3გ-ად-485-კ-02 12 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 26-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 20 ივნისს ა. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. მოსარჩელე მისი გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2002წ. 17 თებერვლის ¹77 ბრძანების გაუქმებას, ოთხი თვის იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურებასა და მისთვის ხანდაზმულობის ვადის აღდგენას მოითხოვდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ივლისის განჩინებით საქმის მასალები განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 27 აგვისტოს განჩინებით სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული და საქმეში სასამართლოს ინიციატივით მესამე პირის სტატუსით ხონის შს რაიგანყოფილება იქნა ჩაბმული.
2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ა. კ.-ის სარჩელი რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რადგან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული გარიგების დადებას. სასამართლომ აქვე მიიჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგია პირველი ინსტანციის წესით საქმეს განიხილავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგანი 500000 ლარს აღემატება. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა რაიონული სასამართლოს განსჯადი იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და საქმე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ ა. კ.-ის სასარჩელო განცხადება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის «ზ' ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. ნიშანდობლივია, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციული გარიგებების შესახებ ე.წ. «ორსაფეხურიან თეორიას» იცნობს, კერძოდ, ამ თეორიის მიხედვით ადმინისტრაციული გარიგების დადება ორი სტადიისაგან შედგება: 1. ადმინისტრაციული აქტის მიღება ადმინისტრაციული გარიგების დადების შესახებ და 2. თვით ადმინისტრაციული გარიგების დადება. ამრიგად, ადმინისტრაციული გარიგების დადებისათვის ადმინისტრაციული ორგანო იღებს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც, მართალია, თავისი შინაარსითა და დამახასიათებელი ნიშნებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტს ემსგავსება, მაგრამ იგი მხოლოდ და მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებულ ადმინისტრაციულ გარიგებასთან ერთობლიობაში მოიაზრება, მის შესასრულებლად გამოიცემა და მოცემულ შემთხვევაში იგი არ აწესებს, არ წყვეტს, არ ცვლის, არ ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემული საქმე მოსარჩელე ა. კ.-ის გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2002წ. 17 თებერვლის ¹77 ბრძანების გაუქმებასა და მის სამუშაოზე აღდგენას შეეხება. კერძოდ კი, დავის საგანს წარმოადგენს ა. კ.-სა და ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დადებული ადმინისტრაციული გარიგების _ საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის _ შეწყვეტა, რასაც მინისტრის სადავო ბრძანება ეხება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი საჯარო ფუნქციების ადმინისტრირებას, იგი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ცალმხრივი ნების გამოვლენაა, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. საკასაციო სასამართლო აქვე დაამატებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოების თანამშროლებთან შრომითი ხელშეკრულების დადება სამეცნიერო დოქტრინაშიც ადმინისტრაციულ გარიგებადაა მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რადგან დავის საგანს წარმოადგენს არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ ადმინისტრაციული გარიგების კანონიერების საკითხი, საქმე ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის პირველი ინსტანციის წესით განსჯად საქმედ, მით უფრო, რომ დავის საგნის ფასი 500000 ლარს არ აღემატება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. კ.-ის სასარჩელო განცხადება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით რაიონული სასამართლოს განსჯადია და საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს უნდა გადაეგზავნოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, მეექვსე მუხლებით და 26-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. კ.-ის სასარჩელო განცხადება განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს დაექვემდებაროს.
2. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.