3გ-ად-30-კ-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 1 თებერვალს თ. გ.-მ სარჩელი აღძრა ხაშურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ხაშურის რაიონის გამგეობისა და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხაშურის ...-ის სამმართველოს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1999წ. 24 აგვისტოს მოსარჩელემ ხაშურის რაიონის ...-ის სამმართველოსთან დადო იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 45 წლით გადაეცა სოფ. ...-ში მდებარე 11,95 ჰა ვენახი. საიჯარო მიწის ფართობი მიეკუთვნებოდა II-III კატეგორიას, იჯარის ქირას კი მოსარჩელე იხდიდა I კატეგორიის ნიადაგისათვის განკუთვნილი ტარიფით, კერძოდ, 1100 ლარს _ ყოველწლიურად.
მოსარჩელის განმარტებით, იჯარით აღებულ ვენახს იგი იყენებდა დანიშნულებისამებრ, ატარებდა შესაძლო და აუცილებელ სამუშაოებს მიწის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად, თუმცა უამინდობის გამო საიჯარო წელი ზარალით დამთავრდა. ამ პირობების გათვალისწინებით აუცილებელი გახდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, უნდა აღწერილიყო იჯარის ობიექტი, ვენახის მდგომარეობა და რაოდენობა უნდა დაფიქსირებულიყო ოქმში, რაც არ მომხდარა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 7 სექტემბერს მეიჯარემ, ხაშურის რაიონის ...-ის სამმართველომ, ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის სხდომაზე, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ვითომდა საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა გამო, ¹25 ოქმით დაადგინა, რომ იჯარით აღებული ვენახი, მოუვლელობის მოტივით, თ. გ.-ს მთლიანად ჩამორთმეოდა. ¹25 საოქმო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა ხაშურის რაიონის გამგეობას, რომლის 2001წ. 19 სექტემბრის ¹79 დადგენილებით დამტკიცდა აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილება და უსაფუძვლოდ გაუქმდა 1999წ. 24 აგვისტოს იჯარის ხელშეკრულება.
მოსარჩელის განმარტებით, ვენახის მდგომარეობა არ გაუარესებულა მისი, როგორც მოიჯარის, განზრახი ან დაუდევარი მოქმედებით. ვაზის ნაყოფიერებისა და სამეურნეო დანიშნულების შემცირება გამოიწვია უამინდობამ. მართალია, მოსარჩელემ საიჯარო წელი ზარალით დაასრულა, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაფარა იჯარის ქირა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მეიჯარემ ვადამდე ისე გააუქმა იჯარის ხელშეკრულება, რომ მოიჯარისათვის არ წარმოუდგენია ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნა. მეიჯარემ ხელშეკრულების გაუქმებისას დაარღვია “იჯარის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
მოსარჩელის განმარტებით, ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2001წ. 7 სექტემბრის ¹25 საოქმო გადაწყვეტილება და ხაშურის რაიონის გამგეობის 2001წ. 19 სექტემბრის ¹79 დადგენილება მისთვის ცნობილი გახდა 2002წ. 15 იანვარს.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი კომისიის 2001წ. 7 სექტემბრის ¹25 ოქმისა და ხაშურის რაიონის გამგეობის 2001წ. 19 სექტემბრის ¹79 დადგენილების ბათილად ცნობა.
ხაშურის ...-ის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ თ. გ.-ს იჯარის ხელშეკრულებით აღებული ჰქონდა 30,55 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, აქედან _ 11,95 ჰა ვენახი. ხაშურის რაიონის ...-ის სამმართველოს სპეციალისტებმა თ. გ.-ის იჯარით აღებული ვენახის დათვალიერებისას მიიჩნიეს, რომ მოიჯარეს არ ჩაუტარებია ვენახის მოვლისათვის აგროტექნიკით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დიდი ნაწილი. ...-ის სამმართველოს თათბირზე თ. გ.-ე გაფრთხილდა აღნიშნულთან დაკავშირებით და მიეცა მითითება მდგომარეობის გამოსწორების თაობაზე, მაგრამ მოიჯარემ ზომები არ მიიღო.
მოპასუხემ განმარტა, რომ თ. გ.-ესთან კანონიერად შეწყდა იჯარის ხელშეკრულება 11,95 ჰა ვენახზე, თუმცა მოიჯარეს იჯარის უფლებით დარჩა 18,6 ჰა სახნავი.
ხაშურის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მესამე პირად ჩაება ფიზიკური პირი პ. ა.-ი, რომელსაც თ. გ.-ისათვის ჩამორთმეულ ვენახზე გაუფორმდა იჯარის ხელშეკრულება და მოცემულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება შეეხებოდა მის უფლებებს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი ხაშურის რაიონული კომისიის 2001წ. 7 სექტემბრის ¹25 საოქმო გადაწყვეტილება და ხაშურის რაიონის გამგეობის 2001წ. 19 სექტემბრის ¹79 დადგენილების პირველი პუნქტი იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილის _ 11,95 ჰა ვენახის _ თ. გ.-ისთვის ჩამორთმევის შესახებ, თავისი სამართლებრივი შედეგებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხაშურის ...-ის სამმართველომ და მესამე პირმა პ. ა.-მ, რომლებმაც ითხოვეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 20 ოქტომბერს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 7 აგვისტოს გადაწყვეტილება; თ. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპალაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ხელმძღვანელების 2001წ. 21 მაისისა და 18 ივნისის სხდომებს ესწრებოდა თ. გ.-ე, რომელიც გაფრთხილდა ვენახში ჩასატარებელი აგროტექნიკით გათვალისწინებული აუცილებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე. აღნიშნული დაფიქსირდა იმავე სხდომებზე შედგენილ ¹48 და ¹51 ოქმებში.
სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ზემოთ აღნიშნულ სხდომაზე თ. გ.-ს ეცნობა იჯარით აღებულ 11,95 ჰა ვენახში გატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების 2001წ. 2 ივლისს, 12 საათზე შემოწმების თაობაზე, ხოლო შემოწმების შემდეგ შედგენილი აქტით დადასტურდა თ. გ.-ის მიერ იჯარით აღებული ვენახის მოუვლელობა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხაშურის ...-ის სამმართველოს 2001წ. 3 ივლისის წერილი, რომლითაც თ. გ.-ე გაფრთხილდა იჯარის ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ, ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ჩათვალა, რომ მეიჯარე უფლებამოსილი იყო მოეშალა თ. გ.-სთან 1999წ. 24 აგვისტოს 12 ჰა ვენახიან მიწის ნაკვეთზე დადებული იჯარის ხელშეკრულება.
სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 29 სექტემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. გ.-მ.
კასატორის განმარტებით, საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებანი, რაც არ გამომდინარეობდა საქმეში არსებული მასალიდან, კერძოდ, სააპელაციო პალატა დაეყრდნო 2001წ. 11 მაისის ¹48 და 18 ივნისის ¹51 ოქმებს, რომლებითაც მოიჯარე თ. გ.-ე თითქოსდა გაფრთხილდა იჯარით აღებული მიწის ნაკვეთში ჩასატარებელი აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე, რაც არ დასტურდება საქმის მასალებით.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ცალმხრივად შედგენილი ოქმები იმის შესახებ, რომ თითქოსდა თ. გ.-ე წინასწარ იყო გაფრთხილებული იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის შემოწმების შესახებ.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 557-ე მუხლი, ხოლო გადაწყვეტილება გამოიტანა სკ-ს 604-ე მუხლის “ა”, “ბ” პუნქტების, 606-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 589-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 582-ე, 561-ე მუხლების იგნორირებით.
კასატორი მიუთითებს, რომ სსკ-ს 105-ე მუხლის დარღვევით სააპელაციო პალატამ მტკიცებულებები გამოიკვლია არასრულყოფილად, რის გამოც გამოიტანა არასწორი გადაწყვეტილება.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. გ.-ს და ხაშურის რაიონის გამგეობას შორის 1999წ. 24 აგვისტოს დადებული იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტის თანახმად, მოიჯარე თ. გ.-ის მოვალეობას შეადგენდა იჯარით აღებული 11,95 ჰა ვენახში მეჩხერიანობის შემცირების სამუშაოების განხორციელება, თხრილების, სადრენაჟე არხების, ღიობებისა და მიწის გამოყენების პირობების გაუმჯობებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების ჩატარება, ხოლო იმავე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, მოიჯარეს უნდა დაეცვა მიწის გამოყენების სპეციალურად დაწესებული რეჟიმი, რაც ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებაში გამოიხატებოდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1. ხაშურის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ხელმძღვანელების 2001წ. 21 მაისის ¹48 და 18 ივნისის ¹51 ოქმების თანახმად, თ. გ.-ე ესწრებოდა აღნიშნულ სხდომებს და გაფრთხილდა იჯარით აღებულ ვენახში ჩასატარებელი აგროტექნიკით გათვალისწინებული აუცილებელი სამუშაოების ჩატარების თაობაზე. მისთვის ცნობილი იყო 2001წ. 2 ივლისს, დღის 12 საათისათვის, იჯარით აღებულ 11,95 ჰა ვენახში გატარებული აგროტექნიკური ღონისძიებების შემოწმების შესახებ;
2. თ. გ.-ის მიერ იჯარით აღებულ ვენახში განხორციელებული აგროტექნიკური ღონისძიებების შემოწმების შესახებ 2001წ. 2 ივლისის აქტის თანახმად, აღნიშნული ვენახი მოუვლელი, ხოლო ნიადაგი _ დაუმუშავებელი იყო, გარდა ამისა, არ იყო ჩატარებული შპალერის რემონტი, რიგთაშორისი ხვნა, კულტივაცია, მწვანე ოპერაციები და ა.შ;
3. ხაშურის ...-ის სამმართველოს 2001წ. 3 ივლისის წერილით მოიჯარე თ. გ.-ე გაფრთხილდა იჯარის ხელშეკრულების მოსალოდნელი მოშლისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე იმის გამო, რომ იჯარით აღებულ 11,95 ჰა ვენახში დარღვეული იყო აგროტექნიკით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმის მასალებით არ დასტურდება და თავად კასატორმაც აღნიშნა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე, რომ მას არ გაუსაჩივრებია 2001წ.ა 11 მაისის ¹48 და 18 ივნისის ¹51 ოქმები, რის გამოც დღეს ისინი გაუქმებული არ არიან.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: სკ-ს 592-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარისათვის სხვა რამ არ არის დადგენილი; სკ-ს 581-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ამავე კოდექსის 557-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელი, გამქირავებლის გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ნივთს მნიშვნელოვნად აზიანებს ან ქმნის მნიშვნელოვანი დაზიანების რეალურ საშიშროებას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო, მოეშალა, თ. გ.-ესთან 1999წ. 24 აგვისტოს დადებული იჯარის ხელშეკრულება 11,95 ჰა ვენახიან ნაკვეთზე, რადგანაც დადასტურებულია, რომ იჯარით აღებული ვენახი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი ხაშურის რაიონული კომისიის 2001წ. 7 სექტემბრის ¹25 საოქმო გადაწყვეტილება და თ. გ.-ისათვის იჯარის ხელშეკრულებით გადაცემული 11,95 ჰა ვენახიანი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის თაობაზე ხაშურის რაიონის გამგეობის 2001წ. 19 სექტემბრის ¹79 დადგენილების პირველი პუნქტი კანონთან სრულ შესაბამისობაშია და მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადაო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. თ. გ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით;
4 საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.