¹3გ-ად-39-კ-03 8 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ბინის თანამესაკუთრედ და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 14.05.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ. მ-ის სარჩელი და მოპასუხე ს. ტ-ეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2550 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. გორის რაიონული სააღსრულებო ბიუროს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 19.01.01წ. ჩატარდა იძულებითი აუქციონი, რის შედეგადაც ს. ტ-ის კუთვნილი ბინა 5200 ლარად შეიძინა ს. გ-მა.
01.02.01წ. ს. გ-მა სასარჩელო გაცხადებით მიმართა სასამართლოს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ აუქციონის წესით შეძენილ ბინაში, მდებარე ქ. გორი, ....., კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ს. ტ-ე, რითაც ილახება მისი, როგორც მესაკუთრის კანონით გარანტირებული უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ს. გ-მა მოითხოვა ს. ტ-ის და მასთან მცხოვრები პირების გამოსახლება ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.
ს. ტ-ის მეუღლემ _ ნ. კ-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა და აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადება.
გორის რაიონული სასამართლოს 20.06.01წ. გადაწყვეტილებით ს. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. გორში, ..... მდებარე ბინიდან გამოსახლებულ იქნა ს. ტ-ე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად, ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა ს. გ-ს. ნ. კ-ის შეგეგებული სარჩელი ბინის თანამესაკურედ ცნობისა და აუქციონის შედეგების ბათილად გამოცხადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ს. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.09.02წ. განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 20.06.01წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ-მა 19.01.01წ. აუქციონზე შეიძინა ქ. გორში, ..... მდებარე ბინა, საჯარო რეესტრში ბინის მესაკუთრედ აღრიცხულ იქნა ს. გ-ი და აუქციონის შედეგები არ გასაჩივრებულა. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინის წინა კანონიერმა მესაკუთრე ნ. ტ-ემ 16.10.94წ. ჩუქების ხელშეკრულებით ბინა საკუთრებაში გადასცა თავის ვაჟიშვილს _ ს. ტ-ეს, რის შემდეგაც ბინა აღირიცხა საჯარო რეესტრში ს. ტ-ის სახელზე და სწორედ იგი გახდა სადავო ბინის ერთპიროვნული მესაკუთრე. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. კ-მა ვერც ერთ სასამართლო ინსტანციაში ვერ შეძლო სადავო ბინის თანასაკუთრეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ს. ტ-ის სახელზე რიცხული ბინა სკ-ს 301-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაიყიდა აუქციონზე, რასაც საფუძველი დაედო გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ 14.03.02წ. გადაწყვეტილება. აუქციონზე სადავო ბინა შეიძინა ს. გ-მა, რის შესახებაც იცოდა ს. ტ-ემ, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ განუცხადებია აუქციონის შედეგების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.09.02წ. გაჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. კ-ის მიერ. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას უსაფუძვლობის გამო და აღნიშნავს, რომ საქმე განხილულია ტენდენციურად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ, სააპელაციო საჩივარი განიხილა არა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის, არამედ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ. კასატორი უთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მის მეუღლეს ს. ტ-ეს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის გადახდა 2550 აშშ დოლარის ოდენობით. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ს. ტ-ეს 2002წ. 29 ოქტომბრამდე არ ჩაბარებია. სსკ-ს 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 10 დღეს შეადგენს, ვადა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან აითვლება. კასატორის მეუღლეს შეტანილი აქვს საჩივარი მისი გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ, რომელიც ამჟამად განსახილველია. სააღსრულებო სამსახურს გადაწყვეტილების აღსრულებისას არ გაურკვევია დ/გადაწყვეტილების ძალაში ყოფნის საკითხი. აუქციონი ჩატარდა დასვენების დღეს, ბინა საკუთრებაში გადაეცა ნ. მ-ის რძალს _ ს. გ-ს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას სადავო ბინის კეთილმოწყობისათვის და ქონების გაზრდისათვის მნიშვნელოვანი ხარჯები აქვს გაწეული, რის გამო ითხოვდა ბინის თანამესაკუთრედ ცნობას. სადავო ბინის ძირითადი დამქირავებელი იყო კასატორის დედამთილი _ ნ. ტ-ე, რომლის სახელზე აღირიცხა ბინა. პრივატიზაციამდე და პრივატიზაციის შემდეგაც სადავო ბინა წარმოადგენდა საზიარო საგანს და სკ-ს 955-959-ე მუხლების თანახმად საზიარო საგნის განკარგვა ხდება ერთობლივად, სახლის ს. ტ-ეზე გაჩუქების შესახებ კასატორისათვის უცნობი იყო, გაჩუქება მოხდა ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის გარეშე.
საკასაციო პალატას შეგებებული სარჩელით მიმართა აგრეთვე ს. გ-მა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.03.03წ. განჩინებით შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა შეგებებული საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსწორება. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსკ-ს 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რომლის პირველი ნაწილის “დ" და “ე" ქვეპუნქტების შესაბამისად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ ს. გ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი თავისი არსით იყო შესაგებელი, მისი ავტორი არ ასაჩივრებდა სააპელაციო პალატის 25.09.02წ. განჩინებას. ვინაიდან ს. გ-მა არ გამოასწორა საკასაციო პალატის 28.03.03წ. განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, განუხილველად დატოვებულ შეგებებულ საკასაციო საჩივარს საკასაციო პალატა მიიჩნევს ს. გ-ის შესაგებლად. ს. გ-ი არ ეთანხმება კასატორის _ ნ. კ-ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი არის სადავო ბინის თანამესაკუთრე და აღნიშნავს, რომ ს. ტ-ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა არ ადასტურებს ბინის თანამესაკუთრეობას, ვინაიდან სკ-ს 1163-ე მუხლის “ბ" ქვეპუნქტის მიხედვით ჩუქებით და მემკვიდრეობით მიღებული ქონება წარმოადგენს მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას. ნ. კ-ის მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს აგრეთვე სკ-ს 1163-ე მუხლის მოთხოვნებს, რადგან მან სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებები, რომელთა მეშვეობითაც იგი დაადასტურებდა ს. ტ-ის საკუთრების თანასაკუთრებად გადაქცევის შესაძლებლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძველზე, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რის შედეგადაც მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. აპელანტი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა იმას, რომ ს. ტ-ისათვის არ იყო ცნობილი მის მიმართ 14.03.2000წ. გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის 19.01.01წ. ჩატარებული აუქციონის შესახებ, კანონმდებლობის დარღვევით აუქციონი ჩატარდა უქმე დღეს (ნათლისღება), თანხა გადახდილ იქნა თანხების ჩათვლის გზით, ოჯახური გარიგების სახით, ბინის მყიდველი არის ნ. მ-ის რძალი. აპელანტი აღნიშნავდა აგრეთვე, რომ სასამართლომ იგნორირება გაუკეთა აპელანტის მოთხოვნას მისი, როგორც ბინაზე რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის ჩამტარებელი პირის თანამესაკუთრედ ცნობას (სკ-ს 1163-ე მუხ.), აპელანტი უთითებდა, რომ არის ბინის მფლობელი და თანამესაკუთრე, ორი არასრულწლოვანი შვილის დედა და მარჩენალი, რის გამო უნდა გამოეყოს სადავო ბინის 3/4. აპელანტი ითხოვდა აგრეთვე საქმის სსკ-ს 280-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე შეჩერებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე მსჯელობას სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ მოტივებზე. სააპელაციო პალატა შემოიფარგლა იმის აღნიშვნით, რომ სადავო ბინის მესაკუთრე ნ. ტ-ემ 16.10.94წ. ჩუქების ხელშეკრულებით გაუფორმა და საკუთრებაში გადასცა ბინა თავის ვაჟიშვილს _ ს. ტ-ეს, რომელიც იყო სადავო ბინის ერთადერთი მესაკუთრე, აპელანტმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცება სადავო ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე. ამასთანავე, სასამართლომ არ იქონია მსჯელობა საქმის განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენლის მიერ დასმულ საკითხზე იმის შესახებ, რომ ბინის პრივატიზაციამდე და პრივატიზაციის შემდეგაც სადავო ბინა წარმოადგენდა საზიარო საგანს, ნ. ტ-ემ ოჯახის სრულწლოვან წევრთა სავალდებულო წერილობითი თანხმობის გარეშე სადავო სახლი გააჩუქა ს. ტ-ეზე. სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება არის შეუძლებელი. ამასთანავე, საკასაციო პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს და შეფასება მისცეს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებზედაც ნამსჯელი აქვს სააპელაციო სასამართლოს. იმის გათვალისწინებით, რომ დავა ეხება კასატორის სასიცოცხლო მნიშვნელობის, კერძოდ, საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის საკითხს, საკასაციო პალატა საჭიროდ თვლის საქმის მასალების დამატებით გამოკვლევას, საქმეზე არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა იქონიოს მსჯელობა სსკ-ს 279-ე მუხლის “დ" ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. ნ. კ-ი სააპელაციო სასამართლოში ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ ს. ტ-ისათვის უცნობი იყო 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების შესახებ, შესაბამისად არ არის ძალაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის აღსრულება განხორციელდა 19.01.01წ. ჩატარებული აუქციონით. სააპელაციო სასამართლომ არ იქონია აღნიშნულის ირგვლივ მსჯელობა. გორის რაიონული სასამართლოდან საკასაციო სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი 17.03.2000წ გაეგზავნა ს. ტ-ეს რომელსაც ასლი არ ჩაბარებია. 22.11.2000წ. ნ. მ-ის მოთხოვნით გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 17.10.02წ. ს. ტ-ემ იმ მოტივით, რომ არ ჩაბარებია 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი, განცხადებით მოითხოვა მისთვის ასლის ჩაბარება, მისი მოთხოვნა 28.10.02წ. დაკმაყოფილდა. 07.11.02წ. ს. ტ-ემ სასამართლოს მიმართა საჩივრით 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ, საჩივრის ავტორმა აღნიშნა რომ მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა შ.ს. ორგანოების მიერ, შესაბამისად მას არ მიუღია შეტყობინება სსკ-ს 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. რაიონული სასამართლოს მიერ საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და სსკ-ს 239-ე მუხლის თანახმად დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვის დღე, რა დროსაც მხარეებმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე საქმის განხილვის გადადების, მორიგებისათვის ვადის მიცემის თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 14.03.2000წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ან ძალაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რაც შეუძლებელს ქმნის ჩატარებული აუქციონის, ბინიდან გამოსახლების მოთხოვნის მართლზომიერების დადგენის შესაძლებლობას გორის რაიონული სასამართლოს 14.03.2000წ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ს. ტ-ის მიერ შეტანილ საჩივარზე საქმის წარმოების დასრულებამდე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" ქვეპუნქტით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 25.09.02წ. განჩინება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.