Facebook Twitter

3გ-ად-39-კ-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქონებიდან ყადაღის მოხსნა

აღწერილობითი ნაწილი:

1999წ. 4 სექტემბერს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ 1998-1999წ. აგვისტოში მოახდინა 678.773 ათ. კუბ მეტრი ბუნებრივი აირის, 90.904 ტონა მაზუთის, 647 მლნ. კვტ სთ. ელექტროენერგიის იმპორტი და 178,4 მლნ. კვტ სთ. ელექტროენერგიის ექსპორტი.

საბაჟო გადასახადებმა ამ ოპერაციებზე შეადგინა 24.053.759,2 ლარი. სარჩელის აღძვრის დროს მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა 6724800 ლარი, რის შემდეგაც მისმა დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 17328959,2 ლარი. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, მოპასუხეს არ გადაუხდია დარიცხული გადასახადი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხეზე 17328959,2 ლარი დავალიანების დაკისრება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო კოდექსის 74-ე, საგადასახადო კოდექსის 245-ე და სსკ-ს 198-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 15 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” ქონებასა და ფულად სახსრებს.

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეზე 17136104,45 ლარი დავალიანების დაკისრება.

სასამართლოს მთავარ სხდომაზევე “ს.-ს” წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო. კერძოდ: იმპორტირებული ბენებრივი აირისა და მაზუთის საბაჟო გადასახადების ნაწილში მთლიანად, ხოლო იმპორტირებული ელექტროენერგიის საბაჟო გადასახადების ნაწილში _ ნაწილობრივ. აღიარა დავალიანება შედარების აქტებში მითითებული რაოდენობით: 1999წ. 1 იანვრისათვის 1824171,78 ლარი და 1999წ. 1 მარტის მდგომარეობით 2099758,92 ლარი, რამაც შეადგინა 3923930,70 ლარი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 5836464,16 ლარის ნაცვლად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ დაეკისრა 15223569,99 ლარის გადახდა. ამასთან, ძალაში დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 15 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ კომპანია “ს.-ს” მიერ ბიუჯეტისადმი საბაჟო გადასახადის სრულ დაფარვამდე.

2003წ. 31 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი შეიტანა შპს “პ.-მ”.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999წ. 6 სექტემბრის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “პ.-ი”, რომლის იურდიული მისამართი იყო ...-ის ქ. ¹2.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ საქმეში მოპასუხედ მითითებული სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” სამართალმემკვიდრეა შპს “ს.-2000”, რომლის საკუთრებასაც არ წარმოადგენს ...-ის ქ. ¹2-ში მდებარე ყადაღადადებული შენობა. აღნიშნული ფართი სს “ე.-ის” საწესდებო კაპიტალში იყო შეტანილი და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 29 იანვრის ¹1-3/67 ბრძანებით შემცირდა მისი საწესდებო კაპიტალი. ამოღებულ იქნა ქონების ნაწილი, რომლის ფაქტობრივ მფლობელებსაც წარმოადგენდნენ შპს “პ.-ი” და ამ შენობაში განთავსებული სხვა ორგანიზაციები. შპს “პ.-მ” კერძო საჩივრით ითხოვა 1999წ. 15 სექტემბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ ყადაღა დაედო სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” ქონებას, კერძოდ, თბილისში ...-ის ქუჩის ¹2-ში მდებარე შენობას, რის შესახებაც შპს “პ.-მ” შეიტყო ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2003წ. 18 მარტის ¹24-936 წერილის საფუძველზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2002წ. 29 იანვრის ¹1-3/67 და 2003წ. 6 თებერვლის ¹1-3/111 ბრძანებების შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 3 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 15 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” ქონებასა და ფულად სახსრებს. აღნიშნული განჩინებით არ დაკონკრეტებულა, უშუალოდ რომელ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა. თავის დროზე ეს განჩინება არ გასაჩივრებულა.

თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2003წ. 31 იანვრის ¹2/9 წერილიდან ირკვევა, რომ 1999წ. 17 სექტემბრისთვის ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” კუთვნილ ქონებას, რაზეც პრეტენზია გამოთქვა შპს “პ.-მა”.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს მოტივაციას, რომ 1999წ. 15 სექტემბრის განჩინებით ყადაღა დაედო სახელმწიფო კომპანია “ს.-ს” იმ ქონებას, რომელიც მას გააჩნდა განჩინების გამოტანის მომენტისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს “პ.-ის”კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგანაც, თუ ტექაღრიცხვის სამსახურმა ყადაღა “ს.-ს” ქონების ნაცვლად, არასწორად დაადო შპს “პ.-ის” კუთვნილ უძრავ ქონებას, მაშინ ამ უკანასკნელმა სასარჩელო წესით უნდა იდავოს ტექაღრიცხვის სამსახურთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “პ.-ის” კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “პ.-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 1999წ. 15 სექტემბრისა და 2003წ. 3 აპრილის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.