Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ-ად-29-კ-03 22 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის შპს “ტ.”-ს სარჩელი. მოსარჩელეს გადახდილად ჩაეთვალა 63237 ლარი, რაც რეგიონალურ საბაჟოს გადასახდელად დაეკისრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ¹2-1714; შპს “ტ-ს” მომავალ გადასახდელებში გადახდილად ჩაეთვალდა 30375 ლარი თბილისის რეგიონალურ საბაჟოში; გადაწყვეტილებით თბილისის რეგიონალურ საბაჟოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ანგარიშში შპს “ტ-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 20805 ლარი; მასვე გადახდა 9570 ლარის ზედმეტად გადახდილ გადასახადზე საურავი, სულ 30375 ლარი; გადაწყვეტილების მიხედვით 30375 ლარი უნდა აღირიცხოს მოპასუხის გადასახდელ დავალიანებაში და მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს მომავალში შემოტანილი ტვირთის განბაჟების ხარჯებში. გადაწყვეტილება დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მესამე პირმა – ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა შპს “ტ-მა”, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. იმავდროულად შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა, სსკ-ს მე-4 და 48-ე მუხლების საფუძველზე, იშუამდგომლა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადება, რადგან მოწინააღმდეგე მხარე – საბაჟო დეპარტამენტი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით, უსაფუძვლობის მოტივით, არ დააკმაყოფილა შპს “ტ-ის” შუამდგომლობა შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რადგან აპელანტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო ის ფაქტი, რომ აპელანტი _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, არ წარმოადგენს შპს “ტ-ისათვის” ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.

შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სააპელაციო პალატამ იმავე დღის, 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით უმოძრაოდ დატოვა შპს “ტ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი, თანახმად სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, 379-ე მუხლისა და შეგებებული სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, აპელანტს მისცა ვადა 2003წ. 5 მარტამდე.

2003წ. 5 მარტს შპს “ტ-მა” კერძო საჩივარი შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და იგივე მოტივით, სსკ-ს მე-4 და 48-ე მუხლების საფუძველზე, მხარეთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით, შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, რადგან აპელანტი საბაჟო დეპარტამენტი “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონით გათავისუფლებულია ბაჟის შეტანისაგან. კერძო საჩივრის ავტორებს ასევე ეჭვი ეპარებათ მოსამართლე ნ.წ-ის მიუკერძოებლობაში, რის გამოც სსკ-ს 32-ე მუხლის თანახმად, მოითხოვეს ნ.წ-ის თვითაცილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მარტის განჩინებით, დაუშვებლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა შპს “ტ-ის” კერძო საჩივარი და სსკ-ს 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გაურკვეველია თუ რომელ განჩინებას ასაჩივრებს კერძო საჩივრის ავტორი, შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებას თუ სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებლობაზე უარის თქმის განჩინებას. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საწარმოს გადახდისუუნარობის შესახებ მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება საპროცესო კანონმდებლობით არ წარმოადგენს მოწინააღმდეგე მხარის _ შპს “ტ-ის” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, შპს “ტ-ის” კერძო საჩივრის დასაშვებობა-საფუძვლიანობის შესწავლისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ტ-ის” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობის მოტივით და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლომ “შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ” 2003წ. 24 თებერვლის განჩინებით, შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უმოძრაოდ დატოვა შპს “ტ-ის” შეგებებული სააპელაციო საჩივარი და ხარვეზის შესავსებად (შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დამატებითი ერთი ეგზემპლარის წარმოსადგენად), შპს “ტ-ს” მისცა ვადა 2003წ. 5 მარტამდე. შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლის განჩინებაზე შპს “ტ-მა” შეიტანა კერძო საჩივარი, რაც დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ და რასაც იზიარებს საკასაციო პალატაც, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის იმპერატიული მითითების მიხედვით: “კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში”.

ხარვეზის შესავსებად სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას სსკ-ს 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი არ ითვალისწინებს. კერძო საჩივრის შეტანა, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაშვებია მითითებული ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის (გამოუსწორებლობის) გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ ჯერ გამოტანილი არ არის. ამიტომ შპს “ტ-ის” კერძო საჩივარი “შეგებებული სააპელაციო საჩივრის უმოძრაოდ დატოვების შესახებ” სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 24 თებერვლის განჩინებაზე დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადავადებაზე შპს “ტ-ის” შუამდომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის იმავე თარიღის, 2003წ. 24 თებერვლის განჩინებას, შპს “ტ-ს” იგი კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ამიტომ საკასაციო პალატა ამ ეტაპზე აპროცესუალურად არაუფლებამოსილია გასცდეს კერძო საჩივრის ფარგლებს და შეამოწმოს მისი კანონიერება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე, 420-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ტ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, დაუშვებლობის მოტივით;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 24 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებები;

3 უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.