Facebook Twitter

3გ-ად-27-კ-03 20 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 1 ივნისს ლ. მ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: მ., ლ. და ო. კ.-ეების მიმართ და მოითხოვა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის საცხოვრებელ ბინაზე მიშენებული ღია აივნიდან, მისი ბინის სახურავსა და კედლებზე ჩამოედინება ატმოსფერული ნალექი, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ლ. მ.-ის საცხოვრებელ ოთახს. სკ-ს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესები და არ მიადგეთ ზიანი. აღნიშნულზე დაყრდნობით ლ. მ.-ე ითხოვდა, მოპასუხეებს მის საცხოვრებელ ოთახში ჩაეტარებინათ სარემონტო სამუშაოები ან გადაეხადათ საამისოდ საჭირო თანხა – 500 ლარის ოდენობით.

მოპასუხე ო. კ.-ემ სარჩელი არ ცნო და თავის მხრივ შეგებებული სარჩელის საფუძველზე მოითხოვა 1. ქ. ბათუმის მერიის 1998წ. 28 მაისის ¹14 აქტის ბათილად ცნობა; 2. ლ. მ.-ის მიერ განხორციელებული თვითნებური მინაშენის დარღვევა და საცხოვრებელი ბინის 1969წ. ნახაზებით დადგენილ ზომებში მოყვანა; 3. ლ. მ.-ისათვის მის სასარგებლოდ 1000 ლარის დაკისრება.

მოგვიანებით ო. კ.-ის მიერ დაზუსტებული შეგებებული სარჩელის საფუძველზე მხარემ დამატებით მოითხოვა: ლ. მ.-ეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა წარმომადგენლის ხარჯების, 610 ლარის, ანაზღაურება, მისი აივნის, ოთახის სახურავად გამოყენებისათვის – 50 ლარის ყოველთვიურად, კომპენსაციის მიზნით დაკისრება და ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად აივნის აწევით გამოწვეული ზიანის – 400 ლარის ანაზღაურება.

ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ო. კ.-ეს დევალა მოსარჩელე ლ. მ.-ისათვის ნება დაერთო მის ბინაში ზიანის გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად ქ. ბათუმში, ... მდებარე ღია აივანი 8.48 კვ/მ ფართით, მოეპირკეთებინა მეტლახის ფილებით ან ბეტონის დუღაბით.

მოპასუხეს დაეკისრა ექსპერტიზისათვის გადახდილი ხარჯის – 100 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 12 ლარის მოპასუხის სასარგებლოდ გადახდა.

ლ. მ.-ს უარი ეთქვა იმ მოთხოვნაზე, რომლითაც ო. კ.-ეს დაევალებოდა ღია აივნის შეკეთება, მეტლახის ფილების დაგება და ბეტონის დუღაბის გაკეთება.

ო. კ.-ის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ.-ემ რომელმაც სააპელაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სრულად იქნებოდა დაკმაყოფილებული მისი შეგებებული სარჩელი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ო. კ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. Bბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

ო. კ.-ს დაევალა მოსარჩელე ლ. მ.-ისათვის ნება დაერთო და ხელი არ შეეშალა მისი ღია აივნის ქვეშ არსებული ბინის ზიანის გამომწვევი მიზ.- აღმოსაფხვრელად თავისივე ხარჯებით ჩაეტარებინა საიზოლაციო-მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

მოსარჩელე ლ. მ.-ს უარი ეთქვა მოპასუხე ო. კ.-ეზე ზიანით მიყენებული თანხის დაკისრებაზე უსაფუძვლობის გამო, უარი ეთქვა ასევე ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადახდილი თანხის დაკისრებაზეც.

არ იქნა დკმაყოფილებული ო. კ.-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა მიშენებული აივნის მოშლასა და სასამართლო ხარჯების დაკისრებაზე უსაფუძლობისა და ხანდაზმულობის მოტივით. ასევე უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ღია აივანი არ ყოფილიყო გამოყენებული ლ. მ.-ის ჭერად, ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს: ო. კ.-ის სახლი ღია აივანთან ერთად აშენებულია 1934 წელს. აივანი, ო. კ.-ს არ დაუზიანებია, რის გამოც, ზარალი, რომელიც მიადგა ლ. მ.-ს, ატმოსფერული ნალექების ჩადინების გამო, გამოსწორებულ უნდა იქნეს ამ უკანასკნელის მიერვე.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ლ. მ.-ის მითითება სკ-ს 219-ე მუხლის I ნაწილის “ა” პუნქტზე და განმარტა, რომ ლ. მ.-ე ბინის გაფართოებისას იმთავითვე უშვებდა იმ სავარაუდო შედეგს, რაც შესაძლოა, აღნიშნულს მოჰყოლოდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, მოპასუხის ბრალი დამდგარი შედეგისადმი გამორიცხული იყო და მოთხოვნაც ზიანის ანაზღაურების ნაწილში ჩათვალა უსაფუძვლოდ.

რაც შეეხება ო. მ.-ის შეგებებულ სარჩელს, სასამართლომ მიუთითა, რომ ო. მ.-ის წარმომადგენელმა სარჩელი მოხსანა მერიის არქიტექტურის სამსახურის 1998წ. 28 მაისის ¹14 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, რის გამოც აღარ არსებობდა აივნის მოშლის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და აღნიშნული მოტივით უარი უთხრა შეგებებულ სარჩელს დაკმაყოფილებაზე.

არ დაეთანხმა რა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, ო. კ.-ემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლის საფუძველზეც საბოლოოდ მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება. აღნიშნულის მოტივად კასატორმა ძირითადად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ განხილული და შემოწმებული არ იქნა მერიის არქიტექტურის სამსახურის 1998წ. 28 მაისის ¹14 აქტის კანონიერება, რომლის მიღებითაც უკანონოდ შეიზღუდა კასატორის კანონიერი უფლებები.

მოწინააღმდეგე მხარის, ლ. მ.-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და თავის მხრივ მიუთითა, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოში მოხსნა მოთხოვნა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის ნაწილში, რის გამოც ეს უკანასკნელი უფლებამოსილი არ არის თავისი მოთხოვნა განმეორებით დააყენოს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ო. კ.-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, მინაშენის მოშლის თაობაზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ უარყოფილია იმ მოტივით, რომ ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის 1998წ. 28 მაისის ¹14 აქტის ბათილად ცნობის ნაწილში ო. კ.-ის წარმომადგენელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა.

საკასაციო პრეტენზიის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ შემოწმებულ იქნა შეგებებული სარჩელის ნაწილზე უარის თქმის ფაქტი, რის შედეგადაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე.

კერძოდ, Aაჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 10 დეკემბრის ოქმის შესაბამისად, აპელანტი ითხოვს 1998წ. 28 მაისის აქტის ნაწილობრივ გაუქმებას.

საქმეში წარმოდგენილია ო. კ.-ის წარმომადგენლის, ს. დ.-ის განმარტება, რომლის შესაბამისადაც წარმომადგენელი ითხოვს სადავო აქტის გაუქმებას. Oო. Kკ.-ის წარმომადგენლის საბოლოო მოთხოვნას შეადგენს სააპელაციო საჩივრისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

სსკ-ს 189-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. შესაბამისად, სარჩელისათვის დადგენილი წესების დაცვით ხდება შეგებებულ სარჩელზე (ან მის ნაწილზე) უარის თქმის დადასტურებაც, რაზედაც სსკ-ს 274-ე მუხლის ანალოგიით, დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა.

საქმეში წარმოდგენილი არ არის საოქმო ჩანაწერი ან განჩინება, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა საფუძველს დაედგინა, ჰქონდა თუ არა აპელანტის წარმომადგენლის მხრიდან შეგებებული სარჩელის მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმის ფაქტს ადგილი.

რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის პრეტენზია მითითებულ ნაწილში მართებულია და გაზიარებულ უნდა იქნეს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სწორად მიიჩნევს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მსჯელობას სკ-ს 219-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, საკასაციო სასამართლო, სსკ-ს 412-ე მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გადაწყვეტილების კანონიერება, რის გამოც საჭიროდ მიიჩნევს, საქმე არსებითად ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. კ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2002წ. 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასას.

4. საქრთველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.