3გ-ად-46-კ-03 12 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: კომლის აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
31.07.01წ. გარდაბნის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ლ. და ც. ბ.-ეებმა, მოპასუხე – გარდაბნის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს, მესამე პირების – ც. და შ. ბ.-ეების მიმართ, გარდაბნის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა აღნშნეს, რომ შ. ბ.-ე (რომელიც არის მოსარჩელე ლ. ბ.-ის და, ხოლო მოსარჩელე ც. ბ.-ის და მესამე პირის – ც. ბ.-ის მამიდა), ცხოვრობდა მათ მეზობლად და ჰქონდათ საერთო ჭერი, 1993 წელს შ. ბ.-მ ითხოვა მათ კომლთან შეერთება. მისი მოთხოვნის საფუძველზე ...-ის საკრებულოს გამგეობის 17.10.93წ. ¹50 გადაწყვეტილებით მოხდა კომლების შეერთება, ცვლილება რეგისტრირებულ იქნა საკომლო წიგნში. ...-ის საკრებულოს გამგეობის 19.01.94წ. ¹4 გადაწყვეტილებით კომლის უფროსად ლ. ბ.-ის ნაცვლად ცნობილ იქნა ც. ბ.-ე. 16.12.96წ. შ. ბ.-ემ განცხადებით მიმართა სოფლის საკრებულოს მისი კომლის აღდგენის მოთხოვნით, ვინაიდან მოსარჩელეებმა უარი განუცხადეს კომლში მისი არაკანონიერი მეუღლის ჩაწერაზე. სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილებით დაკმაყოფილდა შ. ბ.-ის მოთხოვნა, აღდგა 1994წ. გაუქმებული მისი კომლი. მოსარჩელეები უკანონოდ მიიჩნიეს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილება, რადგანაც 1993 წლიდან მათი და შ. ბარბძაქაძის კომლი შეერთებული იყო კომლისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნით, შ. ბ.-ის კომლიდან გასვლა, ე.ი. გაყრა არის სამართლებრივი აქტი, რომლისთვისაც აუცილებელია ყველა სრუწლოვანი წევრის თანხმობა, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკრებულომ მოახდინა არა კომლის გაყრა, არამედ აღდგენა, მაშინ, როდესაც კომლი გაუქმებული არ ყოფილა, იგი შეუერთდა მათ კომლს. მოსარჩელეებმა მიუთითეს აგრეთვე, რომ განცხადება სოფ. საკრებულოში რეგისტრირებულია 27.12.97წ., დადგენილება მიღებულია 31.01.97წ., ამასთანავე, კომლის შეერთებაზე საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, ხოლო კომლის აღდგენაზე დადგენილება, განცხადებაზე მოსარჩელეების ხელმოწერები გაყალბებულია, მათ ხელი განცხადებაზე არ მოუწერიათ, მიუხედავად იმისა, რომ ც. ბ.-ე თანხმობას აცხადებდა კომლის დაშლაზე მოხდა კომლის აღდგენა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 14.11.01წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კომლების შეერთება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, კომლების ფაქტობრივ შეერთებას ადგილი არ ჰქონია. რეგისტრაციის ჩანაწერების მიხედვით დადგინდა აგრეთვე, რომ მ. ბ.-ის განცხადება საკრებულოში რეგისტრირებულ იქნა არა 27.12.97წ., არამედ 27.12.96წ., სზაკ-ს მე-60 მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის სადავო დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.
ლ. და ც. ბ.-ეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აპელანტებმა აღნიშნეს, რომ საკრებულოს 31.01.97წ. დადგენილება არის უკანონო, ვინაიდან კომლის დაშლა საჭიროებს კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობით თანხმობას, რასაც ადგილი არ ჰქონია. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილების და ნოტარიუს დ. ბ.-ის მიერ 06.02.01წ. ¹1-158 სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლითაც შ. ბ.-მ აჩუქა ც. ჩ.-ს საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა შ. ბ.-ის ...წ. სერია აგ ¹... გარდაცვალების მოწმობა. საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ც. ჩ.-ი. აპელანტთა წარმოადგენელმა საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 14.11.01წ. გადაწყვეტილების გაუქმება, ლ. და ც. ბ.-ეების სარჩელის დაკმაყოფილება, სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. დადგენილების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.02წ გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გარდაბნის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. და ც. ბ.-ეების სარჩელს გარდაბნის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილების ბათილად ცნობაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. პალატამ აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის ჩუქების შესახებ 06.12.01წ. ხელშეკრულების მიხედვით შ. ბ.-მ აჩუქა ც. ჩ.-ს მთელი საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე 0,25 ჰა ნაკვეთი. სზაკ-ს 218.2 მუხლის თანახმად არ დაიშვება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გახდა ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. ვინაიდან სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილების მიმართ არ არსებობს სზაკ-ს მე-60 მუხლის I ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 61-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
სააპელაიცო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ლ. და ც. ბ.-ეების მიერ. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო პალატამ, თავი აარიდა საქმის ფაქტობრივ განხილვას, პალატამ არ გაითვალისწინა სზაკ-ს 218.2 მუხლის სრული შინაარსი, კერძოდ ის, რომ აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი ბათილად ან ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს თუ ლახავს მესამე პირების კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. კასატორები აღნიშნავენ, რომ კომლების შეერთებისთანავე კასატორები უვლიდნენ შ. ბ.-ეს, მოვლაზე ხარჯების გაწევა ხდებოდა კომლის საერთო შემოსავლიდან. სადავო აქტის ბათილობაზე უარის თქმა დასაშვები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, უკეთე სასამართლო დაადგენდა, რომ კომლს არ ჰქონდა გაწეული შ. ბ.-ის მოვლა-პატრონობაზე ხარჯები. კასატორები აღნიშნავენ, რომ ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილების არსებობა მათთვის ცნობილი გახდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედების პერიოდში – 2001წ. მაისის თვეში, რის გამოც სადავო ურთიერთობის დარეგულირება უნდა მომხდარიყო სასკ-ს 22-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალოდ ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას და ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ვინაიდან კომლის რაიმე იურიდიული ქმედების განხორციელებისათვის საჭიროა კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობითი თანხმობა, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, განცხადებაზე კასატორთა ხელმოწერების გაყალბების გარეშე ვერ მოხერხდებოდა სადავო აქტის გამოცემა. სსკ-ს 70-ე, სასკ-ს 261 მუხლის დარღვევით საქმის განხილვის დღე არ იყო ცნობილი სოფ. ...-ის საკრებულოსათვის, რის გამო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა მოითხოვეს საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შესაძლებლობას (სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტი). სააპელაციო პალატა შემოიფარგლა რა სზაკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით, ფაქტობრივად თავი აარიდა საქმის არსებით განხილვას. უსაფუძვლოა სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გარდაბნის რაიონის სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. ¹6 დადგენილება არის აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტი. სასკ-ს მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები, რომლებიც უნდა გამომდინარეობდნენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. სახელდობრ, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება; ადმინიტსრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. განსახილველ დავაში ლ. ბ.-ე და ც. ბ.-ე მოითხოვენ სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის 31.01.97წ. დადგენილების ბათილად ცნობას, რომლითაც შ. ბ.-ე გავიდა კომლიდან. კასატორების აზრით კომლიდან გასვლა საჭიროებდა კომლის ყველა სრულწლოვანი წევრის წერილობითი თანხმობას, რასაც ადგილი არ ჰქონია. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით ეხება კომლის ქონების გაყოფას, კომლის წევრის გარდაცვალებისას მემკვიდრეობის მიღების წესს, რაც თავისი ბუნებით წარმოადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავას და სსკ-ს მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააპელაციო საჩივარში ლ. ბ.-ე, ც. ბ.-ე დამატებით მოითხოვდნენ გარდაბნის ნოტარიუსის 06.02.01წ. ¹1-158 აქტით ჩუქების ხელშეკრულების დამოწმების გაუქმებას, რაც ასევე არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, თუმცა სააპელაციო პალატას სსკ-ს 381-ე მუხლის საფუძველზე არ უმსჯელია დავის საგნის გადიდების მიზანშეწონილობაზე. სოფ. ...-ის საკრებულოს გამგეობის მიერ შ. ბ.-ის თხოვნის დაკმაყოფილება, 31.01.97წ. დადგენილებით 1994წ. გაუქმებული კომლის აღდგენა, შესაბამისად კომლის რეგისტრაცია და საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) სათანადო ჩანაწერის შეტანა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის თანახმად არ განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის სფეროს. საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა რაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც “საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ” 25.12.68წ. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, ამასთანავე, მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ან გაუქმებულად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომენტიდან.
ამჟამად მოქმედი “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” კანონის მე-7 მუხლის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ პირთა რეგისტრაციას და რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებენ შინაგან საქმეთა ორგანოები. “საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 21.10.93წ. ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით შეიცვალა საკოლმეურნეო კომლის იურიდიული სტატუსი და იგი ჩამოყალიბდა საკომლო მეურნეობად, რომელიც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით წარმოადგენს ფერმერულ მეურნეობას, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით მის ძირითად დანიშნულებას შეადგენს არა დამხმარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა. ფერმერული მეურნეობა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით, დღემდე არც საადგილმამულო წიგნი შექმნილა. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323, 1463, 1514 მუხ.) შესაბამისად საადგილმამულო წიგნში რეგისტრაციით, რაც საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა. იმის გათვალისწინებით, რომ შ. ბ.-ის კომლის აღდგენა ახალი სკ-ს ძალაში შესვლამდე განხორციელდა (31.01.97წ.) სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა განსახილველი ურთიერთობების მიმართ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 130-ე, 569-ე მუხლების გამოყენების შესაძლებლობაზე. ამასთანავე, მხედველობაში არის მისაღები, რომ “მიწის რეგისტრაციის შესახებ” 14.11.96წ. კანონის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ამჟამად ახდენს რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახური (მთავარი რეგისტრატორი, ზონის რეგისტრატორი), რეგისტრაციის მიზანია მიწის ნაკვეთისა და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების მიმართ უფლებათა წარმოშობის, გაცემის, შეზღუდვისა ან შეწყვეტის აღიარება და დადასტურება სახელმწიფოს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადღეისოდ კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში (დავთარში) ჩანაწერი, თავისი ბუნებით არ პასუხობს სზაკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ აქტის მოთხოვნებს, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობას. საკომლო წიგნში ჩანაწერი, სამართლებრივად ტექინვენტარიზაციის ბიუროში ან საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მსგავსია, გამგეობის გასაჩივრებულ აქტს არ აქვს უფლებაწარმომქნელი მნიშვნელობა, დავთარში რეგისტრაციის სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი კერძო-სამართლებრივი ხასიათის მატერიალურ-სამართლებრივი, ქონებრივ-საოჯახო ურთიერთობებით, რის გამო უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლების მოშველიება. ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს სამართალწარმოების სრულიად განსხვავებულ პრინციპებზე აგებას, რაც პროცესუალური კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. საქმის გახილვისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა მატერიალური ნორმების რეალიზაციის შესაბამისი პროცესუალური, კერძოდ კი სამოქალაქო სამართალწარმოების ნორმებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავა არ განეკუთვნება ადმინსტრაციულ საქმეთა კატეგორიათა რიგს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, 26-ე, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ბ.-ის და ც. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.11. 02წ გადაწყვეტილება.
2. საქმე განსახილველად განსჯადობისამებრ გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.