გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-32-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ს. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ვაკე-საბურთალოს გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1949 წელს ქ. თბილისში, ... ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის გამოეყო 390 კვ.მ მიწის ფართობი, რომელზედაც ააშენა საცხოვრებელი სახლი. 1962 წელს დააპატიმრეს, მის საკუთრებაში მყოფი სახლის ნაწილი, კერძოდ, 30 კვ.მ ფართობი, კომფისკაციის შედეგად ჩაირიცხა ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის კომუნალურ ფონდში. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში (1970წ.) მეუღლემ მოახდინა მასთან განქორწინება. 1971 წელს მოსარჩელე განთავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან და საცხოვრებლად დაბრუნდა თბილისში. აღმასკომმა შეასახლა იგი მის მიერ აშენებულ და შემდგომში კომუნალურ ფონდში ჩარიცხულ ოთახში, რომელშიც 01.12.71წ. ჩაეწერა. აღნიშნული ფართი დაახლოებით 1974-75 წ.წ. შეისყიდა 4200 მანეთად, რის შედეგადაც გახდა ფართის მესაკუთრე, სახლის ნაწილი კვლავ აღირიცხა მის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში. მეუღლეთყოფილთან დაძაბული ურთიერთობის გამო 1983წ. დეკემბერში ამოეწერა შესყიდული ფართიდან და საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადავიდა. მოგვიანებით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს, აწ გარდაცვლილ ქ. კ-ეს შეუსყიდია მის მიერ ნაყიდი ფართი. შესყიდვა განხორციელდა ორჯონიკიძის რაიონის სახდეპსაბჭოს აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 გადაწყვეტილების თანახმად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაუშვებელი იყო აღმასკომის გადაწყვეტილებით შესყიდვის ნებართვის გაცემა, ვინაიდან მას აღნიშნული ფართი უკვე ჰქონდა შესყიდული, ამასთან ბანკის გადახდის ქვითრები გაყალბებულია, ვინაიდან ქვითარის მიხედვით თანხის ერთი ნაწილის შეტანა 22.02.88წ. განხორციელდა ანუ აღმასკომის 25.07.90წ. გადაწყვეტილებამდე, ამასთანავე, საქართველოს ბანკის 22.12.2000წ. ცნობის მიხედვით, ქვითრები ისეთ საკასო აპარატზე არის ამობეჭდილი, რომელიც ბინსოცბანკს (საქართველოს ბანკის სამართალმემკვიდრე) საერთოდ არ ჰქონია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 21.02.01წ. განჩინებით ყადაღა დაედო ... მდებარე ფართს. ამავე სასამართლოს 29.06.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შვილის _ გ. გ-ის განცხადება და იგი სასკ-ს მე-16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად იქნა ჩაბმული საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლოს 29.06.01წ. განჩინებით დაკმაყოფილდა გ. გ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა 21.02.01წ. განჩინება, ყადაღა მოეხსნა სადავო ფართს. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.10.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის და ხანდაზმულობის გამო. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1974-75წ.წ. ს. გ-მა შეისყიდა სადავო ფართი და გახდა მისი მესაკუთრე, ვონაიდან ამ პერიოდში არ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც აღმასკომი გაასხვისებდა კომუნალურ ფონდში ჩარიცხულ ბინას. ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა სასამართოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული სზაკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით. სასამართლომ სასკ-ს 22.3 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს. გ-ის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 21.12.01წ. განჩინებით ს. გ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 13.03.02წ. განჩინებით ს. გ-ს უარი ეთქვა აგრეთვე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 21.12.01წ. განჩინება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.11.02წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის ყოფილი ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.01.90წ. გადაწყვეტილება. საოლქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. კ-ის მიერ თანხების გადახდის ქვითრები ამობეჭდილია ისეთ საკასო აპარატზე, რომელიც საქართველოს ბანკს არ ჰქონია. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-ისათვის სადავო ფართის გაყიდვის თაობაზე აღმასკომის გადაწყვეტილების შესახებ 01.02.01წ. გახდა ცნობილი. პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ ს. გ-მა 1974-75წ.წ. ნამდვილად შეისყიდა აღნიშნული ფართი, რასაც სადავოდ არ ხდის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი. საქმეში მოთავსებული ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის წერილის საფუძველზე სასამართლო ასკვნის რომ 1974-75წ.წ. მოქმედი სკ-ს მიხედვით მესაკუთრეს ჰქონდა კონფისკაციაქმნილი და კომუნალურ ფონდში ჩარიცხული ბინის ნაწილის შესყიდვის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართომ მიიჩნია, რომ ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომმა 10.01.90წ. გადაწყვეტილებით უკანონოდ გასცა უფლება ს. გ-ის კუთვნილ ფართის შესყიდვაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.11.02წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქმეში მესამე პირად ჩაბმული _ გ. გ-ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაცდენას, უგულებელყოფილიქნა აგრეთვე სზაკ-ს 218.2 მუხლის, 60.2 მუხლის “ბ” და 61.2 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების მოთხოვნები. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ს 393.2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრსა და მოითხოვა სააპელაციო პალატის 14.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, ს. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სადავო აქტის ძალაში დატოვება.
ს. გ-მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. შესაგებლის ავტორმა აღნიშნა, რომ 1974-75 წლებში შეისყიდა კონფისკაციაქმნილი ფართი 4200 მანეთად, გახდა მისი მესაკუთრე და სახლის ნაწილი კვლავ აღირიცხა მის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში. ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობის გამო იძულებული გახდა საცხოვრებლად დროებით სხვაგან გადასულიყო, რის გამო ამოეწერა ფართიდან. ვინაიდან მას უკვე შესყიდული ჰქონდა ფართი, შესაგებლის ავტორი თვლის, რომ ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომს არ უნდა გამოეცა სადავო გადაწყვეტილება, მით უფრო რომ ყოფილი მეუღლის მიერ თანხის გადახდის ქვითრები არის გაყალბებული, რადგან ქვითრები დათარიღებულია 22.02.88წ. ანუ ფართის გამოსყიდვის ნებართვის გაცემის შესახებ სადავო აქტის გამოცემამდე ორი წლით ადრე, ქვითრები ამობეჭდილია ისეთ საკასო აპარატზე, რომელიც ბინსოცბანკს არ ჰქონია. კასატორი დუმილს არჩევს ტექინვენტარიზაციის ბიუროს ცნობის თაობაზე, რომლის თანახმად ფართი ს. გ-ის სახელზე არის აღრიცხული. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ მას არ გაუცდენია სასარჩელო ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა, ვინაიდან ფართის გაყიდვის შესახებ მისთვის 01.02.01წ. გახდა ცნობილი. საკასაციო პალატის სხდომაზე ს. გ-მა ითხოვა სააპელაციო პალატის 14.11.02წ. გადაწყვეტიების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ ¹4-12/132 წერილით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას, რომელშიც ნაწილობრივ ცნო საკასაციო საჩივარი და ითხოვა გამგეობის წარმომადგენლის დასწრების გარეშე საქმის განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ს. გ-ი ყოფილ მეუღლესთან, აწ გარდაცვლილ ქ. კ-ესთან ერთად 1949 წელს ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ქ. თბილისში, ... გამოეყო 390 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ააშენეს სახლი. 1962წ. ს. გ-ი დააპატიმრეს, თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სასამართლოს 25.02.63წ. განჩინებით ძირითად სასჯელთან ერთად მას შეეფარდა ქონების კონფისკაცია, სასამართლოს განაჩენით მოხდა მის საკუთრებაში არსებული სახლის ნაწილის, 29,3 კვ.მ ფართის კონფისკაცია, კონფისკაციაქმნილი ფართი ჩაირიცხა ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის კომუნალურ ფონდში. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, 1970 წ. შეწყდა ქორწინების რეგისტრაცია. 1971 წ. ს. გ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან, აღმასკომმა შეასახლა იგი კონფისკაციაქმნილ და კომუნალურ ფონდში ჩარიცხულ ოთახში. 1983 წ. ს. გ-ი სხვაგან გადადის საცხოვრებლად. 25.12.89წ. რაისაბჭოს აღმასკომის სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში მოქალაქეებისათვის პირად მფლობელობაში ბინების მიყიდვის კომისიამ განიხილა ქ. კ-ის განცხადება 29.3 კვ.მ ფართის შესყიდვის შესახებ. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 გადაწყვეტილებით დამტკიცდა კომისიის მიერ შედგენილი აქტი და ქ. კ-ეს ნება დაერთო მასზე რიცხული კომუნალური ერთოთახიანი იზოლირებული ბინის შესყიდვის უფლება, შესასყიდი თანხა 4342 მანეთად განისაზღვრა. 19.07.02წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად 17.01.2000წ. გარდაცვლილ ქ. კ-ის ქონებაზე მემკვიდრეებად ცნობილი იქნენ შვილები _ გ. გ-ი და თ. გ-ი. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 03.08.2000წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. გ-ის სარჩელი გ. გ-ის მიმართ მიწის ფართის გამოყოფის თაობაზე, მოთხოვნის უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. ს. გ-ის სააპელაციო და საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს 01.11.2000წ. და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.01წ. განჩინებებით.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად თვლის სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ს. გ-მა 1974-75წ.წ. შეისყიდა ... მდებარე კომუნალური ერთოთახიანი ბინა. ის გარემოება, რომ აღნიშნულს სადავოდ არ ხდიდა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენელი, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის წერილი კონფისკაციაქმნილი და კომუნალურ ფონდში ჩარიცხული ბინის ნაწილის 1964წ. სკ-ს 119-ე მუხლის საფუძველზე საერთო წილადი საკუთრების მოსპობის თაობაზე არ ადასტურებს ს. გ-ის მიერ ბინის გამოსყიდვას. საქმეში არ მოიპოვება კომუნალურ ფონდში ჩარიცხული ფართის შესყიდვის რაიმე დამადასტურებელი საბუთი. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შესაძენად საჭიროა სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ს. გ-ის მიერ ფართის გამოსყიდვას არ ადასტურებს აგრეთვე ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობა ფართის ს. გ-ის სახელზე აღრიცხვის შესახებ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს. გ-ის ადრინდელ სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც იგი ითხოვდა ქ. თბილისში ... მდებარე მიწის ნაკვეთიდან 130 კვ.მ გამოყოფას და საჯარო რეესტრში მის სახელზე აღრიცხვას, თბილისის საოლქო სასამართლოს 01.11.2000წ. გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 04.04.01წ. განჩინებით უარყოფილიქნა ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ცნობები ს. გ-ის სახელზე სადავო ფართის აღრიცხვის შესახებ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით ტექინვენტარიზაციის ბიუროდან მიღებული 15.07.99წ., 26.17.99წ. შეტყობინებების, ბიუროს სპეციალისტის ახსნა-განმარტების მოსმენის, საბინაო წიგნის დათვალიარების საფუძველზე დადგენილად იქნა ცნობილი, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1978წ. და 1999წ. ცნობების გაცემისას დაშვებულ იქნა შეცდომა, განპირობებული ს. გ-ის მფლობელობის გაუქმების ბარათზე მკრთალად აღნიშვნით. სასამართოოებმა არ გაიზიარეს ს. გ-ის მოსაზრება იმის შესახებ რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1978წ. და 1999წ. გაცემული ცნობები წარმოადგენენ საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრეობის იურიდიულ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ ფართი, რომლის შესყიდვის ნებართვა სადავო ადმინისტრაციული აქტით მიენიჭა აწ გარდაცვლილ ქ. კ-ეს, საოლქო სასამართლოში საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობდა. საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ საცხოვრებელი სახლი აღებულ იქნა და მის ადგილას მიმდინარეობს მრავალსართულიანი ბინის მშენებლობა. სააპელაციო პალატამ ისე გადაწყვიტა დავა, რომ არ გაურკვევია მოსარჩელე _ ს. გ-ის განსახილველი დავისადმი უფლებადამცავი ინტერესი, მაშინ როდესაც სასკ-ს 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ინდივიდუალურ ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას. მითითებული საკითხის დაზუსტების გარეშე გაურკვეველი რჩება დავის ნამდვილი არსი, პროცესის მონაწილეთა წრე. აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ, სასამართლომ უნდა დაადგინოს სადავო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილე, დავის შედეგის სხვა პირების უფლება-მოვალეობებზე გავლენის მოხდენისდამიხედვით პალატამ უნდა იქონიოს მსჯელობა სასკ-ს მე-16 მუხლის საფუძველზე პროცესში მესამე პირად იმ პირის ჩაბმის შესაძლებლობაზე, რომლის ინტერესებს განსახილველი დავა შეიძლება შეეხოს ან რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. ზემოაღნიშნულთან ერთად, დაზუსტებას საჭიროებს აგრეთვე დავის საგანი, ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის სახდეპსაბჭოს აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა უშუალოდ უკავშირდება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე 25.07.90წ. სახელმწიფო საცხოვრებელ ფონდში რიცხული საცხოვრებელი ბინის პირად საკუთრებაში შესყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, გ. და თ. გ-ებზე 19.07.02წ. გაცემული ქ. კ-ის ქონების ნაწილზე სამკვიდრო მოწმობის ბათილობას.
დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 01.02.01წ., თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასკ-ს 22-ე მუხლით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის დაცულობის საკითხი უნდა გადაწყდეს მოცემული დავის განხილვამდე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 03.08.2000წ., თბილისის საოლქო სასამათლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 01.11.2000წ. გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა მომენტიდან უნდა ყოფილიყო ცნობნილი ს. გ-ისათვის ქ. კ-ის მიერ ფართის შესყიდვის თაობაზე.
პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 31.03.2000წ., თბილისის საოლქო სასამართლოს 04.04.01წ. გადაწყვეტილებებზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.11.2000წ. განჩინებაზე, რომელთა მიხედვით ს. გ-ს უარი ეთქვა 130 კვ.მ ფართის გამოყოფაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იქონიოს მსჯელობა განსახილველი დავის სსკ-ს 106-ე და 266-ე, აგრეთვე სზაკ 218-ე მუხლებისადმი შესაძლო მიმართებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა 22.02.88წ. ქ. კ-ის მიერ 2063 მანეთის გადახდა ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.01.90წ. ¹1.23.23 სადავო გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ არ შეუფასებიათ საქმეში დაცული ქვითრის ასლები, რომლთა თანახმადაც ქვითრის გაცემის თარიღი არის არა 88, არამედ 80 წლის, სასამართლოს არ უმსჯელია მესამე პირის გ. გ-ის მოსაზრებაზე იმის შესახე, რომ საკასო აპარატი ¹92100 ცხრიანის ნაცვლად ბეჭდავდა რვიანს, ასეთი აპარატი არსებობდა ...ის პროსპექტზე, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შემნახველ სალაროში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 13.03.02წ. გადაწყვეტყილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები დადგენილია საქმის გარემოებათა არასრულყოფილი გამოკვლევის შედეგად, რის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 14.11.02წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.