გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ-ად-51-კ-03 20 მაისი, 2003 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: მოპასუხეებისათვის სოლიდარულად თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999წ. 7 დეკემბერს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. კ-მა მოპასუხეების: ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ქ. კ-ი დაზარალდა ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად.
იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს დასკვნების საფუძვლებზე მოსარჩელისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 91580 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. აღნიშნული თანხიდან მოსარჩელეს სახელმწიფოს მიერ აუნაზღაურდა მხოლოდ 3596 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. დანარჩენი თანხა მოსარჩელეს არ ანაზღაურებია, რასაც ადასტურებს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹50 ცნობა.
მოსარჩელემ ითხოვა მოპასუხეთათვის 87984 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ სარჩელი არ ცნეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეებს _ ფინანსთა სამინისტროს და ქ. თბილისის მერიას ქ. კ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 87984 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ქ. თბილისის პრემიერმა.
სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე ქ. კ-ის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 85617 აშშ დოლარამდე იმ საფუძვლით, რომ სხვაობა თავდაპირველ მოთხოვნასა და შემცირებულ მოთხოვნას შორის ქ. კ-ს მიღებული ჰქონდა თბილისის მერიისაგან, რასაც ადასტურებდა თბილისის მერიის ¹192 დადგენილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 11 დეკემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 17 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს _ თბილისის მერიასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 85617 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
ქ. თბილისის პრემიერმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს.
ქ. თბილისის პრემიერის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
ქ. თბილისის პრემიერის საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა 1991-92 წლებში დაზარალებულ მოქალაქეთა მატერიალური ზარალის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებული ნორმატიული აქტები, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით “ქ. თბილისში დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ" მე-5 პუნქტით ფინანსთა სამინისტროს დაევალა “საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ერთ კვირაში შეემუშავებინა საქართველოს პარლამენტში წარსადგენად წინადადებები, რომლებიც შეეხებოდა 1996წ. განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 5 მილიონი ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროს გამოძებნას, ხოლო საქართველოს 1997წ. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შეეტანა 1997წ. ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხის ანაზღაურების საკითხი. ქ. თბილისის მერიას კი დაევალა, უზრუნველეყო მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება 1996წ. ბიუჯეტით გათვალისწინებული 5-მილიონი ლარის ფარგლებში.
კასატორის, თბილისის პრემიერის, განმარტებით, ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტით უშუალოდ ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულება არის სპეციალური ნორმა, რომელიც აწესრიგებს კონკრეტულ ურთიერთობას და სასამართლოს სწორედ ამ ადმინისტრაციული აქტით უნდა ესარგებლა.
ქ. თბილისის პრემიერის საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ სახელმწიფო აღნიშნულ ურთიერთობაში არის ერთადერთი მოვალე და სოლიდარულ მოვალედ ქალაქის მერიის მიჩნევა არასწორია. თბილისის მერია იურიდიული პირია და მისი ბიუჯეტი დამოუკიდებელია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტისაგან. ამდენად, კასატორი, ქ. თბილისის პრემიერი, თვლის, რომ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხი უნდა აგოს ფინანსთა სამინისტრომ ცენტრალური ბიუჯეტით და არა თბილისის მერიამ თავისი ადგილობრივი ბიუჯეტებით, სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად.
კასატორმა, ქ. თბილისის პრემიერმა, საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება თბილისის მერიისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში.
მეორე კასატორი, ფინანსთა სამინისტრო, საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით ფინანსთა სამინისტროს ევალებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში თანხების ანაზღაურების საკითხის შეტანა და არა თანხების დამტკიცება, რაც საქართველოს პარლამენტის კომპეტენციაა.
კასატორ ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სახელმწიფომ აღიარა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება, რისთვისაც შეიმუშავა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹36 დადგენილება, საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულება, 1996წ. 26 ივლისის ¹189 განკარგულება და 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულება. აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვადასხვა უწყებებს სხვადასხვა დროს ევალებოდათ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით თანხების გამოყოფა.
სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში მუდმივად ახდენდა მოსახლეობისათვის თანხების გამოყოფას და ამჟამად არსებობს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი “ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზაღაურების ღონისძიებების შესახებ".
კასატორი ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ, მართალია, სახელმწიფომ აღიარა აღნიშნული მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა და ივალდებულა მისი გასტუმრება, მაგრამ მას არ უღიარებია სახელმწიფოს მიერ უკანონოდ მიყენებული ზარალის ფაქტი, რაც უსაფუძვლოს ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის გამოყენებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაზე ხანდაზმულია, ვინაიდან 1997წ. შემდგომ მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადა გაშვებული აქვს.
კასატორმა, ფინანსთა სამინისტრომ, აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებზეც კასატორებს არ წამოუყენებიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. კ-ი 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულია. აღნიშნულ პერიოდში დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1994წ. 10 ოქტომბერს გაცემული ¹50 ცნობით დასტურდება, რომ ქ. კ-ის მატერიალურმა ზარალმა (განადგურებული საცხოვრებელი ბინის გარდა) შეადგინა 91580 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 1992წ. იანვრიდან მას აუნაზღაურდა 5963 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. საკასაციო სასამართლოსათვის სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის პროცესუალურად უფლებამოსილი, სადავოდ გახადოს მოსარჩელისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა, მით უმეტეს, რომ არც თბილისის მერიასა და არც ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ არც ერთი ინსტანციის სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას სწორად გამოყენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების: “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულების, “ქალაქ თბილისის 1991წ. დეკემბერსა და 1992წ. იანვრის მოვლენების დროს დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994წ. 31 მაისის ¹336 დადგენილების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1996წ. 28 თებერვლის ¹197 ბრძანებულების, “თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 1 დეკემბრის ¹704 ბრძანებულების შესაბამისად, 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებისა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობის შესახებ სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ღონისძიებების გატარება დაევალა როგორც ქ. თბილისის მერიას, ისე ფინანსთა სამინისტროს. თითოეულს უნდა მიეღო მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რაც გამოიხატებოდა მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებასა და საცხოვრებელი ბინების მშენებლობაში.'საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 463-ე მუხლი და მართებულად ცნო ქ. თბილისის მერია და ფინანსთა სამინისტრო სოლიდარულ მოვალეებად. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ს 473-ე მუხლის თანახმად, მოვალეს, რომელმაც სოლიდარული ვალდებულება მთლიანად შეასრულა, უკუმოთხოვნის უფლება აქვს დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ფინანსთა სამინისტროს მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ. მართალია, მოსარჩელეს ზიანი მიადგა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად, სარჩელი კი ზიანის ანაზღაურებაზე აღძრა 1999წ. 7 დეკემბერს, მაგრამ, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტმა 1996წ. 26 ივლისის ¹180 განკარგულებით აღიარა და იკისრა თბილისის ცნობილი მოვლენების დროს დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის, 8-მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის, ანაზღაურების ვალდებულება, სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 83-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სკ-ს (1997წ.) 137-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებული პირი (მოვალე) უფლებამოსილი პირის (კრედიტორი) წინაშე ავანსის) პროცენტის გადახდით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება და ამიტომ უსაფუძვლოა დაზარალებულ ქ. კ-ის სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება კასატორ ფინანსთა სამინისტროს მიერ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ იურიდიული თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლითYდა
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის პრემიერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.