3გ-ად-35-კ-03 11 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 6 მარტს ბორჯომის რაიონულმა საგადასახადო ინსპექციამ სარჩელით მიმართა ბორჯომის რაიონულ სასამართლოს და შპს “ბ.-სათვის” ბიუჯეტის სასარგებლოდ დავალიანების – 181.586 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხსენებული დავალიანება დღგ-ს, მოგების, წიაღის და სხვა გადასახადების ჯამს შეადგენდა.
2000წ. 2 ივნისს შპს “ბ.-მ” ბორჯომის რაიონულ სასამართლოში შეგებებული სარჩელი წარადგინა და მის მიერ ბიუჯეტში წიაღის სარგებლობისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადებში ჩათვალა, და შესაბამისად, მისთვის (შპს “ბ.-სათვის”) წიაღით სარგებლობის გადასახადის დაკისრების ნაწილში ბორჯომის საგადასახადო ინსპექციისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შპს “ბ.-ს” თქმით, მოსარჩელის მიერ მასზე დარიცხული წიაღის გადასახადი არასწორად იყო დაანგარიშებული და მას ზედმეტად 124,643,73 ლარი ჰქონდა გადახდილი.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ – ბორჯომის რაიონული საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა იმის გამო, რომ შპს “ბ.-მ” მასზე რიცხული დავალიანება დაფარა, სარჩელი შეამცირა და შპს “ბ.-საგან” მხოლოდ წიაღით სარგებლობის გადასახადში რიცხული დავალიანების 124,171 ლარის გადახდა მოითხოვა.
ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილებით ბორჯომის საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს “ბ.-ს” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 124,171 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო შპს “ბ.-ს” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხსენებული გადაწყვეტილება შპს “ბ.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში დავის განხილვისას შპს “ბ.-ს” წარომადგენელმა დავის საგანი გაზარდა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თავდაპირველი მოსარჩელე ბორჯომის საგადასახადო ინსპექცია ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციით შეიცვალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 30 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი იქნენ ჩაბმული.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ს” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ზემოთმითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და საგადასახადო დეპარტამენტმა გაასაჩივრეს, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “ბ.-ს” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მას ზედმეტად გადახდილი წიაღის სარგებლობის გადასახადის თანხა – 148,964 ლარი მომავალი გადასახადების ანგარიშში ჩაეთვალა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ბორჯომის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ გაასაჩივრეს, საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2000წ. 30 ივნისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “ბ.-ს” წარმომადგენელმა შუამდგომლობა წარუდგინა სასამართლოს და შეგებებულ სარჩელზე უარი თქვა, აქვე ბორჯომის ზონალურმა საგადასახადო ინსპექციამ და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ საკასაციო საჩივრებზე უარი თქვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა შპს “ბ.-ს” შუამდგომლობა შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, ასევე, ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობები საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ შპს “ბ.-ს” შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს შეგებებული სარჩელის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება შპს “ბ.-ს” მიერ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო და საქმე ამ ნაწილში წარმოებით უნდა შეწყდეს. ამასთან, უნდა დაკმაყოფილდეს ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექცის შუამდგომლობები, უნდა შეწყდეს საკასაციო საჩივრების წარმოება და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება ბორჯომისა და ახალციხის საგადასახადო ინსპექციების სარჩელზე უარის თქმის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
სსკ-ს 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმით უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრების წარმოება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრების წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება კასატორებისათვის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.
საკასაციო სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს შპს “ბ.-ს” მიერ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობაზე, მოიხმობს სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტს და განმარტავს, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. Aამავე კოდექსის 189-ე მუხლის თანახმად, შეგებებულ სარჩელზე უნდა გავრცელდეს სარჩელის შესახებ კანონით დადგენილი წესები, ამრიგად, შეგებებული სარჩელზე უარის თქმაც ზემოხსენებული 272-ე მუხლის შესაბამისად უნდა განხორციელდეს და სარჩელის წარმოება უნდა შეწყდეს.
საკასაციო სასამართლოს ასევე ნიშანდობლივად მიაჩნია მხარეებისათვის განმარტება იმის თაობაზე, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს “ბ.-ს” შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი და სსკ-ს 399-ე, 378-ე და 272-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ბ.-ს” შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს შეგებებული სარჩელის ნაწილში თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება შპს “ბ.-ს” მიერ შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო და საქმე ამ ნაწილში წარმოებით შეწყდეს. იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმავე საფუძვლით დავა არ დაიშვება;
3. ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის შუამდგომლობაები დაკმაყოფილდეს;
4. შეწყდეს საკასაციო საჩივრების წარმოება ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ივნისის გადაწყვეტილება ბორჯომის ზონალური საგადასახადო ინსპექციისა და ახალციხის საოლქო საგადასახადო ინსპექციის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.