Facebook Twitter

3გ-ად-42-კ-03 16 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: აუქციონის შედეგებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 3 აგვისტოს ც. გ-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ქ. გორში, ..... მდებარე ქონებაზე ჩატარებული აუქციონის გაუქმება, საჯარო რეესტრში ქონების ქ. ბ-ზე გადაცემის თაობაზე ჩანაწერის გაუქმება და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა შემდეგზე:

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის თანახმად სააღრულებო ბიუროს მიერ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა ჩატარებული აუქციონი, სააღსრულებო ბიურომ უგულებელყო აუქციონის ჩატარების საჯაროობის პრინციპი, საჯარო განცხადება აუქციონის თაობაზე არ ყოფილა გაკრული სასამართლო დაფაზე, რის გამოც 5 ივლისს ჩატარებულ აუქციონში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პიროვნებამ, ქ. ბ-ის რძლის დამ ნ. ლ-მა. შიდა ქართლის აღმასრულებელმა გ. ბ-მა, ლ-ის მიერ ვადაში თანხის გადაუხდელობის გამო 5 ივლისს ჩატარებული აუქციონი გააუქმა. 5 ივლისის აუქციონის გაუქმების შემდეგ სააღსრულებო ბიუროს უნდა ჩაეტარებინა არა განმეორებითი აუქციონი, არამედ თავდაპირველი აუქციონი. ამასთან, თუმცა სააღსრულებო ბიურო 20 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში არ მიუთითებდა, რომ ტარდებოდა განმეორებითი აუქციონი. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 771 მუხლის თანახმად ქონების ნატურით გადაცემა ხდება, თუ მეორე აუქციონზეც არ მოხდება ნივთის რეალიზაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, ჩატარდა მხოლოდ ერთი აუქციონი 25 ივლისს, ამიტომ 771 მუხლის გამოყენება არასწორი იყო.

2001წ. 9 აგვისტოს გორის რაიონულმა სასამართლომ საქმეში მესამე პირად ქ. ბ-ი ჩააბა.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ც. გ-ემ მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ც. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სადავო ქონებაზე ჩატარებული აუქციონი მისგან გამომდინარე შედეგებით. ამავე გადაწყვეტილებით გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ქ. გორში, ..... მდებარე ბინაზე ქ. ბ-ის საკუთრების უფლების ამორიცხვა და 2001წ. 26 ივლისამდე არსებული პირვანდელი მოდგომარეობის აღდგენა დაევალა.

მითითებული გადაწყვეტილება ქ. ბ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი და არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას მოპასუხემ და მესამე პირმა ვერ წარადგინეს სასამართლოში განცხადება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აუქციონის ჩატარების შესახებ, რასაც მოითხოვს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლი. ვერ იქნა მოპოვებული ასევე სასამართლო აღმასრულებლის განკარგულება იძულებითი აუქციონის შესახებ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის I პუნქტის “ა” და “ე” ქვეპუნქტების მოთხოვნათა დარღვევით სასამართლო აღმასრულებელმა აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადებაში არ მიუთითა უძრავი ქონების მესაკუთრის სახელი და უძრავი ქონების მოკლე აღწერილობა, საერთოდ უგულებელყო “ზ” ქვეპუნქტის მოთხოვნა “აუქციონის პირობების” შესახებ.

კერძოდ, 2001წ. 5 ივლისს 11 საათზე შიდა ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა კრედიტორის ქ. ბ-ის, მოქალაქეების: ნ. ლ-ის, ვ. ა-ის და ფ. კ-ის თანდასწრებით შეადგინა ოქმი აუქციონის ჩატარების შესახებ. ოქმში აღნიშნული იყო, რომ აუქციონზე გამოცხადდა მოქალაქე ნ. ლ-ი, კრედიტორი ქ. ბ-ი. აქვე მითითებული იყო, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, აუქციონზე მოვალე ც. გ-ე არ გამოცხადებულა. აღმასრულებელმა გამოაცხადა საცხოვრებელი სახლის საწყისი ფასი, რომელიც აუდიტის დასკვნის თანახმად 7500 ლარს შეადგენდა. ნ. ლ-მა გამოთქვა სურვილი საცხოვრებელი სახლის ყიდვისა, რის შედეგადაც ქ. გორში, ..... მდებარე საცხოვრებელი სახლი მიეყიდა სოფ. ..... მცხოვრებ ნ. ლ-ს.

ოქმზე გაკეთებული შენიშვნიდან დგინდება, რომ ნ. ლ-მა დადგენილ ვადაში კანონით განსაზღვრული ქონების საფასურის ერთი მეათედი ვერ წარმოადგინა აუქციონზე, რის გამოც იგი გაუქმდა და გადაიდო სხვა დროისათვის.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2001წ. 5 ივლისის აუქციონი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარდა. ამ მუხლის I პუნქტის თანახმად, აუქციონი მანამდე გრძელდება, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. სასამართლო აღმასრულებელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აუქციონზე მაქსიმალური ფასის შემომთავაზებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია შემოთავაზებული ფასის ერთი მეათედის ოდენობით. თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნა წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს.

როგორც 2001წ. 5 ივლისის ოქმით Dდგინდება, ნ. ლ-მა, მართალია, გამოთქვა სურვილი აუქციონზე გატანილი საცხოვრებელი სახლის ყიდვისა, მაგრამ მას კანონით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა არ გადაუხდია, რაც ეწინააღმდეგება “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონს.

აქვე ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა იმავე დღეს გააკეთა ოქმზე შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ ნ. ლ-მა დადგენილ ვადაში თანხა ვერ წარმოადგინა, რის გამოც აუქციონი გაუქმდა და გადაიდო სხვა დროისათვის, მაშინ როცა აღნიშნულიც არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 74-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, “თუ გარანტია დაუყოვნებლივ არ იქნება წარმოდგენილი, მაშინ შემოთავაზება ძალას კარგავს და აუქციონი უნდა გაგრძელდეს”, მისი გადადება, როგორც აღმასრულებელმა განახორციელა, არ დაიშვება.

საკასაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2001წ. 25 ივლისს ჩატარებულ აუქციონზე მოვალე ც. გ-ე საერთოდ არ ყოფილა გამოძახებული “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, მაშინ როცა ოქმში მითითებულია, რომ მიუხედავად შეტყობინებისა, იგი არ გამოცხადდა აუქციონზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ უწყება აღმასრულებელს ც. გ-ისათვის არ გადაუცია, ხოლო საქმეში არსებული აღმასრულებლის ხელწერილი სააპელაციო სასამართლომ ამის დამადასტურებელ საბუთად არ მიიჩნია.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღმასრულებლის მიერ აუქციონის ჩატარება არ მომხდარა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის ზემოხსენებული ნორმების გათვალისწინებით, რაც მისი გაუქმებისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.