3გ-ად-38-კ-03 1 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 27 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ლ. ბ-მა და ა. ბ-ემ მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიმართ და მოითხოვეს კონკურსის შედეგების გაუქმება. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ შპს “ს-ში” ლ. ბ-ი მუშაობდა დირექტორის მოადგილედ, ხოლო ა. ბ-ე საამქროს უფროსად. 2000წ. 20 სექტემბერს მათთვის ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ ჩატარებული კონკურსისა და საკონკურსო კომისიის სხდომის 2000წ. 15 აგვისტოს ოქმის საფუძველზე ქ. ქუთაისის ...... მუნიცეპალიტეტის ბალანსზე რიცხული “ს-ის” ობიექტის ქონება იჯარით გადაეცა ნ. ს-ეს. მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ კონკურსის გამოცხადება, მისი ჩატარების ადგილი, პირობები და თარიღი მათთვის არავის უცნობებია. ასევე არ უცნობებია ქ. ქუთაისის ..... მუნიციპალიტეტისათვის, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა “ს-ის” ქონება. მიაჩნდათ, რომ კონკურსი ჩატარდა ფარულად, უკანონოდ, რაზეც ის ფაქტიც მიუთითებდა, რომ ნ. ს-ეს საკონკურსო თანხა – 1324 ლარი – სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ანგარიშზე ჩაურიცხია 2000წ. 15 აგვისტოს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ საკონკურსო კომისიამ რამდენიმე დღით ადრე იცოდა საკონკურსო თანხის ოდენობა, რაც ეწინააღმდეგებოდა კონკურსის პირობებს, რის გამოც ითხოვდნენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2000წ. 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმებას. ამასთან, საქმეში მე-3 პირად ქუთაისის ..... მუნიცეპალიტეტის ჩაბმას.
2000წ. 2 ნოემბერს ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა “ს-ის” შენობიდან ლ. ბ-ისა და ა. ბ-ის გამოსახლება და სადავო ქონების ნ. ს-ისათვის ჩაბარება. შეგებებულ სარჩელში აღნიშნული იყო რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) შესახებ” დებულების შესაბამისად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ მუნიციპალური საწარმო “ს-ის” უძრავ-მოძრავი ქონება გაცემულ იქნა იჯარით ხუთწლიანი ვადით. ამასთან დაკავშირებით, დებულების 4.1 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კონკურსის ჩატარების შესახებ სარეკლამო განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ “პრივატიზების ბიულეტენის” 2000წ. 31 მაისისა და იმავე წლის 14 ივლისის ნომრებში. დებულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ქუთაისის სამმართველო არ იყო ვალდებული, კონკურსის ჩატარების შესახებ პირადად ეცნობებინა რომელიმე იურდიული ან ფიზიკური პირისათვის. თუმცა, როგორც ლ. ბ-ის 2000წ. 24 აგვისტოს წერილიდან ირკვეოდა, მისთვის ცნობილი იყო კონკურსის ჩატარების თაობაზე, მაგრამ მას კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.
ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო შეგებებულ სარჩელში მიუთითებდა, რომ ლ. ბ-ი და ა. ბ-ე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ ქონებას, რის გამოც ითხოვდა მათ გამოსახლებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ. ბ-ის და ა. ბ-ის სარჩელი, გაუქმდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2000წ. 15 აგვისტოს კონკურსის შედეგები, ქ. ქუთაისში, ..... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარით გაცემის თაობაზე, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 4 მაისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება შპს “ს-ი”.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 მაისის დადგენილებით კანონით მემკვიდრეობის უფლების, 2000წ. 27 ივლისის ¹აბ-1815 მოწმობის, საფუძველზე, შპს “ს-ის” საწესდებო კაპიტალის 80% წილის მფლობელი გახდა საწარმოს დამფუძნებლის, გარდაცვლილი გ. დ-ის, მეუღლე ნ. ს-ე. ამავე დადგენილებით ნ. ს-ე დაინიშნა შპს “ს-ის” დირექტორად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ის და ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა და ა. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 23 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ სახელმწიფო საკუთრებაში, კერძოდ, ქუთაისის ..... მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სადავო ქონება ვადიან სარგებლობაში ისე გადასცა ნ. ს-ეს, რომ ქუთაისის ..... მუნიცეპალიტეტთან შეთანხმებული არ ყოფილა და მიიჩნია, რომ ქუთაისის ..... მუნიცეპალიტეტი საქმეში მესამე პირად უნდა ყოფილიყო ჩაბმული, რადგანაც სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლებოდა შეხებოდა მის უფლებებს.
ასევე მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს უფროსმა და განმარტა, რომ კონკურსის შედეგებში აღმოჩნდა უზუსტობა ობიექტის დასახელებასა და ფართის ოდენობაში, რის გამოც იგი მზად იყო, გამოეცხადებინა განმეორებითი კონკურსი ობიექტის იჯარით გაცემის მიზნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 17 აპრილის განჩინებით, საქმეზე მესამე პირად ჩართული იქნა ..... მუნიცეპალიტეტის სამართალმემკვიდრე-ქუთაისის მერია.
სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა და ექსპერტს დაესვა შემდეგი კითხვები:
1. ქუთაისში ..... მდებარე “ს-ს” ფუნქციონირების დროს ფაქტობრივად რა ფართი და რა სახის სადგომები ეჭირა ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებულ საარქივო ნახაზების თანახმად.
2. საარქივო ჩანაწერის რეალურობის მიზნით ადგილზე შემოწმებით დადგენილიყო, რამდენად შეესაბამებოდა საარქივო ჩანაწერებს ფაქტობრივი მდგომარეობა და კომბინატის საწარმოო ფართი უშუალოდ რამდენს შეადგენდა.
3. 2000წ. 14 ივლისს პრივატიზაციის ბიულეტენის ¹15-ში საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების მომენტისათვის იყო თუ არა განცხადებაში მითითებული ფართი ფაქტობრივად თავისუფალი და საწარმოო საქმიანობის გამოსაყენებლად ვარგისი.
4. რამდენად რეალური იყო ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2000წ. 5 დეკემბრის გაცემულ ცნობაში მითითებული სადავო ფართის ოდენობა – 1160,70კვ.მ და იყო თუ არა იგი ვარგისი სამეწარმეო საქმიანობისათვის.
5. რამდენ კვადრატულ მეტრს შეადგენდა შპს “ს-ის” ფართი დღევანდელი მდგომარეობით და ამ ფართში ცხოვრობდა თუ არა 2001წ. 29 ნოემბრის ცნობაში მითითებული 9 კაცი.
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის ექსპერტის 2002წ. 4 ივლისის ¹158/15 დასკვნით დადგენილ იქნა შემდეგი:
ქ. ქუთაისში ...... მდებარე “ს-ს” 1994 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად ეკავა 1160კვ.მ ფართი, რომელშიც შედიოდა ძირითადი კორპუსი (1014,62კვ.მ), საქვაბე (36,72კვ.მ) და ეზოში განთავსებული საპირფარეშო (9.36კვ.მ). 1994წ. ინვენტარიზაციის მასალები და საარქივო ჩანაწერები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას.
საინვენტარიზაციო და საქმეში არსებული მასალებით არ დგინდებოდა, 2000წ. 14 ივლისის პრივატიზაციის ბიულეტენში ¹15 საკონკურსო განცხადების გამოქვეყნების მომენტისათვის განცხადებაში მითითებული ფართი თავისუფალი და საწარმოო საქმიანობისათვის გამოსაყენებლად ვარგისი იყო თუ არა. ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიერ 2000წ. 5 დეკემბრის გაცემულ ცნობაში მითითებული ფართი 1160,7კვ.მ – არ ასახავდა ფაქტობრივ მდგომარეობას, ვინაიდან ფართი ფაქტობრივად შეადგენდა 1127,2კვ.მ-ს.
შპს “ს-ის” ფართი შეადგენდა 1127კვ.მ-ს. 2001წ. 29 ნოემბრის ცნობაში მითითებული 9 სული აღნიშნულ ფართში არ ცხოვრობდა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა უარი თქვა სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომლითაც ითხოვდა კონკურსის შედეგების ძალაში დატოვებას, და მოითხოვა გამოსახლება.
მესამე პირმა ნ. ს-ემ, რომელიც ასევე შპს “ს-ის” დირექტორია, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ სასამართლოს მიეცა მისთვის საშუალება შეეტანა სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მას საშუალება აღარ ჰქონდა, დაეცვა თავისი უფლებები. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მესამე პირის შუამდგომლობა და მისცა დრო შეგებებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად.
მესამე პირის შეგებებული სააპელაციო საჩივარი ემყარებოდა შემდეგ გარემოებებს:
სრულიად უსაფუძვლო იყო მოსაზრება, რომ სადავო ფართის კონკურსზე გატანა თითქოსდა არ შეიძლებოდა ..... მუნიცეპალიტეტის თანხმობის გარეშე, ვინაიდან ქ. ქუთაისში არსებული მუნიცეპალიტეტი იყო ქუთაისის მერიის სტრუქტურული დანაყოფი და არ წარმოადგენდა არც იურდიულ პირს და არც ქონების განმკარგავ ორგანოს. კანონსაწინააღმდეგო იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ გაზეთი “პრივატიზაციის” ბიულეტინი არ წარმოადგენს ინფორმაციის მასობრივ საშუალებას, ვინაიდან პრივატიზაციის კანონის მე-9 მუხლით დადგენილია, თუ პრივატიზებას ახდენს ტერიტორიული ორგანო, პრივატიზების თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში.
ტექნიკური ექსპერტიზით დადგენილი იყო, რომ “პრივატიზაციის ბიულეტენში” გამოქვეყნებული 1126.86 კვ.მ. შეესაბამებოდა რეალურ მდგომარეობას.
უსაფუძვლო იყო, აგრეთვე, პრეტენზია ბიულეტენში გამოქვეყნებული ტერმინის “არასაცხოვრებელი ფართის” მიმართ, ვინაიდან ქუთაისის ქონების მართვის სამმართველო 1995 წლიდან სისტემატურად იყენებდა ამ ტერმინს გაზეთში და იგი მიღებული პრაქტიკა იყო.
მესამე პირი შეგებებული სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც ლ. ბ-ის და ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, კონკურსის შედეგები ცნობილი იქნებოდა კანონიერად და სადავო ფართიდან გამოსახლდებოდნენ უკანონო მფლობელები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს სააპელაციო და მესამე პირის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 8 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ბ-ის და ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მიერ 2000წ. 15 აგვისტოს ჩატარებული კონკურსის შედეგები არასაცხოვრებელი ფართის იჯარის წესით გაცემის შესახებ ცნობილ იქნა კანონიერად. დაკმაყოფილდა ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს შეგებებული სარჩელი და არასაცხოვრებელი ფართიდან გამოსახლდა ყველა პირი და ფართი იჯარით გადაეცა ნ. ს-ეს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1.3-274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემაზე ინფორმაციის გამოქვეყნების წესი, რომლის შესაბამისად ინფორმაცია “ს-ის” იჯარით გაცემის შესახებ გამოქვეყნებული იყო ერთი თვით ადრე კონკურსამდე, “პრივატიზასიის ბიულეტენში”, ქუთაისის სამმართველოს შენობის შესასვლელში, სპეციალური საინფორმაციო დაფაზე გამოკრულ და ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველომ უარი თქვა სააპელაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომლითაც კონკურსის გამოცხადების და ჩატარების კანონიერად ცნობას მოითხოვდა, ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს “ს-ისათვის” კონკურსის წესით იჯარით გაცემისას არ დაურღვევია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გამოქვეყნების წესი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქონების მართვის ქ. ქუთაისის სამმართველო არ იყო ვალდებული, “ს-ის” ქონების იჯარით გაცემა შეეთანხმებინა კომბინატში განთავსებულ შპს “ს-თან” ან ქუთაისის მერიის მუნიცეპალური მართვის სამმართველოს ...... განყოფილებასთან, ვინაიდან 1970 წლიდან ქუთაისის ვაჭრობის სამმართველოს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა “ს-ი”, ხოლო 1993წ. 6 ივნისიდან “ს-ი” ჩამოყალიბდა როგორც მუნიციპალური საწარმო. 1997წ. 23 იანვარს “ს-ის” დირექტორმა გ. დ-მა და იმავე კომბინატის თანამშრომელმა ლ. ბ-მა დააფუძვნეს შპს “ს-ი”. შპს დაფუძნდა აღნიშნული ორი პიროვნების პირადი ქონების შენატანით და ფუნქციონირება გააგრძელა სახელმწიფოს კუთვნილ “ს-ში”. მუნიცეპალური საწარმო შენობითა და საწარმოო ინვენტარით ირიცხებოდა ..... მუნიცეპალიტეტის ბალანსზე 1999 წლიდან. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ს-ი” უკანონოდ ფლობდა სახელმწიფო ქონებას, რადგან მას ქონება რაიმე ფორმით არ გადასცემია და აღნიშნა, რომ არც შპს “ს-ს” და არც მუნიციპალურ საწარმოს “ს-ის” თანამშრომლებს სკ-ით დადგენილი ფორმით სახელმწიფო ქონება არ გადასცემიათ, რის გამოც უკანონოდ ფლობდნენ მას და გამოსახლებული უნდა ყოფილიყვნენ სადავო ფართიდან.
სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს არ სჭირდებოდა ...... მუნიციპალიტეტის, როგორც ბალანსმფლობელის თანხმობა ქონების იჯარით გაცემის თაობაზე, რადგან ..... მუნიციპალიტეტი ქუთაისის მერიის ბრძანების საფუძველზე წარმოადგენდა ქუთაისის მერიის მუნიციპალური მართვის სამმართველოს განყოფილებას, რის გამოც მუნიციპალიტეტს რაიმე დამოუკიდებელი უფლება მუნიციპალურ საკუთრებასთან არ გააჩნდა, ხოლო მერიის თანხმობას ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოს დებულება არ ითვალისწინებდა, ვინაიდან დებულების მე-3 თვის 8 პუნქტის მიხედვით, სამმართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო მუნიციპალური ქონების იჯარის უფლებით გაცემაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ბ-მა და ა. ბ-ემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების I და II პუნქტის მთლიანად და III პუნქტის ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვეს, კერძოდ, სხვა პირთა გამოსახლების ნაწილში ძალაში დატოვება და მათი გამოსახლების ნაწილში განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
კასატორები მიუთითებდნენ, რომ პრივატიზაციის შესახებ კანონის მე-9 მუხლის I პუნქტის თანახმად ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ პრესაში. ქუთაისის სამმართველომ კანონის აღნიშნული ნორმის მოთხოვნა დაარღვია, როდესაც საპრივატიზებო ქონების თაობაზე ინფორმაცია არ გამოაქვეყნა პრესაში, რომელიც ვრცელდება მოსახლეობაში.
ასევე მიაჩნიათ, რომ სადავო ფართის იჯარით გაცემის თაობაზე საჭირო იყო ქ. ქუთაისის მერიის თანხმობა და სარეკლამო განცხადებაში არასწორად იყო მითითებული “არასაცხოვრებელი ფართი” ნაცვლად მუნიციპალური საწარმო “ს-ისა”. ასევე არასწორად იყო მითითებული იჯარით გასაცემი ფართის ოდენობა.
საკასაციო საჩივრის განხილვა სასამართლოში რამდენჯერმე იყო დანიშნული, მაგრამ ყველა მხარე არ გამოცხადდა. მ/წლის 24 აპრილს დანიშნულ საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მესამე პირის, ნ. ს-ის, წარმომადგენელი, რომელმაც თანხმობა განაცხადა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაზე. საკასაციო პალატამ საქმის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დაადგინა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენიათ საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 2000წ. 6 აპრილის ¹90 ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის წესით იჯარით გასაცემ ობიექტთა ნუსხა, ნუსხაში აღნიშნულ ობიექტზე საწყისი წლიური საიჯარო ქირისა და ბეს ოდენობა. ¹90 ბრძანებით დამტკიცებული კონკურსის წესით იჯარით გასაცემ ობიექტთა ნუსხაში 1.4 ნომრად მითითებული იყო ..... მდებარე არასაცხოვრებელი 1126.86 კვ.მ ფართი, წლიური საიჯარო ქირა – 1343.36 აშშ დოლარი, ხოლო ბეს ოდენობა – 671,68 Gაშშ დოლარი. ამავე ბრძანების 2.1 პუნქტით დადგინდა ინფორმაციის მომზადება გაზეთ “პრივატიზაციის ბიულეტენისათვის”.
..... მდებარე არასაცხოვრებელი 1126.86 კვ.მ-ის იჯარით გაცემის თაობაზე ინფორმაცია “პრივატიზაციის ბიულეტენში” გამოქვეყნდა 2000წ. 31 მაისის და 14 ივლისის ნომრებში. ნ. ს-ე ერთადერთი პრეტენდენტი იყო, ვინც განაცხადი წარადგინა ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოში ობიექტის 5 წლის ვადით იჯარის უფლების მოსაპოვებლად. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს მუნიციპალური დაქვემდებარების სახელმწიფო ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2000წ. 15 აგვისტოს სხდომის ¹123 ოქმით ... მდებარე არასაცხოვრებელი 1126.86 კვ.მ ფართის იჯარის გაცემის შესახებ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ნ. ს-ე, რომელთანაც 2000წ. 12 სექტემბერს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება 5 წლის ვადით.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ..... მდებარე 1126.86 კვ.მ-ის იჯარის უფლების მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გაცემის შესახებ და აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 27 მაისის ¹1-3/274 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების კონკურსის წესით გაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოცხადდეს კონკურსამდე 1 თვით ადრე ცენტრალურ ან ადგილობრივ პრესაში. საქმეში არსებული “პრივატიზების ბიულეტენის” 2000წ. 14 ივლისის ¹15 ნომრით დადასტურებულია, რომ ინფორმაცია იჯარით გასაცემი ობიექტის კონკურსის წესით გაცემის თაობაზე გამოქვეყნდა 1 თვით ადრე კონკურსამდე (კონკურსი ჩატარდა 15 აგვისტოს). განცხადებაში მითითებული იყო გასაცემი ობიექტის მისამართი, ფართი, საიჯარო ქირის და ბეს ოდენობა. ამდენად, დაცული იყო ზემოაღნიშნული დებულების ნორმები.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “საპრივატიზებო ბიულეტენში” ინფორმაციის გამოცხადება არ უნდა ჩაითვალოს მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების საშუალებად და აღნიშნავს, რომ “სკ-ით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულება, დებულების პირველი მუხლის თანახმად შემუშავებულია სკ-ს, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის და პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში ან ადგილობრივ პრესაში თუ პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს 1995წ. 8 აგვისტოს ¹246 ბრძანებით პრივატიზების პროცესის საინფორმაციო-სარეკლამო საქმეში ოპერატიულობის უზრუნველყოფის მიზნით დადგინდა “პრივატიზების ბიულეტენის” გამოშვება, რომელიც რეგისტრირებულია და წარმოადგენს ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოს საინფორმაციო ბეჭდვით ორგანოს.
კასატორის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი ინფორმაციის გამოქვეყნება “პრივატიზების ბიულეტენში”, რაც საქმის მასალებითაც დადასტურებულია, რის გამოც საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნის დარღვევის შესახებ. ასევე უსაფუძლოა კასატორთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო ფართის იჯარის უფლებით გადაცემა მოხდა ბალანსთმფლობელის, ქუთაისის მერიის, თანხმობის გარეშე, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-3 მუხლის 9.6 პუნქტის თანახმად სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.
მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემაზე მერიის თანხმობას არ ითვალისწინებს არც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულება, რომელიც შეთანხმებულია ქუთაისის მერთან და დამტკიცებულია სამინისტროს მიერ. ამასთან, საქმეში მესამე პირად ჩართულ ქუთაისის მერიას პრეტენზია არ გამოუთქვამს სადავო ფართის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით და კონკურსის შედეგების ბათილობა არ მოუთხოვია.
უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება, იჯარით გასაცემი ფართის ოდენობის არასწორად გამოცხადების შესახებ, ვინაიდან საქმეზე დანიშნული საინჟინრო-ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი იქნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიულ სამსახურში არსებული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა ფაქტობრივ მდგომარეობას, ვინაიდან ფართი ფაქტობრივად შეადგენდა 1127.2 კვ.მ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ-ის და ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 ოქტომბრის განჩინება;
3. ლ. ბ-ს და ა. ბ-ეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის, 268.64 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.