნდა დაკისრებოდა, ვინაიდან რაიკოოპერატივის დავალებით ჩაატარა სარემონტო სამუშაოები.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი – რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ზ. უ.-ე, ნ. უ.-ე და რ. ქ.-ე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს ბალანსზე რიცხული შენობიდან.

აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა 5440 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო შენობა ეკუთვნოდა აჭარის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს, რომელსაც იგი გადაცემული ჰქონდა ...-ის რაიკოოპერატივისათვის ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე 1957 წლიდან. შენობაში განთავსებული იყო რაიკოოპერატივის სასადილო, რომელშიც 1979 წლიდან 1993 წლამდე სასადილოს გამგედ მუშაობდა ნ. უ.-ე. 1990 წელს სასადილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაიწვა, რის გამოც რაიკოოპერატივმა ნ.უ.-ეს უფლება მისცა შეეკეთებინა და თავისი შეხედულებისამებრ ესარგებლა ნაგებობით. 1993 წელს სასადილომ შეწყვიტა ფუნქციონირება. ნ.უ.-ის თანხმობით ნაგებობაში შესახლდნენ ზ. უ.-ე და რ. ქ.-ე მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ხანძრის შედეგად დამწვარი ნაგებობა ნ.უ.-ემ აღადგინა საკუთარი სახსრებით და წლების განმავლობაში იგი ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შენობის აღსადგენად აპელანტს ხარჯები არ ჰქონდა გაღებული, მაგრამ ვინაიდან იგი შენობის მესაკუთრე იყო მას ყველა შემთხვევაში უნდა აენაზღაურებინა მოპასუხეებისათვის გაწეული ხარჯები, რაც შეადგენდა შენობის საბაზრო და საბალანსო ღირებულებებს შორის სხვაობას – 5440 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება შეგებებული სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და აღნიშნა, რომ სამელიორაციო სისტემის სამმართველოს სადავო ნაგებობა ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე გადაცემული ჰქონდა სარგებლობისათვის ხელვაჩაუარის რაიკოოპერატივისათვის, რომლის თანხმობით ნ.უ.-ე სარგებლობდა და ინახავდა ქონებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უძრავი ნივთის ქირავნობას ხელშეკრულების გარეშე, რის გამოც სკ-ს 573-ე მუხლის შესაბამისად მიღებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხარეებს ჰქონდა 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, როდესაც შეწყდა ურთიერთობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ იყო დაწყებული სასამართლოში საქმის განხილვის დაწყებისათვის, რადგან აპელანტს ქონება ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაბრუნებული და იგი მოპასუხეთა მფლობელობაში იმყოფებოდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უ.-ისათვის გაწეული ხარჯები რაიკოოპერატივს უნდა აენაზღაურებინა. ვინაიდან მოსარჩელეს ქონება ხელშეკრულების გარეშე ჰქონდა გადაცემული რაიკოოპერატივისათვის, რომლის თანხმობითაც შენობას უვლიდა და პატრონობდა ნ.უ.-ე. მანვე გასწია ხარჯები დამწვარი შენობის აღსადგენად. ნ.უ.-ეს რომ არ მოევლო დღეს შენობა აღარ იქნებოდა. შენობის გადაცემა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოსათვის გამოიწვევდა მის გამდიდრებას, რის გამოც საფუძვლიანად მიიჩნია ნ.უ.-ისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება აპელანტის მიერ სკ-ს 987-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება შეგებებული სარჩელი. ამასთან, მოითხოვს მოპასუხეებისათვის 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, 2064 ლარის გადახდის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ დაბა ...-ში, ... მდებარე შენობა აშენებულია 1955 წელს და კოლხიდმშენის ¹7 ტრესტის მიერ 1971 წელს ბალანსზე გადაეცა აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს. მიუხედავად იმისა, რომ 1971 წლიდან სადავო შენობა ირიცხებოდა სამმართველოს ბალანსზე 1957 წლიდან შენობას ხელშეკრულების გარეშე ფლობდა სამომხმარებლო კოოპერატივი, რომელშიც განთავსებული იყო რაიკოოპერატივის სასადილო. აღნიშნულ სასადილოში 1979 წლიდან 1993 წლამდე სასადილოს გამგედ მუშაობდა ნ. უ.-ე. 1990 წელს სასადილოში გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობა ნაწილობრივ დაიწვა. დამწვარი შენობა საკუთარი სახსრებით აღადგინა სასადილოს მაშინდელმა გამგემ ნ.უ.-ემ შენობის აღდგენაში რაიკოოპერატივს არანაირი ხარჯები არ გაუღია.

სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუყენებია, ამიტომ სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

საკასაციო სასამართლო, სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება კასატორის მიერ გასაჩივრებულია ნ.უ.-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, რომლითაც კასატორს ნ.უ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5440 ლარის ანაზღაურება. ამასთან, კასატორი ითხოვს მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრებას ყოველწლიურად 2064 ლარის ოდენობით 10 წლის განმავლობაში.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს 406-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლოში დავის საგნის შეცვლა ან გადიდება დაუშვებელია, რის გამოც პალატა ვერ განიხილავს კასატორის მოთხოვნას ნ.უ.-ისათვის ქირის დაკისრების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას ნ.უ.-ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად სკ-ს 573-ე მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ნაგებობა, აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს ხელშეკრულების გარეშე საგებლობისათვის გადაცემული ჰქონდა ...-ის სამომხმარებლო კოოპერატივისათვის, რომლის თანხმობითაც ნ.უ.-ე ინახავდა და სარგებლობდა ქონებით. მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა სამართლებრივად წარმოადგენს უძრავი ნივთის გაქირავებას ხელშეკრულების გარეშე.

სკ-ს 573-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დამქირავებელს უფლება აქვს, წაუყენოს დამქირავებელს პრეტენზია გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე ექვსი თვის განმავლობაში, ამავე მუხლის მეორე ნაწილი დამქირავებლის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად განსაზღვრავს ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტს. დადგენილია, რომ დამწვარი შენობა ნ.უ.-მ აღადგინა და შენობაში დღესაც მისი ნივთები აწყვია, ხოლო კასატრს სადავო ნაგებობით დღემდე არ უსარგებლია. ამიტომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ დაწყებულა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ასევე სწორად გადაწყვიტა ნ. უ.-ის შეგებებული სარჩელის სათანადო მოპასუხეობის საკითხი სკ-ს 987-ე მუხლის საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორს გაუხდია სადავოდ, ნ.უ.-ის მიერ საკუთარი ხარჯებით დამწვარი შენობის აღდგენა. ზემოხსენებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნ. უ.-ეს ხანძრის შედეგად დამწვარი ნაგებობა რომ არ აღედგინა და ხარჯები არ გაეწია. სადავო შენობა, რომლის გამონთავისუფლებასაც სამმართველო ითხოვს დღეს ფიზიკურად აღარ იქნებოდა, განადგურდებოდა. ამჟამად სადავო ნაგებობის კასატორისათვის გადაცემა გამოიწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სწორად არ იქნა გაზიარებული ნ.უ.-ის მიერ წარმოდგენილი სადავო შენობის კაპიტალურ რემონტზე ჩატარებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება და ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან გაწეული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შედგენილი იყო თვით ნ.უ.-ის მითითებით 2000წ. 23 ივნისს სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ხოლო ექსპერტის 2002წ. 22 ივლისის დასკვნა ემყარებოდა ზემოდხსენებულ ხარჯთაღრიცხვას. სასამართლოს მიერ სწორად იქნა მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტი, რომელმაც ადგილზე დათვალიერებით შეაფასა სამშენებლო და გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება, განსაზღვრა სადავო შენობის საბაზრო და ამჟამინდელი საბალანსო ღირებულება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზიარებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული გაანგარიშება გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრის შესახებ, მით უფრო რომ კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაბუთებული პრეტენზია მის გასაბათილებლად.

ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.