¹ 3გ-ად-49-კ-03 18 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, იჯარის ხელშეკრლების ყალბად აღიარება, სარდაფიდან გამოსახლება და ბალანსიდან არასაცხოვრებელი ფართის ამორიცხვა.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 9 აგვისტოს ი. ი.-მ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა და მოითხოვა: ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და პ. თ.-ს შორის 2000წ. 26 ოქტომბერს ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მითითებულ 44,46 კვ.მ. ფართზე 2000წ. 6 ოქტომბერს პ. თ.-ის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობა, ქ. თბილისში, ... ¹4-ში მდებარე 44,46 კვ.მ. მეტრ ფართზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო უბან “...-სა” და შპს “ს.-ს” შორის 1998წ. 1 აპრილით დათარიღებული იჯარის ხელშეკრულების ყალბად აღიარება, ... მდებარე ფართიდან შპს “ს.-სა” და მოქალაქე პ. თ.-ის გამოსახლება და მითითებული სადავო ფართის თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების ბალანსიდან ამორიცხვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
სკ-ს 208-ე მუხლის შესაბამისად, ქონების პრივატიზებისას მობინადრეებს, კერძოდ 11 მაცხოვრებელს საცხოვრებელი ფართი ინდივიდუალურ საკუთრებაში, ხოლო დამხმარე არასაცხოვრებელი ფართობის უჯრედი, სხვენი და სარდაფი საერთო საკუთრებაში გადაეცათ. საერთო საკუთრებას წარმოადგენდა აგრეთვე სადავო 40,0 კვ. მეტრი ფართის სარდაფიც. Aამდენად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს მისი გასხვისების უფლება არ გააჩნდა. აღნიშნული ფართი ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხულია, როგორც საცხოვრებელი სახლი და იგი ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სახელზე ირიცხება.
ნასყიდობის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით სადავო სარდაფის ფართი 44,46 კვ.მეტრს შეადგენს, მაშინ როცა იგი 40,0 კვ. მეტრია.
სკ-ს 170-ე, 171-ე და 172-ე მუხლებიდან გამომდინარე შპს “ს.-ა” და მოქალაქე პ. თ.-ე მითითებული სარდაფიდან გამოსახლებულ უნდა იქნენ, ვინაიდან მათ სადავო სარდაფი უკანონო მფლობელობაში აქვთ.
მოწინააღმდეგე მხარემ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში განმარტა, რომ სადავო ფართი მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა და წლების განმავლობაში ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის ბალანსზე ირიცხებოდა. აღნიშნული ფართი დადგენილი წესით შეტანილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის დადგენილებით დამტკიცებულ საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხაში. ამავე დადგენილებით, ქონების მართვის სამმართველოს დადგენილი წესით ობიექტის პრივატიზება დაევალა. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით საპრივატიზებო კომისია დამტკიცდა, რომელმაც ფართი საპრივატიზებოდ მოამზადა და საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრა. 2000წ. 26 ოქტომბერს დანიშნულ კომერციულ კონკურსში პ. თ.-მ გაიმარჯვა, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, საპრივატიზებო ღირებულების სრულად დაფარვის შემდეგ კი მასზე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ი.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2000წ. 26 ოქტომბერს პ. თ.-ზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. შპს “ს.-ა” გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე ფართიდან. სადავო ფართი 40 კვ.მ ამოირიცხა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების ბალანსიდან.
აღნიშნული გადაწყვეტილება პ. თ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
ი. ი.-ი არასათანადო მოსარჩელეა. საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს, რომ სადავო ფართი ი. ი.-ის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, ქ. თბილისის ტექინვენტარიზაციის სამსახურიდან წარმოდგენილია ცნობა, რომლის თანახმადაც აღნიშნული ფართი 1940 წლიდან ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის ბალანსზე ირიცხება, ე.ი. იგი სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. ამდენად, ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს სრული უფლება ჰქონდა სადავო ფართი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეეტანა და “სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განეკარგა იგი.
არასწორია რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ 1991 წელს მოქმედი კანონმდებლობით არასაცხოვრებელ ფართზე ორდერი არ გაიცემოდა.
სადავო ფართის პრივატიზება კონკურსში გამარჯვების საფუძველზე მოხდა არა შპს “ს.-ს”, არამედ ფიზიკური პირის პ. თ.-ის მიერ. ამ უკანასკნელს სადავო ფართი საკუთრებაში იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე არ მიუღია და იჯარის ხელშეკრულებას სადავო სარდაფის პრივატიზებასთან კავშირი არა აქვს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აგრეთვე ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ი. ი.-ის სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ არასაცხოვრებელ ფართზე ორდერი არ გაიცემოდა და სადავო არასაცხოვრებელი ფართი არ წარმოადგენდა საიჯარო ურთიერთობის საგანს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1990წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილების 4.2 პუნქტში მითითებულია, რომ არასაცხოვრებელი ფართის დაკავება (მიუხედავად უწყებრივი კუთვნილებისა) დასაშვებია მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ გაცემული ორდერის მიღების შემდეგ. აღნიშნულზე დაყრდნობით, 1991წ. 9 მაისს გაცემული ორდერის საფუძველზე, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და კოოპერატივ “ბ.-ს” შორის. ამდენად, ქ. თბილისში, ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართი 1991 წლიდან საიჯარო ურთიერთობის საგანს წარმოადგენდა.
ქ. თბილისის მერიის საქალაქო კოლეგიის 1994წ. 15 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების “ქ. თბილისის ტერიტორიაზე სახელმწიფო მუნიციპალური საკუთრების შენობა-ნაგებობაში არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვისა და იჯარით გაცემის წესის შესახებ” პირველი მუხლის თანახმად: ქ. თბილისის მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობის გამქირავებელი არის ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილი ორგანო-საბინაო მეურნეობის სამმართველო და მისი საბინაო-საექსპლოატაციო ორგანიზაციები.
უსაფუძვლოა მითითება, თითქოს სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება ძალადაკარგული სკ-ს 237-ე მუხლის საფუძველზე განხორციელდა. სადავო ფართის პრივატიზება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს 1997წ. 30 მაისის კანონის შესაბამისად მოხდა და ხელშეკრულებაში ძალადაკარგული ნორმატიული აქტების მითითება საქართველოში იმ პერიოდში სტანდარტული ხელშეკრულების ბლანკის არსებობით იყო გამოწვეული.
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის ჩუღურეთის რაიონული განყოფილების ფართზე დავის შესახებ 2000წ. 25 აგვისტოს ეცნობა, ხოლო ინფორმაცია პრივატიზაციის შესახებ გაზეთ “თ.-ის” 2000წ. 24 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა. ვინაიდან სასამართლოდან არ ყოფილა შესაბამისი გაფრთხილება ფართზე პრივატიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ, სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება არ შეჩერებულა და იგი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და პ. თ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 6 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ი.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სადავო სარდაფი 1940 წლიდან ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სახელზე იყო აღრიცხული და მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენდა, რაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს საშუალებას აძლევდა განეკარგა იგი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო არასაცხოვრებელი ფართი 1991 წლიდან საიჯარო ურთიერთობის საგანს წარმოადგენდა და იგი კანონიერად იმყოფებოდა თავდაპირველად კოოპერატივ “ბ.-ს”, შემდეგ კი მისი სამართალმემკვიდრის, შპს “ს.-ს” მფლობელობაში.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის დადგენილებით ზემოაღნიშნული ფართი ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების არასაცხოვრებელი ფართობების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იქნა შეტანილი.
ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით საპრივატიზაციო კომისია შეიქმნა. კომისიის მიერ დადგინდა ფართის საწყისი საპრივატიზაციო ფასი 1131 აშშ დოლარი, რომელიც 2000წ. 22 აგვისტოს ბრძანებით დამტკიცდა. პრივატიზაციის ფორმად კომერციული კონკურსი განისაზღვრა. ინფორმაცია კონკურსის შესახებ 2000წ. 24 აგვისტოს გაზეთ “თ.-ი” იქნა გამოქვეყნებული. კონკურსი 2000წ. 26 სექტემბერს დაინიშნა და მასში პაატა თ.-მ გაიმარჯვა. აღნიშნული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული საკონკურსო კომისიის 2000წ. 26 სექტემბრის ოქმით არის დადასტურებული.
სარდაფის საპრივატიზაციო ღირებულების დაფარვის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა. 2000წ. 26 ოქტომბერს ნოტარიულად იქნა დამოწმებული სათანადო ხელშეკრულება და პ. თ.-ზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა გაიცა.
მართალია, სადავო სარდაფის პრივატიზება სასამართლო დავის პერიოდში განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული იმან განაპირობა, რომ სასამართლოდან სამმართველოში არ შესულა შესაბამისი მოთხოვნა პრივატიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ჩატარებული პრივპატიზაცია კანონიერად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ი. ი.-ის წარმომადგენელმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართევლოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ი. ი.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებანი:
ქ. თბილისში ... მდებარე სამსართულიან შენობაში განთავსებული საცხოვრებელი ბინები საკუთრების უფლებით ამ სახლის მობინადრეებს ეკუთვნით, ხოლო ამავე შენობაში განთავსებული არასაცხოვრებელი 44,46კვ.მ. ფართი 1940 წლიდან ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო ტრესტის სახელზე ირიცხებოდა, რომლის სამართალმემკვიდრეა ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილება.
ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო მეურნეობის მთავარი სამმართველოს არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ 1991წ. 9 მაისს გაიცა ორდერი, რომელიც კოოპერატივ “ბ.-ს” მიერ სადავო სარდაფის დაკავების საფუძველი გახდა. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილების 4.2 პუნქტის თანახმად, არასაცხოვრებელი ფართობის დაკავება (მიუხედავად მისი უწყებრივი კუთვნილებისა) დასაშვებია მხლოდ არასაცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილების სამმართველოს მიერ გაცემული ორდერის მიღების შემდეგ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა.
აღნიშნული ორდერის საფუძველზე საბინაო-საექსპლუატაციო უბანსა და კოოპერატივ “ბ.-ს” შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა.
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 მარტის დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შპს “ს.-ტ”, რომელიც კოოპერატივ “ბ.-ს” სამართალმემკვიდრე გახდა.
1996წ. 1 აპრილს მითითებულ სარდაფზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლოატაციო უბან “...-სა” და შპს “ს.-ტ”-ს შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მოქმედების ვადა 2000წ. 1 აპრილამდე განისაზღვრა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1998წ. 19 მარტის დადგენილებით ზემოაღნიშნული სარდაფი შეტანილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალური საკუთრების არასაცხოვრებელი ფართობების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. Aამასთან, დაზუსტდა სარდაფის ფართი და იგი 44,46 კვ.მ აღმოჩნდა.
ქ. თბილისის ქონების მართვის სამმართველოს 2000წ. 21 აგვისტოს ბრძანებით საპრივატიზაციო კომისია შეიქმნა. პრივატიზაციის ფორმად კომერციულ კონკურსი დადგინდა. ინფორმაცია კონკურსის შესახებ 2000წ. 24 აგვისტოს გაზეთ “თ.-ის” ნომერში გამოქვეყნდა, კონკურსი კი 2000წ. 26 სექტემბერს დაინიშნა, რომელშიც პ. თ.-მ გაიმარჯვა. აღნიშნული ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსთან არსებული კომისიის 2000წ. 26 სექტემბრის ოქმითაც არის დადასტურებული.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელდა და 2000წ. 26 ოქტომბრის ხელშეკრულებაში ძალადაკარგულ ნორმატიულ აქტზე მითითება სამმართველოში იმ პერიოდში სტანდარტული ხელშეკრულების ბლანკებით იყო გამოწვეული. ამასთან, მართალია სადავო სარდაფის პრივატიზება სასამართლო დავის პერიოდში განხორციელდა, მაგრამ აღნიშნული იმან განაპირობა, რომ სასამართლოდან სამმართველოში არ შესულა მოთხოვნა პრივატიზაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უშუალოდ საქმის მასალებიდან გამომდინარეობს. აქვე ნიშანდობლივია ისიც, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც სადავო სარდაფის მობინადრეთა თანასაკუთრებაში არსებობის ფაქტს დაადასტურებდა, რაც საფუძველს გვაძლევს გავაკეთოთ დასკვნა, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს, როგორც მითითებული არასაცხოვრებელი ფართის მესაკუთრეს მისი განკარგვის უფლებამოსილება გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თავისი ოთახების ქვეშ არსებული ფართი საცხოვრებელი სახლის არსებითი შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან სკ-ს 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი არის ის, რომლის გამოცალკავებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორის მოსაზრება, რომ მას სადავო ფართის უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა, რადგან ის გარემოება, რომ არასაცხოვრებელი ფართი მისი ბინის ქვეშ მდებარეობდა უპირატესი შესყიდვის უფლების წარმოშობის საფუძველს არ წარმოადგენდა.
ამდენად, სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია კანონიერად განხორციელდა, პ. თ.-ს მასზე საკუთრების უფლება კანონიერად აქვს მოპოვებული და სადავო ფართიდან მისი გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ი.-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.