გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-20-კ-03 21 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ტექინვენტარიზაციის ბიუროს გეგმა-ნახაზის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2001წ. 26 დეკემბერს გ. მ-მა ყვარლის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მოპასუხე ყვარლის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიმართ და 1971, 1989 და 2000 წელს შ. ი-ის 1958 წელს აგებულ სახლზე საპროექტო ბიუროში შექმნილი გეგმა ნახაზების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ბიუროში შექმნილი გეგმა ნახაზები არ შეესაბამება ქ. ყვარლის გენერალურ გეგმას, რომელშიც შ. ი-ის საცხოვრებელი სახლის ნახაზზე არ არის გამოსახული “საწვეთი”, სახლი დახაზულია მიჯნაზე, სადავო ნახაზებში კი სახლს უკანა მხარეს დაყოლილი აქვს 0,5 მეტრი “საწვეთური”.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 იანვარს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შ. ი-ი.
2002წ. 29 მაისს საქმის მთავარ სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა სარჩელი და შ. ი-ის სახლზე 1968, 1971, 1989 და 2000 წლების გეგმა-ნახაზების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა შ. ი-მა თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2003წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ს მე-80 მუხლი, რომლის თანახმადაც სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო თავისი უფლების დარღვევა. ტექნიკური ბიუროს მიერ შედგენილი გეგმა-ნახაზების შესახებ მან მხოლოდ 2001წ. აპრილის თვეში შეიტყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 29 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და მისი დაზუსტებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლიდან გამომდინარე გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს ნახაზები ადმინისტრაციულ აქტებს არ წარმოადგენენ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ყვარლის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროში 1968, 1971, 1989 და 2000 წლებში ქ. ყვარელში, ... მდებარე სახლზე შედგენილი გეგმა-ნახაზების ბათილად ცნობა, ვიდრე სადავოდ არ არის გამხდარი ის ადმინსტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც შედგენილ იქნა ეს ნახაზები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. მ-ი იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით ასაჩივრებს და ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლას, მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ტექინვენტარიზაციის ბიუროსათვის დაკისრებას და 1968, 1971, 1989 და 2000 წლების გეგმა-ნახაზების ბათილად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად: ადმინისტრაციული აქტი – ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ შედგენილი გეგმა-ნახაზი არ ესადაგება კანონში მოყვანილ განმარტებას ადმინისტრაციული აქტის თაობაზე, რადგან მითითებული გეგმა-ნახაზი არ აწესებს, ცვლის, არ წყვეტს ან არ ადასტურებს პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, უფრო მეტიც, იგი დამოუკიდებლად არც სამართლებრივ შედეგს იწვევს.
საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. მ-ს უნდა გაესაჩივრებინა არა ტექინვენტარიზაციის გეგმა-ნახაზი, არამედ ის ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც იქნა შედგენილი ეს ნახაზები. ამდენად, უსაფუძვლოა ყვარლის რაიონის ტექინვენტარიზაციის ბიუროში შედგენილი გეგმა-ნახაზების ბათილად ცნობა, ვიდრე სადავო არ არის გამხდარი ის ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც არის შედგენილი აღნიშნული ნახაზები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 1 ნოემბრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.