3გ-ად-26-კ-03 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 2 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლის საფუძველზეც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... ქ. ¹... ბინა 35-ზე 1995წ. 12 აპრილს გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების გაუქმება და ამ ბინაში მცხოვრები მოქალაქეების – მ. ს.-ის, ა., ც. და მი. გ.-ეების გამოსახლება იმ მოტივით, რომ ბინა თავდაპირველად ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილი ¹...-ს, ხოლო შემდეგ სამართალმემკვიდრეობის წესით გადაეცა საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პრივატიზაცია იყო უკანონო, რადგან ბინა იყო საუწყებო და მისი გამოყენება უნდა მომხდარიყო სამსახურებრივი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1982წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილებით კი სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში. აპელანტი მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა ქ. ბათუმის მერიის 2001წ. 7 სექტემბერის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმში ... ¹... და ...-ში საცხოვრებელი სახლები 1999 წლამდე ირიცხებოდა რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე, ხოლო 1999 წლიდან აღნიშნული სახლები ირიცხება საქართევლოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე. სასამართლომ იგნორირება გაუკეთა აღნიშნულ დოკუმენტს, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
ქ. ბათუმის აღმასკომს გ. ს.-ის ბინაში შესახლებაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, არ არსებობს ასევე საბინაო ორდერი და საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მ. ს.-ის ბინით დაკმაყოფილება არ მომხდარა კანონიერი საფუძვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევდა, რომ პრივატიზაცია განხორციელებულია კანონის უხეში დარღვევით და ბათილია.
სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
აჭარის ა/რ უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
ძალაში იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული განჩინება საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემეკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციული სამსახურის ბინები, მათ შორის Mქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში მდებარე ბინა ¹35. აღნიშნული ბინა ირიცხება აჭარის რეიონალური სამმართველოს ბალანსზე.
1995წ. 12 აპრილს ქ. ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობაში მ. ს.-ის სახელზე, კანონის უხეში დარღვევით, გაფორმდა პრივატიზაცია, რაც გამოიხატება შემდეგში: საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მიხედვით სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
მ. ს.-ეს არ გააჩნია საბინაო ორდერი, რაც ერთადერთი და კანონით გათვალისწინებული აუცილებელი პირობაა ბინაში შესახლებისთვის და შემდეგ მისი პრივატიზაციისათვის. ბინის პრივატიზაციისათვის საჭიროა აგრეთვე იმ ორგანიზაციის თანხმობა, რომლის ბალანსზეც ირიცხება ბინა. არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტი ს.-ს არ გააჩნია და არც შეიძლება ჰქონოდეს, რადგანაც იგი არასდროს ყოფილა სამხედრო მოსამსახურე და შესაბამისად, მისი სამსახურებრივი ბინით დაკმაყოფილება კანონიერ საფუძველზე არ მომხდარა.
ქ. ბათუმის აღმასკომის 1988წ. 27 აპრილის ¹389 გადაწყვეტილებით აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემულ იქნა სამხედრო მოსამსახურე მ. პ.-ზე. თუ საიდან მოხვდა აღნიშნულ ბინაში მ. ს.-ე _ გაუგებარია.
კასატორის განმარტებით ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მ. ს.-ემ ბინა დაიკავა თვითნებურად, ბინის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტების გარეშე და მის სახელზე გაფორმებული პრივატიზაციაც შესაბამისად, უკანონოა.
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ სცნო და მიუთითა, რომ სადავო ბინა კასატორს არ გადასცემია, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ უკანასკნელის მხრიდან სასამართლო განხილვის ვერცერთ სტადიაზე წარმოდგენილი ვერ იქნა, შესაბამისად ის სადაო ბინაზე წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს, რის გამოც, წარმომადგენელი ითხოვდა, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელედ დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა არ წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას და აღნიშნული ირიცხებოდა აღმასკომის კომუნალურ ფონდში.
კერძოდ, ქ. ბათუმის აღმასკომის 20.01.82წ. ¹24 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა ¹... სამხედრო ნაწილის თხოვნა და ცხრასართულიანი სახლის მშენებლობის მიზნით ამ უკანასკნელს გამოეყო მიწის ნაკვეთი.
აღმასკომის 1988წ. 27 აპრილის ¹384 გადაწყვეტილებით ექსპლუატაციაში შევიდა ¹... სამხედრო ნაწილის ორი 54 ბინიანი საუწყებო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ბათუმში ... ქ. ¹... და ¹...-ში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ... ¹94-ში განთავსებული ბინა აშენებისთანავე წარმოადგენდა სამხედრო ნაწილის საცხოვრებელ ფონდს.
ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების I პუნქტის შესაბამისად, საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილი მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. მითითებული ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის საბინაო ფონდში, წარმოადგენენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ... ქ. ¹...-ში განთავსებულ ¹... სამხედრო ნაწილის საუწყებო ბინა, ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სარდლის ზემოთ მითითებული ბრძანების საფუძველზე, ავტომატურად გადაყვანილი იქნა სამსახურებრივი დანიშნულების კატეგორიაში, რის გამოც, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ბინა მიეკუთვნებოდა კომუნალური ფონდის ბინას.
საკასაციო სასამართლო ასევე უდავოდ მიიჩნევს, რომ მითითებული ბინის პრივატიზაცია აკრძალული იყო “საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107-ე დადგენილების მე-3 პუნქტით, მაგრამ ამასთან თვლის, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგონალური სამმართველოს მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობაზე ხანდაზმულია და მითითებული მოტივით ვერ იქნება დაკმაყოფილებული.
ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში, ბინა 35-ზე მ. ს.-ის მიერ პრივატიზაცია განხორციელებულია 1995წ. 12 აპრილს.
სარჩელი საქართევლოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ შეტანილია 2000წ. 02 ნოემბერს.
საქმეში წარმოდგენილია იმ ბინების ჩამონათვალი, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მხრიდან ექვემდებარებოდნენ ინვენტარიზაციას. სადავო ¹35 ბინა მითითებულ ნუსხაში არ მოხვედრილა. კასატორის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადავო ბინა, თუნდაც უკანონო პრივატიზაციაზე მითითებით, რუსეთის სამხედრო ნაწილის მიერ გადმოცემული იქნა კასატორზე.
აღნიშნული კი უდავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ თავდაპირველი მესაკუთრისათვის ¹... სამხედრო ნაწილისათვის ცნობილი იყო მ. ს.-ის მხრიდან ბინის პრივატიზაციის ფაქტი, რაც მას სადოად არ გაუხდია.
სკ-ს 143-ე მუხლის შესაბამისად, თუ ნივთი, რომლის მიმართაც არსებობს სანივთო მოთხოვნა, უფლებამონაცვლეობის გზით მე-3 პირის მფლობელობაში აღმოჩნდა, მაშინ უფლებრივი წინამორბედის მფლობელობაში გასული ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება აგრეთვე უფლებამონაცვლის მიმართაც.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხანდაზმულობის კანონით დადგენილი 3 წლიანი ვადა გასული იყო თავდაპირველი მესაკუთრის ხელში, რის გამოც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი მესაკუთრე ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ხელშეკრულების ბათილობა და შესაბამისად ნივთის უკან გამოთხოვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და II ნაწილებით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებით საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელს ქ. ბათუმში, ... ქ. ¹...-ში, ბინა 35-ზე ვ. ს.-ესა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ¹6 საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციას შორის 1995წ. 12 აპრილს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილობასა და მოპასუხეების ა. გ.-ის, ც. გ.-ის, მი. გ.-ისა და ჟ. ს.-ის გამოსახლებაზე ეთქვას უარი ხანდაზმულობის მოტივით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.