გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-50-კ-03 15 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ს-ის საცხოვრებელი ბინა და მასში არსებული მატერიალური ქონება, მდებარე ..., 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის საომარი მოქმედებების შედეგად მთლიანად განადგურდა. აღნიშნული მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, 1994წ. 31 მაისის მინისტრთა კაბინეტის ¹356 დადგენილებით თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული თბილისელებისათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და განადგურებული ქონების ანაზღაურება. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების შესაბამისად, 1991-92 წლებში მოსარჩელეებისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 8,0 მლნ დოლარის ეკვივალენტის თანხა. 5 მლნ. დოლარის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო 1996წ. განმავლობაში, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა ანაზღაურებულიყო 1997წ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული განკარგულებებითა და საქართევლოს პრეზიდენტის 1996წ. 26 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით მატერიალური ზარალის ანაზღაურება დაევალა ფინანსთა სამინისტროს თბილისის მერიასთან ერთად.
ნ.ს-ემ, განადგურებული ქონების კომპენსაციის მიზნით, 1999წ. 4 ივნისს სარჩელი აღძრა ვაკის რაიონის სასამართლოში თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა განადგურებული ქონების ღირებულების – 100183 დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტისა და მინისტრთა კაბინეტის მიერ გამოცემული ზემოაღნიშნული განკარგულებებისა, თბილისის მერიამ და ფინანსთა სამინისტრომ მიყენებული ქონებრივი ზარალი სრულად არ აანაზღაურა.
ნ.ს-ის სარჩელი არ ცნეს მოპასუხეებმა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ, სსკ-ს 85-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა სათანადო მოპასუხით შეცვლა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო არასწორად იქნა საქმეში ჩართული მოპასუხედ. მისი მითითებით, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებით თბილისელთათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს, იკისრა სახელმწიფომ. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹336 დადგენილების მე-3 მუხლის, საქართველოს პრეზიდენტის ¹197 ბრძანებულების მე-4 და საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო შეემუშავებინა კონკრეტული წინადადებები შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოსაძებნად და აესახა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტში, ხოლო აღნიშნული თანხების ასათვისებლად სათანადო ღონისძიებების გატარება დაევალა ქ.თბილისის მერიას. აღნიშნულის განსახორციელებლად ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ წინადადებათა გათვალისწინებით “სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ა/რ და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს 1997წ. 17 დეკემბრის კანონით განისაზღვრა, რომ ქ.თბილისის ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანმა ეკონომიკურმა ნორმატივმა 1998-2000 წლებისათვის შეადგინა 15 პროცენტი, რითაც ფინანსთა სამინისტროს მიერ განისაზღვრა ზარალის დაფარვის წყარო. ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, თბილისის მერია ამ სახსრებით უნდა ახდენდეს 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ზიანის ანაზღაურებას.
თანამოპასუხედ ასევე არ ცნო თავი ქ.თბილისის მერიამ და შესაგებელში აღნიშნა, რომ მას არ გააჩნია ვალდებულებები 1991-1992 წლებში დაზარალებულთა მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში. მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილებით ქ.თბილისის მერიას დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ვაჭრობისა და მომარაგების სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად დაზარალებული მოქალაქეებისათვის განადგურებული საოჯახო ქონების შესაძენად საჭირო სახსრების მხოლოდ გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ წინადადებების შემუშავება და წარდგენა. პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულებით ქ.თბილისის მერიას დაევალა 5 მილიონი ლარის გამოყოფა მშენებლობისათვის, ხოლო ფინანსთა სამინისტროს დაევალა გამოეყო დამატებითი სახსრები მშენებლობის გასაგრძელებლად და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად. პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ქ.თბილისის მერიის ვალდებულება დაზარალებული მოსახლეობის მიმართ შეადგენდა მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსებას, ქ.თბილისის 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში.
მოპასუხის მითითებით, მატერიალური ზარალის ანაზღაურება უნდა მომხდარიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან და არა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამდენად მას არ ჰქონია დაკისრებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება. რაც შეეხება დაზარალებულთათვის ბინების მშენებლობას, ქ.თბილისის მერიამ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. ამასთან ქალაქის ხელმძღვანელობამ ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი დახმარებოდა დაზარალებულებს. საქართველოს პრეზიდენტის ¹704 ბრძანებულებით ცნობად იქნა მიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და ქ.თბილისის მერიის გადაწყვეტილება დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის წილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზებიდან შემოსული თანხების დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის გამოყენება, რისთვისაც თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით შეიქმნა კომისია, რომლის მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო თითოეულ მოქალაქეზე გასაცემი კონკრეტული თანხა.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზარალის 100183 დოლარის გადახდა, შესაბამის ლარებში, გადახდის დროისათვის არსებული კურსით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ.
საქმე რამდენჯერმე განხილული იქნა სააპელაციო-საკასაციო სასამართლოების მიერ, ბოლოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 1999წ. 28 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ს-ის შემცირებელი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხე თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგი მოტივით სოლიდარულად დაეკისრათ 98655 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა მტკიცება არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე, ვინაიდან 1997წ. 15 აპრილის კანონის “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” მე-2 მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს უშუალოდ ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მეშვეობით, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 81.1 მუხლის მიხედვით, სამინისტროები იქმნება კანონის საფუძველზე სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნვეოსაყოფად. აღნიშნულ დებულებას ითვალისწინებს ასევე “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” კანონის მე-13 მუხლი, აგრეთვე “ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ” კანონის 1.2 მუხლის მიხედვით, ადგილობრივი მმართველობა არის კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომელიც ადგილებზე, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით უზრუნველყოფს სახელმწიფო ინტერესების დაცვას. საქართველოს კონსტიტუციის 42.9 მუხლის შესაბამისად, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა, სააპელაციო პალატის აზრით, მათ დაკისრებული აქვთ და აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო კონკრეტულ დავაში წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, სკ-ს 463-ე მუხლის შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ურთიერთობა დაზარალებულ მოსახლეობასა და სახელმწიფო შორის წარმოიშვა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, მოსახლეობის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვალდებულება სახელმწიფომ პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულებით იკისრა, რა პერიოდშიც მოქმედებდა საქართველოს ახალი სკ. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს ახალი სკ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ქ.თბილისის მერია აგრძელებს გარკვეული თანხების გაცემას დაზარალებულ მოსახლეობაზე, რაც გამოიხატა ნ.ს-ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შემცირებაშიც, ვინაიდან შემცირებული თანხის ოდენობა მასზე გაცემული იქნა ქ.თბილისის მერიის მიერ, ხოლო ქ.თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის დადგენილებას “1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების შესახებ” დანართის სახით ახლავს დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის კომპენსაციის ამსახველი ცხრილი 2000წ. ნოემბრის მდგომარეობით, სადაც 133-ე ნომრად მითითებულია ნ.ს-ე და მისაღებ საკომპენსაციო თანხად აღნიშნულია 99278 აშშ დოლარი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხეები სადავოდ არ ხდიან მოთხოვნილი თანხის ოდენობას და თვლიან, რომ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებული უნდა იქნეს. მოსარჩელემ მატერიალური ზარალი განიცადა სახელმწიფოში ცნობილი პოლიტიკური მოვლენების განვითარების გამო, რაც აღიარებულია და შესაბამისი ანაზღაურების ვალდებულება ნაკისრია სახელმწიფოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც სადავოდ არავის გაუხდია და რის საფუძველზეც მხარეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ.
ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ.ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ასანაზღაურებლად თანხების გათვალისწინება სახელმწიფოს 1996-97 წლების ბიუჯეტში, რაც არ შესრულდა, რადგან სამინისტროს ევალებოდა “ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა ბიუჯეტის კანონში თანხების დამტკიცება, რაც პარლამენტის კომპეტენციაა და ფინანსთა სამინისტრო ვერ გასცემდა თანხებს, ვინაიდან “ბიუჯეტის შესახებ” კანონებით ასეთი რამ გათვალისწინებული არ ყოფილა. სახელმწიფომ აღიარა რა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, შეიმუშავა რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა უწყებებს დაევალათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით წყაროების გამოძებნა და თანხების გამოყოფა.
კასატორის მითითებით, სახელმწიფომ აღიარა 1991-92 წლების მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა და იკისრა მისი გასტუმრება, მაგრამ მას არ უღიარებია სახელმწიფოს მიერ ზარალის უკანონოდ მიყენების ფაქტი, რაც უსაფუძვლოს ხდის კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის გამოყენებას. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე უკვე ხანდაზმულია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე არ დაეთანხმა ქ.თბილისის მთავრობა და საკასაციო საჩივრით შემდეგი საფუძვლით მოითხოვა მისი გაუქმება ქ.თბილისის მერიაზე თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში:
კასატორის მითითებით, ქ. თბილისის მერია აღნიშნულ დავაში არ წარმოადგენს სოლიდარულ მოპასუხეს. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული 1991-92 წლებში დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 1996წ. განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროს გამოძებნის შესახებ წინადადების შემუშავება საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, ხოლო 1997წ. ბიუჯეტის პროექტში დარჩენილი თანხის 1997წ. ბიუჯეტიდან ანაზღაურების საკითხის შეტანა. ქ.თბილისის მერიას კი დაევალა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსების უზრუნველყოფა, 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში. ამდენად, მატერიალური ზიანის ანაზღაურება უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სადავო ურთიერთობას აწესრიგებს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება, რითაც უნდა ეხელმძღვანელა სასამართლოს. აღნიშნულ ურთიერთობაში სახელმწიფოა ერთადერთი მოვალე და ქ.თბილისის მერიის განხილვა სოლიდარულ მოვალედ არასწორია, ვინაიდან ქ.თბილისის მერია იურიდიული პირია, მისი ბიუჯეტი დამოუკიდებელია სახელმწიფო და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიდან. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ პრეზიდენტის ¹704-ე ბრძანებულება ეხებოდა თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ნაწილობრივ კომპენსაციას, რომლითაც ქ.თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის მიზნით, მათთვის აშენებულ და მშენებარე საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართის აუქციონის წესით პრივატიზების შედეგად შემოსული თანხები გამოეყენებინა მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის, რისთვისაც ქ.თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება _ დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად უფლებამოსილია საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება-განჩინების კანონიერება (სამართლის ნორმების სწორად გამოყენება-განმარტება) შეამოწმოს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი, დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ვინაიდან 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის ცნობისა (დეკლარაციის) და თბილისის მთავრობის 2001წ. 24 იანვრის ¹01.15.12 დადგენილების დანართის საფუძველზე, მოსარჩელე ნ. ს-ე სააპელაციო პალატის მიერ ცნობილ იქნა დაზარალებულ პირად, რომლის ზარალის ოდენობამაც დავის გადაწყვეტისას შეადგინა 98 655 აშშ დოლარი, რაც არც თბილისის მერიას და არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სადავოდ არ გაუხდიათ, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, საკასაციო სასამართლო პროცესუალურად არაუფლებამოსილია სადავოდ გახადოს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და სასამართლო, საკასაციო საჩივრის შესაბამისად (ფარგლებში) იმსჯელებს მხოლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ 98655 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების კანონიერების შესახებ;
2. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს საოლქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ 98655 აშშ დოლარის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად თბილისის მერიისათვის სოლიდარულად დაკისრების უკანონობის შესახებ, რადგან “თბილისში 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹180 განკარგულების, ასევე სააპელაციო პალატის მიერ მართებულად მითითებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “ქ. თბილისში 1991წ. დეკემბერ-1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობის და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” პრეზიდენტის 1997წ. ¹704 ბრძანებულების თანახმად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად რიგი ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც თბილისის მერიას, ასევე ფინანსთა სამინისტროს და თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში _ მოსახლეობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებასა და სახლების მშენებლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო პალატამ, სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, მართებულად ცნო თბილისის მერია და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. მართალია, თბილისის მერიამ ნაწილობრივ შეასრულა ზემოაღნიშნული აქტებით დაკისრებული ვალდებულება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნაწილში, მაგრამ, რადგან სკ-ს 465-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაზარალებულ ნ.ს-ის სასარგებლოდ თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროსათვის სოლიდარულად 98655 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების თაობაზე. ამასთან სასამართლო განუმარტავს კასატორებს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების მთლიანად შემსრულებელ მოვალეს აქვს დანარჩენი მოვალის მიმართ უკუმოთხოვნის უფლება, წილთა თანაბრობის კვალობაზე;
3. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ასევე ვერ გაიზიარებს ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან, მართალია, მოსარჩელეს ზიანი 1991-92 წლების თბილისის ცნობილი მოვლენების შედეგად მიადგა და სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე 1999 წელს აღძრა, მაგრამ რადგან სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა, საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის, 8 მლნ. აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც დღესაც არ უარყოფს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ს (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორის) წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლოა;
4. საკასაციო პალატა თუმცა არსებითად არ იზიარებს საკასაციო საჩივრებს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უსწოროდ გამოყენების ნაწილში პალატა ეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ სარჩელის დასაკმაყოფილებლად აღნიშნული ნორმის მითითება უმართებულოა, რადგან სახელმწიფოს მიერ უკანონო მოქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, საკასაციო პალატა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, სსკ-ს 410-ე მუხლის თანახმად, არ იზიარებს თბილისის მერიისა და ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრებს და მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს, ვინაიდან კანონის მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების (ბრძანებულება-განკარგულება, სკ) მართებული გამოყენება _ განმარტებით გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რომელიც არ ემყარება კანონის დარღვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.