გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ-ად-37-კ-03 28 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 4 ივნისს სს “პ. ა-მ” სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე ეროვნული ბანკის მიმართ, მესამე პირად მიუთითა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ სს “პ. ა-სა” და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის 1998წ. 1 მაისს დადებული ხელშეკრულების _ “თბილისის ¹... პურის ქარხნის ქონების იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაცემის შესახებ 1996წ. 26 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმების შესახებ” _ 1.3 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთვის უნდა გადაერიცხა ქონების გამოსასყიდი დარჩენილი თანხა _ 93163 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1996წ. 5 სექტემბრის ¹32 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების” მე-3 მუხლის შესაბამისად, 1998წ. 7 მაისს სს “...ბანკმა” (უფლებამონაცვლე შპს “...-98”) შესასრულებლად მიიღო სს “პ. ა-ს” საგადასახადო დავალება და გადახდის დასტურად მოსარჩელეს წარუდგინა საგადასახადო დავალების პირი.
მოსარჩელის განმარტებით, საგადასახადო დავალებით გათვალისწინებული თანხა ვერ გადაირიცხა ხელშეკრულებითა და საგადასახადო დავალებით მითითებულ ანგარიშზე, რადგან იგი ეროვნულმა ბანკმა ჩამოჭრა სს “...ბანკის” საკორესპონდენტო ანგარიშიდან და აღმოჩნდა ეროვნული ბანკის განკარგულებაში. სს “პ. ა-ს” მიზნობრივად განკუთვნილი თანხა ეროვნულმა ბანკმა მიისაკუთრა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც დაირღვა მოსარჩელის უფლებები.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა დროულად არ გაუუქმა ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფ სს “...ბანკს” საბანკო ოპერაციების წარმოების ლიცენზია, რის გამოც, აგრეთვე, დაირღვა მოსარჩელის უფლებები.
მოსარჩელის განმარტებით, არსებობდა მიზეზობრივი კავშირი ეროვნული ბანკის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ეროვნული ბანკის არამართლზომიერი ქმედებით მოსარჩელემ განიცადა ზარალი, კერძოდ, ვალდებულება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ დარჩა შეუსრულებელი. ეროვნული ბანკის ქმედების შედეგად მოსარჩელემ ფაქტობრივად შეწყვიტა საქმიანობა და ვერ მიიღო მოსალოდნელი მოგება, კერძოდ, მომდევნო წლების მიუღებელმა შემოსავალმა სულ შეადგინა 1203074 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხე ეროვნული ბანკისთვის 93 163აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1203074 ლარის გადახდის დაკისრება სს “პ. ა-ს” სასარგებლოდ.
2002წ. ივლისში სს “პ. ა-მ” ახალი სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, ოღონდ ეროვნული ბანკის გარდა მოპასუხედ მიუთითა შპს “...-98-ზე” (სს “...ბანკის” უფლებამონაცვლე).
მოსარჩელემ ახალი სარჩელით ითხოვა მოპასუხეებისთვის _ ეროვნული ბანკისა და შპს “...-98-თვის” სოლიდარულად 93163 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1203074 ლარის გადახდის დაკისრება სს “პ. ა-ს” სასარგებლოდ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს “პ. ა-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ შპს “...-98-სა” და ეროვნულ ბანკს სოლიდარულად დაეკისრათ 93163 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 1203074 ლარის გადახდა სს “პ. ა-ს” სასარგებლოდ. მოსარჩელე სს “პ. ა-ს” უარი ეთქვა მათ წარმომადგენელთათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ეროვნულმა ბანკმა.
კასატორმა საკასაციო საჩივარი დაამყარა შემდეგ საფუძვლებზე:
თითქმის იგივე საფუძვლებით და იგივე მხარეთა მონაწილეობით, იმავე სადავო ურთიერთობებიდან გამომდინარე ადრეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა, როგორც რაიონულ, ისე საოლქო და უზენაეს სასამართლოებში. აღნიშნული საქმის წარმოებისას სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა იმავე საკითხებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მოქმედებათა მართლზომიერება და მის მიმართ წარდგენილი პრეტენზიების უსაფუძვლობა. უკანონო გადაწყვეტილების გამოტანით თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სრული იგნორირება გაუკეთა კანონიერ ძალაში მყოფ სასამართლო გადაწყვეტილებებს, რითაც შელახა სამართლის ფუძემდებლური პრინციპი და დაარღვია სსკ-ს 266-ე მუხლის მოთხოვნები, უგულებელყო სხვა პროცესში დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები.
ეროვნული ბანკი ზიანს ვერ მიაყენებდა სს “პ. ა-ს”, რადგან ეროვნულ ბანკს არანაირი შეხება მასთან ან მის თანხებთან არ ჰქონია. ეროვნული ბანკი საბანკო მომსახურებას უწევდა “...ბანკს” და შეხება ჰქონდა მის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხულ სახსრებთან, რომელიც “...ბანკის” საკუთრებას წარმოადგენდნენ და არა სს “პ. ა-ს”. შესაბამისად, გამორიცხულია ეროვნული ბანკის მიერ “პ. ა-სთვის” ზიანის მიყენება.
“...ბანკთან” მიმართებაშიც კი, ეროვნული ბანკი მოქმედებდა სრულიად მართლზომიერად და კანონშესაბამისად, როდესაც მისი საკორესპონდენტო ანგარიშიდან ახდენდა თანხების ჩამოჭრას არსებული დავალიანების დასაფარავად. ამგვარი პროცედურა გათვალისწინებულია “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 70-ე მუხლით.
ეროვნულმა ბანკმა სკბ “...ბანკის” მიმართ გაატარა კანონით გათვალისწინებული ყველა სანქცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოქმედი საბანკო კანონმდებლობის შესაბამისად, სანქციების გატარებას აქვს თავისი რიგითობა და ეროვნულ ბანკს არა აქვს უფლება პირველივე დარღვევის შემთხვევაში აქტიური ოპერაციები შეუჩეროს ბანკს, ან დაუნიშნოს დროებითი ადმინისტრაცია და ჩამოართვას ლიცენზია.
საქართველოს ეროვნულ ბანკს, ორგანული კანონის 59-ე მუხლის თანახმად, მართალია, ევალება კომერციული ბანკების ლიცენზირება და ლიცენზირებული ბანკების ზედამხედველობა, მაგრამ წარმოუდგენელია სახელმწიფო ორგანო პასუხისმგებელი იყოს კერძო სამართლის სუბიექტთა ვალდებულებებზე.
ეროვნულ ბანკს დაეკისრა არა მარტო თანხის _ 93163 დოლარის _ დაბრუნება, არამედ ზარალიც, 1203074 ლარი, მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელზეც სასამართლო კოლეგიას საერთოდ არ უმსჯელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც სს “პ. ა-ს” მთლიანად ეთქმება უარი ეროვნული ბანკის მიმართ წაყენებული პრეტენზიების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს ეროვნული ბანკის მოსაზრებას, რომ სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა ეროვნული ბანკის მოქმედებათა მართლზომიერება და მის მამართ წარდგენილი პრეტენზიების უსაფუძვლობა, როდესაც სს “პ. ა.” ედავებოდა მოპასუხე საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი საქმეში ჩართული იყო მესამე პირად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული საქმის განხილვისას საკასაციო სასამართლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედებათა მართლზომიერებაზე არ უმსჯელია, რადგანაც იგი საქმეში მოპასუხე არ ყოფილა და სს “პ. ა-ს” სასარჩელო მოთხოვნა მის მიმართ არ ჰქონდა.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არსებული დავალიანების დასაფარავად სკბ “...ბანკს” ჩამოაჭრა საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ეროვნული ბანკი მოქმედებდა მართლზომიერად და კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორი არასწორად ემყარება “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ეროვნულ ბანკს აქვს უპირობო უფლება დაიკმაყოფილოს ნებისმიერი თავისი მოთხოვნა დაფარვის ვადის მომენტში მისი გადასახდელის დაფარვის ვადის დადგომისას სალაროს ნაშთების, ან მის ანგარიშზე ან მოვალის შესაბამის ანგარიშზე რიცხული სხვა აქტივების ხარჯზე ან სხვა საბაბით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი არ ითვალისწინებს ეროვნული ბანკის უპირობო უფლებას, დაეკმაყოფილებინა თავისი მოთხოვნა დაფარვის ვადის მომენტში მისი გადასახდელის დაფარვის ვადის დადგომისას მოვალის, სკბ “...ბანკის,” საკორესპონდენტო ანგარიშზე გატარებული სს “პ. ა-ს” კუთვნილი თანხით, რადგანაც, როდესაც სკბ “...ბანკმა” სს “პ. ა-ს” კუთვნილი 124000 ლარი გადარიცხა ეროვნულ ბანკში არსებული საკორესპონდენტო ანგარიშის გავლით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში, აღნიშნული თანხა უკვე აღარ ეკუთვნოდა სკბ “...ბანკს”, რადგანაც მას უკვე განკარგული ჰქონდა იგი. შესაბამისად, არც ეროვნულ ბანკს ჰქონდა უფლება სკბ “...ბანკის” საკორესპონდენტო ანგარიშიდან ჩამოეჭრა სხვისი კუთვნილი თანხა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა არამართლზომიერად ჩამოჭრა სკბ “...ბანკის” საკორესპონდენტო ანგარიშიდან სს “პ. ა-ს” კუთვნილი თანხა და სს “პ. ა-ს” მოთხოვნა, აღნიშნული თანხის შპს “...-98-ისა” და ეროვნული ბანკის მიერ მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე, საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ ეროვნული ბანკის განმარტებას, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება, მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 1203074 ლარის დაკისრების თაობაზე, იურიდიულად დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში იგი უნდა გაუქმდეს სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “პ. ა-ს” მოთხოვნა მოპასუხეთათვის _ ეროვნული ბანკისა და შპს “...-98-თვის” _ მიუღებელი შემოსავლის სახით 1203074 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
რადგანაც საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და საქმის გარემოებები თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება მოპასუხეების _ შპს “...-98-სა” და ეროვნული ბანკისთვის სს “პ. ა-ს” სასარგებლოდ 93163 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად დაკისრებისა და მოსარჩელე სს “პ. ა-ს” წარმომადგენელთა დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხეთათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში;
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს “...-98-ისა” და ეროვნული ბანკისათვის სს “პ. ა-ს” სასარგებლოდ 1203074 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. არ დაკმაყოფილდეს სს “პ. ა-ს” სარჩელი ეროვნული ბანკისა და შპს “...-98-ისთვის” 1203074 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.