Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-35-კ-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სახელმწიფო ბაჟის გადავადება.

აღწერილობითი ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ი. ს. ვ-ის" სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ.

მოსარჩელე სს “ი. ს. ვ-ას" სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 50000 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სს “ი. ს. ვ-ის" მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივარში, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟისაგან განთავისუფლება და სააპელაციო საჩივრის ბაჟის გადახდის გარეშე წარმოებაში მიღება.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნულ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და 2002წ. 30 დეკემბრის განჩინებით აპელანტს ბაჟის გადახდის მიზნით განუსაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ოდენობით. აქვე მხარეს განემარტა, რომ ვადის უშედეგოდ გაშვების შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნებოდა განუხილველად.

2003წ. 21 იანვარს აპელანტმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიატანა განცხადება, რომლის საფუძველზე საზოგადობის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 იანვრის განჩინებით იმ მოტივით, რომ იურიდიული პირის ქონებრივი მდგომარეობა განისაზღვრებოდა ბოლო წლის საბალანსო მონაცემების მიხედვით, სს “ი. ს. ვ-ის" შუამდგომლობას ეთქვა უარი, სააქციო საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

არ დაეთანხმა რა მითითებულ განჩინებას სს “ი. ს. ვ-ის" დირექტორის მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორი იმ მოტივით, რომ სსკ-ს 48-ე მუხლში საუბარია მხარეთა ქონებრივ მდგომარეობაზე და არა იურიდიული პირის იმ ქონებაზე, რომელიც მის ბალანსზე ირიცხება, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების საწესდებო კაპიტალის, მისი განკარვა დაუშვებელია, ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 იანვრის განჩინების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 მარტის განჩინებით სააქციო საზოგადოება “ი. ს. ვ-ის" წარმომადგენლის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ იქნა დაკმაყოფილებული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კერძო საჩივრის საფუძვლებს და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდქსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ აის დადგენილი, ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებები.

სსკ-ს 39-ე მუხლის “გ" პუნქტის საფუძველზე სახელმწფიო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე განისაზღრვება სადავო საგნის ღირებულების 3%-ით.

ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბასად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ პირობებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართთლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სსკ-ს 48-ე მუხლთან მიმართებაში და ადასტურებს, რომ მოსამართლეს (სასამართლოს), მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლის ხარჯების გადახდა, ანადა შეამციროს ხარჯების ოდენობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო კერძო ავტორის ყურადღებას მიაქცვეს იმ გარემოებას, რომ მითითებული მუხლის გამოყენების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ მხარის “ქონებრივი" მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლის განმარტების ნაწილშიც, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტად (კერძო საჩივრის ავტორად) გვევლინება სააქციო საზოგადოება, ე.ი. კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საწესდებო კაპიტალი არ შეიძლება გაიგივებულ და განხილულ იქნეს საზოგადოების ქონების იდენტურ ცნებად. საწესდებო კაპიტალი არის წესდებაში მყარად განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც დაყოფილია აქციებად, ხოლო საზოგადოების ქონება კი არის საზოგადოების საკუთრებაში არსებული ყველა ობიექტის ერთობლიობა.

საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება სააქციო საზოგადოების მძიმე ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, რომლის შეფასება შესაძლებელი გახდებოდა ბოლო წლის საბალანსო მონაცემების მიხედვით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, არ გააჩნდა სსკ-ს 48-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სასამართლოს მხრიდან ადგილი არ აქვს კანონდმებლობის მოთხოვნათა დარღვევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს “ი. ს. ვ-ის" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 22 იანვრის განჩინება;

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.