Facebook Twitter

3გ-ად-43-კ-03 9 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ი. ლეგაშვილი

სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. უ-მა სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე 1997 წლიდან მუშაობდა მოპასუხის მიერ დაფუძნებულ შპს “თ-ში” დირექტორად. მოპასუხე ცხოვრობს აშშ-ში, სადაც მას აქვს საქმიანი კონტაქტები.

მოსარჩელის თხოვნითა და მისივე სახსრებით მოპასუხემ შეუძინა მას 2800 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი და კონტეინერებით სხვა საქონელთან ერთად გამოგზავნა მოსარჩელის სახელზე.

მოსარჩელემ 1998წ. მაისში, ივნისსა და აგვისტოში მიიღო აშშ-დან გამოგზავნილი მისი კუთვნილი საქონელი. განაბაჟა და შესანახად მიიტანა შპს “თ-ის” საწყობში. საქონლის ნაწილი, კერძოდ, დეკორატიული სარკეები და იატაკის ნოხები სარჩელის შეტანის დროსაც ინახებოდა აღნიშნულ საწყობში, საქონლის ნაწილი კი, კერძოდ, 2284 ცალი ფლაკონი ზვიგენის ხრტილი, მოპასუხემ მოსარჩელის დაუკითხავად წაიღო თავის სახლში.

მხარეთა შორის მომხდარი უთანხმოების გამო, მოპასუხემ მოსარჩელე დაითხოვა სამსახურიდან, რის შემდეგაც არ დაუბრუნა მას მისი კუთვნილი საქონელი.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა მოპასუხის დავალდებულება ზემოთ აღნიშნული საქონლის მისთვის დაბრუნების თაობაზე.

მ. უ-მა დამატებითი სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ.

დამატებით სარჩელში მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ მისი თხოვნითა და სახსრებით შეუძინა მას ავტომანქანა “ჯიპი გრანდ ჩეროკი”, რომელიც შემდგომი რეალიზაციის მიზნით გააჩერეს მოპასუხის ავტომაღაზიაში.

1999წ. ზაფხულში თბილისში თამაშდებოდა ავტომანქანა “ჯიპი გრანდ ჩეროკი” სიგარეტ “ვაისროის” ლატარიაში, რომლის ორგანიზატორებსაც საზღვარგარეთიდან დროულად არ ჩამოუვიდათ ავტომანქანა და ვინაიდან შპს “თ-ში” განთავსებული მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის მონაცემები ზუსტად ემთხვეოდა გათამაშების აფიშაში მითითებულ ავტომანქანის მონაცემებს, გამთამაშებლებმა სთხოვეს მოსარჩელესა და მოპასუხეს აღნიშნული ავტომანქანის მათ სალონში გაჩერება. რადგანაც შპს “თ-ის” დამფუძნებელი იყო ვ. მ-ი, ხელშეკრულებაც ავტომანქანის თხოვების თაობაზე, მასთან გაფორმდა, რაზედაც მოსარჩელემ მოპასუხეს მისცა მინდობილობა. აღნიშნული მინდობილობა მოსარჩელემ გააუქმა 2000წ. 31 მაისს და ავტომანქანას დაედო ყადაღა.

მოსარჩელემ დამატებით სარჩელში ითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მოსარჩელისთვის, როგორც კანონიერი მესაკუთრისათვის, დაბრუნება.

2000წ. 26 ოქტომბერს ვ. მ-ის მეუღლე ვა. მ-მა, როგორც მესამე პირმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე მ. უ-ის მიმართ, მესამე პირად მიუთითა საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოზე.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1998წ. 30 ივლისს ვა. მ-მა აშშ-ში შეიძინა ავტომანქანა “ჯიპი გრანდ ჩეროკი”, რომელშიც გადაიხადა 21900 აშშ დოლარი. აღნიშნული ავტომანქანა ვ. მ-მა გამოგზავნა ქ. თბილისში. თუ ავტომანქანა გაიყიდებოდა, ვ. მ-ს მეუღლისათვის უნდა მიეცა მისი საფასური.

ვა. მ-ის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის მიერ შეძენილი “ჯიპი გრანდ ჩეროკი” საბაჟო დეპარტამენტში დოკუმენტების გაყალბებით თავის სახელზე გაუფორმებია მ. უ-ს. შემდეგ კი ავტომანქანა მ. უ-ის სახელზე აღირიცხა საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში.

ვა. მ-მა სარჩელით ითხოვა საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში მ. უ-ის სახელზე ავტომანქანა “ჯიპ გრანდ ჩეროკის” რეგისტრაციის ბათილად ცნობა და ვა. მ-ის მიერ აღნიშნული ავტომანქანის საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტის დადგენა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მარტის სხდომაზე დაკმაყოფილდა ვა. მ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს დაევალა გამოეკვლია, ეკუთვნოდა, თუ არა საბაჟო დეპარტამენტის დოკუმენტების კრებულიდან მე-2 ფურცელზე შპს “თ-ის” დირექტორ ვ. მ-ის სახელით ინგლისურ ენაზე შესრულებული ხელმოწერა ვ. მ-ს, აგრეთვე, საბაჟო დეპარტამენტის დოკუმენტების კრებულის მე-2 ფურცელზე შპს “თ-ის” დირექტორის მოადგილე მ. უ-ისადმი შედგენილი მიმართვა იყო თუ არა შესრულებული მ. უ-ის მიერ.

იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2001წ. 2 აპრილის დასკვნით დადგინდა, რომ გამოსაკვლევ დოკუმენტებში არსებული ხელმოწერის შედარება მოპასუხე ვ. მ-ის ხელმოწერებთან ვერ მოხერხდა ექსპერიმენტალური ნიმუშების შეუსაბამობის, უხარისხობისა და სიმცირის გამო. რაც შეეხება მ. უ-ის ხელმოწერას, საბაჟო დეპარტამენტის დოკუმენტების კრებულის მე-2 ფერცელზე არსებული ხელმოწერა შესრულებულია მ. უ-ის მიერ.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით მ. უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ვ. მ-ს დაევალა 2800,23 ლარის ღირებულების საქონლის, კერძოდ: 2284 ცალი ფლაკონი ზვიგენის ხრტილის, 326 ცალი დეკორატიული სარკის, 4 რულონი იატაკის ნოხისა და ავტომანქანა “ჯიპი გრანდ ჩეროკის” მ. უ-ისათვის დაბრუნება; უარი ეთქვა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირ ვა. მ-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მესამე პირმა ვა. მ-მა და მოპასუხე ვ. მ-მა. აპელანტებმა ითხოვეს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდებოდა მ. უ-ის სარჩელი და დაკმაყოფილდებოდა მესამე პირ ვა. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით ვ. და ვა. მ-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 მაისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით, ცალ-ცალკე გაასაჩივრეს ვ. მ-მა და ვა. მ-ის წარმომადგენელმა ხ. გ-მა.

ვ. მ-ი საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, საქმის ზეპირი განხილვა ჩაატარა ვ. მ-ისა და მისი წარმომადგენლის შეტყობინების გარეშე. კასატორის განმარტებით, საქმეშია გაყალბებული უწყებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ვ. მ-ი არ იყო სახლში, ხოლო წარმომადგენელ ხ. გ-ის სახელზე გაგზავნილ უწყებაზე გაურკვეველი პირის ხელმოწერაა;

2. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აპელანტ ვ. მ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები;

3. განჩინება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია;

4. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 673-ე, 674-ე და 158-ე მუხლები, არასწორად განმარტა სკ-ს 172-ე მუხლი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს 764-ე, 770-ე, 773-ე მუხლები. აღნიშნული სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

კასატორმა ვ. მ-მა საკასაციო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

მეორე კასატორის, ვა. მ-ის, წარმომადგენელი ხ. გ-ი საკასაციო საჩივარს ამყარებს შემდეგ გარემოებებზე:

1. მ. უ-ის სახელზე შევსებული ინვოისი ავტომანქანა “ჯიპ გრანდ ჩეროკის” შესყიდვის თაობაზე და წერილი, რომლითაც თითქოს ვ. მ-ი ავალებდა მ. უ-ს, რომ განებაჟებინა სამი ავტომანქანა, მათ შორის ერთი “ჯიპი გრანდ ჩეროკი” მ. უ-ის სახელზე, გაყალბებული იყო მ. უ-ის მიერ, კერძოდ, კომპიუტერის სკანერზე გააყალბა ინვოისი, მიუთითა ავტომანქანის შესყიდვის თანხაზე ნაკლები, ხოლო ვა. მ-ის ნაცვლად მიუთითა თავისი სახელი და გვარი, რის საფუძველზეც საბაჟო დეკლარაცია “ჯიპ გრანდ ჩეროკისათვის” აიღო თავის სახელზე. ეს დეკლარაცია კი გახდა ავტომანქანის რეგისტრაციის საფუძველი;

2. სააპელაციო სასამრთლომ არ გამოიყენა სსკ-ს 137-ე და 173-ე მუხლები, არ დაადგინა საბუთების სიყალბე, არ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რაც ვა. მ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნული სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად, განჩინების გაუქმების საფუძველია;

3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, კასაციის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

კასატორ ვა. მ-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა და მესამე პირის განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ვ. და ვა. მ-ების, აგრეთვე, მათი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე ორჯერ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, საქმის ზეპირი განხილვა მათი დასწრების გარეშე.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვ. და ვა. მ-ებს, აგრეთვე, მათ წარმომადგენელ ხ. გ-ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ შეტყობინებები. მართალია, ვ. და ვა. მ-ებს შეტყობინებები არ ჩაბარებიათ, ვინაიდან დროებით წასული იყვნენ საქართველოდან, მაგრამ შეტყობინებები ჩაბარდა მათ წარმომადგენელ ხ. გ-ს, რომელიც ორჯერ არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო საქმის ზეპირ განხილვას. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა განმარტებას, რომ ხ. გ-ის ნაცვლად სასამართლო უწყებაზე სხვა პირი აწერს ხელს, რადგანაც აღნიშნული მოსაზრება არ არის დასაბუთებული და დადასტურებული რაიმე მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ ვა. მ-მა აშშ-დან საქართველოში გამოგზავნა კონტეინერი სამი ავტომანქანით. თითოეულ ავტომანქანაზე შედგენილი იყო ინვოისი კონკრეტული პირის -_ მიმღების სახელზე, სადავო ავტომანქანა “ჯიპ გრანდ ჩეროკზე” ინვოისი გაფორმებული იყო მ. უ-ის სახელზე. ვ. მ-მა წერილით დაავალა მ. უ-ს გამოგზავნილი ავტომანქანების იმ პირთათვის გადაცემა, ვის სახელზეც გამოიგზავნა ისინი. ავტომანქანები განბაჟდა ინვოისებში მითითებულ პირებზე და გაიცა შესაბამისი დეკლარაციები. სადავო ავტომანქანაზე საბაჟო დეკლარაცია გაფორმდა მ. უ-ზე.

სააპელაციო სასამართლომ, აგრეთვე, დადგენილად მიიჩნია, რომ 2284 ცალი ფლაკონი ზვიგენის ხრტილი, 326 ცალი დეკორატიული სარკე და 4 რულონი იატაკის ნოხი ვ. მ-მა გამოაგზავნა მ. უ-ის სახელზე, რომელმაც განაბაჟა აღნიშნული საქონელი და თავად გადაიხადა გადასახადები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, რადგანაც წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ვა. მ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ის განმარტებას, რომ ყალბი იყო მ. უ-ის სახელზე შევსებული ინვოისი მანქანის შესყიდვის თაობაზე და წერილი, რომლითაც ვ. მ-ი ავალებდა მ. უ-ს აშშ-დან გამოგზავნილი სამივე ავტომანქანის განბაჟებას, რომელთაგან ერთი ავტომანქანა იყო მ. უ-ის სახელზე.

აღნიშნული დოკუმენტების სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორთა მიერ საქმეში წარმოდგენილი არ არის, არც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორთა მოსაზრება დოკუმენტების გაყალბების თაობაზე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგზაო პოლიციაში სადავო ავტომანქანის რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილ იქნა საბაჟო დეკლარაცია მ. უ-ის სახელზე, რომელზეც საგზაო პოლიციამ კანონიერად გასცა სარეგისტრაციო მოწმობა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სკ-ს 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მ. უ-ს, როგორც ზემოთ აღნიშნული სადავო ნივთების მესაკუთრეს, უფლება აქვს, ვ. მ-ს მოსთხოვოს ნივთების უკან დაბრუნება, რადგანაც ამ უკანასკნელს არ აქვს ზემოთ მითითებული ნივთების ფლობის უფლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. მ-ისა და ვა. მ-ის წარმომადგენელ ხ. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.