გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-47-კ-02 30 მაისი, 2003 წ. ქ. .თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: შსს მინისტრის ბრძანების კანონშეუსაბამოდ ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002წ. 10 ივლისს საქართველოს შსს მატრიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე პოლიციის გენერალ-მაიორმა ვ. დ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის მიერ 2002წ. 27 ივნისს მიღებული ¹359 ბრძანების უკანონოდ ცნობა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს შსს შტაბის მიერ 2001წ. 18 დეკემბერს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა სამსახურებრივი ბარათი ¹88-37, რომლითაც დაევალა შსს ადმინისტრაციული შენობის დაცვისა და სასაშვო რეჟიმის გამკაცრების ღონისძიებების წარდგენა.
აღნიშნული დავალების შესრულების მიზნით, 2002 წ. 28 დეკემბერს გაიმართა ოპერატიული თათბირი და შედგა ოქმი ¹6. თათბირზე თავმჯდომარის მიერ დაისახა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის დაცვის გაძლიერებისა და სასაშვო რეჟიმის გამკაცრების ღონისძიებები, რის შემდეგაც სასაშვო რეჟიმი აღარ დარღვეულა.
მიუხედავად აღნიშნულისა, 2002წ. 24 ივნისს ოპერატიულ თათბირზე შსს მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2002წ. 27 ივნისის ¹359 ბრძანებით სამინისტროს შენობის დაცვის და სასაშვო რეჟიმის გაძლიერების მიზნით ადრე მიცემული დავალების შეუსრულებლობისათვის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გამოეცხადა საყვედური.
მოსარჩელის განმარტებით, საყვედური ისე გამოუცხადეს, რომ 2002წ. 24 ივნისის თათბირზე მისთვის ახსნა-განმარტება არ ჩამოურთმევიათ; გაუგებარია, მისი მხრიდან რაში გამოიხატა ადრე მიცემული დავალების შეუსრულებლობა, ვინაიდან ბრძანებაში ამის შესახებ არაფერია განმარტებული, მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებულ იქნა სამინისტროს შენობის დაცვისა და საშვთა სისტემის გაძლიერების მიზნით მიცემული დავალებები.
აქვე მოსარჩელე მიუთითებდა, რომ “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონისა და შს სამინისტროს დებულების შესაბამისად შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი არ წარმოადგენს პოლიციის დაწესებულებას.
მითითებული დეპარტამენტი მიეკუთვნება სამინისტროს სამოქალაქო დანაყოფს, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე და რომელიც საჯარო მოხელეა.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, სადაც საყვედური, როგორც პასუხისმგებლობის ზომა, გათვალისწინებული არ არის.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება დაიშვებოდა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წესით. მას კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონი არ დაურღვევია.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ შსს მინისტრის გასაჩივრებული ბრძანება მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევითა და ითხოვდა ამ უკანასკნელის არაკანონიერად ცნობას.
მოპასუხე შსს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ვ. დ-ზე, როგორც პოლიციის გენერალ-მაიორზე, ვრცელდება პოლიციის შესახებ კანონი, რის გამოც ამ უკანასკნელის მითითება მის მიმართ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის გამოყენების თაობაზე უსაფუძვლოა.
საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 17 აპრილის ¹430 განკარგულებით საქართველოს შსს სისტემაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ითვალისწინებს სამინისტროს სტრუქტურაში სამოქალაქო და პოლიციური სამსახურების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, რის შემდეგაც სამოქალაქო სამსახურზე გავრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, მანამდე კი, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება, შსს ყველა თანამშრომელზე თანაბრად ვრცელდება “პოლიციის შესახებ” კანონი.
გასაჩივრებული ბრძანებაც მიღებულ იქნა 30-ე მუხლის შესაბამისად. ბრძანების გამოცემისას ადგილი არა ჰქონია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებს, რის გამოც, შსს წარმომადგენლის მოსაზრებით, სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ვ. დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: საქართევლოს შს მინისტრის 2002წ. 27 ივნისის ¹359 ბრძანება მიჩნეული იქნა არაკანონიერად და გამოცხადდა ბათილად.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას ძირითადად დაეყრდნო შემდეგ გარემოებებს:
სასამართლო კოლეგიამ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შს სამინისტროს შტაბის 2001წ. 18 დეკემბრის სამსახურებრივი ბარათით მიცემული დავალება, რომლის შესრულების ფორმა და ვადა განსაზღვრული არ იყო, შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის თავმჯდომარის ვასილ დ-ს მიერ შესრულებულ იქნა და არ არსებობდა მისთვის საყვედურის გამოცხადების საფუძველი.
აქვე სასამართლომ მიიჩნია, რომ შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი წარმოადგენდა შსს სამოქალაქო სამსახურს, რის გამოც დეპარტამენტის თავმჯდომარეზე გავრცელებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები, რომლის 79-ე მუხლის შესაბამისადაც, პასუხისმგებლობის ღონისძიება “საყვედურის” სახით გათვალისწინებული არ იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია რომ სარჩელი ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
არ დეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილებას შსს მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ვ. დ-ს სარჩელი არ იქნებოდა დაკმაყოფილდებოდა.
კასატორმა კასაციის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
1. მოსარჩელე ვ. დ-ს დარღვეული აქვს “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლისა და “შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 73-ე მუხლის მოთხოვნები მითითებული მუხლების შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს, როგორც საჯარო სამსახურის სპეციალურ სუბიექტს უფლება არა აქვს სასამართლო წესით მოითხოვოს მის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული აქტის გაუქმება. მითითებული დავები უწყებრივად არ ექვემდებარება სასამართლოს.
კასატორი მიიჩნევდა, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის ზემოაღნიშნული მუხლი წარმოადგენდა სპეციალურ ნორმას, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დებულებების გამოყენებადაუშვებელი იყო;
2. სასამართლომ ისე გაავრცელა ვ. დ-ზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი, რომ მხედველობაში არ მიიღო ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის დებულებები, რომლის შესაბამისადაც, პოლიციის თანამშრომელზე მითითებული კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
3. კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ვ. დ-ს მიერ შესრულებული იყო მინისტრის დავალება და მიიჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობდა საქმის მასალებიდან;
4. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვ. დ-ა დაისაჯა “საქართველოს შს ორგანოების დისციპლინარული წესდებით” და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის შესაბამისად, რომლის 79-ე მუხლიც მართლაც არ ითვალისწინებს სახდელის სახით საყვედურის გამოყენებას;
ხოლო ის გარემოება, რომ ვ. დ-ა წარმოადგენს ...ის თანამშრომელს უდავოდ დასტურდება საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 25 მაისის ¹600 განკარგულებით, რომლითაც მას მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, კასატორი მიიჩნევდა, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული ის კანონი, რომელიც უნდა ყოფილიყო გამოყენებული და ითხოვდა მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
მოწინააღმდეგე მხარის, ვ. დ-ს, წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და თავისი შეპასუხება ფაქტობრივად დააფუძნა იმავე გარემოებებზე, რასაც სარჩელი ითვალისწინებდა, ამასთან მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილი იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული შესაბამისობით და არ არსებობდა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა კასაციის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებს და გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მასალების შესაბამისად საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ შსს 2001წ. 17 დეკემბრის ¹37 ოქმის მე-13 პუნქტის საფუძველზე, შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს (ვ. დ-ა) დაევალა შსს ადმინისტრაციული შენობის დაცვის გაძლიერებისა და სასაშვო რეჟიმის თაობაზე შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა.
2001წ. 18 დეკემბერს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გენერალ-მაიორ ვ. დ-ს გადაეცა სამსახურებრივი ბარათი ¹..., რომლის შესაბამისადაც ამ უკანასკნელს დაევალა შსს ადმინისტრაციული შენობის დაცვის გაძლიერებისა და სასაშვო რეჟიმის გამკაცრების თაობაზე შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა.
2002წ. 24 ივნისს საქართველოს შს მინისტრის ოპერატიული თათბირის ¹17 ოქმით განისაზღვრა, რომ შს სამინისტროს შენობის დაცვისა და სასაშვო რეჟიმის გაძლიერების მიზნით ადრე მიცემული დავალების შეუსრულებლობისათვის მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, პოლიციის გენერალ-მაიორს ვ. დ-ს გამოცხადებოდა საყვედური.
იმავეწ. 27 ივნისს საქართველოს შს სამინისტროს ¹359 ბრძანების საფუძველზე სამინისტროს შენობის დაცვის და სასაშვო რეჟიმის გაძლიერების მიზნით ადრე მიცემული დავალების შეუსრულებლობისათვის პოლიციის გენერალ-მაიორს ვ. დ-ს გამოეცხადა საყვედური.
სარჩელისა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი წარმოადგენს შსს სამოქალაქო სამსახურს, რის გამოც მასზე უნდა გავრცელდეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 79-ე მუხლიც დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად არ ითვალისწინებს საყვედურს, რის გამოც კანონით გაუთვალისწინებული სახდელის გამოყენების უფლება შს სამინისტროს არ გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად, მსგავს სახდელის გამოყენების დაუშვებლობას, მაგრამ ამასთან დაუსაბუთებლად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს მსჯელობას მითითებული კანონის რეგულირების ჩარჩოებში ვ. დ-ს მოქცევის შესაძლებლობის თაობაზე. კერძოდ, უდავოა და მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე არის პოლიციის გენერალ-მაიორი. “სამხედრო და სპეციალური წოდებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, ვ. დ-ა განეკუთვნება უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობას და ამდენად, მას პოლიციის სისტემაში მინიჭებული აქვს ერთ-ერთი უმაღლესი სპეციალური წოდება.
“პოლიციის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი.
ამავე კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით, თანამდებობის შესაბამისად პოლიციის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება და ეძლევა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სასამსახურო იარაღის ტარების უფლება.
მითითებული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად კი, პოლიციის თანამშრომელთათვის დაწესებულია სპეციალური სოციალური გარანტიები.
საკასაციო სასამართლოს სადავოდ არ მიაჩნია ის გარემოება, რომ პოლიციის თანამშრომელი სახელმწიფო მოსამსახურეა და მასზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მოთხოვნები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამავე კანონის მე-11 მუხლის პრინციპებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს შესაძლებელია, თუ არა ვ. დ-ზე, როგორც პოლიციის გენერალ-მაიორზე, არ გავრცელდეს სპეციალური კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
საკასაციო სასამართლო ადასტურებს, რომ “პოლიციის შესახებ” კანონის პრინციპებიდან და შსს დებულებიდან გამომდინარე, შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი არ წარმოადგენს გასამხედროებულ უწყებას, მაგრამ უდავოა და დადასტურებულია, რომ აღნიშნული იმყოფება პოლიციის უმაღლესი რანგის პირის დაქვემდებარებაში, რის გამოც საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, საოლქო სასამართლომ არსებითად გამოიკვლიოს და შეაფასოს იმ პირის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც მითითებულ სამსახურს ხელმძღვანელობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი გამოკვლევის მიზნით საქმე დაბრუნებული უნდა იქნეს თბილისის საოლქო სასამართლოში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.