გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-46-კ-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. გ-ის სარჩელი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის და სახელმწიფო ქონების მართვის ხელვაჩაურის სამმართველოს მიმართ, ამავე რაიონის სოფ. ...ის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი “სახაზო სახლის” საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ქ.ბათუმში მცხოვრებმა ნ. გ-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება, საქმეში მესამე პირად ჩართვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ფ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დატოვებული იქნა განუხილველად. ნ. გ-ეს უარი ეთქვა საქმეში მესამე პირად ჩართვაზე.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.გ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეში მესამე პირად ჩართვა მოითხოვა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მარტის განჩინებით ნ.გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გამოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.გ-ე არ იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სამართალურთიერთობის მონაწილე და მიუთითა: ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზედაც სადავო სახლი იყო განლაგებული, 1935 წლამდე ირიცხებოდა მისი ოჯახის სახელზე, არ ნიშნავდა იმას, რომ ნ. გ-ეს პრეტენზია გამოეთქვა სახაზო სახლის მასზე გადაცემაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელვაჩაუარის სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის კუთვნილების საკითხი არ გადაუწყვეტია. აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ. გ-ის სარჩელი სახაზო სახლის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაზე, რის გამოც ნ. გ-ის მოთხოვნა საქმეში მესამე პირად ჩართვაზე უსაფუძვლო იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 თებერვლის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, რაც ამ კოდექსით დადგენილი არ არის, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.
სსკ-ს 364-ე მუხლის თანახმად რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივლების უფლება აქვთ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებს. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მხარის ყველა უფლებით, ამიტომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება გააჩნიათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მესამე პირებსაც.
საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ნ.გ-ემ სსკ-ს 88-ე ან 89-ე მუხლების შესაბამისად მიმართა სასამართლოს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და განაცხადა პრეტენზია დავის საგანზე, ან მიმართა რაიონულ სასამართლოს განცხადებით, საქმეში მესამე პირად დაშვების შესახებ.
საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლომ ნ.გ-ე საქმეში ჩართო მესამე პირად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რის გამოც იგი არ წარმოადგენს ფ. გ-ის სასარჩელო საქმეზე მხარეს (მესამე პირს), რომელსაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება ჰქონდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი კანონიერად იქნა მიჩნეული დაუშვებლად და განუხილველად დატოვებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინება;
3. ნ. გ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის დენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.