გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-45-კ-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორმა ე. ბ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიმართ და მოითხოვა, რომ სასამართლოს დადგენილად ეცნო, რომ თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო არ იმყოფებოდა კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაში, რომ საჯარო იურიდიულ პირს არ ჰქონდა უფლება გაეუქმებინა კერძო სამართლის იურიდიული პირი და მიეთვისებინა მისი ქონება. განხილული ყოფილიყო 1998 წელს ნაძალადევის რაიონის სასამართლოში შეტანილი სარჩელი. მოპასუხეს დაკისრებოდა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
საქმის მომზადების სტადიაზე მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა: თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს 1991 და 1998 წლების წესდებების, 2001წ. 26 ივნისის ¹32 და 2001წ. 12 სექტემბრის ¹40 ბრძანებების, 2001წ. 12 სექტემბრის ¹152 წერილის და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს აქტის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ქონების გადაცემის შესახებ 2001წ. 18.01.¹2-21/273 წერილის და ქონების მართვის სამინისტროს 2000წ. 30 მარტის ¹2-3/200 ბრძანების ბათილად ცნობა.
2001წ. 16 ოქტომბერის მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება და მოითხოვა:
1. კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. თბილისის სპეციალური საკონსტურქტორო ბიუროსათვის სამეწარმეო რეესტრში რეგსიტრაციის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების უფლების მინიჭება;
3. ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობისა და მეცნიერებათა აკადემიას შორის გაფორმებული სახელმწიფო ქონების უზუფრუქტით გადაცემის ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტიდან საკონსტრუქორო ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების ამოღება;
4. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2001წ. 15 ივნისს დამტკიცებული მიღება-ჩაბარების აქტიდან თბილისის სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების ამოღება;
5. კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორ ნ. ბაღათურიას მიერ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოში ყალბი დოკუმენტების წარდგენისათვის საქმის მასალების საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა.
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისის სპეციალური საკონსტრუქორო ბიუროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სპეციალური საკონსტრუქოტორო ბიუროს დირექტორმა ლ. ბ-მა, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ე. ბ-ს აკრძალვოდა ინსტიტუტის ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონებით უკანონოდ სარგებლობა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორმა ე. ბ-მა შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და სარჩელის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანების ბათილად ცნობა და შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის სპეციალური საკონსტრუქორი ბიუროს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 2002წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანება.
კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანებით ლიკვიდირებულ იქნა ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებული თბილისის სპეციალური საკონსტრუქოტორი ბიურო და მის ბაზაზე დაარსდა ტექნოლოგიურ მოწყობილობათა განყოფილება და მიუთითა, რომ “საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ კანონის" თანახმად აკადემიის მფლობელობაში არსებულ ან გადასაცემი ქონების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება. მეცნიერებათა აკადემიის უფლებამოსილებას განეკუთვნება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დაარსება, ლიკვიდაცია და რეორგანიცაზია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული კანონის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსულება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას გააჩნდა მხოლოდ და კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, რის გამოც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტის საფუძველზე ბათილად ცნო კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შეგებებული სარჩელი ე. ბ-სათვის ინსტიტუტის ბალანსზე არსებული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის აღკვეთის შესახებ იმ მოტივით, რომ შეგეგებული საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად ედო გასაჩივრებული ¹32 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება თბილისის სპეციალური საკონსტრუქორო ბიუროს სარჩელი და დაკმაყოფლდება მათი შეგებებული სარჩელი.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოყენებინა და არასწორად განმარტა იგი. გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელი იყო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მის მოთხოვნაზე, რომელიც სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 2002წ. 30 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარს სხდომაზე აპელანტმა შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და თავდაპირველი მოთხოვნებიდან დატოვა ერთი მოთხოვნა _ ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანების ბათილად ცნობა. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მხოლოდ ბრძანების კანონიერების საკითხი, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები არ განიხილა, მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილეაში არ მიუთითა, რომელი საფუძვლებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ვინაიდან აპელანტმა 5 მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო სასამართლომ მთლიანად გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, დაარღვია სსკ-ს 384-ე მუხლის მოთხოვნა.
კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ემყარება საქმეში არსებულ მასალებს, ვინაიდან 2001წ. 15 ივნისს აკადემიამ ინსტიტუტს დაუმტკიცა ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციების ქონება და დაავალა მას მოეხდინა სტრუქტურული ცვლილებები, რადგან აღნიშნული ქონება გადაეცა ინსტიტუტს, ეს ორგანოები ვერ დარჩებოდნენ იურიდიულ პირებად, რის გამოც ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ, ისარგებლა რა 1999 წელს აკადემიის მიერ დამტკიცებული წესდებით მისთვის მინიჭებული უფლებით, მიიღო გადაწყვეტილება საკონსტრუქტორო ბიუროს, როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაციის და მის ბაზაზე არაიურიდიული პირის ტექნოლოგიურ მოწყუობილობათა განყოფილების ჩამოყალიბების შესახებ. ინსტიტუტი გასაჩივრებული ბრძანების ¹32 გამოცემისას მოქმედებდა წესდების შესაბამისად, რის გამოც იგი მიღებული იყო უფლებამოსილი პირის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა ინსტიტუტის დაქვემდებარებაში არსებული თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო და მის ბაზაზე დაარსდა ინსტიტუტის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა განყოფილება. ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით საკონსტრუქტორო ბიუროს თანამშრომლები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან, მათ შორის საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორი ე. ბ-ი და იგი დაინიშნა ტექნოლოგიურ მოწყობილობათა განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა რა სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს დირექტორის ე. ბ-ის განცხადება და ბათილად ცნო კვების მრეწველობის კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანება, გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გასაჩივრებული ¹32 ბრძანება გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-6 თავის მე-7 მუხლის თანახმად, აკადემიის პრეზიდიუმი იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება სამეცნიერო-კვლევითი და დამხმარე დაწესებულებების დაარსების, ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ, ასეთი უფლებამოსილება კვების მრეწველობის კვლევით ინსტიტუტს არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს საკასაციო პალატა, ვინაიდან სოფლის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 1999წ. 15 ოქტომბერს დამტკიცებული “საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წესდების” 1.5 პუნქტის თანახმად ინსტიტუტის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებდა თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, ხოლო მე-6.1 პუნქტის თანახმად ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო წყვეტდა ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების და ფილიალების, აგრეთვე სხვა განმხოლოებული ერთეულების შექმნისა და ლიკვიდაციის საკითხებს. ამასვე ითვალისწინებდა კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 1993წ. წესდება (პუნქტი 7).
მას შემდეგ რაც თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსმა ე. ბ-მა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის სხდომაზე შეამცირა როგორც სააპელაციო საჩივრის, ისე სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა საქართევლოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 2001წ. 26 ივნისის ¹32 ბრძანების ბათილად ცნობა და უარი განაცხადა თავდაპირველ მოთხოვნებზე, რომელთა შორის იგი ითხოვდა თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს 1991წ. 18 თებერვლის და 1998წ. 14 დეკემბრის წესდებების ბათილად ცნობას, რომელთა თანახმად თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულება – ორგანიზაციას, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, აღნიშნული წესდებების საფუძველზე კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაქვემდებარებაში მყოფი თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ლიკვიდაციის უფლებამოსილება გააჩნდა თუ არა ინსტიტუტს, რომელიც მოქმედებდა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ დამტკიცებული წესდებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და არ გაურკვევია, აღნიშნული წესდებების დამტკიცებით აკადემიამ ხომ არ მოახდინა თავისი უფლებამოსილების დელეგირება ინსტიტუტისათვის.
სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გაურკვევია, თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიურო, როგორც დამოუკიდებელი იურიდიული პირი იყო თუ არა რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით და შეიძინა თუ არა იურიდიული პირის უფლება-მოვალეობები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-14 მუხლის საფუძველზე აკადემია იყო უფლებამოსილი განეკარგა მის შემადგენლობაში მყოფი სამეცნიერო დაწესებულებების ქონება და ფინანსები და მიიჩნია, რომ აღნიშნულის გამო გასაჩივრებული ბრძანება არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო გამოცემული. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრძანების არცერთი პუნქტი არ ითვალისწინებს ქონების განკარგვას. გასაჩივრებული ბრძანებით ინსტიტუტმა მოახდინა თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ლიკვიდაცია და დაადგინა ბიუროს ბაზაზე ინსტიტუტის ტექნოლოგიურ მოწყობილობათა განყოფილების დაარსება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქარველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად გასაჩივრებული ბრძანების მითითებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნო იმ მოტივით, რომ იგი გამოცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, მაგრამ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემამდე, საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 17 თებერვლის ¹48 ბრძანებულების საფუძველზე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცა შენობა-ნაგებობები, რომლებიც შემდგომ უნდა დამტკიცებოდა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს და არ გაარკვია, თუ რას წარმოადგენდა თბილისის სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება: მანქანის ასაწყობ სტენდს, როგორც ეს აღნიშნულია საწარმოს 1999წ. ბალანსში, თუ შენობა-ნაგებობას (2000წ. საწარმოს ბალანსი). ასევე დასადგენია აღნიშნული ქონება შესული იყო თუ არა უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტში.
საკასაციო პალატის აზრით, აღნიშნული გარემოებების გარკვევას, არსებითი მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რის გამოც ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საქართევლოს კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაბურუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო და სასარჩელო მითხოვნების შემცირების (სასარჩელო მოთხოვნებზე ნაწილობრივ უარის თქმის) გამო სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია განჩინება უარის თქმის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.