3გ-ად-25-კ-03 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე,),
ნ. სხირტლაძე, ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ქ. თბილისში 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. ლ-ემ, ნ. ლ-ემ, ა. ჯ-მა, ნ. ჭ-ემ, რომელთა ქონება განადგურდა ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად, სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, მოპასუხეების _ ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ სასარგებლოდ მოპასუხეებზე 349015 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაკისრება, კერძოდ, 80873 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ნ. ლ-ის სასარგებლოდ, 472347 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ჯ. ლ-ის სასარგებლოდ, 95220 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ნ. ჭ-ის და 125705 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში ა. ჯ-ის სასარგებლოდ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 23.04.01წ. განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 03.10.2000წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნები. საქმის მომზადების სტადიაზე საოლქო სასამართლოს კოლეგიას მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა 156-მა დაზარალებულმა. სასამართლო კოლეგიამ სსკ-ს 182.4 მუხლის საფუძველზე მიზანშეწონილად ჩათვალა ნ. ლ-ის, ჯ. ლ-ის, ნ. ჭ-ის, ა. ჯ-ის და 156 მოსარჩელის სასარჩელო მასალების ერთ წარმოებად გაერთიანება. მოსარჩელეებმა _ ჯ. და ნ. ლ-ეებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მათი სასარჩელო მასალების ცალკე წარმოებად გამოყოფა და განსჯად სასამართლოსათვის გადაცემა. საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 12.12.01წ. განჩინებით ნ. და ჯ. ლ-ეების განცახდება დაკმაყოფილდა, მათი სასარჩელო მასალები გამოეყო ადმინისტრაციულ საქმეს და გადაეცა განსახილველად ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლის 14.03.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისრა ნ. ლ-ის სასარგებლოდ 80.873 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის და ჯ. ლ-ის სასარგებლოდ 47237 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
14.03.02წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის პრემიერის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.11.02წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულების, 16.07.96წ. განკარგულების საფუძველზე მიიჩნია, რომ დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება ევალებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ქ. თბილისის მერიას _ საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დაფინანსება. დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ანაზღაურება ქ. თბილისის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებით დაეკისრა. პალატამ აღნიშნა, რომ მერია ამჟამადაც ახორციელებს არასაცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხებიდან დაზარალებულისათვის მიუყენებელი ზარალის ანაზღაურებას, ქ. თბილისის 2002წ. ბიუჯეტში ამ მიზნით გათვალისწინებული იყო 560 ათასი ლარის ანაზღაურება დაზარალებული მოსახლეობისათვის.
სააპელაციო პალატის 19.11.02წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის პრემიერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ქ. თბილისის პრემიერი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მერია მოცემულ დავაში არ წარმოადგენს სოლიდარულ მოპასუხეს, საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მატერილაური ზიანის ანაზღაურება ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა. აღნიშნულ ურთიერთობებში სახელმწიფო არის ერთადერთი მოვალე. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ. თბილისის მერიამ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები, კერძოდ, ააშენა, აღადგინა და ექსპლუატაციაში ჩააბარა 20 საცხოვრებელი სახლი 46200 კვ.მ საერთო ფართობით, რომელთა სამუშაოების კაპიტალური დაბანდების თანახმად შეადგინა 1.034622 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. კასატორი თვლის, რომ დაზარალებული ოჯახების დარჩენილი მატერიალური ზარალის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სსკ-ს 409-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა სააპელაციო პალატის 19.11.02წ. განჩინების გაუქმება ქ. თბილისის მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს 19.11.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ, ¹180 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებელად თანხების გათვალისწინება სახელმწიფოს 1996-97 წლების ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ბიუჯეტის შესახებ კანონში თანხების დამტკიცება პარლამენტის კომპეტენციას შეადგენს, ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემს თანხებს, ვინაიდან ბიუჯეტის შესახებ კანონებით თანხები გათვალისწინებული არ არის. სახელმწიფომ, აღიარა რა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, შეიმუშავა საამისოდ რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა, კერძოდ, მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილება, 26.07.96წ, ¹189 განკარგულება და 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულება, რომელთა მიხედვით სხვადასხვა დროს სხვადასხვა უწყებებს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა. სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა მოსახლეობისთვის თანხების გამოყოფას, ამ მიზნით სადღეისოდ შემუშავებულია “ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურების ღონისძიებების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ხანდაზმულია. კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა უსაფუძვლოდ მიიჩნია საკასაციო საჩივრების მოტივები. ამასთანავე, მოსარჩელეების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2002წ. დეკემბრის თვეში ნ. და ჯ. ლ-ეებს მიღებული აქვთ მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაცია, რის გამო შემცირებულია ზარალის ანაზღაურების თანხები. სადღეისოდ მოქ. ნ. ლ-ეს მისაღები აქვს 78480 აშშ დოლარის, ხოლო ჯ. ლ-ეს _ 45843 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. მარწმუნებლებმა _ ნ. და ჯ. ლ-ეებმა დაადასტურეს მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიღება და წარმოადგინეს 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის 23.04.03წ. 43/1 ¹44/1 ცნობები.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფიდლეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების, საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197, 26.07.96წ. ¹180, 01.12.97წ. ¹704 ბრძანებულებით საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა 1991-92 წლების დეკემებერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის ვალდებულება, შემუშავდა ზარალის ანაზღაურების პროგრამა, შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელთა შემადგენლობაში შევიდნენ მოპასუხეების წარმომადგენლები. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად ცნობად იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების დასკვნები და 1991-92წწ. დეკემებრე-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი 8 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხით განისაზღვრა. საქმეში დაცული 1992 წ. იანვარში გაცემული დეკლარაციების საფუძველზე დასტურდება, რომ ჯ. ლ-ეს კუთვნილი განადგურებული ქონების ღირებულებამ (საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 1589200 მანეთი, ხოლო ნ. ლ-ის ქონების ღირებულებამ _ 3027550 მანეთი. მოსარჩელეები შეყვანილი არიან თბილისის მთავრობის 24.01.01წ. ¹01.15.12 დადგენილებით დამტკიცებული 1991-92წწ. დეკემბერ-იანვრის მოველენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ქონებრივი ზარალის კომპენსაციის ამსახველ სიაში. ანაზღაურებული თანხის გათვალისწინებით მოპასუხეებს ლ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 80.873, ხოლო ჯ. ლ-ის სასარგებლოდ _ 47237 აშშ დოლარის ანაზღაურება. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით და 26.07.96წ. განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამების შესაბამისად მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად დაევალა 1996წ. დამატებითი, მათ შორის არასაბიუჯეტო სახსრების გამოყოფა, 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დანარჩენი თანხების ანაზღაურების გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, დაზარალებული მოსახლეობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურებისათვის არ იქნა გათვალისწინებული კომპენსაციის თანხები.
საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად ზარალის ანაზღაურებას ქ. თბილისის მერიისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
მინისტრთა კაბინეტის 31.05.94წ. ¹336 დადგენილების მე-9 პუნქტის მიხედვით ქალაქის მერიას, ვააჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან ერთად დაევალა დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა. საქართველოს პრეზიდენტის 28.02.96წ. ¹197 ბრძანებულებით თბილისის მერიას ზარალის ანაზრაურების მიზნით დაევალა 1996წ. 1 ოქტომბრამდე 5 მლნ ლარის გამოყოფა. საქართველოს პრეზიდენტის 26.07.96წ. ¹180 განკარგულების მიხედვით მერიას უნდა უზრუნველეყო დაზარალებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მლნ ლარის ფარგლებში. აღნიშნული განკარგულებით მერიას მხოლოდ საცხოვრებელი ბინის მშენებლობის დაფინანსება ევალებოდა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 01.12.97წ. ¹¹704 ბრძანებულებებით არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზებიდან შემოსული თანხები გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1991-92წწ. მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც ქ. თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. აღნიშნული ბრძანებულების შემდეგ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 10.09.98წ. მიიღო ¹17.05.377 დადგენილება, რომლითაც მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გაცემის წესის შემუშავების მიზნით შეიქმნა კომისია, ქ. თბილისის ბიუჯეტში შექმნილი მიზნობრივი ფონდიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის კომპენსაციის მიზნით განისაზღვრა სახსრების გადარიცხვის განხორციელების წესი, დაზარალებული მოსახლეობისათვის თანხების გაცემა კომისისიის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით, გასაცემი თანხების იდექსაცია. ქ. თბილისის მთავრობის 24.01.01წ. 01.15.12 დადგენილებით დამტკიცდა დაზარალებული მოსახლეობისათვის, მათ შორის მოსარჩელეთა _ ჯ. და ნ. ლ-ეების, მატერიალური ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილები. გარდა ამისა, “საბიუჯეტო სისტემის და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად “სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ" კანონის თანახმად, დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად ქ. თბილისის ბიუჯეტი განისაზღვრა ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები სხვადასხვა გადასახადების ანარიცხებიდან. კასატორების: ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას შორის 05.08.2000წ. დადებული შეთანხმება, რომელიც არ ითვალისწინებს 1991-92წწ. იანვარ-დეკემბრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თანხებს, არ წარმოადგენს ზარალის სოლიდარული ანაზღაურებისაგან მერიის გათავისუფლების საფუძველს.
ამდენად, მითითებული ნორმების საფუძველზე ცხადია, რომ რიგი ღონისძიების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების ვალდებულება სკ-ს 463-ე, 992-ე მუხლების საფუძველზე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში, სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვადლებულება ძალაში რჩება, რის გამო საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლის პალატის მოსაზრებას დაზარალებულთა სასარგებლოდ მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად ზარალის ასანაზღაურებელი თანხების დაკისრების თაობაზე. ამასთანავე, სასამართლო განუმარტავს კასატორს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება. ვინაიდან ნინა და ჯ. ლ-ეებს 2002წ. დეკემბრის თვეში მიღებული აქვთ მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კოპენსაცია შემცირებულ უნდა იქნეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 14.03.02წ. გადაწყვეტილებით და სააპელაციო სასამართლოს 19.11.92წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიაზე სოლიდარულად დაკისრებული თანხები. 1991-92წ.წ დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის 23.04.03წ., ¹43/1 და ¹44/1 ცნობების თანახმად ანაზღაურებული თანხების გაქვითვის შედეგად შემცირდა საკომპენსაციო თანხა. შესაბამისად, მოპასუხეებს ჯ. ლ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 45843, ხოლო ნ. ლ-ის სასარგებლოდ 78480 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
საკასაციო პალატა არ იზიარებს ფინანსთა მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. მართალია, მოსარჩელეებს ზარალი 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად მიადგათ, ხოლო სარჩელი ზარალის ანაზღაურების შესახებ 2001 წელს აღიძრა, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა, მთელი რიგი აქტებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ ურყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სამოქალაქო კოდექსის (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, რის გამო უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება დაზარალებულთა მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ.
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის მე-5 მუხლის “უ" ქვეპუნქტის საფუძველზე საკასაციო პალატა თვლის, რომ თანამოპასუხეებს არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 19.11.2000წ. განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ნ. ლ-ის და ჯ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიას სოლიდარულად დაეკისროთ ნ. ლ-ის სასარგებლოდ 78480 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის, ხოლო ჯ. ლ-ის სასარგებლოდ 45843 აშშ დოლარის შესაბამისი ეროვნული ვალუტის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.