Facebook Twitter

3გ-ად-16-კ-03 26 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა გ. ა.-მ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დაავალდებულებდა მოსარჩელის მივლინებას აღნიშნული სამინისტროს აკადემიაში 1-წლიან კურსებზე.

გ. ა.-ი თავის მოთხოვნას აფუძნებს შემდეგ გარემოებებზე: მან 1995 წელს დაამთავრა განათლების სამინისტროს ლიცენზიის მქონე ქ. თბილისის ბიზნესს ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1999 წელს მონაწილობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში, არის ომის ვეტერანი.

1997 წლიდან მუშაობს უშიშროების სამინისტროში. 1998 წლიდან თხოულობს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში მივლინებას 1-წლიან კურსებზე, რაზედაც ხელმძღვანელობა უარს უცხადებს იმ მოტივით, რომ ხსენებული კურსების გავლის შემდეგ, როგორც წესი, იგი დანიშნულ უნდა იქნეს ოპერატიულ ქვეგანაყოფში, სადაც ჯერჯერობით ვაკანტური ადგილი არ არის.

მოსარჩელისათვის ცნობილია, რომ წინა წლებში სამინისტროს ხელმძღვანელობამ ერთწლიან კურსებზე აკადემიაში მიავლინა ისეთი პირებიც, რომლებიც შემდეგ ოპერატიულ სამსახურში არ გამწესებულან.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა, მოპასუხეს _ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელობას დავალებოდა შესაბამისი ბრძანების გამოცემა, მისი ამავე სამინისტროს აკადემიაში ერთწლიან კურსებზე მივლინების თაობაზე.

მოპასუხის _ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მყარად არის დაწესებული, რომ აკადემიაში 1-წლიან კურსებზე მივლინებული იქნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ოპერატიულ მუშაკებად ითვლებიან და კურსების დამთავრების შემდეგ გარანტირებული აქვთ ოპერატიულ სამსახურში ვაკანტური ადგილი. აქვე მან განმარტა, რომ წინა წლებში გამონაკლისის სახით მოხდა არაოპერატიული მუშაკების აკადემიაში ერთწლიან კურსებზე მივლინება, მაგრამ სამინისტროს დღევანდელი ხელმძღავნელობის მოღვაწეობის პერიოდში ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე გ. ა.-ის სარჩელის გამო სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიმართ, განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაახდო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ა.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის მოტივით.

საოლქოს სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გ. ა.-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორის მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოიყენება კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვტეილების გაუქმებას.

მოწინააღმდეგე მხარემ _ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ საკასაციო საჩივარი არ სცნო და შეპასუხებაში აღნიშნა.

გ. ა.-მა 1995 წელს დაამთავრა განათლების სამინისტროს ლიცენზიის მქონე ქ. თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1997 წლიდან მუშაობს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში. 1998 წლიდან ითხოვს სახელმწიფო უშიშროების აკადემიაში მივლინებას 1-წლიან კურსებზე, რაზედაც ხელმძღვანელობა ეუბნება უარს იმ მიზეზით, რომ ხსენებული კურსების გავლის შემდეგ, როგორც წესი, იგი დანიშნულ უნდა იქნეს ოპერატიულ ქვეგანყოფილებაში, სადაც ჯერჯერობოთ ვაკანტური ადგილი არ არის.

დადგენილი პრაქტიკის მიხედვით და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში ერთწლიან სასწავლო კურსებზე იგზავნებიან მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც ითვლებიან ოპერატიულ მუშაკებად, კასატორი გ. ა.-ი არ ითვლება ოპერატიულ მუშაკად, იგი მუშაობს უშიშროების სამინისტროს საკუთარი უშიშროების სამმართველოს ობიექტების დაცვის განყოფილების მეოთხე ქვეგანყოფილების უფროსად. იგი 2002წ. 4 ნოემბრიდან 2003წ. 5 თებერვლამდე მივლინებულ იქნა ხსენებულ აკადემიაში თავისი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით (როგორც ობიექტების დაცვის თანამშრომელი) 3-თვიან კურსებზე სამხედრო მომზადების სპეციალური კურსების გასავლელად, დღეისათვის აღნიშნული კურსები მან გაიარა და გამოცდების ჩაბარების დროს მიიღო არადამაკმაყოფილებელი შეფასება.

უშიშროების სამინისტრო მიიჩნევს, რომ გ. ა.-ს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის საფუძველზე გ. ა.-ი ითხოვს, უშიშროების სამინისტროს დაევალოს, მისი აკადემიაში 1-წლიან სტაჟირებაზე მივლინება. '

ამდენად, დავის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლების შეზღუდვისაკენ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლება განახორციელოს კანონით მინიჭებულ ფარგლებში, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვთ ეს უფლებამოსილება.

სტაჟირების მიზნით თანამშრომელთა მივლინება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, რომელიც თავისი მიზნებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილია შეარჩიოს ნებისმიერი კანდიდატი.

უშიშროების სამინისტრო, დისკრეციული უფლების გამოყენებისას, არ გადაუჭარბებია მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მითითებული ორგანო შეზღუდოს თავის უფლებებში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბასიად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მითითებული მუხლის დეფინიციას და მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პირის კანონიერი უფლების ან ინეტერესის შელახვის ფაქტი.

გ. ა.-ის მხრიდან საქმეში წარმოდგენილი ვერ იქნა ვერც ერთი გარემოება ან კანონი, თუ კანონქვემდებარე აქტი, რომელიც ითვალისწინებს გ. ა.-ის უფლებას, ხოლო თავის მხრივ, უშიშროების სამინისტროს ვალდებულებას კასატორი მიავლინოს აკადემიაში ერთწლიან კურსებზე, ხოლო გ. ა.-ის მიერ მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითება, რომ სამინისტროს მიერ მოხდა ისეთი პირების აკადემიაში მივლინება, რომელნიც შემდგომში ოპერატიულ სამსახურში არ გამწესებულან, თავისთავად, არ ქმნის კასატორის უფლებების შელახვის საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და როგორც არსებითად სწორი, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.