გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-38-კ-02 25 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. ა-ამ 25.07.2000წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 22.06.59წ. შეიძინა ქ. თბილისში, ... ¹9-ში მდებარე ერთსართულიანი სახლის ორი ოთახი ფართით 42 კვ.მ., აშენებული 327 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე. ნასყიდობის ხელშეკრულება რეგისტრირებულია ქ. თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურში. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ 1988 წელს საბურთალოს რაიონის აღმასკომის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ... ¹7, 9, 11, 11ა, 16, 18, 19-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების აღების თაობაზე და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ, რისთვისაც შეიქმნა ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...-88». ... ქუჩაზე მცხოვრებთა ნაწილმა უარი განაცხადა ბინების დანგრევაზე და ამხანაგობაში გაწევრიანებაზე, საბურთალოს რაიონის აღმასკომის 08.09.88წ. გადაწყვეტილებით ისინი ადმინისტრაციული წესით იქნენ გაყვანილი. რაც შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ სახლს, მის დანგრევასა და აღებაზე ისე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მას არავინ შეხმიანებია, თავად კი სუბიექტურ და ობიექტურ მიზეზთა გამო, იმჟამად სხვა მისამართზე ცხოვრობდა. ... ქ. ¹9-ში მცხოვრები მისი ახლო ნათესავები გაწევრიანებული იქნენ ბინათმშენებლობა «...-88-ში», მაგრამ მათზე არ მომხდარა რაიმე შეღავათის გავრცელება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ რაიონის აღმასკომის არაკანონიერი მოქმედებით, საცხოვრებელი სახლის მისი ნებართვის გარეშე დანგრევა-განადგურებით მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, რის გამო მოითხოვა იმ ხელისუფლების ორგანოთა, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა დადგენა, რომელთაც მიუძღვით წილი ჩადენილ უსამართლობაში, მათთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით იმ ოდენობის თანხის დაკისრება, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ... ქ. ¹9-ში მდებარე ფართზე იმავე ტიპის სახლის აშენება, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით ათასი დოლარის გადახდის დაკისრება.
18.09.2000წ. განცხადებით რ. ა-ამ დააკონკრეტა დავის საგანი და მოითხოვა იმ უწყებათა და ორგანიზაციათა ბრძანებებისა თუ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომელთა საფუძველზეც ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული საეზოვე მიწის ნაკვეთი ფართით 327 კვ.მ. სამშენებლო სამუშაოებისათვის გადაეცა ამხანაგობას, მიწის ნაკვეთის გათავისუფლება და მისთვის დაბრუნება, იმ უწყებების, ორგანიზაციების, გაერთიანებების თუ ფიზიკური პირების დადგენა, რომელთაც დაეკისრება პასუხისმგებლობა მასთან შეთანხმების გარეშე მის სახელზე რიცხული სახლის დანგრევისათვის. მოსარჩელემ ღიად დატოვა სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში და მიუთითა, რომ დააკონკრეტებდა მას სათანადო მოპასუხის დადგენის შემთხვევაში.
25.09.2000წ. განცხადებით რ. ა-ამ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 08.09.88წ. ¹18.50.584 გადაწყვეტილების გაუქმება, ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე, მის სახელზე რიცხული საეზოვე მიწის ნაკვეთის გათავისუფლება და მისთვის დაბრუნება, საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზარალის გადახდის დაკისრება.
22.11.2000წ. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას რ. ა-ას წარმომადგენლებმა მოითხოვეს მხოლოდ ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე 218 კვ.მ. მიწის ფართობზე რ. ა-ას სარგებლობის უფლების აღდგენა.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.11.2000წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 17.05.2000წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დამტკიცდა ინდივიდუალური მენაშენეების ამხანაგობა «...-88» კრების ოქმი და ამხანაგობის თავმჯდომარედ დაინიშნა ჯ. ჩ-ი. რაიონული სასამართლოს 22.11.2000წ. გადაწყვეტილებით რ. ა-ას აღუდგა აგრეთვე სარგებლობის უფლება 218 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, ... ქ. ¹7, 9, 11 არსებულ მიწის ნაკვეთებს მოეხსნათ ყადაღა.
ამხანაგობა «...-88» და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.11.2000წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებმა დააზუსტეს თავიანთი მოთხოვნები, რ. ა-ას წარმომადგენლებმა შეცვალეს მოპასუხე მხარე და მოპასუხეს – თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტს მოსთხოვეს რ. ა-ასათვის ... ქ. ¹9-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღდგენა. ამხანაგობა «...-88»-ის და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.11.2000წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება, ... ქ. ¹7, 9,11-ში არსებული მიწის ნაკვეთებზე ყადაღის მოხსნის უცვლელად დატოვება, გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის გაუქმება. სააპელაციო პალატის 06.12.01წ. გადაწყვეტილებით ამხანაგობა ,,...-88» და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, 22.11.2000წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ა-ას სარჩელი ... ქ. ¹9-ში მდებარე 218 კვ.მ. მიწის ფართზე სარგებლობის უფლების აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა ... ქ. ¹7, 9, 11-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 17.05.2000წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობით სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რადგან აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია. «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის მე-2, მე-17, მიწის კოდექსის 38-ე, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ» კანონის მე-3 მუხლზე მითითებით პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღდგენა. პალატამ მიუთითა, რომ ვინაიდან «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის ამოქმედებამდე რ. ა-ას სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლება დაკარგული ჰქონდა და ეს უფლება კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომში არ ყოფილა აღდგენილი, პალატამ მიიჩნია, რომ რ. ა-ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო პალატის 06.12.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ ა-ას წარმომადგენლის პ. ლ-ის მიერ (მინდობილობა 27.10.2000წ. ¹1-1378), კასატორი აღნიშნავს, რომ სსკ-ს მე-2 მუხლის თანახმად მიმართა სასამართლოს უფლების დასაცავად, რადგან თვლიდა, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა მოხდა უკანონოდ. ამდენად, კასატორი არ ეთანხმება უფლების აღდგენაზე უარის თქმას იმის გამო, რომ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება არ აღდგენილა. კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სარჩელის შემოტანა გამოწვეული იყო ამხანაგობის მიერ თავისი წესდებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით. სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს კასატორის კანონიერ სარგებლობაში არსებული 218 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უკანონო ჩამორთმევა და არა ამხანაგობის მიერ წესდებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, მით უფრო, რომ კასატორს ამხანაგობასთან სახელშეკრულებო ვალდებულება არ აკავშირებდა, იგი არც ამხანაგობის წევრი ყოფილა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა 06.12.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
07.05.02წ. პ. ლ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მისი მარწმუნებლის გარდაცვალების გამო, მოითხოვა უფლებამონაცვლის დადგენამდე საქმის წარმოების შეჩერება. განცხადებას თან დაერთო ქ. თბილისის გარდაცვლილთა რეგისტრაციის სარაიონთაშორისო მმაჩის განყოფილების ¹48 ამონაწერი, რომლითაც დასტურდება რ. ა-ას გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 16.05.02წ. განჩინებით, სსკ-ს 281 «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე, განცხადება დაკმაყოფილდა, საქმის წარმოება შეჩერდა საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე. 09.10.02 წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ნოტარიუს ზ. ბ-ის წერილი იმის შესახებ, რომ რ. ა-ას სამკვიდრო ქონებაზე სანოტარო ბიუროში განცხადება შეტანილი აქვს მის ანდერძისმიერ მემკვიდრეს ბ. მ-ეს, ხოლო მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა ჯერ არ გაცემულა. 12.11.02წ. განჩინებით სსკ-ს 283-ე, სსკ-ს 1421-ე, 1424-ე მუხლების საფუძველზე დაკმაყოფილდა რ. ა-ას ანდერძისმიერი მემკვიდრის ბ. მ-ის განცხადება, განახლდა საქმის წარმოება. რ. ა-ას უფლებამონაცვლეობის დასადასტურებლად ბ. მ-ის მიერ დამატებით წარმოდგენილ იქნა 08.01.03წ. ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობა, რომლის თანახმადაც სამკვიდრო გაიხსნა 21.03.02წ., ბ. მ-ე არის მამკვიდრებლის – რ. ა-ას მემკვიდრე, შვილიშვილი, მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო სსკ დადგენილი წესით; 11.02.03წ. ¹1-811 სანოტარო აქტი, რომლის მიხედვით რ. ა-ას შვილმა – რ. მ-ემ უარი განაცხადა გარდაცვლილი დედის რ. ა-ას სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილზე ანდერძისმიერი მემკვიდრის – ბ. მ-ის სასარგებლოდ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატამ ბ. მ-ე მიიჩნია რ. ა-ას სამართალმემკვიდრედ.
საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას რ. ა-ას უფლებამონაცვლე ბ. მ-ემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე – მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა, 19.02.03წ. ¹03/43 წერილით დეპარტამენტმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა საქმის მისი წარმომადგენლის გარეშე განხილვა. საქმეში მესამე პირებად ჩაბმულმა – ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...-88» წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი მიიჩნიეს უსაფუძვლოდ და ითხოვეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლებისა და მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი თავის მოთხოვნას ასაბუთებს იმით, რომ 22.06.59წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით მან შეიძინა საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე ერთსართულიანი სახლის ორ მესამედ ნაწილზე (42 კვ.მ.), რაც განლაგებული იყო 327 კვ.მ. მიწის ფართზე და იგი მისი ნებართვის გარეშე იყო აღებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ა-ამ, ხოლო შემდგომ მისმა უფლებამონაცვლემ ბ. მ-ემ, მოითხოვეს სადავო მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღდგენა იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის გარეშე, რომელთა საფუძველზეც შეწყდა მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება. კერძოდ, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 08.09.88წ. ¹18.50.584 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ... ქ. ¹7, 9. 11, 11ა, 16, 18, 19-ში მცხოვრებ მოქალაქეთა თხოვნა ბარაკული და დრომოჭმული სახლების აღებისა და იმავე ტერიტორიაზე კოლექტიური ამხანაგობის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ. ქ. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 19.10.88წ. ¹25.26.824 გადაწყვეტილებით სადავო ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად შეიქმნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა. საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის რ. ა-ას უფლებამონაცვლის მოთხოვნის დაკმაყოფილებას აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში ყოფნის პირობებში. ამ თვალსაზრისით მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ რამდენადაც «მიწის რეგისტრაციის შესახებ» კანონის ამოქმედებამდე რ. ა-ას სადავო მიწის ფართობზე სარგებლობის უფლება დაკარგული ჰქონდა და მისი ეს უფლება კანონმდებლობის შესაბამისად არც შემდგომში ყოფილა დადგენილი, რ. ა-ას სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
საკასაციო საჩივარში კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენდა კასატორის კანონიერ სარგებლობაში არსებული 218 კვ.მ. მიწის ნაკვეთის უკანონო ჩამორთმევა და არა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «... 88»-ის მიერ წესდებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, მით უფრო, რომ რ. ა-ას ამხანაგობასთან არ აკავშირებდა სახელშეკრულებო ვალდებულება, იგი არც ამხანაგობის წევრი ყოფილა. მოთხოვნის ამ საფუძვლით დაყენების პირობებში საკასაციო პალატა თვლის, რომ აშკარად გაცდენილია ძველი და ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, ვინაიდან უდავოა, რომ სახლის აღება, მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შეწყვეტა იმთავითვე ცნობილი უნდა ყოფილიყო რ. ა-ასათვის. შესაბამისად მართებულია სააპელაციო პალატის მითითება მიწის კოდექსის 38-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მოქალაქეთა უფლება ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთით შეწყდება შესაბამისად მთლიანად ან ნაწილობრივ იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიწის ნაკვეთის გამოყოფის აუცილებლობა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გამოუყენებლობის შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის დროისათვის ... ქ. ¹7,9,11,11ა,16,18, 19-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (10535 კვ.მ.) საქალაქო საბჭოს აღმასკომის 08.09.88წ. ¹18.50.584 გადაწყვეტილების, საბურთალოს რაიონის აღმასკომის 19.10.88წ. ¹25.26.824 გადაწყვეტილების, ამხანაგობის საერთო კრების ¹1 ოქმის, ქ. თბილისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის მიერ 2000 წ. გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმისა და ქ. თბილისის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის მიერ 25.05.93წ. გაცემული მშენებლობის დაწყების ¹70 ნებართვის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა «...-88»-ის საკუთრებას, რასაც ადასტურებს მიწის (უძრავი ქონების) შესახებ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის რ. ა-ას უფლებამონაცვლის ბ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 06.12.01წ. გადაწყვეტილება.
2. ბ. მ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.