Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ-ად-40-კ-03 9 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ფულადი კომპენსაციის მოთხოვნა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. ხ-მა, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მოპასუხე – სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის მის სასარგებლოდ სამოთახიანი ბინის კომპენსაციის 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაკისრება და მატერიალური და მორალური ზიანის 20000 აშშ დოლარის – სულ 55000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში დაკისრება.

მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

1990წ. მაისის თვეში საბურთალოს რაიონის ... მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. 1990წ. 20 მაისს მობინადრეთა საერთო კრების მიერ არჩეულ იქნა საინიციატივო ჯგუფი. კრების ოქმი მობინადრეთა თანხმობით, წარედგინა საბურთალოს რაიაღმასკომს, რომლს 6.03.91წ. ¹5.48.210 გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ფ.-...”. ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მოსარჩელე ი. ხ-ი, რომელც მშენებლბასთან დაკავშირებთ იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში, სადაც იგი მუშაობდა მხატვრად. ვინაიდან ამხანაგობას არ ჰქონდა ფული, მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის (ტერიტორის ტოპოგადაღება, საამშენებლო პასპორტის, ექსპერტიზების, საბუთების დაბეჭდვა-გამრავლება და ა.შ.) საჭირო თანხებს მოსარჩელე ხარჯავდა პირადი დანაზოგიდან იმ იმედით, რომ ახალ აშენებულ სახლში ბინას მიიღებდა უფასოდ. გაამზადეს რა ბინის მშენებლობისათვის საჭირო საბუთები, ამხანაგობის წევრებმა მიმართეს ქ. თბილისის მერიასთან შექმნილ ინდივიდუალურ კომერციულ ბინათმშენებლობის სამმართველოს. 1993წ. 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულებები შპს ,,თ.”-სა და ამხანაგობის წევრებს შორის, რომელშიც მითითებული იყო, რომ მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 3 წლის ვადაში და ამხანაგობის წევრებს ახალ აშენებულ სახლში უფასოდ უნდა მიეღოთ შესაბამისი ბინები. 1993წ. 1 სექტემბრიდან განთავისუფლდა ბინის ასაშენებლად საამშენებლო მოედანი და დაიწყო სასაძირკვლე ორმოს ამოთხრა, რაც მალევე შეჩერდა უსახსრობის მიზეზით. მიუხედავად მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრების გაღებისა, მშენებლობა მაინც შეჩერდა.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 1 ნოემბრის ¹707 დადგენილებით საქართველოს სოცუზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს ნება დაერთო, საბინაო მშენებლობისათვის გამოეყო 1 მილიონ ასი ათასი ლარი. 1996წ. 4 მარტს შპს ,,თ.”-სა და აღნიშნულ ფონდს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,თ.” იღებდა ქ. თბილისში ... თექვსმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ორგანიზაციის გაწევის, ხოლო ფონდი ზემოაღნიშნული მშენებლობის დაფინანსების ვალდებულებას (მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 1 ნოემბრის ¹707 დადგენილების საფუძველზე). ამ ხელშეკრულებაში შეყვანილი იქნა ამხანაგობის ყველა ის წევრი, რომელსაც შპს ,,თ.” ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულება ბინების უსასყიდლოდ მიღების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა უნდა დამთავრებულიყო 2 წელიწადში, რაც არ განხორციელდა. მშენებლობა დღემდე შეჩერებულია. ფონდმა რამდენიმე ოჯახი დააკმაყოფილა ნაწილობრივი კომპენსაციით. ფონდის ამგვარი ქმედებით შეილახა მოსარჩელის რეპუტაცია, მან დაკარგა სამსახური. მასვე მიადგა მორალური ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო იმ საფუძვლით, რომ შპს ,,თ.”, როგორც იურიდიული პირი ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს. ფონდს ზემაღნიშნული ხელშეკრულებით უნდა მიეღო 42 ბინა, ხოლო ი. ხ-ს 3-ოთახიანი ბინა. სკ-ს 444-ე მუხლის თანახმად უნდა გაიქვითოს ი. ხ-ის ვალდებულება. 1996წ. 26 მაისის ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 23-ე მუხლის თანახმად ფონდის შემოსავალ-გასავალს ამტკიცებს პარლამენტი, ხოლო ფონდის ხარჯების რაოდენობასა და მოცულობას განსაზღვრავდა ,,სახელმწიფო ბიუჯეტის” შესახებ კანონი. აქედან გამომდინარე ფონდს არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ხარჯის გაღება, ვინაიდან ბინათმშენებლობის ხარჯები ბიუჯეტის შესახებ კანონმა არ გაითვალისწინა. სსკ-ის 164-ე მუხლი ითვალისწინებდა ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისათვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სკ-ს 399-ე მუხლის I ნაწილით, აღნიშნული წარმოადგენს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის პატივსადებ მიზეზს.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს ი. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 25555 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ლარებში გადახდა. მოსარჩელეს მატერიალური და მორალური ზიანის 20000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

აპელანტს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მიაჩნდა უკანონოდ, რადგანაც 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულება გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობაა, ხოლო სკ-ს 339-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივისადები საფუძვლიდან გამომდინარე უარი თქვას გრძელვადიან ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლის დაწესებული ვადის დაუცველად”. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე შპს “თ.” ლიკვიდირებულია. სკ-ს 454-ე მუხლის თანახმად კი, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან. აპელანტის აზრით, შპს ,,თ.” ლიკვიდაციამ ფაქტიურად გამოიწვია ხელშეკრლების მოქმედების ვადის გაუქმება, როგორც ფონდის ასევე მობინადრეების მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქმებოდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივარი არ სცნო უსაფუძვლობის მოტივით და ითხოვა, რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის განჩინებით სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

კასატორი თვლიდა, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არაკანონიერია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი ნორმების მოთხოვნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულება არის მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკერულება, ამიტომ ფონდი ვალდებულია დააკმაყოფილოს ი. ხ-ის მოთხოვნა. ასეთი მიდგომა არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ზემოაღნიშნული ხელშეკრულება ფონდსა და შპს ,,თ.” შორის გაფორმდა მხოლოდ დაფინანსების მიზნით, ხოლო ყველანაირი პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ეკისრება შპს ,,თ.”, რადგან 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულებით და ასევე ი. ხ-თან დადებული ხელშეკრულებით სწორედ მას გააჩნია მენაშენის სტატუსი; ასევე მხოლოდ შპს ,,თ.” და ი. ხ-ს შორის დადებულ ხელშეკრულებაში არსებობს დათქმა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს ,,თ.» კისრულობს მობინადრეების დაკმაყოფილებას შესაბამისი კომპენსაციით. რაც შეეხება 1996წ. 4 მარტის ხელშეკრულების 2.9 პუნქტს, (მოცემულია იმ პირთა სია, რომელთაც ხელშეკრულების თანახმად უსასყიდლოდ კერძო საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ ბინები) ხელშეკრულებაში ამ სიის ჩვნებით ფონდმა დაიზღვია თავი, რათა არ მომხდარიყო ამხანაგობის წევრთა რაოდენობის გაზრდა.

კომერციული ბინათმშენებლობის შესახებ 1993წ. დებულების თანახმად, მხოლოდ მენაშენეს ეკისრება პასუხისმგებლობა მშენებლობის სრულყოფილად განხორციელებაზე.

კასატორი თავის საჩივარში ასევე მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რაზეც სააპელაციო საჩივარში და ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ი. ხ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარეს (მოსარჩელე) ი. ხ-სა და მენაშენე «თ.” შორის 1993წ. 1 ივლისს დაიდო ხელშეკრულება თბილისში, ... და ... ძველი სახლების დანგრევის შემდეგ ახლადაშენებულ სახლში უფასოდ 129,30 კვ.მ ფართის 3-ოთახიანი ბინა – სახელოსნოს გადაცემის შესახებ. უდავოა, რომ ი. ხ-ს ბინათმშენებლობაში ფულადი თანხა ან რაიმე შენატანი არ განუხორციელებია და ხელშეკრულების თანახმად, მას უფასოდ უნდა გადასცემოდა ახალი ბინა. როგორც საქმის მასალებიდან დასტურდება იგი არ ცხოვრობდა ... და ... მდებარე ძველ ბინაში, სადავო ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით მას ბინა არ ჩაუბარებია, არც დანგრევია და ახალი ბინათმშენებლობის დაწყებას მისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია;

2. მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდისაგან (კასატორისაგან) ითხოვს აუშენებელი ბინის ფულად კომპენსაციას, მენაშენე შპს «თ.” და «ფ.” შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც ფონდმა შპს «თ.”-ს წინაშე იკისრა 1996-97 წლებში ბინათმშენებლობის დაფინანსება 1100000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მე-2 პუნქტში მოცემულია იმ პირთა სია, რომელთაც ბინათმშენებლობის დასრულების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდათ ბინები და სიაში მე-12 ნომრად გათვალისწინებულია ი. ხ-ი. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს განმარტებას და ადასტურებს, რომ შპს «თ.” და დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996წ. 4 მარტს დადებული ხელშეკრულება ბინათმშენებლობის დაფინანსების შესახებ, სამართლებრივად წარმოადგენს მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ გარიგებას, რადგან, მართალია, ხელშეკრულების კონტრაჰენტები არიან შპს «თ.” და ფონდი, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგი უნდა დამდგარიყო და დაფინანსების შემდეგ აშენებული ბინა უნდა გადასცემოდათ ი. ხ-სა და იმ პირებს, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს არ წარმოადგენდნენ.

სკ-ს 349-ე მუხლის თანახმად: «მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს”.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მუხლის ანალიზისას საოლქო სასამართლოს მხრიდან ყურადღება არ მიექცა იმ არსებით თავისებურებას, რასაც მითითებული მუხლი მე-3 პირებთან მიმართებაში ითვალისწინებს. კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რა უფლებრივი დამოკიდებულება აქვს მე-3 პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების მიმართ, მე-3 პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება იყოფა ორ ჯგუფად. ხელშეკრულებები მე-3 პირთა დამოუკიდებელი მოთხოვნით და ხელშეკრულებები მე-3 პირთა დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხელშეკრულება მართალია იდება მე-3 პირის სასარგებლოდ, მაგრამ ისე, რომ მე-3 პირს არა აქვს შესრულების მოთხოვნის უფლება, ამდენად იგი წარმოადგენს სარგებლის მიღების მომლოდინე პირს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ყურადღება არ მიექცა იმ გარემოებას, რომ შპს “თ.” და დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს შორის 1996 წელს დადებულ ხელშეკრულებაში ი. ხ-ი წარმოადგენს მხოლოდ დ ამხოლოდ სარგებლის მომლოდინე პირს. ვინაიდან მითითებული ხელშეკრულება მოწინააღმდეგე მხარისათვის არ ადგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში ის იღებდა მხოლოდ სარგებელს, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი ზარალი გამოირიცხებოდა. როგორც აღვნიშნეთ, მას ბინა არ ჩაუბარებია, არ დანგრევია, მისი მხრიდან არ მომხდარა ფულადი შენატანის განხორციელება.

ყოველივე აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ი. ხ-ის მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და სსკ-ს 47-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად მიიჩნევს, რომ მხარე მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით განთავისუფლებული უნდა იქნეს სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.