Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-18-კ-03 23 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი - საჯარო რეესტრში საცხოვრებელი ბინის წილის რეგისტრაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2001წ. 27 თებერვალს ა. ლ-ამ სარჩელით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს დავალებოდა სისრულეში მოეყვანა დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996წ. 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მასში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1997წ. 20 მარტის ¹67 დადგენილებით შეტანილი ცვლილებით იგი ცნობილ იქნა მშობლების კუთვნილი ბინის, მდებარე ... ქ. თბილისი, 1/6 იდეალური წილის მემკვიდრედ. გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით ა. ლ-ამ მიმართა საჯარო რეესტრის სამსახურს, რაზედაც უარი განუცხადეს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სასარჩელო მოთხოვნას ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურისა და თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ლ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში და მოითხოვა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალებოდა ... მდებარე ბინიდან 1/6 ნაწილის აღრიცხვა მის საკუთრებად.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ლ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ხოლო მისი სარჩელი ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის 1/6 ნაწილის მის სახელზე აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო პალატამ უდავოდ მიიჩნია ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის ¹67 დადგენილების საფუძველზე, ა. ლ-ა ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ¹13 ბინის 1/6 წილის მემკვიდრედ.

სააპელაციო მსასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მოთხოვნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სკ-ს 142-ე მუხლის საფუძველზე შეადგენს 10 წელს. ამდენად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მსგავსი განცხადებით მიემართა საჯარო რეესტრის სამსახურისათვის.

ამავე დროს, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის განხილვის პერიოდისათვის აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და იგი არ დააკმაყოფილა შემდეგ გარემოებათა გამო: ბინა, რომლის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრაცია აპელანტმა მოითხოვა, 1997წ. 30 ივისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. და ვ. ლ-ების მიერ გასხვისებულ იქნა შ. წ-ეზე. ის გარემოება, რომ შ. წ-ე წარმოადგენს მითითებული ბინის კეთილსინდისიერ შემძნეს, დადასტურებულია ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 4 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. ამდენად, ბინა ¹13 წარმოადგენს შ. წ-ის საკუთრებას და საკუთრების უფლების კონსტიტუციურობიდან გამომდინარე, რაიონული სასამართლო არ იყო უფლებამოსილი დაეკმაყოფილებინა ა. ლ-ას მოთხოვნა, რომლის საფუძველზე ეს უკანაკსკნელი იქნებოდა მე-3 პირის საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილის მესაკუთრე.

გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში მე-3 პირად ჩაბმულ იქნა შ. წ-ე, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეხებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 მაისის გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ლ-ამ 2003წ. 3 იანვარს საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 ოქტობრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნები შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორმა მიუთითა, რომ მისმა და-ძმამ _ მ. და ვ. ლ-ებმა, მისი თანხმობის გარეშე, 1997წ. 30 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებით ბინა მიჰყიდეს შ. წ-ეს. მანამდე იმავე გარემოებებითა და ფაქტებით აღნიშნული ბინა მიჰყიდეს ვ. ლ-ს, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი, ასევე ბათილად უნდა ეცნოთ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება შ. წ-ის მიმართაც და არსებითი მნიშვნელობა არც აქვს იმას, იგი “კეთილსინდისიერი შემძენია თუ არა". მისი განმარტებით, შ. წ-ემ იცოდა მანამდე არსებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე და გამომდინარე აქედან იცოდა ისიც, რომ მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლებოდა ბინის ყიდვა, რადგან მასაც ეკუთვნოდა წილი;

2. კასატორის განმარტებით, საჯარო რეესტრმა არ განახორციელა მისი მოთხოვნა სათანადო ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ იმ მოტივით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია ახალი სკ-ს ამოქმედებამდე. მისი აზრით, მოცემული განმარტება დაუსაბუთებელია, ვინაიდან სკ-ს 311-ე მუხლის შესაბამისად უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლება რეგისტრაციაში ტარდება საჯარო რეესტრში, ხოლო საქართველოს კანონის “მიწის რეგისტრაციის შესახებ" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: “ამ კანონის მიღებამდე მიწის და მასთან დაკავშირებული უძრავი ქონების მიმართ წარმოშობილი უფლებები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად"

კასატორის აზრით, დაუსაბუთებულია Yთბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უარი, რონელიც უარს აცხადებს შეასრულოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და არ ატარებს რეგისტრაციაში მის წილს 1/6-ს, რომელიც საჯარო რეესტრმა დაუმტკიცა.

აღნიშნულ გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბინა, მდებარე ქ. თბილისში, რომლის 1/6 ნაწილის მესაკუთრედ რეგისტრაციას ითხოვს კასატორი, 1997 წელს 30 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. და ვ. ლ-ების მიერ გასხვისებულ იქნა შ. წ-ეზე. კასატორმა აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი აღძრა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამრთლოში იმ საფუძვლით, რომ მ. და ვ. ლ-ებს არ ჰქონდათ უფლება მისი ნებართვის გარეშე გაესხვისებინათ ბინა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ 2000წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ა. ლ-ას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შ. წ-ის შეგებებული სარჩელი და იგი ცნობილ იქნა სადავო ბინის კეთილსინდისიერ შემძენად. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული როგორც სააპელაციო სასამართლოს, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ და ამჟამად კანონიერ ძალაშია შესული. საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოების საფუძველზე იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა წარმოადგენს მესამე პირის, შ. წ-ის საკუთრებას, რომელიც ამავე დროს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით აღნიშნული ბინის კლეთილსინდისიერ შემძენად არის ცნობილი და საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე შეუძლებელია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რის საფუძველზე ეს უკანასკნელი შ. წ-ის საკუთრებაში არსებული ბინის ნაწილის მესაკუთრე გახდება მესაკუთრის ნების გარეშე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრმა მას დაუმტკიცა სადავო ბინის 1/6 წილის ფართი, რადგან მოცემული საქმის დავის საგანს სწორედ საჯარო რეესტრისადმი ბინის ნაწილის რეგისტრაციის მოთხოვნა წარმოადგენს. ამავე დროს კასატორს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება ამ ფაქტის რაიმე მტკიცებულება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ლ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

3. ა. ლ-ას გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.