გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-19-კ-03 21 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული გარიგების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 28 ივნისს ნ. ხ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2002წ. 10 მაისის ¹9-კ ბრძანების არაკანონიერად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურებით იმ საფუძვლით, რომ 2001წ. 12 სექტემბერს მუშაობა დაიწყო გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადების განყოფილებაში ...ად. 2002წ. 1 მაისს საგადასახადო ინსპექციის უფროსმა მას და სხვა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო უნდა დაეწერათ განცხადება განთავისუფლების შესახებ, შემდეგ კი მოხდებოდა მათი ხელახალი დანიშვნა. მან სხვა თანამშრომლებთან ერთად ინსპექციის უფროსის კარნახით დაწერა განცხადება სამუშაოდან განთავისუფლებაზე. 2002წ. 10 მაისს საგადასახადო ინსპექციის უფროსმა გამოსცა ბრძანება პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს კანონის «საჯარო სამსახურის შესახებ» 95-ე მუხლის საფუძველზე მისი განთავისუფლების შესახებ. რამდენადაც ეს ბრძანება მისთვის არ იყო ცნობილი და არც ჩაუბარებიათ, მოსარჩელე აგრძელებდა თავის მოვალეობის შესრულებას, რაც დგინდება მოსამსახურეთა გამოცხადების ჟურნალში მისი ხელმოწერებით და მის მიერ სხვადასხვა ობიექტების შემოწმებისას შედგენილი აქტებით. მან ბრძანების ასლი მიიღო 26 მაისს. ბრძანება მისი განთავისუფლების შესახებ არ არის კანონიერი, ვინაიდან განცხადება თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ მას მოტყუებით დააწერინეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არაკანონიერად იქნა ცნობილი გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის, გ.კ-ის, 2002წ. 10 მაისის ¹9-კ ბრძანება და ნ. ხ-ე აღდგენილ იქნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის აკრეფის განყოფილების საგადასახადო ...ის თანამდებობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ.ხ-ემ სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ არ იცოდა 2002წ. 17 მაისამდე. საოლქო საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი, სამსახურში გამოცხადების ჟურნალის მიხედვით, მოსარჩელის სამსახურში გამოცხადება დაფიქსირებულია მაისის ბოლომდე. ასევე დადასტურებულია, რომ 17 და 25 მაისს მან საოლქო საგადასახადო ინსპექციის თანამშრმლებთან ერთად ჩაატარა ავტოგასამართ სადგურში მაზუთის და თხევადი საწვავის ინვენტარიზაცია, რაზეც შედგენილია ოქმები. მოსარჩელეს სარჩელის შეტანამდე არ ჩაბარებია შრომის წიგნაკი. ნ.ხ-ეს განცხადება განთავისუფლების შესახებ დაწერილი აქვს 2002წ. 1 მაისს. ბრძანება მისი განთავისუფლების შესახებ გამოცემულია 10 მაისს, რაც ეწინააღმდეგება შკკ-ს 32-ე მუხლს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ, თბილისის საოლქო სასამართლოში შემდეგი საფუძვლით: აპელანტმა მიუთითა, რომ ხ-ემ თანამდებობიდან განთავისუფლებაზე განცხადება დაწერა საკუთარი ნებით, საგადასახადო ლუქი არ ჩააბარა მიზანმიმართულად და უკანონოდ ახორციელებდა ავტოგასამართ სადგურზე მაზუთის და თხევადი საწვავის ლუქების დადებას, ხოლო ჟურნალში ხელის მოწერა არ ნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ნოემბრის განჩინებით გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
1. სააპელაციო პალატის აზრით ნ.ხ-ის 2002წ. 1 მაისის განცხადების შინაარსიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ითხოვს რეზერვში გადაყვანას. ამასთან აღნიშნული განცხადება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოში რეგისტრირებული არ არის, მასზე არ არის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ხ-ე 2002წ. 10 მაისის შემდეგაც აგრძელებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ხელს აწერდა გამოცხადების ჟურნალს. მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცემულ იქნა, გარდა აღნიშნული დარღვევებისა, შკკ-ს 32-ე მუხლით დადგენილი ვადების გაუთვალისწინებლად. ადმინისტრაციას მასთან საბოლოო ანგარიში არ გაუსწორებია და არც შრომის წიგნაკი დაუბრუნებია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლით სამუშაოდან დათხოვნისას მუშაკს შრომის წიგნაკს აძლევენ დათხოვნის დღეს, ხოლო მე-19 მუხლით შრომის ხელშეკრულება (კონტრაქტი) დადებულად ითვლება მაშინაც, როცა ბრძანება ან განკარგულება არ იყო გაცემული, მაგრამ მუშაკი ფაქტობრივად დაშვებული იყო სამუშაოდ იმ თანამდებობის პირის მიერ ვისაც ამ სამუშაოზე მიღებისა და განთავისუფლების უფლება აქვს. საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ მე-14 მუხლით: საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ კანონით არ წესრიგდება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
2002წ. 23 დეკემბერს გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
1. კასატორი აღნიშნავს, რომ ნ.ხ-ემ საკუთარი ნებით დაწერა განცხადება. სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ გაითვალისწინა, ხოლო კითხვაზე, თუ რაში გამოიხატებოდა ინსპექციის უფროსის ზეწოლა, მოსამართლემ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები.
2. კასატორი მიუთითებს, რომ ნ.ხ-ემ საგადასახადო ლუქი (ნომერი უცნობია) მიზანმიმართულად არ ჩააბარა საგადასახადო ინსპექციას და უკანონოდ ახორციელებდა ავტოგასამართ სადგურზე მაზუთისა და თხევადი საწვავის ლუქების დადებას. მისთვის ცნობილი იყო განთავისუფლების საფუძველი და მოტივი, რადგანაც მას თავისი ხელით ჰქონდა დაწერილი განცხადება განთავისუფლების შესახებ, ამიტომ საგადასახადო ინსპექციამ საჭიროდ არ ჩათვალა, გაეფრთხილებინა თავისი ყოფილი თანამშრომელი. რაც შეეხება სამსახურებრივ გამოცხადების ჟურნალს (თითქოს იგი ცხადდებოდა და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას), კასატორს მიაჩნია, რომ ხელის მოწერა ჟურნალზე არ ნიშნავს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
3. კასატორის აზრით, სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმოადგენელმა ვ.ძ-მა მოითხოვა მოსამართლის აცილება იმ მოტივით, რომ 2002წ. 5 ივლისს საგადასახადო ინსპექციის აკრეფის განყოფილების ყოფილი ...ის, რ.ნ-ის, სასარჩელო განცხადება სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა მოსამართლის, თ.შ-ის, მიერ. მან საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და არ აიცილა ზემოაღნიშნული საქმე, რითაც დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის «დ» პუნქტი.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა საკასაციო საჩივრის საფუძველი და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სარჩელის ხანდაზმულობის გამო, ვინაიდან მოსარჩელე ნ.ხ-ის მიერ სარჩელი სასამართლოში შეტანილი იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული ერთთვიანი ვადის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ნოემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ხ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ იმსჯელა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ნ. ხ-ე 2002წ. 10 მაისის ¹9 ბრძანებით განთავისუფლებულ იქნა გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის აკრეფის განყოფილების საგადასახადო ...ის თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 95-ე მუხლის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე ნ.ხ-ისათვის მისი თანამდებობიდან განთავისუფლების ფაქტი ცნობილი გახდა 2002წ. 17 მაისს, ხოლო ბრძანება ჩაბარდა 26 მაისს. აღნიშნულ გარემოებებზე თავად მოსარჩელე მიუთითებს სასარჩელო განცხადებაში.
ე.ხ-ეზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, ვრცელდება «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მოთხოვნები. ამ კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე - მოქმედება.
დადგენილია, რომ ნ.ხ-ემ გორის რაიონული სასამართლოს სარჩელით სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მიმართა 2002წ. 28 ივნისს, ანუ მას შემდეგ, როდესაც გასული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა. ამ ვადის შეცვლა ან აღდგენა მითითებული კანონით გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ნ. ხ-ის სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გორის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 ნოემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.